Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1073-1023(კ-06) 26 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა

კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “ფ...ის” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2006 წლის 26 დეკემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1073-1023(კ-06) შპს “ფ...ის” საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით შპს “ფ...ის” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის, 396.3 და 440-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ასევე საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი), საკასაციო საჩივარში სრულყოფილად არ იყო ჩამოყალიბებული კასაციის განაცხადი. Gგარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა შპს “ფ...ის” წარმომადგენელი ა. კ-ე, მაგრამ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სსსკ-ის 440-ე მუხლის შესაბამისად, ადვოკატთა ტესტირების გავლისა და ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, საკასაციო საჩივარში კასატორად მითითებული იყო შპს “ფ...ის” დამფუძნებელი თ. ბ-ი, მაშინ როცა შპს-ს წარმომადგენლობის უფლება აქვს დირექტორს და არა მის დამფუძნებელს. შესაბამისად, კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 221-223).

2007 წლის 30 იანვარს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს “ფ...ის” წარმომადგენელმა ა. კ-მ, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება ორ კვირამდე ვადით და წარმოადგინა შპს “ფ...ის” დირექტორის მიერ გაცემული რწმუნება ა. კ-ისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ (ს.ფ. 232-236).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით შპს “ფ...ს” გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით და დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი საჩივრის შემომტანი პირის დასახელებისა და მისამართის, კასაციის მიზეზისა და განაცხადის მითითებით, სსსკ-ის 39.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი ბოლო 10 დღის მონაცემით და ა. კ-ის მიერ ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტი /იხ. ს.ფ. 237-240/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ შპს “ფ...ის” საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს შპს “ფ...ს” საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 8 იანვრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, რაც გაუგრძელდა საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით 10 დღით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს შპს “ფ...ის” დირექტორს თ. კ-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 24 თებერვალს /ს.ფ. 248/, ხოლო შპს “ფ...ის” წარმომადგენელს _ 2007 წლის 21 თებერვალს /იხ. ს.ფ. 246/, მაგრამ კასატორმა ხარვეზი არ შეავსო და წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი საჩივრის შემომტანი პირის დასახელებისა და მისამართის, კასაციის მიზეზისა და განაცხადის მითითებით, სსსკ-ის 39.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი ბოლო 10 დღის მონაცემთა მდგომარეობით და ა. კ-ის მიერ ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ფ...ის” საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “ფ...ის” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.