საქმე №ას-165-2025
7 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „n-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „n-მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; …..... მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისთვის საჯარო გზასთან აუცილებელი სატრანსპორტო და საფეხმავლო კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეს მიეცა უფლება, გამოიყენოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ........ მიწის ნაკვეთი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5007442221 დასკვნის N1 დანართზე მწვანე ისრებით ნაჩვენები მარშრუტის შესაბამისად.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელე საწარმოს საკუთრებაში აქვს დაზუსტებული 790მ2 მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ........., რომელიც სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ დაზუსტებულ 734მ2 ....... არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ემიჯნება;
6.2. მხარეების საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მდებარეობს ქ. თბილისში, ........;
6.3. მოსარჩელე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს;
6.4. განსახილველი სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელემ მოპასუხე მხარეს სადავო მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვა სთხოვა, მაგრამ განცხადების დაკმაყოფილება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად;
6.5. ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვაზე: „გთხოვთ მომცეთ დასკვნა, რომ შპს „n-ი“-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ........) მისასვლელი გზის მოწყობა შესაძლებელია სახელმწიფოს კუთვნილი (ს/კ ........) გარკვეულ ნაწილზე თუ არსებობს ალტერნატიული ვარიანტი, გთხოვთ, მიგვითითოთ“ წარმოდგენილი დასკვნით, „ექსპერტმა ადგილზე ვიზუალური დათვალიერების, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებისა და ადგილზე არსებული ნაგებობების ურთიერთშედარების შედეგად, დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ......... მდებარე ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა (ოპტიმალური და უმოკლესი კავშირი საჯარო გზასთან) შესაძლებელია მოეწყოს ........ ქუჩიდან ........ ნაკვეთის გავლით (იხ. დანართი №1 და №2-ზე მწვანე ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულება). დანართი №1 და №2-ზე მოცემული ვარიანტებით გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებულ იქნება ადგილზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის, მოხვევის რადიუს(ებ)ის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას). აღნიშნული სამუშაოების დასაზუსტებლად საჭიროა შედგენილ იქნას გზის მოწყობის პროექტი და მიღებულ იქნას ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურების მხრიდან“;
6.6. ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევის ნაწილით დგინდება, მიწის ნაკვეთს არ გააჩნია საავტომობილო და საფეხმავლო კავშირი საჯარო გზასთან ისე, რომ ამ გზამ არ გაიაროს რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე; საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებისა და ადგილზე არსებული ნაგებობების განლაგების ურთიერთშედარების შედეგად ექსპერტი მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე საწარმოს საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა - ოპტიმალური და უმოკლესი კავშირი საჯარო გზასთან - შესაძლებელია მოეწყოს ექსპერტიზის დანართზე მწვანე ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულებით, რადგან სხვა რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებული ნაგებობების, რკინაბეტონის ღობის, მაღალი ძაბვის საყრდენი ბოძის, ხე-მცენარეებისა და რელიეფის გათვალისწინებით სხვა ალტერნატიული გზა დღეისთვის არ არსებობს და შესაბამისად, შეუძლებელია ალტერნატიული გზის მოწყობა, თუ არ მოხდება ადგილზე არსებული ნაგებობებისა და შენობების დემონტაჟი, ასევე, ხე-მცენარეების მოჭრა;
6.7. მოსარჩელე საწარმოს კუთვნილ მიწის ნაკვეთს არა აქვს დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან; მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი ფაქტობრივი გზა დღეის მდგომარეობით მხოლოდ სადავო მარშრუტია.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენისთვის აუცილებელია, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დაკავშირების ერთადერთ და ყველაზე ოპტიმალურ საშუალებას. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, მან კი წინამდებარე საქმეზე, წარადგინა საექსპერტო დასკვნა, საიდანაც დგინდება, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის ამოქმედებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი საკვანძო წინაპირობა, კერძოდ, მოსარჩელე საწარმოს საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა - ოპტიმალური და უმოკლესი კავშირი საჯარო გზასთან - შესაძლებელია მოეწყოს მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენებით, რადგან სხვა რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებული ნაგებობების, რკინაბეტონის ღობის, მაღალი ძაბვის საყრდენი ბოძის, ხე-მცენარეებისა და რელიეფის გათვალისწინებით სხვა ალტერნატიული გზა დღეისთვის არ არსებობს და შესაბამისად, შეუძლებელია ალტერნატიული გზის მოწყობა, თუ არ მოხდება ადგილზე არსებული ნაგებობებისა და შენობების დემონტაჟი, ასევე ხე-მცენარეების მოჭრა.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნა მოპასუხის მხრიდან კვალიფიციურად შედავებული არ ყოფილა და არც მისი საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება/დასკვნა ყოფილა წარდგენილი. აღნიშნულმა დასკვნამ პასუხი გასცა სწორედ იმ საკვანძო შეკითხვაზე, არსებობდა თუ არა აუცილებელი გზის დადგენის საჭიროება და, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების წინაპირობა. აპელანტის მითითება, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა არასათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით, არ შეიძლება შეფასდეს მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ვერ დაძლევად, რადგან სწორედ მოსარჩელემ წარადგინა საექსპერტო დასკვნა, რომელიც მიუთითებს კონკრეტულ ტრაექტორიაზე, თუ როგორაა შესაძლებელი მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაკავშირება საჯარო გზასთან და რომ ეს ვარიანტი არის ერთადერთი. ხოლო საპირისპიროდ მოპასუხეს გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, მტკიცებულება არ წარუდგენია.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წინამდებარე საქმეში სპეციალური ცოდნის მქონე პირმა დაადგინა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან არ გააჩნია და ასეთი გზის მოწყობის ერთადერთ საშუალებას ამჟამად წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. ექსპერტს არ აღუნიშნავს სხვა ალტერნატივები, მიუხედავად იმისა, რომ კითხვა დასმული იყო, კერძოდ, არსებობდა თუ არა მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენების გარეშე, აუცილებელი გზის მოწყობის სხვა ალტერნატივაც.
10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვა ერთადერთი ოპტიმალური და გარდაუვალი აუცილებლობაა, მისთვის აუცილებელი გზის მოსაწყობად.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომლის საფუძველზე დაძლევდა მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს. წინამდებარე დავის ფარგლებში არსებული სახელმწიფო საკუთრების მიმდებარედ განთავსებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი ......, რომელიც წარმოადგენს გზას, აღნიშნული გზის გაგრძელებაა მომიჯნავედ არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ფიცრული ნაგებობა და ღობე, რომელთა დემონტაჟის შედეგად შესაძლოა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის ოპტიმალური კონფიგურაციით მოწყობა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასების საგანს სამეზობლო სამართლიდან გამომდინარე მოთხოვნის - აუცილებელი გზის უფლების დადგენის წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.
19. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო სამართალურთიერთობა სანივთო სამართლიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე მოითხოვს აუცილებელი გზის უფლების დადგენას, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით.
21. საკუთრების უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი შემთხვევა რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. შესაბამისად, 180-ე მუხლი წარმოადგენს საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს და გამართლებულია სხვა მესაკუთრის აუცილებელი საჭიროებით (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება). ამასთანავე, უფლებათა კონკურენციის საკითხი კანონმდებლობით მოწესრიგებულია იმგვარად, რომ მესაკუთრეს, რომლის ნივთთან კავშირიც სხვა მესაკუთრის ინტერესებიდან გამომდინარე ეზღუდება, მიეცემა კომპენსაცია, რაც უფლებაში ჩარევის ადეკვატური საშუალება უნდა იყოს.
22. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.
23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის გამოყენებისათვის საჭიროა ობიექტური გარემოებების არსებობა, რაც წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. ეს კი ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გულისხმობს, ანუ - თუ არსებობს ობიექტური გარემოება, როგორიცაა - სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება. ამასთან, ვინაიდან აუცილებელი გზის დადგენა მეზობელი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მნიშვნელოვან ჩარევას იწვევს, აუცილებელი კავშირი მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს (იხ. სუსგ საქმე Nას-1901-2018, 22 ნოემბერი, 2019 წელი).
24. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი.
25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი არ არის ერთადერთი საშუალება მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთისათვის აუცილებელი გზის მოსაწყობად.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის - მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენება მოსარჩელის ქონებით სარგებლობის ერთადერთ და საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს თუ არა, მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნაკვეთს არ გააჩნია საავტომობილო და საფეხმავლო კავშირი საჯარო გზასთან ისე, რომ ამ გზამ არ გაიაროს რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე; საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებისა და ადგილზე არსებული ნაგებობების განლაგების ურთიერთშედარების შედეგად ექსპერტი მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე საწარმოს საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა - ოპტიმალური და უმოკლესი კავშირი საჯარო გზასთან - შესაძლებელია მოეწყოს ექსპერტიზის დანართზე მწვანე ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულებით, რადგან სხვა რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებული ნაგებობების, რკინაბეტონის ღობის, მაღალი ძაბვის საყრდენი ბოძის, ხე-მცენარეებისა და რელიეფის გათვალისწინებით სხვა ალტერნატიული გზა დღეისთვის არ არსებობს და შესაბამისად, შეუძლებელია ალტერნატიული გზის მოწყობა, თუ არ მოხდება ადგილზე არსებული ნაგებობებისა და შენობების დემონტაჟი, ასევე ხე-მცენარეების მოჭრა. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია ქვედა ინსტანციის სასამართლომ აუცილებელი გზის მოწყობის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენება. ამ ფაქტის გაქარწყლების თვალსაზრისით მოპასუხე მხარეს რაიმე მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარუდგენია, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელის უფლების რეალიზაციის საუკეთესო საშუალება მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებშია შესაძლებელი.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
28. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ: სუსგ საქმე №ას-1298-2018; 22.03.2019 წელი; №ას-1329-2018, 22.02.2019 წელი; №ას-1610-2019, 07.02.2020 წელი).
29. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე მოსამართლის შინაგანი რწმენა. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და უკავშირდებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102. 3 მუხლი)(იხ. სუსგ საქმე Nას-438-2024, 22 ივლისი, 2024).
30. მოცემულ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც მოსარჩელემ მიუთითა და დაადასტურა სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა და სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარე შეედავა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, იგი შემოიფარგლა ზეპირსიტყვიერი შედავებით, ხოლო ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის საპირისპირო რაიმე მტკიცებულება ან ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გააბათილებდა მოსარჩელის მტკიცებას, წარმოდგენილ დასკვნაზე დაყრდნობით, და სასამართლოს დაარწმუნებდა ალტერნატიული გზის არსებობასა და მის ოპტიმალურობაში, მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ წარმატებით დაადასტურა მისი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებები და სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა - აუცილებელი გზის მოწყობის წინაპირობების არსებობა დაადასტურა.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორმა მიუთითა რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-892-2021, 22 დეკემბერი 2023 წელი; №ას-558-2023, 30 ნოემბერი 2023 წელი).
33. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ს“ პრიმა ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე