Facebook Twitter

საქმე №ას-122-2025 13 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–ძე (მოსარჩელე)

მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - სს „ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო რისკის რეალიზების გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ი.მ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში: კასატორი ან მოპასუხე) მიმართ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის - 55678.24 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, მოსარჩელის მიერ ავტომობილის (მახასიათებლები: მოდელი - Toyota Fortuner, გამოშვების წელი - 2019, ძრავის მოცულობა - 2.4 დიზელი, სუფიქსი L4, ფერი-შავი *(218), საიდენტიფიკაციო - .........) სახ.ნომრით ....... ნარჩენის გადაცემის სანაცვლოდ.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1.2019 წლის 12 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების (მახასიათებლები: მოდელი - Toyota Fortuner, გამოშვების წელი - 2019, ძრავის მოცულობა - 2.4 დიზელი, სუფიქსი L4, ფერი-შავი *(218), საიდენტიფიკაციო - ........) დაზღვევის ხელშეკრულება;

2.2.სადაზღვევო ლიმიტი 92 627.00 ლარით განისაზღვრა;

2.3.2021 წლის 14 მაისს დაახლოებით 06:25 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ......... და სოფელ ...... დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოსარჩელე და ბ.ქ–ი გადაადგილდებოდნენ მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილით. ავტომობილს ბ.ქ–ი მართავდა. ამ უკანასკნელმა მოსახვევში ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, ავტომობილის წინა მხარით შეეჯახა გზის გვერდზე დამონტაჟებულ ლითონის ჯებირს, შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალება გადავარდა სავალი ნაწილის გვერდზე არსებულ მიწაყრილზე და შეეჯახა ხეებს. აღნიშნულის გამო, 2019 წლის 14 მაისს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ოქმის თანახმად მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვა, შეეჯახა გზის დამცავ ჯებირს და გზის პირას მდგარ ხეებს. მძღოლი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგად ფხიზელი აღმოჩნდა;

2.4.2021 წლის 14 მაისს 06:40 საათზე, მოსარჩელე დაუკავშირდა მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას და შეატყობინა ზარალის დადგომის შესახებ;

2.5.2021 წლის 18 ოქტომბრის წერილით, მოპასუხემ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ავტომობილის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 32.1 და 33.2 მუხლის მოთხოვნებს და რომ მზღვეველი არ აანაზღაურებდა ზარალს ან დაზიანებას, რომელიც წარმოიშობოდა იმ შემთხვევაში, როცა დაზღვეული განზრახ მოახდენდა ინფორმაციის გაყალბებას რაიმე სარგებლის მიღების მიზნით და თუ დამზღვევმა ან/და დაზღვეულმა განზრახ გამოიწვია სადაზღვევო რისკის გაზრდა;

2.6.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ავტომობილ Toyota Fortuner-ის ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ 59 000 ლარს შეადგენდა;

2.7.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 24 სექტემბრის დასკვნის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე არსებული მარცხენა მოსახვევის უსაფრთხოდ გავლა, ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელი იყო არაუმეტეს 57კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის პირობებში. საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე Toyota Fortuner-ის სახ. N......ის მძღოლის, მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის, პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა;

2.8.დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვ–ის“ 2022 წლის 07 ნოემბრის დასკვნის მიხედვით ავტომობილ Toyota Fortuner-ის სახ. NFO-...... მძღოლი ბ.ქ–ი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობდა/გადაადგილდებოდა სავალი გზის სიმრუდის მონაკვეთზე. კანონით მინიჭებული სიჩქარით, კონკრეტულ შემთხვევაში, საფრთხის წარმოქმნისას, სავალი გზის სიმრუდეზე შესვლის და სიმრუდიდან გამოსვლისას სავალი გზის გვერდულაზე არსებულ რკინის შემზღუდავ ჯებირზე დაჯახების თავიდან აცილება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო (მანძილის და დროის სიმცირის გამო). მის მოქმედებაში არ იკვეთება საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ’ მოთხოვნების უგულებელყოფა;

2.9.შპს ,,ავტო ექსპერტიზის“ დასკვნის მიხედვით, დაზიანებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ავტომანქანას აღენიშნება სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანება, კერძოდ, ძარამ შეჯახების შედეგად მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც გამოიხატა მისი გეომეტრიის რღვევაში. მნიშვნელოვნად დაზიანდა ავტომანქანის მზიდი ძარა და სავალი ნაწილი. გარდა ამისა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულია და შეცვლას საჭიროებს შემდეგი მაკომპლექტებელი ნაწილები: კაპოტი, წინა მოპირკეთება, წინა მარცხენა და მარჯვენა ფარი, წინა მარცხენა და მარჯვენა ფრთა, წინა და უკანა მარჯვენა კარი, უკანა მარჯვენა ფრთა, წინა მარცხენა სავალი ნაწილი, ძარის ზედა მარჯვენა საყრდენი. დასკვნის მიხედვით ავტომანქანის აღდგენა ტექნიკური, ფინანსური და პრაქტიკული თვალსაზრისით, არ არის რეკომენდებული. ამასთან, ავტომანქანის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ 19.05.2021წ. მდგომარეობით შეადგენს 13 000 აშშ დოლარს, ხოლო დაზიანებამდე - 27 000 აშშ დოლარს;

2.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.12.2023წ. დასკვნის მიხედვით 2019 წელს დამზადებული, მაღალი გამავლობის ავტომობილ Toyota Fortuner-ის სახ. N.........საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენს 59 000 ლარს;

3. სააპელაციო სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 799-ე და 823-ე მუხლებით. ასევე მიუთითა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართის 8.14 პუნქტზე, რომლის მიხედვით სრული ზარალის შემთხვევაში, მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სადაზღვევო თანხის სრული ოდენობით ფრანშიზისა და უკვე ანაზღაურებული თანხების გამოქვითვით. ასეთ შემთხვევაში საკუთრების უფლება დაზღვევის ობიექტზე გადადის მზღვეველზე. ხელშეკრულების 8.15 პუნქტის მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალების 50%-ით დაზიანება ანიჭებს მზღვეველს უფლებას ცნოს სრულად ზარალის არსებობა.

4. სააპელაციო პალატამ უარყო მოპასუხის შედავება დაზღვევის ხელშეკრულების B1 დანართის 5.1.12. „ვ“ პუნქტით (მზღევევლი არ აანაზღაურებს ნებისმიერი სახის ზარალს ან დაზიანებას, რომელიც წარმოიშვა იმ შემთხვევაში, როცა დაზვეული განზრახ მოახდენს ინფორმაციის გაყალბებას, რაიმე სარგებლის მიღების მიზნით), 11.5 მუხლით (თუ დამზღვევმა ან/და დაზღვეულმა განზრახ გამოიწვია სადაზღვევო რისკის გაზრდა, მზღვეველს შეუძლია არ აანაზღაუროს ზიანი) და სსკ-ის 829-ე მუხლით (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) გათვალისწინებული პირობის დადგომის თაობაზე და მიიჩნია, რომ განხორციელებული არ იყო სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხველი საგამონაკლისო ნორმებით დადგენილი რომელიმე პირობა.

5. აპელანტი/მოპასუხე პრეტენზიას იმ გარემოებაზე ამყარებდა, რომ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განზრახ არასწორი/ყალბი ინფორმაცია მიეწოდა მზღვეველს. აპელანტი 112-ის ოპერატორის შეტყობინებაზე მიუთითებდა. შეტყობინების თანახმად ზარის ინიციატორი ბ.წ–ი იყო, რომელიც თავდაპირველად აცხადებდა, რომ მოუვიდა შეჯახება, თუმცა შემდგომ უარყოფდა და ამბობდა რომ გზიდან გადავარდა და მეორე მანქანა უბრალოდ მივიდა (იხ. ტ.1, გვ.100). ჩანაწერის - შეტყობინების ტექსტის შესწავლით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ის შედგენილია სხვადასხვა მონაცემთა ერთობლივად და მწყობრად წარმოდგენით. რიგ შემთხვევაში, წინადადება შედგენილია აზრის დაუსრულებლად. ამ კონტექსტში საუბრისას ყურადღება გამახვილდა შენიშვნის ნაწილზე „ტოიოტა ჰაილენდერი ...... ტოიოტა პრადო ........ ინიციატორი თავიდან აცხადებს რომ მოუვიდა შეჯახება, თუმცა შემდგომ უარყოფს და ამბობს რომ გზიდან გადავიდა და მეორე მანქანა უბრალოდ მოვიდა“. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თუკი, განცხადებლის სურვილი იყო განეცხადებინა ტოიოტა ჰაილენდერის ტიპის ავტომობილის ტოიოტა პრადოს მარკის ავტომობილთან შეჯახება, ტექსტში გამოყენებული უნდა ყოფილიყო „თან“ (მაგ. შეჯახება მოხდა „პრადოსთან“) ბოლოსართი. გარდა ამისა, ტექსტში ნახსენები სიტყვა „შეჯახება“ განცალკავებულად და დამოუკიდებელი სიტყვის მნიშვნელობით იყო ნახმარი, რაც პალატამ ვარაუდის საფუძვლად მიიჩნია, რომ შეჯახების ობიექტი შეიძლება ყოფილიყო გზის კიდეში არსებული ბარიერიც. სხვა შინაარსი ხსენებული შეტყობინების შესწავლიდან არ დგინდებოდა. ამასთან, შემთხვევას, მის მონაწილეებში შეეძლო გამოეწვია დაბნეულობა და იმწუთიერი სულიერი აღელვება, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა შემთხვევის სრულყოფილად აღქმაში, დამახსოვრებასა და გადმოცემაში. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წამს გაგრძელდა შეტყობინების გადაცემა, საუბრის ინიციატორის მხრიდან საუბრის დასრულებამდე ჩასწორდა შეტყობინების შინაარსი.

6. რაც შეეხება ავტომობილზე დაზიანებათა ლოკაციის შესახებ გაცხადებული ფაქტის ცვლილებას, აპელანტი განმარტავდა, რომ მარცხნიდან მარჯვნივ იქნა დაზიანება მიყენებული, თუმცა მოსარჩელე წინა ნაწილის დაზიანებაზე მიუთითებდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წინა ნაწილის მარჯვენა თუ მარცხენა ნაწილში მომხდარი დაზიანების აღწერის დროს მიმართულებები მხოლოდ ხსნის და აზუსტებს ძირითად ინფორმაციას, რომ დაზიანება მიყენებულია წინა მხრიდან. რაც შეეხება შესაძლო მარჯვენა და მარცხენა მხარის აღრევას, იგი შესაძლოა გამოწვეული იყოს ზემოხსენებული დროებითი აღღელვებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოწმის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ავტომობილის წინა ნაწილით (ცხვირით) მოხდა შევარდნა ზღუდესთან. პალატამ სრულიად შესაძლებლად მიაჩნია შემთხვევის დროს ავტომობილის დაზიანება, როგორც მარცხენა, ისევე მარჯვენა მხრიდან, რადგან შეჯახება მოხდა ავტომობილის წინა კორპუსით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ექსპერტმა შემთხვევის ადგილი მოინახულა, დაათვალიერა დაზღვეული დაზიანებული ავტომობილი და დაზიანების შესახებ ცნობები მიიღო ამგვარ მონაცემთა ერთობლიობით.

7. აპელანტი, თავის პოზიციას, რომ მძღოლის მიერ დარღვეულია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33.1 (მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება) და 33.2 (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს) მუხლებით დადგენილი წესები, ამყარებდა 24.09.2021წ. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას.

8. ზემომითითებული დასკვნის შემდგენელ ექსპერტს დაესვა ორი კითხვა: რა სიჩქარით უნდა ემოძრავა მძღოლს შემთხვევის დადგომა რომ თავიდან ყოფილიყო არიდებული და მძღოლის ქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის რომელი მოთხოვნა იქნა დარღვეული. დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია: „როგორც ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, 2021 წლის 14 მაისს, ბ.ქ–ი, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით „ტოიოტა ფორტუნერი“ სახელმწიფო ნომრით .......... მოძრაობდა ქ.თბილისიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... და სოფელ ........ დამაკავშირებელ გზაზე. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მსვლელობისას, მძღოლმა მოსახვევში ვერ შეძლო უსაფრთხოდ მოძრაობა და შეეჯახა გზის კიდესთან დამონტაჟებულ ლითონის პარაპეტს, რის შემდეგაც, გადავარდა გზის სავალი ნაწილის გვერდულზე არსებულ მიწაყრიზე და შეეჯახა ხეებს. როგორც შემთხვევის ადგილის ფოტოსურათებიდან, საქმის მასალებიდან და შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდან ირკვევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მომხდარია ასფალტირებულ საავტომობილო გზაზე. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან ასევე ცნობილია, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი, თავისი მოძრაობის ტრაექტორიიდან გამომდინარე, გადასულია საავტომობილო გზიდან და თავისი წინა ნაწილით კონტაქტშია მოსული მარჯვენა გვერდულზე არსებულ ლითონის პარაპეტთან და შემდგომში ხეებთან. საექსპერტო პრაქტიკიდან გამომდინარე ავტომობილის მართვადობის დაკარგვა-მოცურება, თუ მოძრაობაში რაიმე ხელის შემშლელი პირობა არ არსებობს, ყოველთვის დაკავშირებულია ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბებასთან, შესაბამისად განვიხილოთ მოცემული შემთხვევის განვითარების მექანიზმი და განვსაზღვროთ ტექნიკური თვალსაზრისით, რა მაქსიმალური სიჩქარე შეიძლებოდა ჰქონოდა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილს, რომ უსაფრთხოდ გაევლო საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის ადგილამდე არსებული მარცხენა მოსახვევი“ (მათემატიკური ფორმულის გამოყენებით) ,,, „მივიღეთ, რომ მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე არსებული მარცხენა მოსახვევის უსაფრთხოდ გავლა, ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელი იყო არაუმეტეს 57 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის პირობებში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ფაქტობრივად მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმს ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილს, გააჩნდა შედარებით მაღალი მოძრაობის სიჩქარე, ვიდრე ეს ანგარიშით არის მიღებული, ფაქტიური სიჩქარე აღემატებოდა მოცემული რადიუსის მოსახვევის უსაფრთხო გავლისათვის საჭირო (57 კმ/სთ) სიჩქარეს, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი კი ცხადია გახდა უმართავი გადავიდა საავტომობილო გზიდან, შეეჯახა სხვადასხვა წინააღმდეგობებს და საბოლოოდ აღმოჩნდა იმ კოორდინატებში, როგორც ეს სქემაზეა მოცემული“ (ტ.1, გვ.112).

9. ზემომითითებული საექსპერტო დასკვნის შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ექსპერტმა, შემთხვევის ადგილზე უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო სიჩქარედ მიიჩნია 57კ./სთ. და რომ მძღოლის მხრიდან დარღვეულია საგზო მოძრაობის წესები, თუმცა, ექსპერტს არ დაუდგენია რა დასაშვები სიჩქარით უშვებს კანონმდებელი ხსენებულ ადგილზე ტრანსპორტით გადაადგილებას.

10. საქმეში განთავსებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ–ის“ 07.11.2022წ. დასკვნის შინაარსით კი ირკვეოდა, რომ შემთხვევის მონაკვეთის აღწერისას ექსპერტი მიუთითებდა, რომ მოძრაობის ორგანიზაცია უსაფრთხოების კუთხით მოუწყობელია (იხ. ტ.1, გვ. 166). დასკვნაზე თანდართული ფოტომასალიდან ჩანდა, რომ ამ გზაზე არც სიჩქარის შემზღუდველი ნიშანი, არც მარეგულირებელი, არც გზის სახიფათო მონაკვეთის მანიშნებელი საგზაო მონიშვნა ან თუნდაც ნიშანი არაა განთავსებული. ფოტომასალის კვლევიდან გამომიდინარე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შემთხვევის ადგილი დაუსახლებელი პუნქტია (იხ. ტ.1, გვ. 169-171). „საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33.7 მუხლის „ბ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად (გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით) კი, მსგავს ადგილებში დასაშვებია 90 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება.

11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამართალდამრღვევი მძღოლის მიერ გზის რელიეფის შესაბამისი სიჩქარის შეურჩევლობა, მაგრამ მაქსიმალური დასაშვები სიჩქარის ზღვარს ქვემოთ ან მისი ტოლფას ნიშნულამდე მოძრაობის შემთხვევაში, დამდგარი ზიანი ვერ შეფასდება ისეთი მკაცრი ტესტით, რასაც „უხეში გაუფრთხილებლობით“ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა ეწოდება და ექცევა სსკ-ის 829-ე მუხლის რეგულირების სფეროში.

12. მაშასადამე, არ დადასტურდა სიჩქარის გადამეტება, რაიმე ამკრძალავი ან გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნის უგულვებელყოფა, მეტიც. პირველი ექსპერტიზის დასკვნით დგინდებოდა, რომ შემთხვევის ადგილის ლოკაციის მიხედვით 57 კმ/სთ-თი მოძრაობის შემთხვევაში შედეგი არ დადგებოდა, მეორე დასკვნის მიხედვით დასაშვები სიჩქარე 90კმ/სთ-ა და მასზე გადამეტება საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდებოდა.

13. აპელანტის შედავება, რომ სინამდვილეში მზღვეველს შეეძლო ზიანის ოდენობა აენაზღაურებინა და არა მთლიანი ავტომობილის საფასური, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ხელშეკრულების 8.15 მუხლზე მითითებით, რომლის თანახმად, სავტოსატრანსპორტო საშუალების 50%-ით დაზიანება ანიჭებს მზღვეველს უფლებას ცნოს სრულად ზარალის არსებობა.

14. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენდა დაზიანებული ავტომობილის ღირებულების 50%-ზე მეტით შემცირების შესახებ ფაქტი.

15. 14.05.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ავტომობილის ღირებულება შეადგენდა 92 627 ლარს.

16. 21.12.2023წ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაზღვეული ავტომობილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 59 000 ლარს (ტ.1, გვ. 302).

17. თავად აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად ავტომობილის ღირებულება დაზიანებამდე შეადგენდა 27 000 აშშ დოლარს, ხოლო დაზიანების შემდგომ 13 000 აშშ დოლარს.

18. მაშასადამე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომობილის 50%-ზე მეტი.

19. იმგვარი დაზიანების შემთხვევაში, რა დროსაც, ორი წლის ავტომობილის ღირებულება მცირდება 50%-ით, მისი სრული ღირებულების ანაზღაურება არის მზღვეველის ვალდებულება და არა უფლება. მით უფრო, როდესაც აღდგენის მიზანშეუწონლობას ადასტურებს საექსპერტო დასკვნა.

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ/აპელანტმა საკასაციო საჩივარი შეიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

21. საკასაციო საჩივარი ემყარება სსსკ-ის მე-4 და 105-ე მუხლებისა და სსკ-ის 799-ე, 826-ე და 829-ე მუხლების დარღვევას.

22. კასატორი აღნიშნავს, რომ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განზრახ არასწორი/ყალბი ინფორმაცია მიეწოდა მზღვეველს, და ამ გარემოების უარყოფის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები დაუსაბუთებელია.

23. კასტორი მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში გამოიკვეთა მძღოლის უხეში-გაუფრთხილებლობა, რაც სააპელაციო სასამართლომ უგულვებელყო და მძღოლის ბრალეულობა მარტივ გაუფრთხილებლობად შეაფასა. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიას დაეკისრა ზიანის ანაზღაურება. კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება უნდა შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად, რაც გამორიცხავს სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებას აანაზღაუროს ზიანი.

24. კასატორი მიუთითებს ხელშეკრულების 8.15 მუხლზე, რომლის თანახმად, სავტოსატრანსპორტო საშუალების 50%-ით დაზიანება ანიჭებს მზღვეველს უფლებას ცნოს სრულად ზარალის არსებობა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ იმგვარი დაზიანების შემთხვევაში, რა დროსაც ორი წლის ავტომობილის ღირებულება მცირდება 50%-ით, მისი სრული ღირებულების ანაზღაურება არის მზღვეველის ვალდებულება და არა უფლება. კასატორი აღნიშნავს, რომ თუკი მოპასუხეს დააკისრებდა მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ოდენობის დასადგენად უნდა ეხელმძღვანელა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც მიყენებული ზიანის ოდენობა დაეკისრებოდა 14 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დაზიანებული ავტომობილი დარჩებოდა მოსარჩელეს საკუთრებაში (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

27. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

28. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. შესაბამისად, ამ განჩინების პპ:2-ში მითითებულ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი სააპელაციო საჩივრის იდენტურია, რასაც ამომწურავად გაეცა პასუხი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით.

29. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 823-ე (სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი) მუხლებიდან გამომდინარეობს.

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.

31. დაზღვევა, არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

32. დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით და არ არსებობს შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.

33. აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია, რომ გამოირიცხოს სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა, მაქსიმალურად შეიზღუდოს არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს საკუთრივ დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.

34. განსახილველ შემთხვევაში, სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში დაუპირისპირა დაზღვევის ხელშეკრულების B1 დანართის 5.1.12. „ვ“ პუნქტით (მზღევევლი არ აანაზღაურებს ნებისმიერი სახის ზარალს ან დაზიანებას, რომელიც წარმოიშვა იმ შემთხვევაში, როცა დაზვეული განზრახ მოახდენს ინფორმაციის გაყალბებას, რაიმე სარგებლის მიღების მიზნით), 11.5 მუხლით (თუ დამზღვევმა ან/და დაზღვეულმა განზრახ გამოიწვია სადაზღვევო რისკის გაზრდა, მზღვეველს შეუძლია არ აანაზღაუროს ზიანი) და სსკ-ის 829-ე მუხლით (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) გათვალისწინებული პირობის დადგომა. მოპასუხემ მიუთითა მისი დაკვეთით შესრულებულ საექსპერტო კვლევაზე - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 24 სექტემბრის დასკვნაზე, რომლის მიხედვით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე არსებული მარცხენა მოსახვევის უსაფრთხოდ გავლა, ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელი იყო არაუმეტეს 57კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის პირობებში. საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე Toyota Fortuner-ის სახ. N.......ის მძღოლის, მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის, პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა (იხ., შესაგებელი - ტ.1. ს.ფ. 65, 111).

35. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი დავის ფარგლებში კვლევის საგანია: პირველი, სადავო ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია თუ არა ავტომობილის მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილმა ქმედებამ, კერძოდ, მის მიერ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობამ და მეორეც, ჰქონდა თუ არა ადგილი სადაზღვევო კომპანიისთვის წინასწარი შეცნობით არაზუსტი ან ყალბი ინფორმაციის მიწოდებას (იხ., ამ განჩინების პ.5).

36. ზემომითითებული საკვანძო საკითხები სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და სამართლებრივად სწორადაა შეფასებული, სააპელაციო პალატის მსჯელობა დასაბუთებულია, რაც კასატორმა წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიით ვერ შეარყია და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

37. საყურადღებოა, როგორც სსკ-ის 829-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი: მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ასევე, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის განხილვისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის “Causa proxima“ -ს არსებობა, მზღვეველმა კი ის გარემოება, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი ხელშეკრულების გამონაკლისს წარმოადგენს, რის გამოც, სადაზღვევო დაფარვა მასზე ვერ გავრცელდება (გაგუა ილონა, „ბიზნეს დავები და სასამართლო პრაქტიკა“, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა, თბილისი, 2017, 88, 89).

38. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 24 სექტემბრის დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტს ორი კითხვა დაესვა: რა სიჩქარით უნდა ემოძრავა მძღოლს შემთხვევის დადგომა რომ თავიდან ყოფილიყო არიდებული და მძღოლის ქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის რომელი მოთხოვნა იქნა დარღვეული. დასკვნის მიხედვით, „..საქმის მასალებიდან და შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდან ირკვევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მომხდარია ასფალტირებულ საავტომობილო გზაზე. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან ასევე ცნობილია, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი, თავისი მოძრაობის ტრაექტორიიდან გამომდინარე, გადასულია საავტომობილო გზიდან და თავისი წინა ნაწილით კონტაქტშია მოსული მარჯვენა გვერდულზე არსებულ ლითონის პარაპეტთან და შემდგომში ხეებთან. საექსპერტო პრაქტიკიდან გამომდინარე ავტომობილის მართვადობის დაკარგვა-მოცურება, თუ მოძრაობაში რაიმე ხელის შემშლელი პირობა არ არსებობს, ყოველთვის დაკავშირებულია ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბებასთან, შესაბამისად განვიხილოთ მოცემული შემთხვევის განვითარების მექანიზმი და განვსაზღვროთ ტექნიკური თვალსაზრისით, რა მაქსიმალური სიჩქარე შეიძლებოდა ჰქონოდა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილს, რომ უსაფრთხოდ გაევლო საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის ადგილამდე არსებული მარცხენა მოსახვევი: მათემატიკური ფორმულის... გამოყენებით, მივიღეთ, რომ კონკრეტულ პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე არსებული მარცხენა მოსახვევის უსაფრთხოდ გავლა, ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელი იყო არაუმეტეს 57 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის პირობებში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ფაქტობრივად მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმს ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილს, გააჩნდა შედარებით მაღალი მოძრაობის სიჩქარე, ვიდრე ეს ანგარიშით არის მიღებული, ფაქტიური სიჩქარე აღემატებოდა მოცემული რადიუსის მოსახვევის უსაფრთხო გავლისათვის საჭირო (57 კმ/სთ) სიჩქარეს, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი კი ცხადია გახდა უმართავი გადავიდა საავტომობილო გზიდან, შეეჯახა სხვადასხვა წინააღმდეგობებს და საბოლოოდ აღმოჩნდა იმ კოორდინატებში, როგორც ეს სქემაზეა მოცემული“ (ტ.1, გვ.111, 112).

39. ზემომითითებული დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტმა, შემთხვევის ადგილზე უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო სიჩქარედ 57კ./სთ მიიჩნია. ამასთან, ექსპერტმა მძღოლის მხრიდან, დარღვეულად ჩათვალა საგზო მოძრაობის წესები (ტ.1, გვ.111).

40. საკასაციო პალატის შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ზემომითითებულ დასკვნაში, ექსპერტს არ დაუდგენია რა დასაშვები სიჩქარით უშვებს კანონმდებელი ხსენებულ ადგილზე ტრანსპორტით გადაადგილებას.

41. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ–ის“ 07.11.2022წ. დასკვნა, რომელშიც შემთხვევის მონაკვეთის აღწერისას ექსპერტი მიუთითებს რომ „აღნიშნული სამოძრაო გზა მოძრაობის ორგანიზაციის და უსაფრთხოების მოთხოვნების მიხედვით მოუწესრიგებელია“.. (იხ. ტ.1, გვ. 166). დასკვნაზე თანდართული ფოტომასალიდან ჩანს, რომ არც სიჩქარის შემზღუდველი ნიშანი, არც მარეგულირებელი, არც გზის სახიფათო მონაკვეთის მანიშნებელი საგზაო მონიშვნა ან თუნდაც ნიშანი არაა განთავსებული (იხ. ტ.1, გვ. 169-171).

42. დადგენილ ფაქტობრივ მოცემულობაში, იკვეთება, რომ შემთხვევის ადგილი დაუსახლებელი პუნქტია.

43. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.7 „ბ.ა.“ მუხლის თანახმად კი, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.

44. მაშასადამე, განსახილველ საქმეში არ დადასტურდა სიჩქარის გადამეტება; რაიმე ამკრძალავი ან გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნის უგულვებელყოფა.

45. მეტიც, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ადგენდა რომ შემთხვევის ადგილის ლოკაციის მიხედვით 57 კმ/სთ მოძრაობის შემთხვევაში შედეგი არ დადგებოდა; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ დასაშვები სიჩქარე 90კმ/სთ-ია და მასზე გადამეტება საქმის მასალების მიხედვით არ დგინდება.

46. ამ განჩინების პპ:21,23-ში მითითებულ პრეტენზიებთან მიმართებით, ნიშანდობლივია სსკ-ის 829-ე მუხლის სამართლებრივი ანალიზი და მისი საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მისადაგება. ამასთანავე მხედველობაშია მისაღები, რომ შესაძლებელია, რომ თავად ხელშეკრულება შეიცავდეს საგამონაკლისო დათქმებს, ასეთ დროს, ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

47. ცხადია, საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (შდრ.: სუსგ №ას-1525-2024, 14 თებერვალი, 2025წ. პ.31.

48. სსკ-ის 829-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტებისა და ,„უხეში გაუფრთხილებლობის“ დეფინიციის განსაზღვრის მიზნით, საკასაციო პალატა მოიხმობს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში არსებულ განმარტებებს:

49. „გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ არის აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევა, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, დაუდევრად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის დაუთმობლობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელი მესამე პირისათვის და ა.შ (იხ., სუსგ Nას-1306-1226-2015,1 ივლისი, 2016წ., პ.28).

50. დამრღვევის მხრიდან აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევის წარმოსაჩენად, საკასაციო პალატა მოიხმობს საქმეს, რომელშიც დადგენილია: მძღოლი სატრანსპორტო საშუალებით უკნიდან შეეჯახა ავტობუსს, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა და რომელიც გაჩერებული იყო მონიშნულ ადგილას. ეს ფაქტი, სასამართლოს შეფასებით, იმაზე მიუთითებდა, რომ მძღოლს არ ჰქონდა დაცული საკმარისი დისტანცია, ასევე, სათანადო ყურადღებითა და სიფრთხილით არ ადევნებდა თვალყურს მგზავრების გადამყვან ავტობუსს ანუ, ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ., სუსგ №ას-943-901-2013, 17 თებერვალი, 2014წ.).

51. სხვა საქმეზე დადგენილი იქნა, რომ იმგვარი ფაქტობრივი გარემობა, რომელიც შეფასდა „უხეშ გაუფრთხილებლობად“, კერძოდ: „დაზღვეული ავტომანქანის მძღოლმა დაიწყო მის წინ თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომობილისათვის („Man“-ს) გასწრება. გასწრების მიზნით, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში ისე, რომ ვერ ხედავდა, მოდიოდა თუ არა ავტომობილი საპირისპირო ზოლიდან, სადაც შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს („Volkswagen“-ს და „Opel“-ს). საგულისხმოა, რომ ხსენებულ მონაკვეთში საავტომობილო გზა დაყოფილია ორ სამოძრაო ზოლად და ზოლებს შორის გავლებულია შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზი. შეჯახების შემდეგ, დაზღვეული ავტომობილი მართვადაკარგული შეეჯახა თანმხვედრ მოძრავ სატვირთო ავტომობილს, მარცხენა გვერდითა ნაწილში“. მოხმობილ საქმეში მოსარჩელე/კასატორი სადავოდ ხდიდა მისი მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევის უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასებას იმ საფუძვლით, რომ, მართალია, მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, თუმცა გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა და ფხიზელი იყო, რის გამოც, მისი ქმედება მარტივ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასებულიყო, რაც უარყო საკასაციო პალატამ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მძღოლმა გადაკვეთა ღერძულა ხაზი, მით უფრო ისეთ მონაკვეთში, სადაც, მძღოლისვე განმარტებით, გზა უხვევდა მარცხნივ და საპირისპირო სამოძრაო ზოლში ვერ ხედავდა, მოდიოდა თუ არა ავტომობილი, რაც წინდახედულობის ნორმის მარტივ დარღვევად ვერ შეფასდებოდა (იხ., სუსგ №ას-1525-2024, 14 თებერვალი, 2025წ., პპ.48, 49).

52. განსახილველ სადავო შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამართალდამრღვევი მძღოლის მიერ გზის რელიეფის შესაბამისი სიჩქარის შეურჩევლობა, მაგრამ მაქსიმალური დასაშვები სიჩქარის ზღვარს ქვემოთ მოძრაობა და ასეთ დროს დამდგარი ზიანი ვერ შეფასდება ისეთი მკაცრი ტესტით, რასაც „უხეში გაუფრთხილებლობით“ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა ეწოდება სსკ-ის 829-ე მუხლის ნორმატიული მნიშვნელობით.

53. ამდენად, მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის ჩადენა (რაც მოცემულ შემთხვევაში, მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმას დაედო საფუძვლად), მზღვეველის/მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რომლის დადასტურება, ამ უკანასკნელმა, ვერ შეძლო.

54. რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი ავტომობილის მძღოლის მიერ სადაზღვევო კომპანიისათვის წინასწარი შეცნობით არაზუსტი ან ყალბი ინფორმაციის მიწოდებას, მოცემული კუთხითაც გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება გასაზიარებელია, რომლის საპირისპიროდ, დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის.

55. ამ განჩინების პ.24-ში მითითებულ საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებითაც გასაზიარებლია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომელიც ასახულია ამავე განჩინების პპ: 13-19-ში, რომლის წინააღმდეგ კასატორმა დასაბუთებული საკასაციო შედავება ვერ წარმოადგინა.

56. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

58. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (ს.კ:...........) დაუბრუნდეს 1.29.2025წ. №6670884 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2784 ლარის 70% – 1,948.8 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე