საქმე №ას-831-2021 26 სექტემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ქ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ღ–ძის უფლებამონაცვლე ნ.თ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.05.2021 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით – სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 17.07.2019 წლის გადაწყვეტილებით თ.ქ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი ა.ღ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე (იხ: სარჩელი, ტ.1, ს.ფ.3-16; გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.155) არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების დავალდებულებისა და საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.07.2020 წლის განჩინებით მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ.თ–ი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.05.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ზ.მ–ძის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე, ახმეტის რაიონი, სოფელი ..........., სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2702 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი ......., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1, №2, სხვა ფართი: საერთო ფართი: №1-142 კვ.მ, №2-116 კვ.მ, ს/კ: №....... უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია მიღება-ჩაბარების აქტი №1088. მოსარჩელე წარმოადგენს ზ.მ–ძის უფლებამონაცვლეს.
4.2. მოსარჩელის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს მოპასუხის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2012 წლის მდგომარეობით, მოპასუხის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე, ახმეტის რაიონი, სოფელი ..........., სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2720 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი ........, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: საერთო ფართით №01-183.1 კვ.მ, №02-76.7 კვ.მ, №03-11.6 კვ.მ, უფლების დამდგენი საბუთი - ცნობა №73, დამოწმებული 29.11.2011 წელს, ს/კ: №........
4.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.03.2015 წლის წერილის პასუხის თანახმად, 27.02.2012 წელს მოპასუხემ საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით, კერძოდ, მოთხოვნილ იქნა კომლის წევრზე ცვლილების რეგისტრაცია და ფართობის დაზუსტება, განცხადების რეგისტრაციის ნომერი №882012080098, 02.03.2012 წელი. 10.03.2015 წელს მოპასუხემ კვლავ მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია. მისი განცხადებით, თავდაპირველი რეგისტრაციის დროს წარდგენილი ნახაზის მიხედვით, შენობა-ნაგებობა არასწორად იყო ჩახაზული, განცხადების რეგისტრაციის №882015128646, 13.03.2015 წელი. პირველ შემთხვევაში, წარდგენილ იქნა ინდ. მეწარმე „ახმეტა GEO“-ს მიერ შესრულებული ნახაზი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ფიზიკური პირი გიორგი ყურშიტაშვილის მიერ შესრულებული ნახაზი. განცხადებაზე თანდართულია ნაკვეთის 2012 წლისა და 2015 წლის საკადასტრო გეგმა. 2012 წლის გეგმაზე მოპასუხის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები №01/2 და 03/1 მდებარეობს ზედ ნაკვეთის საზღვართან, ხოლო 2015 წლის გეგმაზე შენობა-ნაგებობებსა და მიჯნას შორის არის დაშორება.
4.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.05.2016 წლის დასკვნის თანახმად, რომელიც ჩატარდა მოსარჩელის ინიციატივით, ირკვევა, რომ ახმეტის რაიონის სოფელ ......, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობასა და ამავე მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შორის არ ფიქსირდება გადაფარვა. დასკვნაში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ ახმეტის რაიონის სოფელ ........., საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებსა და ამავე სააგენტოში ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ საზღვრებს შორის ფიქსირდება გადაფარვა. გადაფარვის ფართობი შეადგენს 13,6 კვ.მ-ს.
4.5. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის უძრავი ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა შეისწავლა საკითხი და ადგილზე ჩატარებული აზომვითი სამუშაოების და რეგისტრირებული მონაცემების შედარების საფუძველზე დაადგინა შემდეგი:
- მოსარჩელისა და მოპასუხის სადავო ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ სახლსა და სათავსოს შორის. რეგისტრაციის მონაცემების შესაბამისად, მათ შორის მანძილი შეადგენს: მოპასუხის ნაკვეთის საზღვრების შიგნით შეადგენს 1 მეტრს, ხოლო მოსარჩელის ნაკვეთის საზღვრებში შეადგენს: 1 მეტრს სამხრეთისა და 12 სმ ჩრდილოეთის მიმართულებით. ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად, აღნიშნული ფართობის ზომებია: სამხრეთის მიმართულებით 1,10 მეტრი და ჩრდილოეთით 0,57 სმ, ანუ რეგისტრირებული მონაცემები არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას. საცხოვრებელ სახლსა და სათავსოს შორის არ შეიძლება რეგისტრირებული ყოფილიყო 2 მეტრი, რადგან ფაქტობრივად ეს მანძილი არ არსებობს.
- რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად, საკადასტრო კოდზე №......... ნაკვეთის რეგისტრირებული სიგანე შეადგენს 32,60 მეტრს, ფაქტობრივი სიგანე კი ძველ საზღვრებში შეადგენს 32,50 მეტრს, ხოლო ნაკვეთის, საკადასტრო კოდით №....., რეგისტრირებული სიგანე შეადგენს 32,20 მეტრს. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივი სიგანე ძველი საზღვრებით უახლოვდება აღნიშნულ მონაცემებს. შესაბამისად, შესასვლელი მონაკვეთის ზომები ემთხვევა ძველი, არსებული საზღვრების ზომებს (ჭიშკრის ჩათვლით, ხეივნის საყრდენამდე და მწვანე ჭიშკრის ბოლომდე).
- მოსარჩელის საცხოვრებელი მოპასუხის საზღვრიდან დაცილებულია 11.10 მეტრით, რეგისტრირებული მონაცემებით კი ეს ზომა შეადგენს 11,90 მეტრს. რაც შეეხება მოპასუხის საცხოვრებელ სახლს, რომლის ადგილმდებარეობის ცვლილებაც განხორციელდა 2015 წელს, ფაქტობრივი მდგომარეობით იგი ახალი საზღვრიდან დაცილებულია დასავლეთის მიმართულებით 17,25 მეტრზე, ხოლო ძველი საზღვრიდან 17,25+0.70 მეტრზე. მაშინ როდესაც, რეგისტრირებული მონაცემებით სახლი საზღვრიდან დაცილებულია 16,90 მეტრით. ანუ სახლის მდებარეობა არ შეესაბამება სინამდვილეს და იგი გადაწეულია აღმოსავლეთის (ფიქსირდება ტექნიკური შეცდომა და წერია დასავლეთი) მიმართულებით.
- წერილში აღნიშნულია, რომ ვინაიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ წარმოადგენს სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის კომპეტენტურ ორგანოს, საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს სასამართლოს მიერ.
4.6. მოპასუხის ინიციატივით ჩატარდა ექსპერტიზა, რა დროსაც საკვლევ საკითხს წარმოადგენდა მოსარჩელის ნაკვეთის, ს/კ: ......, რეგისტრირებული სიგრძისა და სიგანის დაზუსტება; აღნიშნული საზღვრების მდებარეობა მომიჯნავე მეზობლების სახლებიდან, მისი და მეზობლის მოპასუხის დამხმარე ნაგებობიდან დაშორება ზომების მითითებით; მოპასუხის ნაკვეთის, ს/კ: ..., რეგისტრირებული საზღვრის მდებარეობის განსაზღვრა მოპასუხის სახლიდან და დამხმარე ნაგებობებიდან რა მანძილით იყო დაშორებული. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 05.09.2017 წლის დასკვნის მიხედვით:
- საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ახმეტის რაიონში, სოფელ ....... მდებარე №...... საკადასტრო კოდით აღრიცხული 2702 კვ.მ მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული საზღვრის გაბარიტული ზომა შეადგენს 83.67მ-ს, აღმოსავლეთ ნაწილში არსებული საზღვრის გაბარიტული ზომა შეადგენს 83.58 მ-ს, ჩრდილოეთ ნაწილში არსებული საზღვრის გაბარიტული ზომა შეადგენს 32.16 მ-ს, ხოლო სამხრეთ ნაწილში არსებული საზღვრის გაბარიტული ზომა შეადგენს 32.54 მ-ს.
- ახმეტის რაიონში, სოფელ ......... მდებარე №.........საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის დასავლეთით, მეზობლად განთავსებული საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთ ნაწილი, ხსენებული მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული საზღვრიდან ერთ ნაწილში (შენობის ერთი კუთხიდან) დაშორებულია 2.07მ-ით, მეორე ნაწილში (შენობის მეორე კუთხიდან) 1.94მ-ით, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული საზღვრიდან ერთ ნაწილში დაშორებულია 34,51მ-ით, მეორე ნაწილში 34,41 მ-ით. №........ საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული დამხმარე ნაგებობის (იმ ნაწილის, რომლის მითითებაც მოხდა დამკვეთის მიერ) აღმოსავლეთ მხარე, ერთ ნაწილში (შენობის ერთი კუთხე) სცდება ხსენებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს 0.31მ-ით, ხოლო მეორე ნაწილში (შენობის მეორე კუთხე) 0,11მ-ით.
- ახმეტის რაიონში, სოფელ ...... მდებარე №........ საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და მასზე მიშენებული ნაწილის დასავლეთ მხარე, №..... მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული საზღვრიდან ერთ ნაწილში (მიშენებული შენობის კუთხიდან) დაშორებულია 0,65მ-ით, მეორე ნაწილში (საცხოვრებელი სახლის კუთხიდან) დაშორებულია 0,44მ-ით, ხოლო მესამე ნაწილში საცხოვრებელი სახლი 0,11 მ-ით მოქცეულია №....... მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრის შიგნით. რაც შეეხება №....... მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებულ დამხმარე შენობა-ნაგებობას, მისი დაშორება №........ მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული საზღვრიდან ერთ ნაწილში (შენობის ერთი კუთხიდან) შეადგენს 0.05მ-ს, ხოლო მეორე ნაწილში შენობის კუთხე უშუალოდ განთავსებულია რეგისტრირებულ საზღვარზე.
- ახმეტის რაიონში, სოფელ ........ მდებარე №........ საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული დამხმარე ნაგებობის (იმ ნაწილის, რომლის მითითებაც მოხდა დამკვეთის მიერ) აღმოსავლეთ მხარე, ერთ ნაწილში (შენობის ერთი კუთხე) 0,14მ-ით მოქცეულია №......... საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შიგნით, ხოლო მეორე ნაწილში (შენობის მეორე კუთხე) 0,06მ-ით.
- ახმეტის რაიონში, სოფელ ......... მდებარე №....... საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლი და მასზე მიშენებული ნაწილის დასავლეთ მხარე, ხსენებული მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული საზღვრიდან ერთ ნაწილში (მიშენებული შენობის კუთხიდან) დაშორებულია 0.49მ-ით, მეორე ნაწილში (საცხოვრებელი სახლის კუთხიდან) დაშორებულია 0,28მ-ით, ხოლო მესამე ნაწილში საცხოვრებელი სახლი სცდება ხსენებული მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს 0,26მ-ით. რაც შეეხება №........ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებულ დამხმარე შენობა-ნაგებობას, ისიც ასევე ერთ ნაწილში (შენობის ერთი კუთხე) 0.09მ-ით სცდება ხსენებული მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს, ხოლო მეორე ნაწილში 0.14მ-ით.
- დასკვნაში შენიშვნის სახით მითითებულია: დასკვნით ნაწილში განხილული №......... საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული დამხმარე ნაგებობა, რომელიც სცდება ხსენებულ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს და ერთ ნაწილში 0.14მ-ით და მეორე ნაწილში 0.06მ-ით მოიცავს №........ საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს და ასევე №.......საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლის ის ნაწილი, რომელიც სცდება ხსენებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს, საჯარო რეესტრის კანონის მიხედვით დასაშვებ ცდომილებას წარმოადგენს. კერძოდ აღნიშნულ კანონში არსებული დასაშვები ცდომილების გათვალისწინებით გადაფარვა აზომილ შენობებსა და საკვლევი მიწის ნაკვეთების რეგისტრირებულ საზღვრებს შორის არ ფიქსირდება.
4.7. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, რ.ქ–ძის კომლს 21.05.2000 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა 2694.48 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ახმეტის რაიონი, სოფელ ........ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტი №1088. 2015 წლის მდგომარეობით კი მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია დაზუსტებული ფართი 2702 კვ.მ. ტექნიკური პასპორტის თანახმად, 1988 წლის მდგომარეობით მოსარჩელის ნაკვეთი წარმოადგენდა ტოლგვერდა მართკუთხედს, რომლის სიგრძე იყო 85.0 მ და სიგანე 32.0 მ. 05.09.2017 წლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახელზე რიცხული ნაკვეთის გაბარიტული ზომები შეადგენს დასავლეთ ნაწილში 83.67 მ-ს, აღმოსავლეთ ნაწილში 83.58 მ-ს, ჩრდილოეთ ნაწილში 32,16 მ-ს, ხოლო სამხრეთ ნაწილში 32,54 მ-ს. ამდენად, დგინდება, რომ მოსარჩელის ნაკვეთის გაბარიტული ზომები შეცვლილია, შეცვლილია მისი კვადრატულობაც. მოსარჩელის სახელზე დღეის მდგომარეობით ირიცხება იმაზე მეტი კვადრატულობის მიწის ნაკვეთი, ვიდრე მას გადაეცა მიღება-ჩაბარების აქტით.
4.8. დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ მოპასუხეს 21.05.2000 წლის საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად (ჩანაწერში მითითებულია ო.ღ–ძე, კომლის საკუთრება), საკუთრებაში ჰქონდა 2694.48 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: ........, ხოლო 02.03.2012 წელს რეგისტრირებული აქვს 2720 კვ.მ დაზუსტებული საკარმიდამო ფართი, ს/კ: ...... სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეებს საკუთრებაში დარეგისტრირებული აქვთ იმაზე მეტი ფართი, ვიდრე პირველადი მონაცემებით ირიცხებოდა მათ სახელზე.
4.9. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე მუხლზე, 172-ე მუხლზე. პალატის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვთ იმაზე მეტი ფართი, ვიდრე თავდაპირველ სარეგისტრაციო მონაცემებში ფიქსირდება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება ზედმეტად აღრიცხული კვადრატულობის კონკრეტული მდებარეობის შესახებ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს სარჩელი. მხარეთა მიერ საჯარო რეესტრის ჩანაწერი სადავოდ გამხდარი არ არის. თუ შესაბამისი სამართალწარმოების გზით დადგინდა რეესტრის ჩანაწერებისა და მის საფუძვლად მითითებული აზომვითი ნახაზების უზუსტობა, ამის შემდეგ ექნება მხარეს სამოქალაქო წესით დავის უფლება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ. შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასების საგანია გასაჩივრებული განჩინების მართლზომიერება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
10. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები არიან მომიჯნავე (მეზობელი) მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან 13.6 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოთხოვას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ, ფაქტობრივად, მოპასუხე „გადასულია“ მოსარჩელის კუთვნილ ფართში (იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 3-16).
11. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ №ას-760-2023, 17.07.2023წ; №ას-1090-2020, 27.09.2022წ; №ას-914-2019, 25.07.2019წ; №ას-1082-2019, 26.12.2019წ; №ას-246-246-2018, 20.03.2018წ.).
12. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამრიგად, იმისათვის, რომ მოსარჩელემ მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს, უნდა არსებობდეს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-887-2019, 27.12.2019წ.). მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა სავინდიკაციო მოთხოვნის დაუსაბუთებლობის თაობაზე.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ შეძლო ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ყველა წინაპირობის არსებობის დადასტურება.
14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. რაც შეეხება საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (შდრ. სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ; №ას-27-2019, 15.11.2019წ.). შესაბამისად, არ არსებობს ამ შუამდგომლობის საკასაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების საფუძველი და მტკიცებულება უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს.
16. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. შესაბამისად, წინამდებარე საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150 ლარს. ვინაიდან კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 200 ლარის ოდენობით, მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი. ასევე, სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი, ჯამურად – 155 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. თ.ქ–ძეს (პ/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს ე.ს–ის (პ/ნ:......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარიდან (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 20.07.2021წ.) ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, საერთო ჯამში – 155 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. ნ.თ–ის შუამდგომლობა საქმეზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 23.03.2021 წლის ექსპერტიზის დასკვნის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და იგი დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია