Facebook Twitter

28 აპრილი 2025 წელი საქმე №ას-733-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ნ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ე–ი .....“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.მ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შ.პ.ს. „ე–ი .....“-ის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შ.პ.ს. „ე–ი ....“-ს დირექტორის კ.მ–ის 2022 წლის 24 მარტის №11/03 ბრძანება მოსარჩელე ნ.მ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

1.2. დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე - მერჩენდაიზერის თანამდებობაზე;

1.3. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 625 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2022 წლის 01 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.მ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.მ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.მ–ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და მიღებული იქნა განსახილველად.

7. ნ.მ–ძის საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 31 დეკემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე. მოგვიანებით მხარეებს ეცნობათ, რომ მითითებულ თარიღში საკასაციო საჩივრის განხილვა არ დასრულებულა და, მხარეთა მორიგების მიზნით, დაინიშნა საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვა 2025 წლის 11 თებერვალს 15:00 საათზე, რომელიც გადაიდო მორიგების ხელშეწყობის მიზნით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2024 წლის 16 აპრილს წარედგინა მხარეთა ერთობლივი განცხადება/მორიგების აქტი, ხოლო ამავე წლის 24 აპრილს მხარეებმა წარმოადგინეს ხელმოწერილი მორიგების აქტი დედნის სახით. მხარეები ითხოვენ მორიგების დამტკიცების გამო საქმის წარმოების შეწყვეტას ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მორიგების პირობები უნდა დამტკიცდეს, ხოლო მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ და თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

11. მორიგება თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად და იგი, თავისი ბუნებით, სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასზე ვრცელდება გარიგების ნამდვილობის ყველა ის მოთხოვნა, რაც სამოქალაქო კოდექსითაა გათვალისწინებული.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

15. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მორიგების აქტი კასატორის (მოსარჩელის) მხრიდან ხელმოწერილია უშუალოდ კასატორის მიერ.

16. მორიგების აქტი მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) მხრიდან ხელმოწერილია შ.პ.ს. „ე–ი ....“-ის წარმომადგენლის - გ.ჩ–ის მიერ. საქმის მასალებში წარმოდგენილია შ.პ.ს. „ე–ი ......“-ის დირექტორის კ.მ–ის მიერ კომპანიის თანამშრომლების - გ.ჩ–ის, თ.ა–ისა და ზ.ზ–ის სახელზე გაცემული რწმუნებულება, რომლის მიხედვით, გ.ჩ–ს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს შ.პ.ს. „ე–ი ......“ ყველა ინსტანციის სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების უფლების ჩათვლით (იხ. მინდობილობა). ამდენად, პალატა ასკვნის, რომ მორიგების პირობები მიღწეულია საამისოდ უფლებამოსილ პირთა შორის.

17. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო თავისი განცხადებით ან მხარეთა ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

21. მოცემულ შემთხვევაში, კასატორ ნ.მ–ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. ვინაიდან მორიგების აქტი წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.მ–ძისა და შ.პ.ს. „ე–ი ....“-ის შუამდგომლობა, მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:

2.1. შ.პ.ს. „ე–ი .....“ ნ.მ–ძეს გადაუხდის ხელზე ასაღებ 4000 (ოთხი ათას) ლარს ნ.მ–ძის ს.ს. „თიბისი ბანკი“-ს GE14TB7439045064300051 საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ორ ნაწილად:

2.1.1. 2 000 (ორი ათასი) ლარს - არაუგვიანეს 2025 წლის 05 მაისისა;

2.1.2. 2 000 (ორი ათასი) ლარს - არაუგვიანეს 2025 წლის 05 ივნისისა.

2.2. შ.პ.ს. „ე–ი ...“-ის დირექტორის მიერ, არაუგვიანეს 2025 წლის 05 მაისისა, გამოიცემა ბრძანება ნ.მ–ძის მიმართ გამოცემული შემდეგი ბრძანებების გაუქმების თაობაზე:

2.2.1. შ.პ.ს. „ე–ი ......“-ის დირექტორის 2022 წლის 24 მარტის ბრძანება #11/03 გათავისუფლების შესახებ;

2.2.2. შ.პ.ს. „ე–ი ......“-ის დირექტორის 2022 წლის 28 თებერვლის ბრძანება #01/02 საყვედურის გამოცხადების თაობაზე;

2.2.3. შ.პ.ს. „ე–ი ....“-ის დირექტორის 2022 წლის 07 მარტის ბრძანება #01/03 საყვედურის გამოცხადების თაობაზე.

2.3. მიუხედავად შ.პ.ს. „ე–ი ....“-ის დირექტორის 2022 წლის 24 მარტის #11/03 გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმებისა, შრომითი ურთიერთობა წყდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, რასაც არ მოჰყვება მხარეებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული და ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები.

2.4. შ.პ.ს. „ე–ი ....“-ის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის 2.1 და 2.2. პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში (მათ შორის პირველივე დარღვევისთანავე) ნ.მ–ძე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.

2.5. გარდა მორიგების აქტით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნისა, ნ.მ–ძეს არ გააჩნია სხვა არანაირი ფულადი/არაფულადი მოთხოვნა შ.პ.ს. „ე–ი ....“-ის მიმართ.

3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება (№2/12453-22) და ამავე გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება (№2/ბ-5849-22).

4. მხარეთა მორიგების გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე №ას-733-2023.

5. ნ.მ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი (საგადახდო დავალება №17552374168, გადახდის თარიღი: 21.06.2023წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი