საქმე №ას-16-2025 1 აპრილი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - მ.მ–ი, ლ.გ–ვი, ი.წ–ი, თ.მ–ი (მოპასუხეები)
არასრუწლოვნები - ბ.ბ–ი, ვ.ბ–ი, ლ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში მოსარჩელე, კასატორები ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა, მ.მ–ის, ლ.გ–ვისა და ი.წ–ის (შემდგომში მოპასუხეები) უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის (მდებარე, ქ. თბილისი, ....... (საკადასტრო კოდი N........) N1, N2 და N5 შენობა-ნაგებობის) (შემდგომში სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება) გამოთხოვის შესახებ.
2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეებს გააჩნდათ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ. ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ უარი უთხრა მოპასუხეებს სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემაზე, შესაბამისად, დგინდება მათ მიერ ქონების არამართლზომიერად ფლობა. სარჩელის უარყოფით კი, უსაფუძვლოდ შეილახა მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის კანონიერი უფლება.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
7.1. სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე;
7.2. საბინაო წიგნის (წარმოების თარიღი: 15.07.1958წ.) მიხედვით, სადავო ბინა (........ ქ. N6-ში (ახლანდელი ......... ქ. N126) მდებარე სახლი) ირიცხებოდა ჯანმრთელობის სამინისტროს შრომის, ჰიგიენისა და პროფდაავადებათა ინსტიტუტის სახელზე;
7.3. საბინაო წიგნის მიხედვით, მოპასუხე ლ.გ–ვის დედა - ლ.გ–ი სადავო მისამართზე მდებარე ფართში ჩაწერილია 1954 წლის 24 თებერვლიდან, ხოლო, მამა - ა.გ–ვი - 1958 წლის 14 იანვრიდან. თავად ლ.გ–ვის რეგისტრაცია ფიქსირდება 1969 წლის 5 თებერვლიდან და დედის, ლ.გ–ის რეგისტრაციის გრაფაში (N15) იგი მითითებულია, როგორც ლ.გ–ის შვილი, ა.გ–ვი კი ჩაწერილია ცოლ-შვილთან ერთად;
7.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2022 წლის 15 ნოემბერს გაცემული N0111722028518 საინფორმაციო ბარათის მიხედვით, მოპასუხე მ.მ–ი სადავო მისამართზე რეგისტრირებულია 2003 წლის 29 დეკემბრიდნ.
7.5. მოპასუხე ი.წ–ი არის მ.მ–ის მეუღლე, ხოლო, ლ.მ–ი მათი შვილი, რომელიც დაბადებიდან რეგისტრირებულია ამავე მისამართზე;
7.6. მოპასუხე თ.მ–ი არარეგისტირირებულ ქორწინებაში იმყოფება რ.ბ–თან, რომელიც არის ა.გ–ის შვილი. ეს უკანასკნელი კი საბინაო წიგნში ჩაწერილია 1986 წლის 1 ნოემბრიდან. ბ.ბ–ი და ვ.ბ–ი არიან თ.მ–ისა და რ.ბ–ის შვილები;
7.7. სს „თ–ის“მონაცემთა ბაზაში 1996 წლის მდგომარეობით #2958776 სააბონენტო ბარათზე სს „თ–ის“ აბონენტად რეგისტრირებული იყო გ–ნი ლ.ა. (მისამართი: ......... ქ. #126). 1996 წლამდე ინფორმაცია აბონირების შესახებ სს „თ–ში“ არ ინახება ხანდაზმულობის გამო. 2022 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით აღნიშნულ სააბონენტო ბარათზე აბონენტად რეგისტრირებულია გ–ნი ლ.ა. (მისამართი: ...... ქ. # 126) ხოლო, #2958507 სააბონენტო ბარათზე სს „თ–ის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო გ–ნი ლ.ა. (მისამართი: ......... ქ. #126 ). 1996 წლამდე ინფორმაცია აბონირების შესახებ სს „თ–ში“ არ ინახება ხანდაზმულობის გამო. 2023 წლის 9 მარტის მდგომარეობით აღნიშნულ სააბონენტო ბარათზე აბონენტად რეგისტრირებულია გ–ნი ლ.ა., (მისამართი: ....... ქ. #126);
7.8. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ წერილში აღნიშნულია შემდგეი: „აბონენტი N...... რეგისტრირებულია 01.12.2008-დან, მაგრამ აღნიშნულ აბონენტზე რეგისტრაციის დოკუმენტები არ იძებნება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. აბონენტზე N...... რეგისტრაციის დღიდან ფიქსირდება შემდეგი ინფორმაცია: მოქ. გ–ნი ლ. ა (არ ფიქსირდება პირადი ნომერი); თ–ის აბონენტის N.......; მის: ქ. თბილისი, დიდუბე, .......... აბონენტზე N...... რეგისტრაციის დღიდან სულადობრივი დარიცხვა ხორციელდება 2 პირზე. აღნიშნულ აბონენტზე სულადობრივი დარიცხვა არ ხორციელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის (რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ) საფუძველზე. დამატებით გაცნობებთ, რომ ბილინგის მონაცემთა ბაზაში სააბონენტო ბარათებზე სულადობრივი დარიცხვის დროს ფიქსირდება მხოლოდ პირთა რაოდენობა ვინაობა“
7.9. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ 2023 წლის 9 მარტის წერილში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის სააბონენტო ბაზაში, ნომრით #......, 2011 წლის 22 თებერვლიდან რეგისტრირებულია პირი „გ–ნი“.
7.10. შპს „თ.ე–ის“ ინფორმაციით, სადავო მისამართზე (ქ. თბილისი, ......... ქუჩა N126) 2007 წლიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლად ფიქსირდება გ–ვა;
7.11. სადავო ქონება მოპასუხეთა მფლობელობაშია;
8. მოცემულ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ანუ მოსარჩელეს აღძრული აქვს ვინდიკაციური სარჩელი.
9. ვინდიკაციური სარჩელის მეშვეობით მესაკუთრის უფლების დაცვის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
10. ზემოხსნებული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება.
11. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხეები ფაქტობრივად ფლობენ ამ ქონებას.
12. მხარეთა შორის სადავოა, თუ რამდენად გააჩნიათ მოპასუხეებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობის უფლება.
13. მოპასუხეთა განმარტებით, ისინი ზემოხსენებული უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელები არიან, კერძოდ, მათი წინაპრები ჩაწერილნი იყვნენ საბინაო წიგნში, რაც იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, წარმოადგენდა მათი კანონიერ მოსარგებლეებად მიჩნევის საფუძველს და საბოლოოდ, უკავშირდებოდა უფლებას ქონების პრივატიზების შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით დამტკიცდა „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“, რომლითაც რეგულირდებოდა სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები (1.1 მუხლი). ბრძანებულებით განისაზღვრა კანონიერი მოსარგებლის ცნება. კერძოდ, წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი 1983 წლის 4 ივნისის საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლები, აგრეთვე საცხოვრებელი სადგომები სხვა ნაგებობებში ქმნიან საბინაო ფონდს. საბინაო ფონდში შედის: სახელმწიფო საბინაო ფონდი, საზოგადოებრივი საბინაო ფონდი, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ფონდი და ინდივიდუალური საბინაო ფონდი, საბინაო ფონდში შედის აგრეთვე სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული გაერთიანებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების კუთვნილი საცხოვრებელი სახლები. ამ სახლების მიმართ გამოიყენება წესები რომლებიც სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლებით დადგენილია საზოგადოებრივი საცხოვრებელი ფონდისათვის. საცხოვრებელი სახლების არასაცხოვრებელი სადგომები, რომლებიც განკუთვნილია სავაჭრო, საყოფაცხოვრებო და არასამრეწველო ხასიათის სხვა საჭიროებებისათვის, საბინაო ფონდში არ შედის. კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლები და საცხოვრებელი სადგომები სხვა ნაგებობებში შეადგენს სახელმწიფო საბინაო ფონდს. სახელმწიფო საბინაო ფონდი არის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების გამგებლობაში (ადგილობრივი საბჭოების საბინაო ფონდი) და სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების გამგებლობაში (საუწყებო საბინაო ფონდი). საბინაო კოდექსის მე-9 მუხლი ადგენდა, რომ საცხოვრებელი სახლები და საცხოვრებელი სადგომები განკუთვნილია მოქალაქეთა მუდმივი ბინადრობისთვის, აგრეთვე დადგენილი წესით სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომებად და საერთო საცხოვრებლად გამოყენებისათვის. ხოლო, მე-12 მუხლის მიხედვით, საქართველოს სსრ მოქალაქეებს უფლება აქვთ დადგენილი წესით მიიღონ საცხოვრებელი სადგომი სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი საბინაო ფონდების სახლებში ან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლებში. საცხოვრებელი სადგომები სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში, აგრეთვე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლებში მოქალაქეებს ეძლევათ უვადო სარგებლობისთვის. მოქალაქეებს უფლება აქვთ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად პირად საკუთრებაში ჰქონდეთ საცხოვრებელი სახლი (სახლის ნაწილი). არავინ არ შეიძლება გამოსახლებულ იქნეს დაკავებული საცხოვრებელი სადგომიდან ან ვინმეს შეეზღუდოს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის, უფლება თუ არა კანონით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით. სსრკ მინისტრთა საბჭოს 1974 წლის 28 აგვისტოს N677 დადგენილებით დამტკიცდა „სსრკ-ში საპასპორტო სისტემის შესახებ წესი“, რომლის მიხედვით საბჭოთა პასპორტი მოიცავდა ინფორმაციას ჩაწერის შესახებ (I.4), მოქალაქეები ექვემდებარებოდნენ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ჩაწერას, ასევე დროებით საცხოვრებლის მიხედვით ჩაწერას ან რეგისტრაციას (I.6). ზემოაღნიშნული „წესის“ მიხედვით საბჭოთა მოქალაქეები ვალდებულები იყვნენ ჩაწერილიყვნენ საცხოვრებელ ადგილას (III.22). საბჭოური „ჩაწერის ინსტიტუტი“ განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა სახოვრებელი ადგილის არსებობას. იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ პირი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს (სუსგ 29.10.2015წ. Nბს-180-177(კ-15), 18.07.2012წ. Nბს-257-254(კ-12)). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი). ზემოაღნიშნული სამართლებრივი განმარტებების ურთიერთშეჯერებით და იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხეები არიან საბინაო წიგნში ჩაწერილი ფიზიკური პირების მემკვიდრეები, ხოლო სადავო ქონება სახელმწიფო საბინაო ფონდის საკუთრებას წარმოადგენდა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხეებს გააჩნდათ სადავო ფართით სარგებლობის უფლება და ისინი მართებულად იქნენ მიჩნეული ქონების მართლზომიერ მფლობელებად. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევა კასატორის განცხადება იმის შესახებ, რომ ვინაიდან გაუქმებულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულება და ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით განსაზღვრულია არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო (ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში შესაბამისი რაიონის გამგებელი), ხოლო ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ მოპასუხეებს უარი უთხრა სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემაზე, აღნიშნული ადასტურებდა მოპასუხეთა მხრიდან ქონების არაკანონიერ სარგებლობას. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში სასამართლოს კვლევის საგანია, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე (არამართლზომიერი მფლობელობა). ამჟამად მოქმედი სსკ-ის 170-ე მუხლი, ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსისა (1964 წლის რედაქციის) და „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსისაგან“ (1983 წლის რედაქციის) განსხვავებულ საკუთრების ინსტიტუტს იცნობს, კერძოდ, საკუთრებას, როგორც სამართლებრივი წესრიგით შექმნილ ფასეულობას, გააჩნია განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, რასაც არ იცნობდა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა. ამ შემთხვევაში, ყურადსაღებია საკუთრების სოციალური ფუნქცია, რომელიც გარკვეულ წილად განსაზღვრავს საკუთრების შინაარსსა და მის სოციალურ ბოჭვას, კერძოდ, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით...“ აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, მაგრამ მას გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, მისმა შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას, მაგრამ, ამასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა უგულებელყოფდა კერძო ინტერესებს და, შესაბამისად, არ ითვალისწინებდა, არც საკუთრების თავისუფლებისა და არც მისი სოციალური ბოჭვის სამართლებრივი წესრიგით შექმნილ ფასეულობას, რაც განსაზღვრულია მოქმედი სამოქალაქო კოდექსით. უნდა აღინიშნოს, რომ დაუშვებელია მოქმედი სამოქალაქო კოდექსის გავრცელება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოშობილია და დასრულებულია ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს (ნამდვილი უკუძალა).25. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშია აღნიშნული, რომ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვნენ მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე, მაგრამ არსებობას აგრძელებენ, მისი მოქმედების პერიოდში გამოიყენება ძალადაკარგული ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ, ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს (სსკ-ის 1507-ე მუხლი).
26. კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობს ურთიერთობა, რომელიც წარმოიშვა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის (საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის) საფუძველზე და მოპასუხეებს სადავო ფართით სარგებლობის უფლება მოპოვებული აქვთ სწორედ საბინაო წიგნში ჩაწერის საფუძველზე. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნია ისინი მართლზომიერ მფლობელებად. სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, დაუშვებელია მოპასუხეებს, როგორც მართლზომიერ მფლობელებს, მოეთხოვოთ მესაკუთრისათვის ნივთის უკან დაბრუნება, ვინაიდან მითითებული ნორმით, მართლზომიერი მფლობელობა დაცულია თვით მესაკუთრის მხრიდანაც (სუსგ 17.12.2009წ. საქმე №ას-372-691-09, 27.11.2015წ. საქმე №ას-483-457-2014, 7.10.2015წ. ას-753-713-2015).
27. ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი