Facebook Twitter

ბს-1072-1034(კ-08) 24 დეკემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. ს.-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. ს.-მ 2005 წლის მაისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს, მესამე პირის_საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ს.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე აღდგენილ იქნა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ...-ის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა 2005 წლის 15 აპრილიდან იძულებითი განაცდური ხელფასი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველომ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში მოპასუხედ იქნა ჩართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ს.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს.-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის განჩინებით ვ. ს.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს სააპელაციო საჩივრები; გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება; ვ. ს.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს.-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 თებერვლის განჩინებით ვ. ს.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სოფლის მეურნეობის სამინიტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ს.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 იანვრის ¹19 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს რაიონული სამმართველოების რეორგანიზაცია, რის შესახებაც ყველა მოხელე, მათ შორის მოსარჩელე ვ. ს.-ც გაფრთხილებული იქნენ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად 2005 წლის 11 თებერვალს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹50-კ ბრძანებით “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ყველა მოხელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ახალი საშტატო განრიგის თანახმად, ტყიბულის სამმართველოს დაუმტკიცდა 6 საშტატო ერთეული, ნაცვლად 12 ერთეულისა. ამდენად, მოხდა 6 საშტატო ერთეულით შემცირდა. შესაბამისად, ვ. ს.-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად და მას მიეცა საბოლოო ანგარიში.

სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მისი განთავისუფლების უფლება არ ჰქონდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოსარჩელე ვ. ს.-მ, მოხსნა მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ვინაიდან ის სამსახურის, სადაც ის მუშაობდა აღარ არსებობს და გაუქმებულია სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით; მან მოითხოვა მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვ. ს.-ს განთავისუფლება მოხდა კანონიერად და არ არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. ს.-მ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი მიიჩნევს, რომ იგი პერსონალურად არ ყოფილა გაფრთხილებული მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ, რითაც დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა. მოპასუხეებმა სამსახურიდან გაათავისუფლეს კანონის უხეში დარღვევით, კერძოდ, დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 42.2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 11.02.05წ. ¹1-9/55 გაფრთხილების ფურცელზე მითითებული არ არის, რომ შტატების შემცირების გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ აფრთხილებდნენ თანამშრომლებს.

კასატორის განმარტებით, 2005 წლის 15 აპრილიდან ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტებს მის ლიკვიდაციამდე, 2005 წლის 11 ოქტომბრამდე ხელფასი ჰქონდათ 297 ლარი. ამ ოდენობის ხელფასი ექნებოდა მასაც, რომ არა მოპასუხეების უკანონო ქმედება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კასატორის აზრით, იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს თვეში 297 ლარი, რაც 6 თვისათვის შეადგენს 1782 ლარს. ამასთანავე, უნდა აუნაზღაურდეს ორი თვის კომპენსაცია, 596 ლარი და სასამართლოში არაერთჯერადი სიარულით გამოწვეული ხარჯი 1000 ლარი, სულ 3378 ლარის ოდენობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ვ. ს.-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ს.-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ვ. ს.-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.