საქმე №ას-75-2025 1 აპრილი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ჰ–ა“ (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბერის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ჰ–ას“ (შემდგომში მოპასუხე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დაკმაყოფილდა ნ.ბ–ძის (შემდგომში მოსარჩელე, სადავო ქონების მესაკუთრე) სარჩელი და დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე, ქ. თბილისი, .........., საკუთრების ტიპი - ავტოსადგომი N104 (მშენებარე), 60 კვ.მ. ს/კ: .......) (შემდგომში სადავო უძრავი ქონება, სადავო ქონება, სადავო ავტოსადგომი ან სადავო ნივთი) გამოთხოვა და მოსარჩელისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ უძრავი ნივთების გაერთიანებამდე ფართების საკადასტრო კოდები, ისევე როგორც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წინა კოდები არასდროს ემთხვეოდა ერთმანეთს. სადავო ქონება ეკუთვნოდა არა მოსარჩელეს, არამედ იგი მოპასუხეს იჯარის წესით ჰქონდა გადაცემული მ.გ–ძისგან და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრეობის ფაქტი. ამასთან, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უგულებელყო და იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნია საქმეში წარდგენილი ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და გაუგებარია, რატომ მიანიჭა უპირატესობა ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის ექსპერტის დასკვნას.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად;
8.2. №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება დაყოფამდე იყო №........ საკადასტრო კოდის ქვეშ მოქცეული და მოიცავდა როგორც 60.00 კვ.მ კომერციულ ფართს, ისე 40.00 კვ.მ ანტრესოლს. ქონების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2018 წლის 3 ივლისს და მისი თავდაპირველი მესაკუთრე იყო თ.ზ–ი. შემდგომ, უძრავი ნივთი მ.წ–ის საკუთრებად აღირიცხა, ხოლო 2019 წლის 11 ნოემბრის იძულებითი აღსრულების შესახებ №882019933710 განცხადების საფუძველზე, ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა მოსარჩელე;
8.3. 2020 წლის 4 აგვისტოს №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება დაიყო ორ საკადასტრო ერთეულად - ს/კ №......... და №..........;
8.4. მოპასუხე არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტი და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას;
8.5. მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული მ.გ–ძესთან შემდეგ ორ უძრავ ქონებაზე - მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელი ........, 301.80 კვ.მ მშენებარე ფართი - ს/კ №.......... და 240 კვ.მ მშენებარე ფართი, ს/კ №;
8.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26/04/2023წ. №002762523 დასკვნაში აღნიშნულია: „ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ....... ქუჩა №9-ში მდებარე №........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ავტოსადგომი №104 (მშენებარე), ფართით 60.0 კვ.მ., 2018 წლის 24 აგვისტოს №4135516 ბრძანებით ბოლო შეთანხმებულ მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტში მდებარეობს 0 სართულზე, +0.00 ნიშნულზე...“
8.7. ა(ა)იპ „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის“ 2023 წლის 13 მაისის დასაკვნაში აღნიშნულია: „ნ.ბ–ძის კუთვნილი ავტოსადგომი №104 (მშენებარე) იდენტიფიცირებულია თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან №4135516 გადაწყვეტილების საფუძველზე შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის +0.00 ნიშნულის გეგმასთან - „არქიტექტურული ნაწილი, გეგმა - 0.00 ნიშნ. _ზე, სტად. – a, ფურცელი a-2” და მდებარეობს +0.00 ნიშნულის გეგმის საპროექტო ღერძებში - „ე-თ" და „10- 11”. /დანართი “0A” - მონიშნულია წითელი კონტურით და მითითებულია საკადასტრო კოდი/“;
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
11. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ 14-15) (რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა) და კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. ამასთან, საქმეში წარდგენილი საექსპერტო დასკვნებით, ასევე, დადასტურებულია მოპასუხის მიერ დაკავებული და მოსარჩელის კუთვნილი ფართის იდენტურობა.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას (მოპასუხის მიერ დაკავებული ფართისა და მოსარჩელის კუთვნილი ქონების იდენტურობის დადგენისას) ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიანიჭა უპირატესობა ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის ექსპერტის დასკვნას და დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ლ. სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის შედეგები.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის საწყისზე დამყარებული მართლმსაჯულების განხორციელებისას (სსსკ-ის მე-5 მუხლი) სასამართლოს, მოთხოვნის საფუძვლიანობასთან მიმართებით არ გააჩნია წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი, არამედ, მხარეთა მონაწილეობით დგინდება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები სასამართლო სხდომაზე. ბუნებრივია, სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
15. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
16. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
17. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (მოპასუხე) სადავოდ ხდის რა მის მიერ დაკავებული და მოსარჩელის კუთვნილი ფართების იდენტურობას, მიუთითებს მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 26 აპრილის №002762523 საექსპერტო დასკვნაზე და აცხადებს, რომ სასამართლოებს სწორედ მითითებული დასკვნით უნდა ეხელმძღვანელათ საკვლევი ფართის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენისას და არა ა(ა)იპ „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის“ 2023 წლის 13 მაისის დასკვნით.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.
20. ამასთან, ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი). საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო.
21. მოსამართლე არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. მან კრიტიკული განხილვის შედეგად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი აზრი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე. უფრო მეტიც, თუ ექსპერტის დასკვნა უპირისპირდება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საკითხი უნდა გაირკვეს სწორედ ექსპერტის ზეპირი განმარტებების მიღების, საკუთრივ დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯრებისა და დეტალური შესწავლის საფუძველზე. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევი მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტლებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი).
22. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც საქმეზე წარდგენილი სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 26 აპრილის №002762523 საექსპერტო დასკვნის, ასევე ა(ა)იპ „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის“ 2023 წლის 13 მაისის დასკვნის შინაარსი. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი სასამართლოში მოსარჩელემ წარადგინა.
23. კერძოდ, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 26 აპრილის №002762523 საექსპერტო დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: „... საკვლევი ფართის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ამონაწერში, შპს „დელუქს დეველოპმენტის“ კრების ოქმზე თანდართულ ცხრილში და შეთანმხმებულ პროექტებში არ არის საკვლევი ფართის ზუსტი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, კერძოდ, ფიქსირდება მხოლოდ საკვლევი ფართების ნიშნულები და სართულიანობა, ხოლო რომელ ღერძებში მდებარეობს საკვლევი ფართები, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია დოკუმენტაციებში არ არის ასახული“.
24. ა(ა)იპ „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის“ 2023 წლის 13 მაისის დასკვნაში მითითებულია შემდეგი: „ნ.ბ–ძის კუთვნილი ავტოსადგომი №104 (მშენებარე) იდენტიფიცირებულია თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან №4135516 გადაწყვეტილების საფუძველზე შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის +0.00 ნიშნულის გეგმასთან - „არქიტექტურული ნაწილი, გეგმა - 0.00 ნიშნ. _ზე, სტად. – a, ფურცელი a-2” და მდებარეობს +0.00 ნიშნულის გეგმის საპროექტო ღერძებში - „ე-თ" და „10- 11”. /დანართი “0A” - მონიშნულია წითელი კონტურით და მითითებულია საკადასტრო კოდი/“;
25. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი განმარტებების ურთიერთშეჯერებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილი ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდებოდა საკვლევი ფართის ზუსტი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მაშინ, როდესაც მოსარჩელისვე წარდგენილი მეორე დასკვნით (ა(ა)იპ „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის“ 2023 წლის 13 მაისის დასკვნით) განსაზღვრულია სადავო ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობა, ამასთან, მოპასუხეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სასამართლოსთვის არ წარუდგენია მითითებული დასკვნის გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება (მაგალითად, ალტერნატიული საექსპერტო დასკვნა ან სხვა სახის კვლევის შედეგები, რომლებიც საპირისპიროს დაადასტურებდა), საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა წარდგენილი დოკუმენტები მართებულად შეაფასეს მტკიცებულებების შეფასებისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით და ა(ა)იპ „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის“ 2023 წლის 13 მაისის დასკვნა მართებულად დაუდეს საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორს (მოპასუხეს) კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
26. უსაფუძვლოა ასევე, კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მას სადავო ავტოსადგომი იჯარით აქვს აღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულებით აღებული აქვს არა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსადგომი, საკადასტრო კოდით N........., არამედ სხვა ფართი, რომელიც რეესტრში რეგისტრირებულია სხვა საკადასტრო კოდით N........., ამასთან, მოპასუხის მიერ იჯარით აღებულ ავტოსადგომსა და სადავო ნივთს შორის რაიმე სახის კავშირი ვერც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა (იხ. სააგენტოს 2024 წლის 8 თებერვლის #28095 წერილი).
27. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.
28. საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც კასატორს სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია.
29. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
30. ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჰ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ჰ–ას“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №25250355263, გადახდის თარიღი 27.12.2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი