საქმე №ას-125-2021 30 იანვარი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ჯ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.ბ–ი“ (შემდეგ - ბანკი, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც გ.ჯ–ძის (შემდეგ - მსესხებელი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ 10 287.63 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორი სადავოდ ხდის თანხის დაკისრების თაობაზე სასამართლოს უარს და მიიჩნევს, მხარეთა ნების განმარტება იმდაგვარად, რომ იპოთეკის საგნის ბანკის საკუთრებაში გადასვლით მსესხებლის სასესხო ვალდებულება სრულად დაიფარებოდა, არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებები:
7.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2017 წლის 17 მაისს დაიდო №5720624-ა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა ამავე თარიღის №5720624-ა-5720624 საკრედიტო ხელშეკრულება და მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სესხი, საცხოვრებელი ბინის შესაძენად 50 000 აშშ დოლარი, 96 თვის ვადით, საპროცენტო სარგებლით - წლიური 7,5%.
7.2. 2017 წლის 17 მაისს, მხარეთა შორის დაიდო №5720624-01 იპოთეკის ხელშეკრულება და მოპასუხის საკრედიტო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ......... იპოთეკის ხელშეკრულებით ქონების ღირებულება შეფასდა 43 400 აშშ დოლარად.
7.3. 2018 წლის 2 თებერვალს, მხარეთა შორის 2017 წლის 17 მაისს დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №5720624-ა ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა №5720624-ა-7165147 საკრედიტო ხელშეკრულება და მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სესხი, საცხოვრებელი ბინის რემონტისთვის 24 750 ლარი, 93 თვის ვადით, წლიური 16.1% სარგებლით.
7.4. 2018 წლის 18 სექტემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა №5720624-1 შეთანხმება, რომლის დანართი №1-ის თანახმად, განისაზღვრა შეთანხმების პირობები, კერძოდ: „წინამდებარე დანართის საფუძველზე ქონებაზე ბანკის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ საჭიროებს კონტრაჰენტის დამატებით თანხმობას ან/და აქცეპტს. ქონებაზე ბანკის საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა არ საჭიროებს რეესტრში რეგისტრაციას, ქონების ბანკისთვის ფაქტობრივად გადაცემისა და რეესტრში ქონების გირავნობის უფლების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, 10 (ათი) საბანკო დღის ვადის დაცვით ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის ნებისმიერი მოთხოვნის საკუთარი შეხედებულებისამებრ დაფარვას/შემცირებას ქონების წინამდებარე დანართის 2.2.2. ქვეპუნქტით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად. კონტრაჰენტი ვალდებულია, ბანკს საკუთრებაში გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ქონება, შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია, ქონებაზე ნივთობრივი ან/და უფლებრივი ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, უარი თქვას შეთანხმებაზე (მათ შორის – ქონებაზე ბანკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან რეესტრში ქონების გირავნობის უფლების რეგისტრაციის გაუქმების შემდგომ) ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე სხვა პატივსადები მიზეზების არსებობისას, რის შესახებაც წერილობით აცნობებს კონტრაჰენტს, შეთანხმებით განსაზღვრული წესით. წინამდებარე დანართით განსაზღვრული ქონების ღირებულება წარმოადგენს ქონების დასაკუთრების მიზნებისათვის მხარეთა შორის შეთანხმებულ საბოლოო ღირებულებას, მიუხედავად იმისა, ქონების ღირებულების რა მოცულობა ან/და შეფასების კრიტერიუმი/წესი იყო განსაზღვრული ქონების დასაკუთრებისათვის შესაბამისი გირავნობის ან იპოთეკის ხელშეკრულებით ან/და მხარეთა შეთანხმებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)“.
7.5. 2018 წლის 19 სექტემბერს, ბანკმა შეთანხმებაში მითითებული უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ, მისი ღირებულების გათვალისწინებით, დაფარა 2018 წლის 2 თებერვლის №5720624-ა-7165147 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება სრულად, ხოლო №5720624-ა-5720624 საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად – ძირი თანხა 37451.88 აშშ დოლარი, პროცენტი 1724 აშშ დოლარი, ჯარიმა 173,29 აშშ დოლარი და საკომისიო 57.95 აშშ დოლარი.
8. მოსარჩელის მტკიცებით, ზემოაღნიშნული თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი მხარეთა შორის დადებული ორივე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად დასაფარად, რის გამოც, მოსარჩელეს გადასახდელი დარჩა 10287.63 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხა - 8 493 აშშ დოლარი, სარგებელი - 827.19 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 918.15 აშშ დოლარი და საკომისიო - 49.29 აშშ დოლარია.
9. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნა - სესხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს მსესხებლისათვის დაკისრების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - სსკ-ის) 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებს ეფუძნება.
10. მოპასუხის მტკიცებით, მან იპოთეკის საგნის კრედიტის გამცემის საკუთრებაში გადაცემით ბანკის წინაშე სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანება სრულად შეასრულა, რასაც ადასტურებს 2018 წლის 18 სექტემბრის შეთანხმება. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გაიზიარეს მოპასუხის მტკიცება და მიიჩნიეს, რომ მხარეთა შეთანხმებით, საკრედიტო ვალდებულების დაფარვის მიზნით, ბანკის მიერ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გადაეცა მოსარჩელეს საკუთრებაში და მოპასუხის საკრედიტო ვალდებულებები დაიფარა აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულების გათვალისწინებით. ამასთან, თავად ბანკის მიერ წარმოდგენილი ქონების შეფასების ანგარიშის თანახმად, 2018 წლის 18 სექტემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული უძრავი ქონების ღირებულება 63 000 აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, კრედიტის გამცემმა 63 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავი ქონებით დაფარულად მიიჩნია მხოლოდ 49 700 აშშ დოლარის ვალდებულება, რაც ბანკის მხრიდან კეთილსინდისიერი ქცევის სტანტარტს არ შეესაბამებოდა.
11. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს 2018 წლის 18 სექტემბრის შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, „შეთანხმებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების ოდენობა და მისი გადახდის პირობები განსაზღვრულია შეთანხმების დანართი №1-ით“. დანართის მიხედვით კი, „კონტრაჰენტი საკუთრების უფლებას გადასცემს ბანკს (როგორც მოგირავნეს/იპოთეკარს) წინამდებარე დანართის 2.2.1 ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (შემდგომში - ქონება), რომელიც უზრუნველყოფს წინამდებარე დანართის 2.2.3 პუნქტში მითითებული გარიგებებიდან (შემდგომში - საკრედიტო ხელშეკრულება) წარმოშობილ ბანკის მოთხოვნებს“. დანართში მითითებულია ქონების ღირებულება - 49 700 აშშ დოლარი, მაგრამ არ არის ასახული ქონების გადაცემის შემდგომ მოპასუხის დარჩენილი დავალიანების თაობაზე. ამასთან, მართალია, შეთანხმებასა და დანართში ცალკე არ არის მითითებული არც ვალდებულების მოცულობა, თუმცა, რაკი აღნიშნულია, რომ ვალდებულების მოცულობას განსაზღვრავს დანართი, ხოლო დანართში მითითებულია 49700 აშშ დოლარიანი ქონების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების დასაფარად ბანკისათვის გადაცემის თაობაზე, ივარაუდება, რომ მხარეთა განზრახვა სწორედ ვალდებულების სრულად დაფარვა იყო. გაუგებარია, თუკი აშშ დოლარსა და ლარის ვალუტაში არსებული მოვალის საკრედიტო ვალდებულებები სრულად არ იფარებოდა, რატომ არ იქნა აღნიშნული გათვალისწინებული ამავე შეთანხმებითა თუ დანართით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, იმ პირობებში, როდესაც არ არის მითითებული დარჩენილი საკრედიტო ვალდებულების, ვალდებულების დარჩენილი ნაწილის პირობების შეცვლისა და თანხის დაფარვის (ანგარიშსწორების) წესის შესახებ, ზემოაღნიშნული ჩანაწერის სხვაგვარი შეფასება გასცდებოდა გონივრული განსჯის სტანდარტს.
12. საგულისხმოა, რომ 2018 წლის 18 სექტემბრის შეთანხმების შემდგომ, ბანკს არ ჰქონია მცდელობა, მოეხდინა მოვალის ინფორმირება წინსწრებით შესრულებული, დარჩენილი ვალდებულებისა და მისი მოცულობის შესახებ, თუ არ ჩავთვლით 2019 წლის 22 ნოემბრით დათარიღებულ გაფრთხილების წერილს, სადაც საუბარია დავალიანების არსებობაზე, რაც მოპასუხეს არც კი ჩაბარებია.
13. ვალდებულების, მხარეთა შეთანხმებით, სრულად შესრულებულად მიჩნევის ვარაუდს, ვერ აქარწყლებს კასატორის მითითება, რომ შეთანხმების მიხედვით, ბანკი უზრუნველყოფდა საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ამ უკანასკნელის ნებისმიერი მოთხოვნის საკუთარი შეხედებულებისამებრ დაფარვას/შემცირებას ქონების წინამდებარე დანართის 2.2.2. ქვეპუნქტით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად. პალატა კიდევ ერთხელ, მიუთითებს, კასატორისეული განმარტება, რომ მსესხებელს დარჩა შესასრულებელი ვალდებულება, შეთანხმებიდან არ გამომდინარეობს. ბანკი რომ საკუთარი შეხედებულებისამებრ დაფარავს/შეამცირებს მოთხოვნებს, ბუნდოვანი და გაურკვეველი დათქმაა, რაც ვალდებულების შესრულების ამგვარ წესს არასამართლიანად აქცევს. სსკ-ის 325-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად კი, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრება უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამდენად, როგორც ბანკი, სარჩელით მოითხოვს ვალდებულების შესრულების პირობის განმარტებას, რომ, მართალია, მხარეები შეთანხმდნენ ბანკის მიერ იპოთეკის საგნის საკუთრებაში მიღებით მსესხებლის ვალდებულებების დაფარვაზე, თუმცა, ბანკი იტოვებდა უფლებას, მოგვიანებით, თავისი შეხედულების მიხედვით მიეჩნია, რომ მსესხებელს ვალდებულების ნაწილი კვლავ შესასრულებელი რჩებოდა, საკასაციო პალატის დასკვნით, ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისას არსებულ ფაქტებისა და მოვლენების გათვალისწინებით, არასამართლიანი სახელშეკრულებო პირობა იქნებოდა. ამდენად, შეთანხმების პირობების სხვაგვარი გაგება ეწინააღმდეგება მხარეთა კეთილსინდისიერებისა (სსკ-ის მუხლი 8.3 - სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი) და სამართლიანობის (სსკ-ის მუხლი 325.1) პრინციპებს.
14. ასეც რომ არ იყოს, დარჩენილმა დავალიანებამ, როგორც კრედიტორი მიუთითებს, შეადგინა 10 287.63 აშშ დოლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 8 493 აშშ დოლარი, სარგებელი - 827.19 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 918.15 აშშ დოლარი და საკომისიო - 49.29 აშშ დოლარი), თუმცა ამ ოდენობით მოთხოვნის უფლების დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებებზე სათანადოდ არ მიუთითებია, მიუხედავად მოპასუხის შედავებისა. ის გარემოება, რომ ბანკის საკუთრებაში ქონების გადაცემით ვალდებულებითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა და დავალიანება აჭარბებდა ქონების ღირებულებას, სწორედ მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა ბანკმა ვერ წარმოადგინა როგორც სათანადო დასაბუთება, ასევე, მტკიცებულებები, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა.
15. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, მან სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მართებულად განსაზღვრა, რომ არ არსებობდა თანხის დაკისრების წინაპირობები.
16. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. სს „ს.ბ–ს“ (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 466 ლარის (საგადახდო დავალება №31190 / გადახდის თარიღი 20.01.2021), 70% - 1 726.2 ლარი;
1. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა