საქმეNას-1370-2024 28 თებერვალი, 2025 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.პ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.პ–ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით მ.პ–იასა და ვ.პ–ას სარჩელი გ.პ–იას წინააღმდეგ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის, თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, მალინა და ვ.პ–ებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
3. სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და 2 ხარვეზის შევსების მიზნით, აპელანტებს დაევალათ აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით წარედგინათ: ა) ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით; ბ) სააპელაციო საჩივრის საფოსტო განყოფილებისათვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუკი სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგზავნილია ფოსტის საშუალებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ გაეგზავნა აპელანტებს და ვ.პ–ას ჩაბარდა პირადად 2024 წლის 21 ივნისს, ხოლო მ.პ–ია არ იმყოფებოდა მისამართზე და სატელეფონო კომუნიკაციის ფარგლებში ინფორმირებული იქნა კურიერის მიერ.
4. 2024 წლის 26 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ.პ–იამ და მიუთითა, რომ წარადგინა სასამართლოს მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მოთხოვნილი საფოსტო გზავნილი. განცხადებას დაურთო საფოსტო გზავნილების ორი დასკანერებული ვერსია.
5. 2024 წლის 27 ივნისს მ.პ–იამ კვლავ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და წარადგინა CD დისკი სამ ცალად. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრისათვის დაერთო CD დისკი და ასევე მოთხოვნილი იქნა მისი ჩაბარება ფოსტის გზავნილით ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
6. აპელანტ მ.პ–იას მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი 2024 წლის 26 ივნისისა და 2024 წლის 27 ივნისის განცხადებები 2024 წლის 28 ივნისს თანდართული დოკუმენტებით გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით აპელანტების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
7.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2024 წლის 03 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტისათვის ვ.პ–ასათვის და მ.პ–იასათვის ჩაბარებულად ითვლება 2024 წლის 21 ივნისს და 2024 წლის 28 ივნისს, მათთვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ათდღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2024 წლის 29 ივნისიდან და ამოიწურა 2024 წლის 8 ივლისს. დასახელებული განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მ.პ–იამ წარადგინა მხოლოდ ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია, ხოლო, სააპელაციო საჩივრის საფოსტო განყოფილებისთვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც სააპელაციო საჩივრის ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგზავნა დადასტურდებოდა, არ წარუდგენია. ამასთან, ხარვეზის აღმოსაფხვრელად, მ.პ–იას მიერ წარდგენილ განცხადებას დაერთო 2024 წლის 25 ივნისს, ამავე განცხადების საფოსტო განყოფილებისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
7.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ ვ.პ–ას პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. ასევე დადგენილია, რომ მ.პ–იამ 2024 წლის 2 თებერვალს განცხადებთ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების ჩაბარება, ვინაიდან აგრძელებს დავას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
7.3. საქმის მასალებში არსებული, გადაწყვეტილების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება მ.პ–იას გაეგზავნა ელექტრონული ფოსტით 2024 წლის 27 მარტს (ს.ფ. 215). საქმის მასალებში არსებული მ.პ–იას 2024 წლის 2 აპრილის ელ.ფოსტით გაგზავნილი წერილით ბათუმის საქალაქო სასამართლოს თანაშემწისადმი, დადგენილია, რომ მ.პ–იამ ჩაიბარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2024 წლის 27 მარტს 10:30 საათზე (ს.ფ. 216). საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 17 აპრილს და თარიღდება 2024 წლის 10 აპრილით.
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ მოცემულობაში რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს, ასევე დაარღვიეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ვ.პ–ას კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო, ამავე სასამართლოს 2024 წლის 31 დეკემბრის განჩინებით მ.პ–იას კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად განმარტავს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე (იმპერატიული ვადა). ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად. 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
14. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.
15. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
16. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება, სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება (იხ. სუსგ №ას-1495-2018, 1 ივლისი, 2019 წ; №ას-1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წ.).
18. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
19. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
20. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობათ (ტ.1,ს.ფ. 196). დადგენილია, რომ 2024 წლის 2 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ.პ–იამ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (ტ.1,ს.ფ. 210). ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწემ 2024 წლის 27 მარტს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა მ.პ–იას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების ასლი (ტ.1,ს.ფ. 215). აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ადრესატმა, იმავე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაადასტურა 2024 წლის 2 აპრილს (ტ.1,ს.ფ. 216). დადგენილია, რომ აპელანტებს, 10 აპრილით დათარიღებული სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით 2024 წლის 17 აპრილს აქვთ წარდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
21. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გამოკვლევისა და ანალიზის შედეგად დამატებით განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარი დარეგისტრირებულია 2024 წლის 17 აპრილს, (ს.ფ.217), თუმცა სარეგისტრაციო შტამპით არ ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი შევიდა ფოსტის მეშვეობით. მიუხედავად ამ გარემოებისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით, აპელანტებს მაინც დაუდგინდათ ხარვეზი, დაევალათ, დასახელებული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოსთვის წარედგინათ სააპელაციო საჩივრის საფოსტო განყოფილებისათვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუკი სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგზავნილი იქნა ფოსტის საშუალებით და ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით;
22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ გაეგზავნა აპელანტებს, რომელიც ვ.პ–ას ჩაბარდა პირადად 2024 წლის 21 ივნისს, ხოლო მ.პ–ია არ იმყოფებოდა მისამართზე და სატელეფონო საუბრით ინფორმირებული იქნა კურიერის მიერ (ტ.2,ს.ფ. 10, 12).
23. 2024 წლის 26 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ.პ–იამ და მიუთითა, რომ წარადგინა სასამართლოს მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მოთხოვნილი საფოსტო გზავნილი. 2024 წლის 26 ივნისს მ.პ–იამ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და განცხადებას დაურთო საფოსტო გზავნილების ორი ცალი დასკანერებული ვერსია (ტ.1,ს.ფ. 13-19).
24. 2024 წლის 27 ივნისს მ.პ–იამ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და წარადგინა CD დისკი სამ ცალად. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრისათვის დაერთო CD დისკი და ასევე მოთხოვნილი იქნა მისი ჩაბარება ფოსტის გზავნილით ბათუმის საქალაქო სასამართლოში. აპელანტ მ.პ–იას მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი 2024 წლის 26 ივნისისა და 2024 წლის 27 ივნისის განცხადებები 2024 წლის 28 ივნისს თანდართული დოკუმენტებით გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მ.პ–იამ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინა ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით, ხოლო, სააპელაციო საჩივრის საფოსტო განყოფილებისთვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამასთან, ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადებას, დაურთო მის მიერ, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების საფოსტო განყოფილებისთვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი და არა სააპელაციო საჩივრის დროულად წარდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
26. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევა და არ იკვეთებოდა ხარვეზის დადგენის წინაპირობები, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მოთხოვნილი იქნა სათანადო დოკუმენტი. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა სააპელაციო საჩივრის, კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები საფოსტო გზავნილის ან სხვა დოკუმენტის წარდგენის გზით.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.პ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მ.პ–იას სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 25/09/2024 და საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 27/11/2024) 1 950 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე