საქმე №ას-284-2025
7 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.მ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ტ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ.ტ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.მ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2021 წლის 19 თებერვლიდან მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ....... (ს/კ ........)(შემდგომში -„სადავო უძრავი ქონება“) მდებარე უძრავი ქონება. მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2021 წლის 15 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება;
6.2. საჯარო რეესტრის ამონაწერითა და მხარეების ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში გადასვლამდე, სადავო სხვენი მოპასუხის საკუთრება იყო;
6.3. მხარეების ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ სადავო უძრავ ნივთს ფლობს მოპასუხე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე მოსარჩელეა, ხოლო მოპასუხე მას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად, მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილია 2022 წლის 8 აგვისტოს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მოპასუხეს/აპელანტს არ წარუდგენია აღნიშნული ამონაწერის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება; საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება სადავო უძრავ ნივთზე მოპასუხის მფლობელობის მართლზომიერების დასადასტურებლად. მხარეებს შორის არ არსებობს რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითიც შეიძლება, მოსარჩელე შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებით; სახეზე არ არის მესაკუთრის არც კანონისმიერი შებოჭვის საფუძველი, რაც განაპირობებს, მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლებამოსილებას, მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე მესაკუთრის უფლებები სრულყოფილად განახორციელოს.
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო საჩივარი ასევე არ შეიცავს მითითებებს გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობების თაობაზე, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობებს.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების არსებობა, რაც მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელობის მართლზომიერ საფუძველს შექმნიდა, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
12. საკასაციო საჩივრის თანახმად, სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა, კერძოდ, მოპასუხის მეუღლესა და მოსარჩელეს შორის სესხის ძირი თანხის გაზრდის სანაცვლოდ, სესხის უზრუნველსაყოფად მოხდა ქონების გადაფორმება, როგორც დამატებითი გარანტია. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ასევე მოთხოვნილია სადავო უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება დაუბრუნდეს მოპასუხეს. კასატორის მითითებით, სადავო უძრავი ნივთის გათავისუფლების შემთხვევაში, ოჯახი საცხოვრებლის გარეშე რჩება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
20. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება, ამ უფლების არსი მოიაზრებს, როგორც მის მფლობელობას ასევე მის შეუფერხებლად განკარგვის უფლებას.
22. ვინდიკაციური სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის, ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 5 ოქტომბერი 2021 წელი).
23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 15-16), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.
24. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.
26. საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში, სასამართლოს განხილვის საგანი ვერ იქნება მხარეთა შორის გაფორმებული ზეპირი ხელშეკრულება, ისევე როგორც მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენა სადავო უძრავ ქონებაზე, რამდენადაც ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში.
27. კასატორის არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, ის და მისი ოჯახი უსახლკაროდ რჩებიან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რა თქმა უნდა, აღნიშნული წარმოადგენს მძიმე მორალურ არგუმენტს, თუმცა აქვე მხარეს განუმარტავს, რომ საკუთრების უფლება კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება, ამ უფლების არსი მოიაზრებს, როგორც მის მფლობელობას ასევე მის შეუფერხებლად განკარგვის უფლებას. საქმის მასალებში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით, დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება 2021 წლიდან აღარ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას, თუმცა იგი მაინც აგრძელებს ამ ქონებით სარგებლობას. ამ ქმედებით უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეს ეზღუდება მისი უძრავი ნივთის დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლება, ამგვარი შეზღუდვის გამართლების საფუძველი კი, ვერ გახდება ის არგუმენტი, რომ კასატორის ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, რამდენადაც სასამართლო კანონის დარღვევით, ერთ პირს მეორე პირის ხარჯზე მიანიჭებს უპირატესობას, რაც არც მორალური და არც კანონისმიერი დანაწესებიდან არ გამომდინარეობს (იხ. სუსგ საქმე №ას-5-2022, 28 მარტი 2022 წელი).
28. საკასაციო პალატა კასატორებს განუმარტავს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის შეპირისპირება წარმოადგენს, შესაბამისად, მესაკუთრის სასარჩელო მოთხოვნის შესაგებლით გამორიცხვაც სწორედ ამ გარემოების წარმატებით მტკიცების რეალიზაციაზეა დამოკიდებული. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
31. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ., მაგ., სუსგ საქმე №ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი; საქმე №ას-1850-2018, 15 მაისი, 2020 წელი; №ას-1370-2020, 30 ნოემბერი, 2021 წელი; №ას-1220-2020, 14 დეკემბერი, 2021 წელი; №ას-111-2022, 11 მარტი, 2022 წელი; №ას-316-2022, 21 ივნისი, 2022 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
2. ე.მ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 19 მარტს №7486 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე