საქმე №ას-1428-2024 18 თებერვალი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ზ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.შ–ი, ე.ხ–ძე, ტ.მ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.09.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2024 წლის გადაწყვეტილებით ზ.შ–ის, ე.ხ–ძისა და ტ.მ–ის (შემდეგში ტექსტში ერთად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ.ზ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) აეკრძალა მოსარჩელეების საკუთრებაში რიცხული ქ. თბილისში, ........... მდებარე №.......საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან კუთვნილი წილი საკუთრების (ზ.შ–ის - შენობა/ნაგებობა №3 (ლიტ „ბ“) საერთო ფართობი 69 კვ.მ (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 30 კვ.მ.)-დან 17/180 ნაწილი, ე.ხ–ძის - 13/30 ნაწილი ნაგებობა №3 (ლიტ „ბ“) საერთო ფართით 69 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 30 კვ.მ.), ტ.მ–ის - შენობა-ნაგებობა №3 (ლიტ „ბ“) საერთო ფართობი 69 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 30 კვ.მ.)-დან 17/60 ნაწილი) სარგებლობისა და მფლობელობის ყოველგვარი ხელშეშლა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.09.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, .......... (ს/კ №.......) თანასაკუთრების უფლებით ირიცხება ო.ბ–ის, ე.ხ–ძის, ც.ბ–ძის, ნ.ბ–ძის, ტ.მ–ის, ზ.შ–ისა და მოპასუხის სახელზე. ზ.შ–ის საკუთრებაში ირიცხება შენობა/ნაგებობა №3 (ლიტ „ბ“) საერთო ფართობი 69 კვ.მ (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 30 კვ.მ)-დან 17/180 ნაწილი; ე.ხ–ძის საკუთრებაში - 13/30 ნაწილი ნაგებობა №3 (ლიტ „ბ“) საერთო ფართით 69 კვ.მ (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 30 კვ.მ); ტ.მ–ის საკუთრებაში - შენობა-ნაგებობა №3 (ლიტ „ბ“) საერთო ფართობი 69 კვ.მ (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 30 კვ.მ.)-დან 17/60 ნაწილი, ხოლო მოპასუხის საკუთრებაში - ნაგებობა №1 (ლიტ „ა“) საერთო ფართობი 103.30 კვ.მ.; სარდაფი ფართით 54.74 კვ.მ.-დან ½ ნაწილი.
3.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170.1 და 172-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ნეგატორული სარჩელის აღძრვისას მოსარჩელე მხარემ უნდა ადასტუროს მოპასუხის მხრიდან საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის ფაქტი. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელეებმა წარადგინეს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურეს საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე, მათ წარმოადგინეს ასევე საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ ხელი ეშლებათ ............. ქუჩა №14-ში მდებარე უძრავი ქონებიდან კუთვნილი წილით სარგებლობაში, რაც განპირობებულია მოპასუხის ქმედებით, არ დაუშვას ისინი თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაში. მათ არაერთხელ უშედეგოდ მოსთხოვეს მოპასუხეს, დაეცვა სანიტარული ნორმები.
3.3. უდავოა, რომ საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა №3 დანგრეულია, ხოლო შენობა №1 - მოპასუხის მფლობელობასა და საკუთრებაშია. ეზოში არსებულ №2 შენობა დავის საგანს არ წარმოადგენს. ამდენად, შენობა-ნაგებობით სარგებლობის ხელშეშლა სადავო არ არის (იხ. 12.09.2024 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:19:58 წუთიდან).
3.4. დადგენილია, რომ №........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონებაზე მესაკუთრეთა წილები მიწის ნაკვეთის ნაწილში გამიჯნული არ არის. სსკ-ის 954-ე მუხლიდან გამომდინარე, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. ამავე კოდექსის 955-ე მუხლის მე-2 ნაწილი ავალდებულებს თითოეულ მოწილეს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას. ამდენად, მოსარჩელეებს უფლება აქვთ თავისუფლად ისარგებლონ მიწის ნაკვეთის კუთვნილი წილით. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მისი მფლობელობა მართლზომიერია, თუმცა მოპასუხემ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა.
3.5. მოპასუხის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება უძრავ ნივთზე მოსარჩელეთა მიერ საკუთრების უფლების მოპოვების არაკანონიერებას. მოპასუხის განმარტებით, 1982 წლის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ის სადავო მიწის ნაკვეთის ½ ნაწილის კანონიერი მფლობელი და მესაკუთრეა (იხ. 12.09.2024 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:22:25 წუთიდან). სააპელაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო უარყოფს მოპასუხის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სსკ-ის 312-ე მუხლის შესაბამისად რეესტრის ჩანაწერი, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, მიიჩნევა ნამდვილად. ამასთან, სსკ-ის 172.2. მუხლის თანახმად, ნეგატორული სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასამართლო შემოიფარგლება იმ გარემოების გამორკვევით, გააჩნია თუ არა მოსარჩელეს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე და ადგილი აქვს თუ არა მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფას. შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის ფარგლებში საკუთრების მოპოვების კანონიერების შემოწმება (მოპასუხის მხრიდან სარჩელის ან/და შეგებებული სარჩელის შეტანის გარეშე) სასამართლოს განხილვის საგანი ვერ იქნება (თბილისის საქალაქო სასამართლომ მოპასუხის შეგებებული სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია). რაც შეეხება 1982 წლის ხელშეკრულებას, მასზე მოპასუხემ მიუთითა სააპელაციო საქმისწარმოების ეტაპზე, თუმცა ამ ხელშეკრულების საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა არ მოუთხოვია. ამდენად, პალატა აღნიშნულ მტკიცებულებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 380-ე მუხლიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნევს და არ განიხილავს.
3.6. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეებს რეალურად ეშლებათ ხელი კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეთა საკუთრების უფლება ვრცელდება არა მხოლოდ შენობა-ნაგებობებზე, არამედ ეზოს ნაწილზეც და ამ უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი მოპასუხეს არ გააჩნია. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების მართლზომიერება.
9. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
10. ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ საკუთრების უფლების ხელყოფა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-1377-2023, 09.02.2024წ., სუსგ №ას-25-2021, 27.04.2021 წ.).
11. ამ ტიპის სარჩელის განხილვისას სასამართლო ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად განსაზღვრავს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესს. ნეგატორული სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ-ებები: №ას-1085-2020, 06.07.2021წ.; №ას-1250-2018, 21.12.2018წ; №ას-843-809-2016, 26.10.2016წ.).
12. დადგენილია, რომ მხარეები სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან, კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი ირიცხება მოსარჩელეების, მოპასუხის, ასევე სახლთმფლობელობის სხვა თანამესაკუთრეების სახელზე საკუთრების უფლებით. მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე მესაკუთრეთა საკუთრების უფლება რეგისტრირებულია შემდეგი სახით: ზ.შ–ის საკუთრებაში ირიცხება შენობა/ნაგებობა №3 (ლიტ „ბ“) საერთო ფართობი 69 კვ.მ (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 30 კვ.მ)-დან 17/180 ნაწილი; ე.ხ–ძის საკუთრებაში - 13/30 ნაწილი ნაგებობა №3 (ლიტ „ბ“) საერთო ფართით 69 კვ.მ (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 30 კვ.მ); ტ.მ–ის საკუთრებაში - შენობა-ნაგებობა №3 (ლიტ „ბ“) საერთო ფართობი 69 კვ.მ (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 30 კვ.მ.)-დან 17/60 ნაწილი, ხოლო მოპასუხის საკუთრებაში - ნაგებობა №1 (ლიტ „ა“) საერთო ფართობი 103.30 კვ.მ.; სარდაფი ფართით 54.74 კვ.მ.-დან ½ ნაწილი). ამასთან, მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომელიც თანასაკუთრების ობიექტია, მესაკუთრეთა წილები განსაზღვრული არ არის.
13. ის ფაქტი, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი შენობა/ნაგებობა დანგრეულია, არ ართმევს მოსარჩელეებს მასზე მესაკუთრის უფლებამოსილების განხორცილებისა და ამისათვის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფლობის, სარგებლობის უფლებას. სსკ-ის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 954-ე მუხლით, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. სსკ-ის 955-ე მულის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.
14. კასატორს დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიმართ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი გარემოებები, კერძოდ, დადგენილია, მოსარჩელეთა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე; მოპასუხე მოსარჩელეებს ხელს უშლის სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობაში და ამ უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი მოპასუხეს არ გააჩნია. შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი ფაქტობრივსამართლებრივი წანამძღვრები.
15. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელეთა საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენს, სასამართლოს განხილვაში არ არის სარჩელი ან/და შეგებებული სარჩელი ასეთი მოთხოვნით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.11.2022 წლის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე (ს.ფ. 95-101). დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ აღნიშნული განჩინება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია). შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ საკუთრების უფლების საფუძვლის კანონიერების შემოწმება მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. მხოლოდ მოპასუხის ზეპირი მითითება, რომ მოსარჩელეებმა უკანონოდ მოიპოვეს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, ვერ გააქარწყლებს რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. რაც შეეხება საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ; №ას-27-2019, 15.11.2019წ.). შესაბამისად, არ არსებობს შუამდგომლობის საკასაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების საფუძველი და მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ზ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ლ.ზ–ძეს (პ/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს მ.ჯ–ას (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება №1732880990, გადახდის თარიღი 29.11.2024წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. ლ.ზ–ძის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და მტკიცებულებები დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს (ს.ფ. 294-317).
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია