საქმე №ას-69-2025
26 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ღ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობა და სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ღ–იამ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოიჯარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მეიჯარე“, „მერია“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხის 04.10.2021წ. N42.42212774 ბრძანება მხარეთა შორის 28.01.2020წ. დადებული N3 სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ და აღდგეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სარგებლობის (იჯარის) უფლება.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 04.10.2021წ. N42.42212774 ბრძანება 28.01.2020წ. N3 სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ და აღდგენილ იქნა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სარგებლობის (იჯარის) უფლება.
4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 30.12.2019წ. N04/2060 ბრძანებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის ფარგლებში, 2020 წლის 28 იანვარს მოპასუხესა და აუქციონში გამარჯვებულ მოსარჩელეს შორის გაფორმდა N3 სარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს სარგებლობაში გადაეცა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, შ.მ–ის სანაპიროზე მდებარე 581.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - პარკირების საერთო ადგილი, ს.კ. ....... უძრავი ქონება გაიცა იჯარის ფორმით, 10 წლის ვადით. ვადის ათვლა დაიწყო მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან (5.1 პუნქტი);
6.2. მოიჯარე ვალდებული იყო, მიეღო ხელშეკრულებაში აღნიშნული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი), გამოეყენებინა იგი მიზნობრივად და არ შეეცვალა სარგებლობის მიზანი (6.3 პუნქტი);
6.3. მოიჯარე ვალდებული იყო შეესრულებინა სააუქციონო პირობები:
ა) ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვისა უზრუნველეყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საერთო ადგილის კეთილმოწყობა (დახაზვა, ნიშნებისა და საინფორმაციო დაფების დაყენება და პარკირების ადგილის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება);
ბ) პარკირების ადგილის მიმართ, რომელიც მოიცავდა პარკირების ორგანიზების უფლებას, პარკირების ორგანიზების მიზნით:
ბ.ა) უზრუნველეყო პარკირების ადგილის მიზნობრივად გამოყენება;
ბ.ბ) უზრუნველეყო ინფრასტრუქტურის მომზადება, კერძოდ: საგზაო მონიშვნების დახაზვა, საინფორმაციო დაფების და საგზაო ნიშნების მონტაჟი (პარკირების საერთო სადგომი, ინფორმაცია პარკირების ტარიფების შესახებ და სხვა სავალდებულო ნიშნებისა და დაფების დაყენება);
ბ.გ) უზრუნველეყო პარკირების ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების წესების დაცვა;
ბ.დ) დაეწესებინა კონტროლი პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის წესების დაცვაზე;
ბ.ე) იჯარის ფორმით გადაცემული მიწის ნაკვეთის საზღვრებში არსებული პარკირების სადგომების 2/3-ზე უსასყიდლოდ უნდა განეხორციელებინა მუნიციპალური ან/და საქალაქო სამარშრუტო მიკროავტობუსების პარკირება. აღნიშნული შეიძლება შეცვლილიყო მოპასუხესთან შეთანხმებით, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე; ბ.ვ) დაეწესებინა პარკირების ადგილით სარგებლობისათვის საფასური, მათ შორის, მე-6 მუხლის 6.4 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სადგომებზე (პარკირების ფუნქციის შეუცვლელად) მუნიციპალური ან/და საქალაქო სამარშრუტო მიკროავტობუსების შესაბამის სამარშრუტო ხაზებზე (მარშრუტი) მოძრაობის დასრულების შემდგომ, ხოლო პარკირების საფასურის ოდენობა განისაზღვრებოდა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 07.07.2014წ. N14/18 დადგენილების შესაბამისად. ფასიანი პარკირების ადგილების გამოყენება ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი მომხმარებლისათვის;
ბ.ზ) იჯარის ფორმით გადაცემული მიწის ნაკვეთის საზღვრებში მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი და პარკირების მომსახურებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოპასუხესთან შეთანხმებული ესკიზის/პროექტის შესაბამისად, რომლის მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელებულიყო მოიჯარის მიერ უსასყიდლოდ, ხოლო საიჯარო ურთიერთობის დასრულების შემდგომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი და მიწის ნაკვეთზე შექმნილი ქონება გადაეცემოდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელით სარგებლობა ნებისმიერი მომხმარებლისათვის უნდა ყოფილიყო უსასყიდლო;
ბ.თ) აუქციონში გამარჯვებულს გარე ვაჭრობის უფლება ექნებოდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ სადღესასწაულო დღეებში;
ბ.ი) მოიჯარის მიერ მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გარე ვაჭრობისათვის ან არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებული იყო მოპასუხის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველეყო წერილში მითითებულ შესაბამის სახაზინო კოდზე 10 000.00 (ათი ათასი) ლარის გადახდა, ხოლო აღნიშნული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის ან/და დარღვევის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილი იყო, მოიჯარესთან გაფორმებული სარგებლობის (იჯარის) ხელშეკრულება ცალმხრივად შეეწყვიტა. აღნიშნული არ გავრცელდებოდა იმ შემთხვევებზე, თუ მესამე პირების მიერ მოიჯარის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ფაქტების შემჩნევის/აღმოჩენის ან არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, მხარეები დაუყოვნებლივ შეატყობინებდნენ ერთმანეთს წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული, ასევე, არ გავრცელდებოდა სადღესასწაულო დღეებში მოიჯარის მიერ მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გარე ვაჭრობის განხორციელებაზე;
ბ.კ) პარკირების საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, შესაძლებელი იყო გადახდის ელექტრონული ფორმის გამოყენებაც;
ბ.ლ) პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილზე უზრუნველეყო ვიდეო-სათვალთვალო მოწყობილობ(ებ)ის განთავსება-მონტაჟი 2 (ორი) თვის ვადაში;
ბ.მ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველეყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საერთო ადგილზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი სადგომების გამოყოფა (მათ შორის: საგზაო მონიშვნების დახაზვა, საინფორმაციო დაფების და საგზაო ნიშნების მონტაჟი (პარკირება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა;
გ) უზრუნველეყო ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე პარკირების ადგილის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული შემდეგი საქმიანობა: გ.ა) საინფორმაციო დაფებისა და ნიშნების მუდმივი განახლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი აღდგენა ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში. აღდგენა ან ახლით შეცვლა, უმოკლეს ვადაში;
გ.ბ) პარკირების საერთო ადგილის კუთვნილ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთის ზედაპირისა და მონიშვნითი სამუშაოების მუდმივი აღდგენა-რეაბილიტაცია;
გ.გ) უზრუნველეყო პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების შესრულება;
დ) სარგებლობის (იჯარის) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, მუნიციპალიტეტისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია გაწეული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში წარედგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიწის ნაკვეთზე გაწეული ხარჯების შესახებ;
ე) არ დაეზიანებინა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი პარკირების საერთო ადგილის მიმდებარედ გამავალი მიწისქვეშა/მიწისზედა კომუნიკაციები (6.4 პუნქტი);
6.4. ხელშეკრულება შეიძლება გაუქმებულიყო:
ა) მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად;
ბ) მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით (8.1 პუნქტი);
მოიჯარის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3 და 6.4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილი იყო წინამდებარე ხელშეკრულება ცალმხრივად შეეწყვიტა. ამ შემთხვევაში მოიჯარეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე დარჩენილი გადასახდელი ქირა (8.2 პუნქტი);
6.5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი მეიჯარის მხრიდან უნდა განეხორციელებინა მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურს, ხოლო საიჯარო ქირის გადახდის კონტროლი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (11.1 პუნქტი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 44-48, 51-54, 116-117);
6.6. მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის მიერ 11.11.2020წ. შედგენილი აქტის თანახმად, მოიჯარე - მოსარჩელე საპარკინგე ადგილს იყენებდა არამიზნობრივად, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რაც ეწინააღმდეგებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 132);
6.7. ზემოაღნიშნული აქტის საფუძველზე, მოპასუხემ 18.11.2020წ. N42-422032328 წერილით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუქციონის პირობების სისტემატურად დარღვევის გამო, ხელშეკრულების 6.4 პუნქტის ,,ბ.ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს დააკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, იმავე წერილით ჯარიმის გადასახდელად განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 21);
6.8. მოსარჩელემ მოპასუხის ქმედება გაასაჩივრა სასამართლოში. კერძოდ, 2020 წლის 03 დეკემბერს მან სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის მიმართ და მოითხოვა:
- მოპასუხის 18.11.2020წ. N42-422032328 და 23.10.2020წ. N42-422029743 წერილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხის დავალდებულება, ხელშეკრულებაში არსებული ხარვეზის შევსების მიზნით, დაეზუსტებინა მოსარჩელესთან გაფორმებული 28.01.2020წ. N3 იჯარის ხელშეკრულების 6.4 პუნქტის „ბ.თ” ქვეპუნქტის შინაარსი შემდეგი სახით: „აუქციონში გამარჯვებულს გარე ვაჭრობის უფლება ექნება ყოველ კალენდარულ შაბათ-კვირას და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ სადღესასწაულო დღეებში”;
ფოთის საქალაქო სასამართლოს 03.12.2020წ. განჩინებით აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა მოპასუხის 18.11.2020წ. N42-422032328 წერილის მოქმედება. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მოცემულ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის (იხ. ტ. 1, ს.ფ. 134-140);
6.9. საქმეში წერილობითი მტკიცებულების სახით წარდგენილი მოპასუხის 03.08.2020წ. N02/4443 წერილითა (ადრესატი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე) და წერილის დანართი სიტუაციური გეგმით ირკვევა, რომ 2020 წლის რთველის პერიოდში, ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოყოფილ იქნა ადგილები აგრარული ბაზრის მიმდებარედ, შ. მ–ის სანაპიროზე, გურიის, სამეგრელოსა და კრატასიუკის ქუჩებზე და 9 აპრილის ხეივანში. ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილ ტერიტორიაში მოექცა ქალაქ ფოთში, შ.მ–ის სანაპიროზე მდებარე, ამჟამად საიჯარო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც (იხ. ტ. 1, ს.ფ. 31-35);
6.10. მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების უფროსისა და უფროსი სპეციალისტის მიერ 15.12.2020წ. შედგა აქტი, რომლის თანახმად, ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა მოიჯარის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების 6.4 პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების განმეორებით დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა იჯარით აღებულ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობაში. ნიშანდობლივია, რომ აქტი შედგენილი და ხელმოწერილია მხოლოდ აქტის შემდგენი პირების მიერ. აქტში მითითებული გარემოებების ნამდვილობა დადასტურებული არ არის მოსარჩელის ან სხვა მესამე პირების, მათ შორის, გარე ვაჭრობის უშუალოდ განმახორციელებელი პირების მიერ. აქტს არ ერთვის მასში მითითებული გარემოებების ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 133);
6.11. მოპასუხემ 18.12.2020წ. N42-422035370 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუქციონის პირობების სისტემატურად დარღვევის გამო, კერძოდ, იჯარის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ფაქტების გამო, მოხდებოდა იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-24);
6.12. მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტების მიერ 08.04.2021 წელს შედგა აქტი, რომლის თანახმად, მოიჯარე არღვევდა ხელშეკრულების 6.4 პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, კერძოდ, ეწეოდა გარე ვაჭრობას არასადღესასწაულო დღეებში. აღნიშნული აქტიც შედგენილი და ხელმოწერილია მხოლოდ აქტის შემდგენი პირების მიერ, მოსარჩელის თანდასწრების გარეშე. აქტში მითითებული გარემოებების ნამდვილობა დადასტურებული არ არის მესამე პირების მიერ. აქტს არ ერთვის მასში მითითებული გარემოებების ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 29);
6.13. 19.04.2021წ. N42-422110936 წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუქციონის პირობების სისტემატურად დარღვევის გამო, კერძოდ, იჯარის ტერიტორიაზე გარევაჭრობის ფაქტების გამო, მოხდებოდა იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 27-28);
6.14. 25.08.2021 წელს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ ქ. ფოთში, შ.მ–ის სანაპიროზე არსებულ საპარკინგე ტერიტორიაზე ხდებოდა გარემოვაჭრეების უკანონოდ განთავსება ფიზიკური პირის - ნოდარ კორსანტიას ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად მისი არაერთგზის მცდელობისა, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომხდარიყო ამ უკანონო ფაქტის აღმოფხვრა, ზემოაღნიშნული პიროვნება არ ემორჩილებოდა ზედამხედველობის მიერ მიღებულ გაფრთხილებებს და კვლავ ახორციელებდა საპარკინგე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების უკანონოდ დაყენებას. იმავე წერილით მოსარჩელემ მოითხოვა ინფორმაცია ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, რათა მოეხდინა შესაბამისი რეაგირება. აღნიშნული წერილი მოპასუხეს ჩაბარდა იმავე დღეს - 2021 წლის 25 აგვისტოს, თუმცა წერილს რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია (იხ. ტ. 1, ს.ფ. 30);
6.15. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პირი, ნოდარ კორსანტია, (რომლის ინტერესებიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, საიჯარო ტერიტორიაზე გარე ვაჭრობას ეწეოდნენ სხვა პირები) არის შპს „ლ–ს“ დამფუძნებელი პარტნიორი. შპს „ლ–ს“ იურიდიული მისამართია ფოთის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს საიჯარო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ;
2020 წლის 20 ივლისს მოპასუხემ N02/4124 წერილით მიმართა შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს და აცნობა იმ გარემოების შესახებ, რომ ქ. ფოთში, შ.მ–ის ქუჩაზე მდებარე 581 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. 04.02.15.041) გადაცემულია მოსარჩელისათვის საპარკინგე ადგილის კეთილმოწყობის მიზნით. პარკირების საერთო ადგილზე დაფიქსირდა გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც წარმოადგენდა ასკ-ის 1533-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და რისთვისაც სამართალდარღვევის ოქმს ადგენდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები. აღნიშნული წერილის საფუძველზე, მოპასუხემ ითხოვა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ნიშანდობლივია, რომ ადრესატის გარდა აღნიშნული წერილის ასლი გადაეგზავნა შპს „ლ–ს“, რამაც სააპელაციო სასამართლოს შეუქმნა ვარაუდის საფუძველი, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო შპს „ლ–ს“ მიერ საიჯარო ტერიტორიის გარე სავაჭროდ გამოყენების შესახებ;
6.16. 2021 წლის 21 სექტემბერს მერიაში გაიმართა სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის, საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურისა და ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლები. 21.09.2021წ. სხდომის N1 ოქმის თანახმად, სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი - მოსარჩელის მიერ 28.01.2020წ. N3 სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვნად შესრულების შესახებ. სხდომაზე დამსწრე პირებმა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოიჯარემ, გაფრთხილების მიუხედავად, საიჯარო ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა არ შეწყვიტა, მიზანშეწონილად მიიჩნიეს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა, მოიჯარის მიერ ხელშეკრულების ძირითადი პირობების სისტემატური დარღვევის გამო;
21.09.2021წ. სხდომის N1 ოქმში აღნიშნა ისიც, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო, საიჯარო ტერიტორიის მესამე პირების მიერ გარე სავაჭროდ გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა მოპასუხის შესაბამისი სამსახურისათვის, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია (თუმცა, სხდომაზე მომხსენებლის მიერ აღნიშნული ეს გარემოება სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ მოსარჩელის 25.08.2021წ. წერილის შინაარსი, არამედ, ასევე, მოპასუხის 20.07.2020წ. წერილის შინაარსიც). დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ მისცემია სხდომაში მონაწილეობისა და მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტების საშუალება;
6.17. მოპასუხის 04.10.2021წ. Nბ42.42212774 ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა მოსარჩელესთან 28.01.2020წ. დადებული N3 სარგებლობის ხელშეკრულება, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ხელშეკრულების შეწყვეტას (ხელშეკრულებიდან გასვლას) საფუძვლად დაედო - საიჯარო ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ფაქტი, რომლის შესახებაც მოსარჩელეს მეიჯარის ინფორმირება არ მოუხდენია. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მერიამ მიუთითა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 8.2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და სამუშაო ჯგუფის 21.09.2021წ. N1 ოქმი (იხ. ს.ფ. ტ. 1, 34, 41, 55-60).
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 28.01.2020წ. დადებული N3 სარგებლობის ხელშეკრულებიდან, რაც, თავისი არსით, წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულებას. ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლის იურიდიული ინტერესია სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლიდან გამომდინარეობს.
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული დავის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა მოპასუხის მიერ იჯარის ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის მართლზომიერება. მოპასუხე ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობად მიუთითებს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის ფაქტზე, რაც გამოიხატა - პარკირების ადგილის არამიზნობრივად გამოყენებაში (გარე ვაჭრობა) და ტერიტორიის არამიზნობრივად გამოყენების თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეუტყობინებლობაში. ამ ფაქტობრივ გარემოებას კატეგორიულად უარყოფს მოსარჩელე და მიუთითებს, რომ საიჯარო ტერიტორიას გარე ვაჭრობისთვის იყენებდნენ სხვა პირები, რის შესახებაც ინფორმირებული ჰყავდა მერიის შესაბამისი სამსახური და ითხოვდა სათანადო რეაგირებასაც. უფრო მეტიც, მოიჯარე კონკრეტულად მიუთითებდა იმ პირის ვინაობაზე, ვისი ინტერესების შესაბამისადაც ეწეოდნენ საქმიანობას გარემოვაჭრეები საიჯარო ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნული შეტყობინების მიუხედავად, მოპასუხეს სადავო საკითხის სათანადოდ კვლევა/შესწავლა არ განუხორციელებია.
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1, 102.2, 105-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის მართლზომიერების დასადასტურებლად წარადგინა მისივე თანამშრომლების მიერ ცალმხრივად შედგენილი 3 აქტი, სადაც ზოგადი სახით მითითებულია, რომ მოსარჩელე არღვევდა ხელშეკრულებით დადგენილ პირობას და საიჯარო ტერიტორიაზე ეწეოდა გარე ვაჭრობას. ასევე, წარადგინა წერილობითი მიმართვები მოსარჩელისადმი ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, რაც ცალკე აღებული არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას. რაც შეეხება აქტებს, სადაც ფიქსირებულია მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო პირობის დარღვევის ფაქტი (გარე ვაჭრობა), სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული აქტები დადასტურებულია მხოლოდ აქტების შემდგენი პირების მიერ. აქტების შედგენას არ ესწრებოდა მოსარჩელე და სხვა პირები, მათ შორის, გარემოვაჭრეები. აქტებში ასახული გარემოების ნამდვილობა დადასტურებული არ არის ფოტო ან ვიდეო მასალით.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოპასუხის პრეტენზია უკავშირდება საიჯარო ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ფაქტს, არა უშუალოდ მოსარჩელის მიერ, არამედ სხვა პირების მიერ მოსარჩელის ნებართვით, თუმცა საყურადღებოა, რომ არცერთი გარემოვაჭრე აქტის შემდგენ პირებს არ გამოუკითხავთ და, შესაბამისად, არ გაურკვევიათ მოსარჩელის კავშირი გარე ვაჭრობის ფაქტთან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე კატეგორიულად უარყოფს მის მიერ, ასევე, მისი ნებართვით სხვა პირების მიერ გარე ვაჭრობის განხორციელების ფაქტს, მერიის სამსახურის თანამშრომელთა მიერ ცალმხრივად, საკითხის სიღრმისეულად შესწავლის გარეშე შედგენილი აქტები მოიჯარის მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ფაქტის დასადასტურებლად სათანადო, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმეში წარდგენილი მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ჯერ კიდევ 2020 წლიდან მოპასუხე სთხოვდა შსს ფოთის რაიონულ განყოფილებას, სათანადო რეაგირება მოეხდინათ მოსარჩელისათვის იჯარით გადაცემულ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ფაქტის აღსაკვეთად, რა დროსაც უშუალოდ მოიჯარის მიმართ რაიმე პრეტენზიას არ გამოხატავდა.
11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ მოსარჩელემ დაარღვია სახელშეკრულებო პირობა, რომელიც მას ავალებდა გარე ვაჭრობის ფაქტის გამოვლენასა და წერილობითი ფორმით მოპასუხის ინფორმირებას. აღნიშნული პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის 25.08.2021წ. წერილზე, რომლის შინაარსი ცხადყოფს, რომ ის სისტემატურად ცდილობდა, ზედამხედველობის სამსახურს გარე ვაჭრობის ფაქტზე რეაგირება მოეხდინა, რა დროსაც კონკრეტულ პირზეც მიუთითებდა და აღნიშნავდა, რომ ზემოაღნიშნული პირი არ ემორჩილებოდა ზედამხედველობის სამსახურისგან მიღებულ გაფრთხილებებს და საპარკინგე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების უკანონოდ დაყენებას კვლავ ახორციელებდა. უდავოა, რომ აღნიშნული წერილი მოპასუხეს ჩაბარდა იმავე დღეს - 2021 წლის 25 აგვისტოს, თუმცა მას რაიმე სახის რეაგირება არ მოჰყოლია.
12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელესთან საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო 21.09.2021წ. N1 საოქმო გადაწყვეტილება, რომელიც, თავის მხრივ, დაეყრდნო სხდომის წევრებისთვის წარდგენილ არსებითად არასწორ ინფორმაციას, მაგალითად, იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს გარე ვაჭრობის ფაქტების შესახებ მერიისთვის შეტყობინებული არ ჰქონია. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელე დაახლოებით ერთი თვით ადრეც წერილობით ატყობინებდა მერიას საიჯარო ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის შესახებ და ითხოვდა რეაგირებას, ამასთან, მიუთითებდა გარე ვაჭრობის მწარმოებელი პირის შესახებაც. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლო, ბუნებრივია, დადასტურებულად არ მიიჩნევს კონკრეტული პირის მიერ გარე სავაჭრო საქმიანობის ფაქტს, თუმცა მოცემული სადავო საკითხის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელის წერილზე, მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე მოპასუხეს რეაგირება არ მოუხდენია და მიწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით არც რაიმე კვლევა უწარმოებია.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადავო ვალდებულების დარღვევის ფაქტი. აღნიშნული კი გამორიცხავდა იჯარის ხელშეკრულებიდან მეიჯარის გასვლის მართლზომიერებას, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევისა და 405-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების დადასტურების გარეშე, რაც მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
14. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
15.1. მოსარჩელის მიერ არ ხორციელდებოდა მხარეთა შორის 28.01.2020წ. დადებული სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვნად შესრულება. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ არაერთხელ დაფიქსირდა მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გარე ვაჭრობის ფაქტები და აღნიშნულის შესახებ არაერთხელ მოხდა მისი გაფრთხილება როგორც წერილობით, ასევე, ზეპირი ფორმით. ამასთან, მოპასუხის 20.07.2020წ. წერილით ფოთის შსს საქალაქო სამმართველოს უფროსს ეცნობა, რომ პარკირების საერთო ადგილზე მოსარჩელე ახორციელებდა სათანადო ნებართვის გარეშე უკანონო გარე ვაჭრობას. აღნიშნული წერილს დანართის სახით დაერთო ფოტოსურათი;
15.2. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი სამსახურის მიერ, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა გარე ვაჭრობის შემთხვევა, რის თაობაზეც მოსარჩელეს ეცნობა 23.10.2020წ. წერილით, თუმცა აღნიშნული გარე ვაჭრობის ფაქტი არ შეწყვეტილა, რაც დასტურდება ზედამხედველობის განმახორციელებელი სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი 11.11.2020წ. შემოწმების აქტით. აღნიშნულ აქტში განმარტებულია, რომ მოსარჩელე ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საპარკინგე ადგილს იყენებს არამიზნობრივად და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. შესაბამისად, 18.11.2020წ. წერილით მოსარჩელეს დაეკისრა ამავე ხელშეკრულების 6.4 პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, რომელიც მოიჯარემ ფოთის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა;
15.3. მიუხედავად არაერთგზის წერილობითი გაფრთხილებისა და ჯარიმის დაკისრებისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ფაქტები არ შეწყვეტილა, რაც დასტურდება მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შედგენილი 15.12.2020წ. აქტით, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და აღნიშნულ ტერიტორიაზე ეწეოდა გარე ვაჭრობას. აღნიშნული აქტის საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხის 18.12.2020წ. წერილით განმეორებით ეცნობა, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ ფიქსირდებოდა მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გარე ვაჭრობის ფაქტები, რითაც ის არღვევდა ხელშეკრულების პირობებს და, შესაბამისად, მიწის ნაკვეთის გარე ვაჭრობის ან არამიზნობრივად გამოყენების ფაქტის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, მოპასუხე განიხილავდა მხარეთა შორის გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს;
15.4. მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 08.04.2021წ. კვლავ დაფიქსირდა მოსარჩელის მიმართ იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე გარე ვაჭრობის ფაქტი, აღნიშნულ აქტს თან ერთვის შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა. აქტის საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხის 19.04.2021წ. N42-422110936 წერილით განმეორებით ეცნობა რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ ფიქსირდებოდა მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გარე ვაჭრობის ფაქტები, რითაც ის არღვევდა ხელშეკრულების პირობებს და, შესაბამისად, მიწის ნაკვეთის გარე ვაჭრობის ან არამიზნობრივად გამოყენების ფაქტის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, მოპასუხე განიხილავდა მხარეთა შორის გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს;
15.5. 21.09.2021წ. N1 სხდომის ოქმით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ არ ხორციელდებოდა 28.01.2020წ. N3 სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვნად შესრულება. შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის დასკვნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა რეკომენდაცია მოიჯარესთან/მოსარჩელესთან დადებული სარგებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე;
15.6. კასატორმა მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 589-ე მუხლი და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოიჯარე ჯეროვნად ვერ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, მოპასუხის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა;
15.7. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაშიც კი, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნა გაუმართლებელია. იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში კანონი არ უშვებს სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
22. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მხარეთა შორის 28.01.2020წ. დადებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენის მართლზომიერება. კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ იჯარის ხელშეკრულება მართლზომიერად შეწყვიტა, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, კერძოდ, საიჯარო მიწის ნაკვეთის არამიზნობრივად გამოყენებასა და ხელშეკრულების პირობების დარღვევით, იქ გარე ვაჭრობის განხორციელებას.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
24. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-776-830-2011, 27 ივნისი, 2011 წელი; Nას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).
26. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
27. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ცალმხრივად შედგენილი 11.11.2020წ., 15.12.2020წ., 08.04.2021წ. აქტებისა და მოპასუხის 18.11.2020წ., 18.12.2020წ., 19.04.2021წ. წერილების, ასევე, მერიაში 21.09.2021წ. გამართული N1 სხდომის ოქმის ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული აქტები და წერილები არ წარმოადგენს იმის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებებს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საიჯარო მიწის ნაკვეთის არამიზნობრივად გამოყენებასა და იქ გარე ვაჭრობის განხორციელებას (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-9-10 პუნქტები). დასახელებული ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტები, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მოსარჩელის მიერ ან მოსარჩელის ნებართვით სხვა პირების მიერ იჯარით გადაცემულ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის განხორციელების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებებად ვერ მიიჩნევა. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის 25.08.2021წ. განცხადებას, რომლითაც ამ უკანასკნელმა, ხელშეკრულების 6.4 პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად, მოპასუხეს მიაწოდა ინფორმაცია მის სარგებლობაში არსებულ საპარკინგე ტერიტორიაზე მესამე პირის მიერ გარე მოვაჭრეების უკანონოდ განთავსების შესახებ, თუმცა სადავო არ არის, რომ აღნიშნულ განცხადებას მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია (იხ. წინამდებარე განჩინების 6.14 პუნქტი). უფრო მეტიც, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მერიაში თითქმის ერთი თვის შემდგომ - 21.09.2021წ. გამართულ სხდომის ოქმში მითითებულია, რომ საიჯარო ტერიტორიის მესამე პირების მიერ გარე ვაჭრობისათვის გამოყენების თაობაზე მოსარჩელეს მოპასუხის შესაბამისი სამსახურისათვის არ უცნობებია (იხ. წინამდებარე განჩინების 6.16 პუნქტი). აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თავად მოსარჩელეს ამ სხდომაში მონაწილეობისა და მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიებზე განმარტების გაკეთების საშუალება არ მისცემია.
28. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დადგინდა მოსარჩელის მიერ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ აღნიშნული გამორიცხავს იჯარის ხელშეკრულებიდან მოპასუხის/მეიჯარის გასვლის მართლზომიერებას (სსკ-ის 405-ე მუხლი). კასატორს ამ მსჯელობის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
29. ერთ-ერთ საქმეში, სადაც საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და იჯარის ხელშეკრულებების აღდგენის კანონიერება წარმოადგენდა, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. აღნიშნულ საქმეში საკასაციო სასამართლომ, უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულების ჭრილში, ყურადღება გაამახვილა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემისას ორივე საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის დავალიანება შეადგენდა 260 ლარს, რომელიც მოსარჩელემ დაფარა 05.03.2012 წელს, ანუ იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტის ფაქტის საჯარო რეესტრში ასახვამდე, რაც 09.03.2012 წელს განხორციელდა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. ამ შემთხვევაში, არ უნდა შეიქმნას პრობლემა კეთილსინდისიერების პრინციპის ფართოდ განმარტებასა და გამოყენებაში. გამოსავალი ამ შემთხვევაში სტრუქტურული დისბალანსის აღდგენაში უნდა ვეძებოთ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კეთილსინდისიერების ქცევის სტანდარტს, მორალს, ნდობას - ეს სწორედ ის პრიორიტეტებია, რომლებსაც განსაზღვრავს თავად მოვალეობა - დავიცვათ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებები. კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი თავად გარიგების მიმართ და კეთილსინდისიერი შემძენის არსებობის შემთხვევაში, სოციალური თანასწორობის აღდგენისაკენ სწრაფვისას არ უნდა დაგვავიწყდეს სუსტი მხარის ინტერესების დაცვა. უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალურთიერთობის კერძოსამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაჰენტი ძლიერი მხარის, სახელმწიფოს ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს (იხ. სუსგ საქმე Nას-287-2022, 20 აპრილი, 2023 წელი). აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში საერთოდ არ დადგენილა მოიჯარის მხრიდან იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე