Facebook Twitter

8 მაისი, 2025 წელი,

საქმე №ას-213-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - უცხოური საწარმოს ფილიალი „ბ.ქ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.ა.ს.კ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის 4 მარტს, შპს „ა.ა.ს.კ–ასა“ (შემდეგში - მოპასუხე ან მენარდე) და უცხოური საწარმოს ფილიალ „ბ.ქ–ს“ (შემდეგში - მოსარჩელე, შემკვეთი ან კასატორი) შორის ხელშეკრულება (შემდეგში - ნარდობის ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ შემკვეთის საკუთრებაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობაზე დაშენების სამუშაოების შესრულებაზე.

2. ხელშეკრულების 2.2 ქვეპუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების (დასრულებული პროექტის) საბოლოო ღირებულება განისაზღვრებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესაბამისად, რაც აისახებოდა საშემსრულებლო დოკუმენტაციაში (შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების შუალედური აქტები თანდართული ფორმა 2-ებით; დასრულებული სამუშაოების (ობიექტის) მიღება-ჩაბარების აქტი).

3. ხელშეკრულებისა და ხელშეკრულების №2 დანართის (ხარჯთაღრიცხვა) საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ მყარ ხარჯთაღრიცხვაზე - ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 921 422.36 ლარით, დღგ-ს ჩათვლით.

4. ხელშეკრულების 5.3 ქვეპუნქტის შესაბამისად, მენარდის მიერ წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტს (თანდართული ფორმა N2-ით) შამკვეთი/შამკვეთის წარმომადგენელი დაადასტურებს ან შემკვეთს/შემკვეთის წარმომადგენელს წარუდგენს მოტივირებულ უარს დადასტურებაზე 3 სამუშაო დღის ვადაში.

5. ხელშეკრულების 5.7. ქვეპუნქტის მიხედვით, მენარდის მიერ წარმოდგენილ დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტს შემკვეთი/შემკვეთის წარმომადგენელი დაადასტურებს ან მენარდეს/მენარდის წარმომადგენელს წარუდგენს მოტივირებულ უარს დადასტურებაზე 5 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულების 5.8 ქვეპუნქტით მხარეები თანხმდებიან, რომ 5.3 და 5.7 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში, სამუშაოები მიღებულად ჩაითვლება.

6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 იანვრის ბრძანებით, ქ.თბილისში, ......... არსებულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ნებართვის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით გაიცა ძეგლზე სამუშაოების ახალი ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 11 იანვრის ჩათვლით.

7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 13 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვები: „გთხოვთ, განგვისაზღვროთ შპს „ა.ა.ს.კ–ას“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისი, ........ (ს/კ .......) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანის აღდგენის საბაზრო ღირებულება, ასევე მიზანშედეგობრივი კავშირი წარმოებული სამშენებლო სამუშაოებისა და დამდგარ ზიანს შორის.“

დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ....... (ს/კ.......) განთავსებული შპს „ა.ა.ს.კ–ის“ კუთვნილი შენობის მე-2 და მე-3 სართულზე, კორიდორებში ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის დაფიქსირდა ზემოდან წყლის ჩამოდინების შედეგად არსებული დაზიანებები, ფრაგმენტულად დაზიანებულია კედლის ნალესი, კედლების სამღებრო სამუშაოები, დაზიანებულია ლამინატის იატაკის ნაწილი და არმსტრონგის ჭერი. არსებულ ფართში მე-3 სართულზე, ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის, ზემოდან ჩამოსული ატმოსფერული ნალექებისაგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის უკვე განხორციელებული იყო რიგი სარემონტოსარეაბილიტაციო სამუშაოები.

ქ.თბილისში, ........ განთავსებული შპს „ა.ა.ს.კ–ის“ კუთვნილ შენობაში ზემოდან წყლის ჩამოსვლის შედეგად გამოწვეული დაზიანებების აღმოსაფხვრელად უკვე განხორციელებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ, საორიენტაციოდ 15 047.73 ლარი შეადგინა, შესაბამისი ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით, ხოლო განსახორციელებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ, საორიენტაციოდ შეადგინა 10 013.91 ლარი, შესაბამისი ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით.

ქ.თბილისში, ....... განთავსებული შპს „ა.ა.ს.კ–ის“ ადგილზე შესწავლის შედეგად მიღებული ინფორმაციით დადგინდა შემდეგი: ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის შენობის სახურავზე მიმდინარეობდა ერთი სართულის დაშენების სამუშაოები, ადგილზე არსებული მდგომარეობისა და შენობის მე-3 და მე-2 სართულზე დაფიქსირებული დაზიანებების ხარისხის გათვალისწინებით, შენობაში დაფიქსირებული დაზიანებები გამოწვეულია სახურავზე მე-4 სართულის შექმნის დროს განხორციელებული არსებული სახურავის სადემონტაჟო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებით“.

8. მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ 226 366 ლარისა და 2023 წლის 23 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 22.60 ლარის (გადასახდელი თანხის 0.01%) დაკისრება მოითხოვა.

9. მოგვიანებით მოპასუხემ სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოსარჩელისთვის მის სასარგებლოდ 25 061.64 ლარის დაკისრება მოითხოვა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ იმ სამუშაოების ფარგლებში, რომელზეც ფორმა 2-ის საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტებია შედგენილი, მოპასუხეს შესაბამისი ღირებულება სრულად აქვს ანაზღაურებული, სარჩელს კი არ ერთვის ხელშეკრულების 5.2 და 5.3 პუნქტების საფუძველზე მოსარჩელის მიერ თუნდაც ცალმხრივად შედგენილი აქტი ( ფორმა 2), სადაც შესრულებული სამუშაო და მისი ღირებულება იქნებოდა მითითებული, რომელიც ხელშეკრულების 5.8 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას წარმოუშობდა.

12.2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც სარჩელით, ასევე, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით ირკვეოდა, რომ სარჩელით მოთხოვნილი იყო ხელშეკრულების ღირებულებასა (1 921 422.36 ლარი) და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას შორის (1 695 055.44 ლარი) სხვაობა (226 366 ლარი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 52-ე მუხლის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების 2.1 პუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების მიუხედავად მხარეები შეთანხმდნენ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში სადავო არ იყო და მენარდემ (მოპასუხე) სრულად აანაზღაურა. შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნებოდა მოსარჩელის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სამუშაოს შესრულება დასტურდებოდა ხელშეკრულების სტანდარტული ხარჯთაღრიცხვის მოცულობის შესაბამისად, თუმცა საბოლოო ანგარიშწორებაზე შემკვეთი უარს აცხადებდა.

12.3. ვინაიდან საქმეზე დადგინდა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მენარდეს არ დაურღვევია, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ასევე პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას გამორიცხავდა.

13. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემდეგი მოთხოვნითა და დასაბუთებით წარმოადგინა: მოპასუხეს დაეკისროს, 145 600.28 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისთვის არსებული ოდენობის შესაბამისად 2023 წლის 23 მარტიდან მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 22.60 ლარის (გადასახდელი თანხის 0.01%) ანაზღაურება.

13.1. სასამართლომ მხედველობაში არასწორად არ მიიღო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და მასზე თანდართული ფორმა #2, რომლითაც განსაზღვრულია 708 053.04 ლარის ოდენობით თანხა (მეშვიდე შესრულებული მომსახურების სრული მოცულობა), საიდანაც საბოლოო გადასახდელ თანხას წარმოადგენდა 145 600.28 ლარი. ხსენებული ორივე მტკიცებულება კასატორმა ჯერ კიდევ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა.

13.2. ყველა მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა #2, კასატორმა, ხელშეკრულების 5.2 და 5.3 პუნქტების შესაბამისად გააგზავნა. დოკუმენტები მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაეგზავნა (ხელშეკრულების 9.1 პუნქტი). ვინაიდან გაგზავნილი წერილი უკან არ დაბრუნებულა, დოკუმენტაცია კასატორმა მატერიალური ფორმით გააგზავნა, თუმცა მოტივირებული შენიშვნებით იგი არც ამჯერად არ დაბრუნებულა. კასატორმა ხელშეკრულების 5.8 პუნქტით იხელმძღვანელა და ჩატარებული სამუშაოები შემკვეთის მიერ მიღებულად ჩათვალა.

13.3. ფაქტია, რომ დაშენების სამუშაო მენარდემ სრულად შეასრულა, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი სამუშაოს მოცულობას მოპასუხე დუმილით დაეთანხმა. სამუშაო შესრულებულია სრულად, ჯეროვნად, თუმცა შესრულებული საზღაურის პროპორციული ანაზღაურება კასატორს დღემდე არ მიუღია.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

15. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

17. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია: ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაუხდელი საზღაურის მენარდის მიერ ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერება.

18. პალატის შეფასებით, სადავო თანხის მენარდის მხრიდან შემკვეთისთვის ანაზღაურების საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებები, რომლებიც სსსკ-ის 407.2 მუხლიდან (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) გამომდინარე საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა, სახელდობრ:

1). მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ შემკვეთის საკუთრებაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობაზე დაშენების სამუშაოების შესრულებაზე.

2). ხელშეკრულების 2.2 ქვეპუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების (დასრულებული პროექტის) საბოლოო ღირებულება განისაზღვრებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესაბამისად, რაც აისახებოდა საშემსრულებლო დოკუმენტაციაში (შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების შუალედური აქტები თანდართული ფორმა 2-ებით; დასრულებული სამუშაოების (ობიექტის) მიღება-ჩაბარების აქტი).

3). ხელშეკრულებისა და ხელშეკრულების №2 დანართის (ხარჯთაღრიცხვა) საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ მყარ ხარჯთაღრიცხვაზე - ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 921 422.36 ლარით, დღგ-ს ჩათვლით.

4). ხელშეკრულების 5.3 ქვეპუნქტის შესაბამისად, მენარდის მიერ წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტს (თანდართული ფორმა N2-ით) დამკვეთი/დამკვეთის წარმომადგენელი დაადასტურებს ან შემკვეთს/შემკვეთის წარმომადგენელს წარუდგენს მოტივირებულ უარს დადასტურებაზე 3 სამუშაო დღის ვადაში.

5). ხელშეკრულების 5.7. ქვეპუნქტის მიხედვით, მენარდის მიერ წარმოდგენილ დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტს შემკვეთი/შემკვეთის წარმომადგენელი დაადასტურებს ან მენარდეს/მენარდის წარმომადგენელს წარუდგენს მოტივირებულ უარს დადასტურებაზე 5 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულების 5.8 ქვეპუნქტით მხარეები თანხმდებიან, რომ 5.3 და 5.7 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში, სამუშაოები მიღებულად ჩაითვლება.

6). ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 იანვრის ბრძანებით, ქ.თბილისში, ........ არსებულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ნებართვის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით გაიცა ძეგლზე სამუშაოების ახალი ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 11 იანვრის ჩათვლით.

7). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 13 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვები: „გთხოვთ, განგვისაზღვროთ შპს „ა.ა.ს.კ–ას“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისი, .......... (ს/კ..........) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანის აღდგენის საბაზრო ღირებულება, ასევე მიზანშედეგობრივი კავშირი წარმოებული სამშენებლო სამუშაოებისა და დამდგარ ზიანს შორის.“

დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ........ (ს/კ ........) განთავსებული შპს „ა.ა.ს.კ–ის“ კუთვნილი შენობის მე-2 და მე-3 სართულზე, კორიდორებში ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის დაფიქსირდა ზემოდან წყლის ჩამოდინების შედეგად არსებული დაზიანებები, ფრაგმენტულად დაზიანებულია კედლის ნალესი, კედლების სამღებრო სამუშაოები, დაზიანებულია ლამინატის იატაკის ნაწილი და არმსტრონგის ჭერი. არსებულ ფართში მე-3 სართულზე, ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის, ზემოდან ჩამოსული ატმოსფერული ნალექებისაგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის უკვე განხორციელებული იყო რიგი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქ.თბილისში, ........ განთავსებული შპს „ა.ა.ს.კ–ის“ კუთვნილ შენობაში ზემოდან წყლის ჩამოსვლის შედეგად გამოწვეული დაზიანებების აღმოსაფხვრელად უკვე განხორციელებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ, საორიენტაციოდ 15 047.73 ლარი შეადგინა, შესაბამისი ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით, ხოლო განსახორციელებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ, საორიენტაციოდ შეადგინა 10 013.91 ლარი, ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით. ქ.თბილისში, .......... განთავსებული შპს „ა.ა.ს.კ–ის“ ადგილზე შესწავლის შედეგად მიღებული ინფორმაციით დადგინდა შემდეგი: ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის შენობის სახურავზე მიმდინარეობდა ერთი სართულის დაშენების სამუშაოები, ადგილზე არსებული მდგომარეობისა და შენობის მე-3 და მე-2 სართულზე დაფიქსირებული დაზიანებების ხარისხის გათვალისწინებით, შენობაში დაფიქსირებული დაზიანებები გამოწვეულია სახურავზე მე-4 სართულის შექმნის დროს განხორციელებული არსებული სახურავის სადემონტაჟო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებით“.

შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ: ხელშეკრულების 2.1 პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების მიუხედავად, მხარეები შეთანხმდნენ, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის და დამკვეთის (მოპასუხე) მიერ ანაზღაურებულია სრულად.

კერძოდ, იმ სამუშაოების ფარგლებში, რომელზეც ფორმა 2-ის საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტებია შედგენილი, მოპასუხეს შესაბამისი ღირებულება სრულად აქვს გადახდილი.

ამავდროულად, სარჩელს არ ერთვის ხელშეკრულების 5.2 და 5.3 პუნქტების საფუძველზე მოსარჩელის მიერ თუნდაც ცალმხრივად შედგენილი აქტი (ფორმა #2), სადაც შესრულებული სამუშაო და მისი ღირებულება იქნებოდა მითითებული და მოსარჩელის მიერ მითითებული ნარდობის საზღაურის ანაზღაურების მოთხოვნა ერთმნიშვნელოვნად უსაფუძვლოა.

19. იმის გამო, რომ ნარდობის საზღაურის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი წარუმატებელია, პირგასამტეხლოს (როგორც თანმდევი მოთხოვნის) ანაზღაურების მოთხოვნის წარუმატებულად ცნობის წინაპირობაც გამოკვეთილია, რაც მითითებულ ნაწილშიც გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის შუამდგომლობა, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების თაობაზე, შემდეგ გარემოებთა გამო:

სსსკ-ის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს წარმატებული მხარის წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესაძლებლობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რადგან წინამდებარე განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული, რაც მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიეკუთვნება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უცხოური საწარმოს ფილიალი „ბ.ქ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. უცხოური საწარმოს ფილიალი „ბ.ქ–ს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 7 280.01 ლარის (საგადასახადო დავალება # 173874513, გადახდის თარიღი - 5.02.2025) 70% - 5 096.007 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა