საქმე №ა-3952-შ-102-2024
14 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს გ.ი.გ.ტ.ბ.თ.მ.ფ.მ.ვ.ფ.მ.ჰ.ს.თ.“ (G. İ. G. T. B.T.M.P. M. V. P.M. H. S. v. T. L. Ş.)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ნ.მ.კ–ია“
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის №26953/HBH გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის №26953/HBH გადაწყვეტილებით შპს „ა.ნ.მ.კ–იას“ (შემდგომში - „საარბიტრაჟო მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) შპს გ.ი.გ.ტ.ბ.თ.მ.ფ.მ.ვ;ფ;მ;ჰ.ს.თ.“-ის (G. İ. G. T. B.T.M.P. M. V. P.M. H. S. v. T. L. Ş.) (შემდგომში - „საარბიტრაჟო მოსარჩელე“, „შუამდგომლობის ავტორი“, „განმცხადებელი“) სასარგებლოდ დაეკისრა:
1. 171 133. 69 ევროს გადახდა და დამატებით მასზე დარიცხული პროცენტი, რომელიც განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მიერ ძირითადი რეფინანსირების ოპერაციებისთვის განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთს დამატებული 3% და დაირიცხება ყოველთვიურად 2021 წლის 1 მარტიდან სრულ ანგარიშსწორებამდე;
2. 328 352.28 ევროს გადახდა;
შპს „ა.ნ.მ.კ–იას“ დაეკისრა ვალდებულება:
3. შპს „ა.ნ.მ.კ–იის“ მიერ წინამდებარე საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან შვიდი დღის განმავლობაში“ დააბრუნოს 2021 წლის 26 თებერვალს შპს გ.ი.გ.ტ.ბ.თ.მ.ფ.მ.ფ.მ.ჰ.ს.თ.“-ის (G. İ. G. T. B.T.M.P. M. V. P.M. H. S. v. T. L. Ş.) მიერ „Garanti Bankasi A.S.”-ის მეშვეობით გაცემული საბანკო გარანტია (თანხების დაკავების გარანტია №1516055201692)) შპს გ.ი.გ.ტ.ბ.თ.მ.ფ.მ.ვ.ფ.მ.ჰ.ს.თ.“-ის მიმართ;
4. შპს გ.ი.გ.ტ.ბ.თ.მ.ფ.მ.ვ.ფ.მ.ჰ.ს.თ.“-ს (G. İ. G. T. B.T.M.P. M. V. P.M. H. S. v. T. L. Ş.) აუნაზღაუროს 32 950 აშშ დოლარი და 3 705 თურქული ლირა საარბიტრაჟო წარმოების ფარგლებში გაწეული თავისი გონივრული სამართლებრივი ხარჯების დასაფარად;
5. შპს გ.ი.გ.ტ.ბ.თ.მ.ფ.მ.ვ;ფ;მ;ჰ.ს.თ.“-ს (G. İ. G. T. B.T.M.P. M. V. P.M. H. S. v. T. L. Ş.) აუნაზღაუროს 21 667. 00 აშშ დოლარი საარბიტრაჟო წარმოების ფარგლებში გაწეული საარბიტრაჟო ხარჯების თავისი წილის დაფარვის მიზნით;
6. ტრიბუნალი უარყოფს მხარეების მიერ წინამდებარე საარბიტრაჟო წარმოებაში წარმოდგენილ ნებისმიერ და ყველა სხვა შემდგომ მოთხოვნას.
2. 2024 წლის 22 ივლისს შპს გ.ი.გ.ტ.ბ.თ.მ.ფ.მ.ვ.ფ.მ.ჰ.ს.თ.“-ის (G. İ. G. T. B.T.M.P. M. V. P.M. H. S. v. T. L. Ş.) წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის №26953/HBH გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.
3. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის №26953/HBH გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე ესწრებოდა საარბიტრაჟო პროცესს და ჰყავდა წარმომადგენელი.
4. შუამდგომლობაზე დართული ფედერალური უზენაესი სასამართლოს (ჟენევა, შვეიცარია) 2024 წლის 24 ივნისის ცნობით დასტურდება, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის №26953/HBH საბოლოო გადაწყვეტილებაზე არანაირი საჩივარი რეგისტრირებული არ არის.
5. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის №26953/HBH გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმის საარბიტრაჟო წესით განხილვის შესახებ (იხ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების 13-18 პუნქტები).
6. ზემოაღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან ასევე ირკვევა, რომ მხარეთა შორის გაფორმებულია 2019 წლის 11 აპრილის №AJSW/36538/1 ხელშეკრულება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სახელშეკრულებო შეთანხმებას, ხელშეკრულების ზოგად პირობებს ("GCC"), ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობებს ("PCC"), სატენდერო დოკუმენტაციის დანართს I 1X და „ა.ნ.მ.კ–იის“ 2019 წლის 2 მარტით დათარიღებულ თანხმობის წერილს. სწორედ ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები მოიცავს საარბიტრაჟო შეთანხმებას.
7. საცნობი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მე-18 პუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო მოსარჩელე და მოპასუხე წარმოადგენენ საარბიტრაჟო შეთანხმების ხელმომწერ მხარეებს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, შპს გ.ი.გ.ტ.ბ.თ.მ.ფ.მ.ვ.ფ.მ.ჰ.ს.თ.“-ს (G. İ. G. T. B.T.M.P. M. V. P.M. H. S. v. Ti. L. Ş.) დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მხარეთა შორის გაფორმებული საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად.
9. ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2024 წლი 8 აგვისტოს.
10. 2024 წლის 15 აგვისტოს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) მხარემ წარმოადგინა 2019 წლის 11 აპრილის №AJSW/36538/1 სახელშეკრულებო შეთანხმება, რომელიც, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებაში იყო მითითებული, მოიცავს ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობებს (PCC), ხოლო ამ უკანასკნელში თავის მხრივ გათვალისწინებულია საარბიტრაჟო შეთანხმება (PCC 20.6 ქვეპუნქტი)(იხ. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის №26953/HBH გადაწყვეტილების 10-14 პუნქტები). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შედგენილია FIDIC-ის ე.წ „ყვითელი წიგნის“ 1999 წლის რედაქციის მიხედვით, რომელშიც მოცემულია საარბიტრაჟო შეთანხმება. მხარის განმარტებით, საარბიტრაჟო შეთანხმება გათვალისწინებულია FIDIC-ის ე.წ „ყვითელი წიგნის“ 1999 წლის რედაქციის ზოგად პირობებში და დაკონკრეტებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობებით.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
12. 2025 წლის 7 მაისს შუამდგომლობის ავტორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. განცხადებაში მითითებულია, რომ მხარეები მორიგდნენ და შუამდგომლობის ავტორი უარს აცხადებს წარმოდგენილ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი განცხადების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის №26953/HBH გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
15. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.
16. ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლო, უცხო ქვეყნის სასამართლოსა თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლების, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებს შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმის საკითხის პროცესუალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას, შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ განცხადება, ანალოგიის წესის გამოყენებით, განხილული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დაცვით.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
20. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი განცხადებაში მიუთითებს, რომ მხარეები მორიგდნენ და განმცხადებელი უარს ამბობს შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით. განცხადებაშივე აღნიშნულია, რომ მხარე აცნობიერებს შუამდგომლობაზე უარის თქმის შედეგებს, შუამდგომლობის ავტორის მიერ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის და 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
22. ვინაიდან, შუამდგომლობის ავტორმა საქმის არსებითად განხილვამდე უარი თქვა მოთხოვნაზე, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-7, 49-ე, 272-ე, 273-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შეწყდეს საქმის წარმოება შპს გ.ი.გ.ტ.ბ.თ.მ.ფ.მ.ვ.ფ.მ.ჰ.ს.თ.“-ის (G. İ. G. T. B.T.M.P. M. V. P.M. H. S. v. T. L. Ş.) შუამდგომლობაზე საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის №26953/HBH გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ; შპს გ.ი.გ.ტ.ბ.თ.მ.ფ.მ.ვ.ფ.მ.ჰ.ს.თ.“-ის (G. İ. G. T. B.T.M.P. M. V. P.M. H. S. v. T. L. Ş.) დაუბრუნდეს შპს მ.ჯ.ლ–ს (ს/ნ .......) მიერ 2024 წლის 16 ივლისს N1721116902 საგადასახადო დავალებით გადახდილი ბაჟი 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150; განემარტოს მხარეს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე