Facebook Twitter

საქმე №ას-1650-2023 30 აპრილი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: ე. და შ. ქ–ბის უფლებამონაცვლე - ლ.ქ–ვა (მოპასუხე), ე.კ–ჩი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (მოპასუხის საკასაციო საჩივარში); სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (მოსარჩელის საკასაციო საჩივარში)

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ე.კ–ჩმა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ქ–სა (შემდგომ – პირველი მოპასუხე) და გ.ტ–ვას (შემდგომ - მეორე მოპასუხე) მიმართ, 2014 წლის 10 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებისათვის ნასყიდობის საგნის ღირებულების – 140 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.

2. საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება თ.კ–ჩი (შემდგომ - მესამე პირი).

სარჩელის საფუძვლები:

3. მოსარჩელის განმარტებით, პირველი მოპასუხის შვილის – მესამე პირის ყოფილი მეუღლეა. მეორე მოპასუხე კი, მისი ყოფილი სიდედრის (პირველი მოპასუხის) ძმისშვილია.

4. 2014 წლის 10 აპრილს პირველმა მოპასუხემ, მოსარჩელის სახელით გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მეორე მოპასუხეს მიჰყიდა მოსარჩელის კუთვნილი, ქ.თბილისში, ………, მე-3 სადარბაზოს მე-11 სართულზე მდებარე 364 კვ.მ №79 ბინა და ამავე მისამართზე მდებარე 15 კვ.მ №17 ავტოსადგომი.

5. მოსარჩელის მოსაზრებით, პირველმა მოპასუხემ ბოროტად ისარგებლა იმ ოჯახური მდგომარეობით, რაც მხარეებს იმ ეტაპზე გააჩნდათ და ნასყიდობის ღირებულება მოსარჩელეს არ გადაუხადა.

მოპასუხეების პოზიცია:

6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ 2015 წლის 2 მაისის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ნასყიდობისას ნების ნაკლის არსებობა არ დადასტურდა და დადგინდა, რომ პირველ მოპასუხეს მარწმუნებლისაგან სადავო უძრავი ქონების გასხვისების უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა. ამასთან, ნასყიდობის ფასი, მოსარჩელისა და მესამე პირის მიერ მათი ქორწინების განმავლობაში სადავო ქონების შეძენის სანაცვლოდ, გადახდილი თანხის ოდენობას აღემატება.

7. შემძენმა (მეორე მოპასუხემ) ნასყიდობის ღირებულება პირველ მოპასუხეს გადაუხადა, ამ უკანასკნელმა კი, თანხა მესამე პირს გადასცა. ამდენად, მეორე მოპასუხე წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.

8. მეუღლეები ქორწინებაში იმყოფებდნენ 2001 წლიდან 2014 წლის დეკემბრამდე, შესაბამისად, სადავო ქონება გაასხვისეს და მიღებული საფასური დახარჯეს ერთად.

9. მოსარჩელისა და მისი ნათესავების სასარგებლოდ პირველმა მოპასუხემ გადარიცხა სულ - 77 900 აშშ დოლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 140 000 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც პირველმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 70 000 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 10 აპრილს მოსარჩელის წარმომადგენელს - პირველ მოპასუხესა (გამყიდველი) და მეორე მოპასუხეს (მყიდველი) შორის გაფორმდა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 140 000 აშშ დოლარით, საიდანაც საცხოვრებელი ბინის ღირებულება შეადგენდა 135 000 აშშ დოლარს, ავტოსადგომისა კი - 5 000 აშშ დოლარს.

13. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა ნასყიდობის საგნის ღირებულება გამყიდველს გადაუხადა ხელშეკრულების ხელმოწერამდე.

14. პირველმა მოპასუხემ უძრავი ქონება გაასხვისა მოსარჩელის მიერ მასზე გაცემული ზოგადი მინდობილობის საფუძველზე. სადავო ნივთი აღირიცხა მეორე მოპასუხის საკუთრებად.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ამჟამინდელი მოსარჩელის სარჩელი იმავე მოპასუხეების მიმართ ზემოთ მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

16. მოსარჩელე იყო პირველი მოპასუხის სიძე (ქალიშვილის - მესამე პირის მეუღლე).

17. 2001 წლიდან 2014 წლის ოქტომბრის ბოლომდე მეუღლეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

18. 2014 წლის 31 ოქტომბერს ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ისინი განქორწინდნენ.

19. მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონება შეიძინა მესამე პირთან ქორწინების პერიოდში და იგი წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას.

20. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა ჯერ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლის, ხოლო შემდეგ - სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ საფუძველს, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა.

21. საქმეზე თანდართული 2014 წლის ივლისში მოსარჩელისა და მესამე პირის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, მეუღლეები სადავო ბინის გასხვისებიდან 4 თვის შემდეგ ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ფინანსური და ქონებრივი პრეტენზიები არ გააჩნიათ.

22. 2014 წლის 10 აპრილით დათარიღებული პირველი მოპასუხის ხელწერილის თანახმად, ამ უკანასკნელმა მეორე მოპასუხისაგან მიიღო სადავო უძრავი ქონების (ს/კ .......) ნასყიდობის საფასური - 140 000 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება, თავად უზრუნველეყო ამ თანხის მოსარჩელისათვის გადაცემა.

23. საქმეში ჩართული მესამე პირის (პირველი მოპასუხის შვილისა და მოსარჩელის ყოფილი მეუღლის) განმარტებით, მოსარჩელესთან ერთად, ბინის საფასური სრულად მიიღო, რაც მეუღლეებმა ერთობლივად დახარჯეს განქორწინებამდე.

24. პირველი მოპასუხე 2016 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა.

25. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინებით მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შ. ქ.

26. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დავა ეხება, დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულებას - წარმომადგენლის (პირველი მოპასუხის) მიერ მარწმუნებლისათვის (მოსარჩელისათვის/უძრავი ქონების მესაკუთრისათვის) უძრავი ქონების საფასურის გადაცემის საკითხს. სარჩელის თანახმად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად მოსარჩელეს არ მიუღია ნასყიდობის ფასი - უძრავი ქონების ღირებულება, რისი გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეებს გააჩნიათ.

27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 477-ე, 103-ე, 709-ე და 715-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა. დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მას მოსარჩელისათვის უნდა გადაეცა მეორე მოპასუხესთან გაფორმებული ნასყიდობის საფასური - 140 000 აშშ დოლარი. სარჩელის თანახმად, აღნიშნული თანხა რწმუნებულს მარწმუნებლისათვის არ გადაუცია.

28. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველმა მოპასუხემ რამდენიმე პოზიცია განავითარა სარჩელისაგან თავის დასაცავად. მოპასუხის ერთ-ერთი პოზიციის თანახმად, მან სრულად გადასცა თანხა მოსარჩელესა და მესამე პირს, თუმცა თანხის გადაცემის მტკიცებულების შექმნის აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან საქმე ეხება ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობას, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ნდობა გააჩნდათ. ტრადიციებიდან გამომდინარე, მას სიძისთვის ხელწერილი არ ჩამოურთმევია.

29. სააპელაციო პალატამ მოპასუხის ზემოაღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა და განმარტა, რომ ფულადი ვალდებულების შესრულებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში ვლინდება. თანხის გადახდის დადასტურებისათვის მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება თვითკმარ საფუძველს არ წარმოადგენს. მართალია, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა იგი განმარტებულ უნდა იქნას სსკ-ის 429-ე მუხლით მოცემულ კონტექსტში. ის გარემოება, რომ პირველი მოპასუხე წარმოადგენს მოსარჩელის სიდედრს, მოპასუხეს არ ათავისუფლებს კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთისაგან. კანონი ნათესავებს შორის ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცებისას განსხვავებულ რეგულირებას არ ითვალისწინებს და იგი ჩვეულებრივ ექცევა სსკ-ის 429-ე მუხლით დადგენილ მტკიცების სტანდარტში. სადავოობის შემთხვევაში, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პირველი მოპასუხის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება, რომელსაც მოსარჩელე მხარე უარყოფს, ვერ გამოდგება სადავო თანხის გადაცემის ფაქტის მტკიცების თვითკმარ საფუძვლად.

30. პირველი მოპასუხის ერთ-ერთი პოზიციის თანახმად, იმ შემთხვევაშიც თუ სასამართლო არ გაიზიარებს მის მტკიცებას, რომ მოსარჩელისათვის თანხა გადაცემულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს მოსარჩელისა და მისი ნათესავებისათვის გადარიცხული აქვს სულ - 77 900 აშშ დოლარი, უნდა მოხდეს ამ თანხის გამოქვითვა სარჩელით მოთხოვნილი თანხისაგან. დარჩენილ მოთხოვნის მიმართ კი, მოსარჩელე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენს, რადგან საქმეში ჩართული მესამე პირი ნასყიდობის საგნის თანამესაკუთრეს (როგორც მოსარჩელის მეუღლე) წარმოადგენდა და ქონების ღირებულების ნახევარი მას ეკუთვნის, რომლის მიღებაც ამ უკანასკნელს დადასტურებული აქვს.

31. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვალდებულების შეწყვეტა მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის გზით დარეგულირებულია სსკ-ის 442-ე, 443-ე და 444-ე მუხლებით. განსახილველ შემთხვევაში პირველმა მოპასუხემ, მართალია, დაადასტურა მოსარჩელის სახელზე გარკვეული თანხის გადარიცხვის ფაქტი, თუმცა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან ვადამოსული ვალდებულების არსებობას, რაც ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისათვის აუცილებელ კანონისმიერ წინაპირობას წარმოადგენს. ასევე, მოპასუხემ სასამართლოს ვერ მიუთითა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ სამოქალაქო კოდექსის ნორმებით გათვალისწინებული სხვა წინაპირობების არსებობის დამადასტურებელ გარემოებებზე, რაც ამ კუთხით მოპასუხის შედავების წარუმატებლობას განაპირობებს.

32. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს და პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის ნახევრის - 70 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

33. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე და საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი უფლება-მოვალეობების მხარეთა მიერ ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდგომ - სსსკ) ითვალისწინებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, რომელიც მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე, ამავე კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს.

34. სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია ამავე კოდექსის 102-ე მუხლში.

35. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

36. მოცემულ შემთხვევაში პირველმა მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელე იყო მისი შვილის - მესამე პირის მეუღლე (სიძე) და ნასყიდობის საგანი წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას. აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა.

37. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მეუღლეები 2001 წლიდან 2014 წლის ოქტომბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულებით განკარგული ქონება შეძენილია რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, რაც, სსკ-ის 1158-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მას (ამ ქონებას) მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმში აქცევს.

პირველი მოპასუხის/კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

38. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლის წარმომადგენელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

39. პირველი კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, ხოლო მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს გადაურიცხა სულ 34 975 აშშ დოლარი. თანხის გადარიცხვა მოხდა იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელე მოპასუხის სიძეს წარმოადგენდა. მეუღლეთა განქორწინებიდან 10 წელზე მეტია გასული. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ პირველმა მოპასუხემ ვერ დაადასტურა აღნიშნული თანხის დაბრუნების დრო. სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 626-ე მუხლით და გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელისათვის განუსაზღვრელი ვადით სესხად გადარიცხული თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება კრედიტორს/პირველ მოპასუხეს ნებისმიერ დრო გააჩნდა. ამდენად, არსებობდა სსკ-ის 442-ე, 443-ე და 444-ე მუხლებით განსაზღვრული ფულად ვალდებულებათა გაქვითვის წინაპირობა.

40. პირველი კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას უნდა დაედგინა ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე გაექვითა დადგენილი თანხა მოსარჩელის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი თანხიდან.

მოსარჩელის/კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

41. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემაც, მოითხოვა მისი ნაწილობროვ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი მოტივებით:

42. მოსარჩელე კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო როგორც მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ისე სასამართლო პრაქტიკა, როდესაც გასცდა პროცესუალურ ფარგლებს და სადავო უძრავი ქონება მოსარჩელისა და მესამე პირის ქორწინების პერიოდში შეძენილ თანასაკუთრებად შეაფასა. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხე მხარესა და მესამე პირს შეგებებული სარჩელი არ აღუძრავთ. შესაბამისად, დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპები. სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომელიც პირველ მოპასუხეს არ აღუძრავს და ვერც აღძრავდა.

43. მხარის მოსაზრებით, მესამე პირის აღიარება მეუღლეთა მიერ სადავო ნასყიდობის თანხის მიღების შესახებ სსსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ მხარის აღიარებად ვერ ჩაითვლება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, რადგან სადავო გარემოების აღიარება მოხდა არა მოსარჩელის, არამედ მოპასუხის მხარეზე ჩაბმული მესამე პირის მიერ. შესაბამისად, დასახელებული განმარტება პირველ მოპასუხეს სადავო თანხის მოსარჩელისათვის გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან არ ათავისუფლებდა.

44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით ორივე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

45. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა 2021 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლილი შ. ქ–ს უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით.

46. ამავე სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით შ. ქ–ს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ლ.ქ–ვა და საქმის წარმოება განახლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

47. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

48. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ი 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით.

49. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ.: სუსგ №ას-1172-2021, 10.06.2022წ.).

51. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.

52. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, - მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხის სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე დადებული ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურება, მისი მოთხოვნა სსკ-ის 477-ე, 103-ე, 709-ე და 715-ე მუხლებიდან გამომდინარეობს.

53. საკასაციო პალატა აღინიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

54. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს.

55. სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება-მოვალეობები და დადგენილია, რომ გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. თავის მხრივ, დადგენილია მყიდველის მოვალეობა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური, ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა, მხარეებმა საკუთარი უფლება-მოვალეობები განახორციელონ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით – ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ.: სუსგ №ას-1211-2020, 3.02.2021წ.).

56. დავალების ხელშეკრულება გათვალისწინებულია სსკ-ის 709-ე მუხლით. დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსენსუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ, მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობებში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო, მეორე მხრივ, რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე. ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ამდენად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება და დავალების ხელშეკრულების დადება - ეს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალურთიერთობაა. დავალების ხელშეკრულების საფუძველზე ცალკეული მოქმედების შესასრულებლად შეიძლება გაიცეს მინდობილობა (იხ.: სუსგ №ას-39-486-06, 8.09.2006წ.).

57. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ, ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს, როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს (იხ.: სუსგ №ას-895-845-2015წ.; 29.01.2016წ.; №ას-655-611-2017, 1.07.2017წ.; №ას-1281-2018, 27.03.2019წ.; №ას-405-2021, 29.06.2021წ.; №ას-1028-2021, 1.07.2022წ.; №ას-974-2022, 29.11.2022წ.; №ას-727-2023, 30.01.2024წ.).

58. დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი (იხ.: სუსგ №ას-1077-2018, 21.10.2019წ.; №ას-687-658-2016, 6.11.2018წ.; №ას-1203-2018, 25.04.2019წ.; №ას-954-2021, 11.10.2022წ.; №ას-1058-2022, 6.12.2022წ.). სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ან/და წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.

59. სსკ-ის 715-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის და მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის თანახმად, როდესაც დგინდება, რომ რწმუნებულმა დავალების ხელშეკრულების ფარგლებში გაასხვისა მარწმუნებლის უძრავი ქონება და მყიდველისგან მიიღო თანხა, რწმუნებულის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს სსკ-ის 715-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურება, მოცემულ შემთხვევაში ნასყიდობის საფასურის მარწმუნებლისთვის გადაცემის ფაქტის დადასტურება (იხ.: სუსგ №ას-134-2024, 29.03.2024წ.).

60. მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებები:

61. 2014 წლის 10 აპრილს მოსარჩელის წარმომადგენელს - პირველ მოპასუხესა (გამყიდველი) და მეორე მოპასუხეს (მყიდველი) შორის გაფორმდა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 140 000 აშშ დოლარით, საიდანაც საცხოვრებელი ბინის ღირებულება შეადგენდა 135 000 აშშ დოლარს, ავტოსადგომისა კი - 5 000 აშშ დოლარს. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა ნასყიდობის საგნის ღირებულება გამყიდველს გადაუხადა ხელშეკრულების ხელმოწერამდე.

62. პირველმა მოპასუხემ უძრავი ქონება გაასხვისა მოსარჩელის მიერ მასზე გაცემული ზოგადი მინდობილობის საფუძველზე. სადავო ნივთი აღირიცხა მეორე მოპასუხის საკუთრებად.

63. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ამჟამინდელი მოსარჩელის სარჩელი იმავე მოპასუხეების მიმართ ზემოთ მითითებული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

64. წინამდებარე დავის ფარგლებში მოსარჩელემ მოითხოვა ზემოხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება. პირველმა მოპასუხემ სადავო თანხის მოსარჩელისათვის გადაცემის დამადასტურებლად რაიმე წერილობით მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა. შესაგებელში მის არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ნასყიდობის საფასური გადასცა საკუთარი შვილს - მესამე პირს, რომელიც იმ კონკრეტული მომენტისათვის მესარჩელესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. თავის მხრივ, მესამე პირმა დედისაგან თანხის მიღება დაადასტურა და განმარტა, რომ ნასყიდობის საფასური მეუღლესთან - მოსარჩელესთან ერთად მათი საერთო საოჯახო ინტერესებიდან გამომდინარე დაიხარჯა.

65. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების წესს არეგულირებს სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, სალარო გასავლის ორდერი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (იხ.: სუსგ №ას-1288-2019, 04.03.2019წ., პ.125.). ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი და სსკ-ის 429-ე მუხლი).

66. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. ფორმა, ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა. კრედიტორი და მოვალე შეიძლება შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონულ ფორმაზეც (ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებაც). მოვალეს შეუძლია, მოითხოვოს არა მხოლოდ ვალდებულების მთლიანად შესრულების დამადასტურებელი, არამედ მისი ნაწილობრივ შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტიც. მართალია, ფულადი ვალდებულებების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, იგი უნდა განიმარტოს სსკ-ის 429-ე მუხლით მოცემულ კონტექსტში. დასახელებული მუხლის ძალით, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სსკ-ის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) მოვალემ უნდა წარადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსკ-ის 429-ე, 386-ე მუხლები).

67. მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს. ამდენად, ფულადი ვალდებულების დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მოპასუხეს. ფულადი ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში (სსკ-ის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად.

68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია მატერიალურ-სამართლებრივ ნორმის შინაარსზე, ანუ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ ელემენტებს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად უტყუარად მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე.

69. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურებისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებდნენ სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებული ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა). სსკ-ის 429-ე მუხლის დანაწესი ზღუდავს მხარეებს არა გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში, შესაბამისად, ფულადი ვალდებულების შესრულება ვერ დადასტურდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. ფულადი ვალდებულების შესრულებისას კანონი „არ ენდობა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს (ამ შემთხვევაში, მოწმის ჩვენების, როგორც არაპირდაპირი (ინდიციური) მტკიცებულების შეფასება, ემპირიული წესების საფუძველზე ხორციელდება სხვა მტკიცებულებთან შეფასების გზით), (იხ.: სუსგ №ას-334-2021, 05.11.2021წ.; №ას-667-2023, 16.11.2023წ.).

70. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს მოსარჩელე კასატორის პრეტენზიას, რომ სადავო ფულადი ვალდებულების შესრულება მხოლოდ მესამე პირის განმარტების საფუძველზე ვერ დადგინდება. მით უფრო, რომ ეს უკანასკნელი პირველ მოპასუხესთან მიმართებით დაინტერესებულ პირს, მისი ოჯახის უახლოეს წევრს წარმოადგენს. შესაბამისად, პირველმა მოპასუხემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელესთან დადებული დავალების ხელშეკრულების საფუძველზე მეორე მოპასუხესთან გაფორმებული ნასყიდობის ღირებულება მოსარჩელეს გადასცა და სადავო ვალდებულება შეასრულა.

71. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სადავო უძრავი ქონების გასხვისების საფასურის - 140 000 აშშ დოლარის სრულად გადახდა.

72. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელე იყო პირველი მოპასუხის სიძე (ქალიშვილის - მესამე პირის მეუღლე). 2001 წლიდან 2014 წლის ოქტომბრის ბოლომდე მეუღლეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2014 წლის 31 ოქტომბერს ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ისინი განქორწინდნენ.

73. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატის დასაბუთებას სადავო ნასყიდობის საგნის - უძრავი ნივთის მეუღლეთა (მოსარჩელისა და მესამე პირის) თანასაკუთრებად მიჩნევის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე კასატორის პრეტენზია საფუძვლიანია.

74. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (იხ.: №ას-1163-2018, 08.02.2019წ.). ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა, მხოლოდ მხარის პრეროგატივაა, სასამართლოს როლი, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, განისაზღვრება მხარეთა მიერ განსაზღვრული მოთხოვნის საფუძვლიანობის მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებაში (იხ.: სუსგ №ას-395-374-2013, 23.09.2013წ.; №ას-1851-2018, 02.05.2019წ.).

75. ყოფილ მეუღლეთა თანასაკუთრების განსაზღვრა ან ქონების სხგვაგვარი განაწილების საკითხზე მსჯელობა წინამდებარე დავის საგანს სცდება. ამრიგად, მოცემული სარჩელის ფარგლებში, სადავო ქონების ნახევარზე მესამე პირის საკუთრების უფლების გავრცელება სამართლებრივად გაუმართლებელია.

76. პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივრის პრეტენზია შეეხება მის მიერ მოსარჩელისათვის გადარიცხული თანხის სადავო ვალდებულების ანგარიშში გაქვითვას. მხარის პოზიცია ემყარება იმ გარემოებას, რომ მან მოსარჩელეს, როგორც საკუთარ სიძეს ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ასესხა თანხა. სესხის დაბრუნების თარიღი მხარეებს არ განუსაზღვრავთ, შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია, სურვილისამებრ, მოსთხოვოს მოვალეს თანხის დაბრუნება.

77. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებების ურთიერთგაქვითვას შეეხება სსკ-ის 442-ე მუხლი (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა), რომლის თანახმად ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა თანამედროვე სამართალში ფართოდაა გავრცელებული. კონტინენტური ევროპის ქვეყნებში იგი გამოიყენება როგორც მატერიალური სამართლის ინსტიტუტი, ხოლო საერთო სამართალში საპროცესო სამართლის ინსტიტუტია და გამოიყენება მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის საპროცესო საშუალებად. გაქვითვა ითვალისწინებს დამოუკიდებელი მოთხოვნების არსებობას და ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, მიმართულია მსგავსი მოთხოვნების გამარტივებულ შესრულებაზე.

78. მოთხოვნათა გაქვითვა გაქვითვის უფლების მქონე პირებს ორ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს: 1) იძლევა შესაძლებლობას, რომ ვალდებულმა პირმა თავისი ვალდებულება რეალური შესრულების გარეშე შეასრულოს; 2) უმარტივებს კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებას სასარჩელო პროცესში ჩაბმის გარეშე.

79. გაქვითვის პირველი სავალდებულო წინაპირობაა, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი. თითოეული მათგანი ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. მოთხოვნის მოვალე უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი კი, საპირისპირო მოთხოვნის მოვალე, ამგვარად, უნდა არსებობდეს საპასუხო მოთხოვნები (ურთიერთმოთხოვნები) (იხ.: ზ.ძლიერიშვილი, გაქვითვის შესაძლებლობა მოთხოვნის ხანდაზმულობისას, ბესარიონ ზოიძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 2023 წ, გვ. 105). აუცილებელია ასევე, რომ ორივე ეს მოთხოვნა არსებობდეს გაქვითვის შესახებ განცხადების გაკეთების მომენტში (იხ.: სუსგ №ას-236-2023, 04.05.2023წ.; №ას-1710-2018, 03.07.2020წ.).

80. იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს ნამდვილობის პირობებს, კერძოდ: ა) საპასუხო მოთხოვნა რეალურად უნდა არსებობდეს; ბ) ეს მოთხოვნა უნდა იყოს უდავო; გ) როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს საპასუხო მოთხოვნის შესრულების ვადა (იხ. მ. ახალაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებები, მუხლი 442, თბ., 2022, 79.), (იხ.: სუსგ №ას-1039-2020, 03.02.2022 წ.; №ას-1159-2021, 01.04.2022წ.; №ას-1632-2021, 12.01.2021წ.).

81. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისათვის, როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. სსკ-ის 442 II მუხლი გამონაკლისის სახით ითვალისწინებს ვალდებულებათა გაქვითვას იმ შემთხვევაშიც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა არ დამდგარა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ მოთხოვნის მქონე მხარს უჭერს გაქვითვას (იხ.: სუსგ №ას-1173-1193-2011, 12.12.2011წ.; №ას-286-608-2009, 22.10.2009წ.; №ას-938-888-2015, 27.05.2016წ. №ას-681-635-2017, 07.07.2017წ.).

82. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ სამართალწარმოება მიმდინარეობს მოსარჩელის მიერ დისპოზიციური ნების გამოვლენის შედეგად აღძრული სარჩელის საფუძველზე, რის ფარგლებში იხილება მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერება სადავო ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. იმ პირობებში, როდესაც პირველ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით მოთხოვნა არ წარუდგენია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იკვლიოს თუ რა ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა პირველი მოპასუხის მიერ მითითებული თანხის გადარიცხვას, აღნიშნული გადარიცხვა შეაფასოს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადების დასტურად და, როგორც ვადამოსული ვალდებულება, გაქვითოს პირველი მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ანგარიშში.

83. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას, 2021 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე - შ. ქ., თუმცა სააპელაციო პალატისათვის აღნიშნულის შესახებ არც მის სავარაუდო უფლებამონაცვლეებს და არც წარმომადგენელს, კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ უცნობებიათ. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმეში მოპასუხის უფლებამონაცვლის ჩაბმის გარეშე.

84. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე 2019 წელს სააპელაციო საჩივრის წარდგენისას შ.ქ– ცოცხალი იყო, მას შესაძლებლობა მიეცა, სურვილისამებრ წარემართა საკუთარი ინტერესების დასაცავად შემუშავებული დაცვის ტაქტიკა, შეერჩია იურიდიული განათლების მქონე წარმომადგენელი, განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მისი საფუძვლები. შესაბამისად, სამართალწარმოების დასახელებულ ეტაპზე სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საქმეში გარდაცვლილი მხარის უფლებამონაცვლის ჩაუბმელობით არცერთი მხარის კანონიერი უფლებები არ დარღვეულა და აღნიშნულ გარემოებას საქმის განხილვის შედეგზე, რაც ნაწარმოებია 2016 წლის 22 მარტს აღძრული სარჩელის საფუძველზე, რაიმე სახის უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია.

85. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

86. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 140 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარს ეთქვას უარი.

87. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

88. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 3000 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე ორჯერ გადახდილი 50-50 ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი 6000 ლარის, სულ - 9100 გადახდა. მასვე უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებით ე. ქ–ს უფლებამონაცვლე შ. ქ–სათვის სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ე. და შ. ქ–ბის უფლებამონაცვლე ლ.ქ–ვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ე.კ–ჩის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ე.კ–ჩის სარჩელი ე. ქ–ს (უფლებამონაცვლე - ლ.ქ–ვა) მიმართ დაკმაყოფილდეს;

5. ე. და შ. ქ–ბის უფლებამონაცვლე ლ.ქ–ვას ე.კ–ჩის სასარგებლოდ დაეკისროს 140 000 აშშ დოლარის გადახდა;

6. ე. და შ. ქ–ბის უფლებამონაცვლე ლ.ქ–ვას ე.კ–ჩის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 9100 ლარის ანაზღაურება;

7. ე. და შ. ქ–ბის უფლებამონაცვლე ლ.ქ–ვას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს 5000 ლარის გადახდა;

8. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა