Facebook Twitter

ბს-1073-1026(კ-07) 15 მაისი, 2008 წელი,

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხულოს განყოფილება (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი _ პენსიის თანხიდან დაქვითვის აკრძალვა და დაქვითული თანხების უკან დაბრუნება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასაციის განაცხადი – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი

გ. მ-ემ 2006 წლის 15 ნოემბერს სარჩელით მიმართა ხულოს რაიონულ სასამართლოს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხულოს ფილიალის მიმართ (ს.ფ.2-3) და მოითხოვა მოპასუხის 2004 წლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მას პენსიის თანხიდან ექვითებოდა ყოველთვიურად 20% (5 ლარი), ასევე – უკვე დაქვითული პენსიის თანხის უკან დაბრუნება. სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა მ. დ-ემ აღნიშნულ მოთხოვნებს დაუმატა პენსიიდან თანხის შემდგომი პერიოდისათვის დაქვითვის აკრძალვაც (ს.ფ. 39). სარჩელი დასაბუთებული იყო შემდეგნაირად:

გ. მ-ე 1973 წლის 1 იანვრიდან ღებულობდა პენსიას, როგორც საწარმოო ტრავმის გამო II ჯგუფის ინვალიდი. მოპასუხის 2004 წლის გადაწყვეტილებით მას უსაფუძვლოდ შეუწყდა პენსიის გაცემა, ასევე უკანონოდ ექვითება პენსიიდან თანხა, ვინაიდან იგი 1997 წლიდან მუშაობდა არა საჯარო სამსახურში, არამედ _ შპს “ა-ის” ხულოს ფილიალში ელექტრო მონტიორად, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით. სწორედ ამიტომ არ არსებობდა პენსიის გაუცემლობის და ასევე 2005 წლის იანვრიდან დანიშნული პენსიიდან თანხის დაქვითვის საფუძველი.

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხულოს ფილიალის მიერ 2006 წლის 18 ნოემბერს სასამართლოში წარდგენილ იქნა ¹01/17-179 შესაგებელი, რომლითაც მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მომუშავე (მათ შორის – კერძო სექტორში დასაქმებულ) პენსიონერზე დაუშვებელია პენსიის გაცემა 1994 წლიდან, გარდა პენსიონერთა ზოგიერთი კატეგორიისა (ომის ვეტერანები, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირები, მკვეთად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირები), რომლებსაც არ მიეკუთვნებოდა მოსარჩელე. სწორედ ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მასზე პენსიის გაცემის შეწყვეტისა და 1997-2004 წლებში უსაფუძვლოდ დარიცხული თანხის ასანაზღაურებლად 2005 წლის იანვრიდან დანიშნული პენსიიდან 20%-ის დაქვითვის შესახებ.

ხულოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხულოს რაიონული ფილიალის უფროსის 2004 წლის 19 ივლისის განკარგულება – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გ. მ-ის საპენსიო თანხიდან ყოველთვიურად 20%-ის ოდენობით დაქვითვის შესახებ 1047 ლარის ოდენობამდე. მოპასუხეს დაეკისრა 2005 წლის 29 აგვისტოდან გადაწყვეტილების მიღების დღემდე პერიოდისათვის არასწორად დაქვითული თანხის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ და აეკრძალა პენსიის დაქვითვა. ასევე – დაეკისრა მოპასუხეს 2004 წლის 1 ივლისიდან 2005 წლის 29 აგვისტომდე პერიოდისათვის შესაბამისი საპენსიო თანხის გადახდა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით (ს.ფ.41-44).

პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს: 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა პენსიის გაცემას იმ პირისათვის, რომელიც იმავდროულად მუშაობდა საჯარო სამსახურში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე 1997 წლიდან მუშაობდა შპს “ა-ის” ხოლოს ფილიალში ელექტრომონტიორად, იგი არ იყო არც საჯარო მოხელე და არც მასთან გათანაბრებული პირი. შესაბამისად, პენსიის გაცემის შეწყვეტა არ ემყარებოდა არავითარ სამართლებრივ საფუძვლებს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული განკარგულება არ გადასცემია გაცნობისათვის მოსარჩელეს და არც გამოქვეყნებულა, იგი არ ემყარება არავითარ სამართლებრივ საფუძვლებს, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-58-ე მუხლების მოთხოვნები, რაც იმავე კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად მისი ბათილად ცნობის საფუძველია. მოსარჩელემ განიცადა მატერიალური ზიანი – ვერ მიიღო მისაღები პენსია 2004 წლის 1 ივლისიდან 2005 წლის 29 აგვისტომდე პერიოდისათვის, ასევე _ 2005 წლის 29 აგვისტოდან უკანონოდ ექვითება პენსიიდან 5 ლარი, რაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, ექვემდებარება ანაზღაურებას.

პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხულოს ფილიალის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ხოლოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ბაჟის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის ¹634 დადგენილება, რომელზედაც მოპასუხე მიუთითებდა პენსიის გაცემის შეწყვეტის საფუძვლად, ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 იანვრის ¹9 და იმავე წლის 30 აპრილის ¹221 ბრძანებულებებით. ამდენად, მომუშავე პენსიონერებზე პენსიის გაცემის შეზღუდვა (შეჩერება ან შეწყვეტა) რაიმე ნორმატიული აქტით არ დადგენილა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-ე იღებდა საწარმოო ტრავმის გამო II ჯგუფის ინვალიდისათვის დადგენილ პენსიას 1973 წლიდან. “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, სააპელაციო სასამართლოს აზრით, სრულად გამორიცხავდა ინვალიდისათვის პენსიის გაცემის შეზღუდვას. ამდენად, რაიმე კანონქვემდებარე აქტით პენსიის გაცემის შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდიოდა აღნიშნულ კანონთან.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხსენებულ კანონში 2004 წლის 19 დეკემბერს შეტანილ ცვლილებაზე, რომელიც ამოქმედდა 2005 წლის 17 იანვრიდან და რომლის თანახმად ყველა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შრომითი საქმიანობის პერიოდში უნარჩუნდებათ შესაძლებლობის შეზღუდვის შესაბამისი სტატუსით მინიჭებული პენსია. სააპელაციო სასამართლოს აზრით მოპასუხეს სადავო აქტის გამოცემისას და შემდგომ (როცა ძალაში შევიდა 2004 წლის 19 დეკემბრის ცვლილება) უნდა გაეთვალისწინებინა კანონის მოთხოვნები და მათ საფუძველზე უნდა გადაეწყვიტა საკითხი გ. მ-ის პენსიის შეჩერებისა და ყოველთვიურად მისაღები პენსიიდან თანხის დაქვითვის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რადგან მისი გამოცემის დროისათვის კანონით არ იყო დადგენილი მომუშავე პენსიონერისათვის პენსიის შეჩერების უფლება (ს.ფ.70-75).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხულოს განყოფილებამ. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მიზეზებს:

გ. მ-ეს 1973 წლის 1 იანვრიდან, როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდს, დაენიშნა პენსია. 1997 წლის 21 აპრილიდან მოსარჩელემ დაიწყო მუშაობა შპს “ა-ის” ხულოს ფილიალში.

სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხულოს ფილიალისათვის ცნობილი გახდა მისი მუშაობის შესახებ, რის გამოც, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის ¹634 დადგენილების მე-11 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლითაც შეჩერდა ბიუჯეტიდან ყველა კატეგორიის მომუშავე პენსიონერთათვის პენსიების გაცემა, მოსარჩელეს შეუწყდა პენსიის გაცემა და განუახლდა მას შემდეგ, რაც მან წარმოადგინა დოკუმენტები მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აღნიშნული დადგენილება და მიუთითა, რომ იგი ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის ¹9 და ¹221 ბრძანებულებებით. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის ამოქმედებას (ს.ფ. 80-81).

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოსათვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, რადგან კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება მათ წინააღმდეგ. დადგენილია, რომ გ. მ-ემ ხულოს ენერგოკომპანიაში მუშაობისას, 1972 წელს, მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც 1973 წლიდან მას დაენიშნა პენსია (ს.ფ.5); ხულოს სახელმწიფო ენერგოკომპანიის დირექტორის 21.04.97 წ. ¹47 ბრძანებით გ. მ-ე მიღებულ იქნა ¹...... ბრიგადაში მე-2 თანრიგის ელექტრო მონტიორად ნახევარ განაკვეთზე, ხელფასით 15 ლარი თვეში (ს.ფ. 6), სადაც მუშაობდა 2005 წლის 1 აგვისტომდე (ს.ფ. 7). მომუშავე პენსიონერთა მონაცემების გადამოწმების დროს 2004 წლის 1 ივლისიდან, ხულოს რაიონის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დარღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის განყოფილების გამგის 19.06.04 წ. განკარგულებით გ. მ-ეს შეუწყდა პენსიის დარიცხვა და დადგინდა, რომ მან უკანონოდ მიიღო პენსიის სახით 1047 ლარი, რის გამოც მას, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დანიშნული პენსიიდან უნდა დაკავებოდა პენსიის 25%, რაც შეადგენდა 5 ლარს (ს.ფ. 37).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის ¹634 დადგენილების მე-11 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად შეჩერდა ბიუჯეტიდან ყველა კატეგორიის მომუშავე პენსიონერთათვის პენსიის გაცემა, გარდა ბავშვობიდან ინვალიდი პენსიონერებისა. მართალია, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 იანვრის ¹9 და 30 აპრილის ¹221 ბრძანებულებებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის ¹634 დადგენილება გამოცხადებულ იქნა ძალადაკარგულად, მაგრამ სხვა ნორმატიული აქტებით იმპერატიულად იყო განსაზღვრული პენსიის მიმღებ სუბიექტთა წრე. კერძოდ: “მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და ელექტროენერგეტიკაში ფასწარმოქმნის საბაზრო სისტემაზე ეტაპოგრივად გადასვლის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ივლისის ¹389 ბრძანებულების მე-4 პუნქტის, ასევე “საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 11 აგვისტოს ¹469 ბრძანებულების მე-8 პუნქტის თანახმად პენსიები გაიცემოდა მხოლოდ არამომუშავე პენსიონერებზე. დასაქმების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც პირად და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით ეწევა საქმიანობას, რომელიც კანონით აკრძალული არ არის, და ანაზღაურებას იღებს ფულადი ან ნატურალური ფორმით, ხოლო უმუშევარი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი ან ნაწილობრივ შრომისუნარიანი პირი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად. საკასაციო სასამართლოს აზრით, “მომუშავე პენსიონერად”, მიჩნეულ უნდა იქნეს პირი, რომელიც იმყოფება შრომით ურთიერთობაში საჯარო ან კერძო დაწესებულებასთან და იღებს შემოსავალს (ხელფასს). ამდენად, გ. მ-ე წარმოადგენდა “მომუშავე პენსიონერს” 1997-2004 წლების განმავლობაში და მას არ ქონდა პენსიის მიღების უფლება.

დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 13 დეკემბრის ¹252/ნ ბრძანებით, რომლის თანახმად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილია პენსიონერთა კატეგორიები, რომლებსაც მუშაობის პერიოდში სრულად ეძლევათ პენსია. ესენი არიან: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, რეპრესირებულები და მათი ოჯახის წევრები, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულები და დაინვალიდებულები, მიუხედავად მათ მიერ მიღებული შემოსავლებისა. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. მ-ე არ მიეკუთვნებოდა ზემოთ მითითებულ პირთა კატეგორიებს და ვერ ისარგებლებდა მუშაობის პარალელურად პენსიის მიღების უფლებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი გამორიცხავს ინვალიდისათვის პენსიის გაცემის შეზღუდვას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა კანონის არასწორი განმარტება, ვინაიდან მითითებული კანონი არანაირად არ გამორიცხავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ პენსიის მიღების უფლების შეზღუდვას, არამედ ამ კანონით დგინდება გარკვეული შეღავათები ამ კატეგორიის პირთა სოციალური დაცვის მიზნით. მუშაობის პერიოდში პენსიის მიღების უფლების შენარჩუნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიება, ამ კანონით საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული 2005 წლის 17 იანვრამდე, როდესაც ამოქმედდდა “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის ¹934-რს კანონი, რომლის თანახმადაც კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგინდა, რომ ყველა მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირსა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შრომითი საქმიანობის პერიოდში უნარჩუნდებათ შესაძლებლობის შეზღუდვის შესაბამისი სტატუსით მინიჭებული პენსია. ამდენად, კანონმდებელმა მუშაობის პერიოდში პენსიის მიღების უფლება შეუნარჩუნა არ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, არამედ მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. მ-ე არ წარმოადგენს მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირს ან მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირს, შესაბამისად, მითითებული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეღავათი მასზე ვერ გავრცელდება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2008 წლის 14 აპრილის ¹5869-რს კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2008 წლის 1 აპრილს) “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონს დაემატა 241 მუხლი, რომლის თანახმად 2008 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად დარიცხული პენსია, იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით, ექვემდებარება ლეგალიზაციას და მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება, ხოლო 2008 წლის 1 აპრილამდე ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პენსიიდან დაკავებული თანხები არ ექვემდებარება დაბრუნებას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. მ-ის პენსიიდან 2008 წლის 1 აპრილის შემდგომ თანხის დაქვითვა გასულ წლებში ზედმეტად დარიცხული პენსიის სახელმწიფოსათვის დაბრუნების მიზნით დაუშვებელია, მანამდე დაქვითული თანხები კი არ ექვემდებარება დაბრუნებას. შესაბამისად, გ. მ-ის სარჩელი მისი პენსიიდან დაქვითვის აკრძალვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხულოს განყოფილებას 2008 წლის 1 აპრილიდან უნდა აეკრძალოს გ. მ-ის პენსიიდან თანხის დაქვითვა 1997-2004 წლების განმავლობაში ზედმეტად დარიცხული პენსიის სახელმწიფოსათვის დაბრუნების მიზნით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე ნაწილით და

გადაწყვიტა:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხულოს განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: აეკრძალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხულოს განყოფილებას გ. მ-ის პენსიიდან თანხის დაქვითვა 2008 წლის 1 აპრილიდან;

4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.