Facebook Twitter

15 მაისი, 2025 წელი,

საქმე №ას-317 -2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ს.დ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ჰ.ფ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ს.დ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, გამყიდველი ან კომპანია) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ჰ.ფ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მყიდველი) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 39 642 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის მიუხედავად, არაერთხელ განუსაზღვრეს დამატებითი ვადა შეთანხმებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მან ხელშეკრულებიდან გასვლა, შეთანხმებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდგომ და კანონსაწინააღმდეგოდ მოითხოვა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეებს შორის 2019 წლის 7 ოქტომბერს ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ მოსარჩელის მიერ - 44 550 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (დღგ-ს ჩათვლით) გადახდის შემდეგ („მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის საგნის საერთო ღირებულების 30% - 13 365 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით, გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. შემდგომი გადახდა 40% - 17 820 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით, როდესაც ფართი იქნება თეთრ კარკასულ მდგომარეობაში და საბოლოო გადახდა 30% - 13 365 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით, როდესაც ფართი სრულიად დასრულდება (იხ. შეთანხმების 4.1. და 4.2.1. პუნქტები)), იკისრა ვალდებულება, ამ უკანასკნელისთვის საკუთრებაში გადაეცა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო თბილისში, ........ #2 კორპუსში, მეექვსე სართულზე მდებარე 33 კვ.მ (25.7 კვ.მ საცხოვრებელი).

სახელდობრ:

4.4. გამყიდველი ვალდებულია დაასრულოს რეკონსტრუქციის სამუშაოები 2019 წლის 12 ივლისს (იხ. შეთანხმების 3.1.1 პუნქტი).

4.5. გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი შემდეგ მდგომარეობაში:

· სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დასრულებული;

· შენობის ფასადი დასრულებული;

· სადარბაზო მოპირკეთებული და შეღებილი;

· კიბის უჯრედები, სახურავი, მოპირკეთებული და შეღებილი;

· წყალი და კანალიზაცია ბინამდე მიყვანილი;

· ელექტროენერგიის ძირითადი ხაზი ბინამდე მიყვანილი და ელექტრო შიდა ქსელი მოწყობილი ფურნიტურის ჩათვლით;

· გაზი ბინამდე მიყვანილი, ბინაში - სამზარეულომდე (მყიდველის მიერმითითებულ ადგილას) და გამათბობელი ქვაბის სამონტაჟო წერტილამდე;

· ბინის შიდა ტიხრები აშენებული (მყიდველთან შეთანხმებით);

· იატაკი მოჭიმული;

· ანტრესოლი მყიდველთან შეთანხმებით;

· კედლები, ტიხრები, შელესილი, შპალერი გაკრული მყიდველთან შეთანხმებით;

· ბინის შესასვლელი რკინის კარებით და დროებითი საკეტებით აღჭურვილი;

· აივნები დასრულებული რემონტით (მოპირკეთებული კერამოგრანიტით);

· მყიდველს აღნიშნული ქონება ჩაბარდეს გარემონტებული სახით მყიდველთან შეთანხმებული ვიზუალით (იხ. შეთანხმების 3.1.2 პუნქტი).

4.6. შეთანხმებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასის გადახდის ვადის გადაცილებისთვის მყიდველს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.01% (იხ. ხელშეკრულების 10.3 პუნქტი), რომელიც ვადაგადაცილებიდან მე-5 დღეს დაირიცხებოდა. 14 კალენდარული დღით ვადაგადაცილება კი, მყიდველის მიერ ხელშეკრულების პირობების არსებით დარღვევად განიხილებოდა. გამყიდველის მიერ წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან 1 კვირის შემდეგ, თუ მყიდველი კვლავ არ გადაიხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, ეს ფაქტი განიხილება, როგორც უარი ნასყიდობის საგანზე, რის შემდეგ გამყიდველი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და იმავდროულად ნასყიდობის საგნის ხელახლა რეალიზაციის პროცესი დაეწყო (იხ. შეთანხმების 6.2. პუნქტი).

4.7. მყიდველის მიერ ნასყიდობის ღირებულების გადაუხდელობის მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და, მყიდველის მხრიდან ნასყიდობის საგანზე წერილობითი უარის წარმოდგენის შემთხვევაში ან/და, მყიდველის მხრიდან ნებისმიერი მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტისას, გამყიდველი ჯარიმის სახით, ნასყიდობის მთლიანი ღირებულების 10%-ის დაკავების უფლებას იტოვებდა. მყიდველს კი, ნასყიდობის ღირებულებიდან, მის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტამდე გადახდილი თანხა, ჯარიმის სახით დაკავებული ნასყიდობის მთლიანი ღირებულების 10% დარიცხული პირგასამტეხლოს გამოკლებით, მხოლოდ ნასყიდობის საგნის ხელახლა გაყიდვის/რეალიზაციის შემდეგ აუნაზღაურდებოდა (იხ. შეთანხმების 6.3. პუნქტი).

4.8. ხელშეკრულების შეწყვეტა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას არ აუქმებდა (იხ. შეთანხმების 6.4. პუნქტი).

4.9. მშენებლობის ვადის ექვს თვეზე მეტით გადაცილებისას, მყიდველს პირგასამტეხლოზე უარის თქმა და მის მიერ გადახდილი თანხის (მოთხოვნის პერიოდისათვის მყიდველის მიერ გადახდილი ნასყიდობის ღირებულება ან მისი ნაწილი) დაბრუნება შეეძლო. გამყიდველი კი, ვალდებული იყო წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მთლიანად დაებრუნებინა იმ პერიოდისათვის მყიდველის მიერ გადახდილი ნასყიდობის საფასური, მხოლოდ ნასყიდობის საგნის ხელახლა გაყიდვის/რეალიზაციის შემდეგ (იხ. შეთანხმების 6.6. პუნქტი).

4.10. 2019 წლის 24 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხეს - 39 642 ლარი ჩაურიცხა.

4.11. 2021 წლის 3 დეკემბერსა და 2021 წლის 28 დეკემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ ნაკისრი ვალდებულება სრულად არ ჰქონდა შესრულებული და ნასყიდობის საფასურის 70%-ის, 31 150 აშშ დილარის ეკვივალენტი ლარის გადახდა სთხოვა (იხ. გაფრთხილება/შეტყობინება).

4.12. 2019 წლის 7 დეკემბერს, სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებული და საცხოვრებელი ფართი თეთრ კარკასულ მდგომარეობაში არ იყო მოყვანილი.

4.13. 2022 წლის 1 მაისს მოსარჩელემ მოპასუხეს ელექტრონულ ფოსტაზე - info........@gmail.com; .info......@gmail.com, შემდეგი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა: „ჩემსა და თქვენს კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის თანახმად, აპარტამენტი 2019 წლის 7 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. შეთანხმების 6.5 და 6.6 მუხლების თანახმად კი, თუ მშენებლობის დასრულების ცხრა თვეზე მეტი გადაცილებისას, უფებამოსილი ვარ ჩემს მიერ გადახდილი თანხა სრულად დავიბრუნო. ამ შეტყობინებით მე მსურს წერილობით გამცნოთ, რომ უარს ვაცხადებ 6.5 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის მიღებაზე, სანაცვლოდ კი ვითხოვ ჩემს მიერ წარსულში გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნებას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა უკან არ დამიბრუნდება 30 დღის განმავლობაში, მე ვაპირებ საქმის აღძვრას თქვენი კომპანიის წინააღმდეგ თანხის უკან მიღების მიზნით. ველი თქვენს პასუხს თქვენთვის ხელსაყრელ უმოკლეს პერიოდში.“

4.14. 2023 წლის 13 თებერვლის წერილით, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხეს 2019 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე აცნობა და მოსარჩელის მიერ გადახდილი - 39 642 ლარის დასაბრუნებლად ვადა - 2023 წლის 28 თებერვლამდე განუსაზღვრა.

5. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და თანხის დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 477.1-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), 487-ე (გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი), 488.1 (ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის) 488.2-ე (ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე), 491.1-ე (მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით) და 352.1 -ე (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება) 629-ე მუხლისა (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 641-ე (ნაკეთობა/შესრულება ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის), მუხლებიდან გამომდინარეობს, რომელთა თანახმად, როგორც ნასყიდობის ასევე, ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია - ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა შემკვეთისათვის.

6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას, სახელდობრ, მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ინდივიდუალურად განსაზღვრული ბინის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაობის წარმოება და მოსარჩელის საკუთრებაში გარემონტებული ბინის გადაცემა წარმოადგენდა, შესაბამისად, მშენებლობის ნაწილში ნარდობის, ხოლო უძრავ ქონებაზე საკუთრების გადაცემის ნაწილში სახეზეა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება.

7. დადაგენილია, რომ მხარეები ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ქონების გადაცემაზე შეთანხმდნენ.

8. ასევე დადაგენილია, კასატორის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, კერძოდ, მან სსკ-ის 487-ე და 488-ე მუხლების ფარგლებში საცხოვრებელი ბინის თეთრი კარკასის კონდიციამდე მიყვანა ვერ უზრუნველყო, შესაბამისად მოპასუხეს, არც ნასყიდობის საფასურის შემდეგი ნაწილების მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია. გასათვალისწინებელია, რომ მშენებლობა დავის განხილვის პროცესშიც არ დასრულებულა. ამრიგად, რადგანაც სახეზეა გამყიდველის (მოპასუხის) მიერ ძირითადი ვალდებულების არსებითი დარღვევა, მოსარჩელეს უფლება აქვს სსკ-ის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა.

9. საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადოდ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ მოპასუხემ განახორციელა ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულება, კერძოდ, ვერ უზრუნველყო საცხოვრებელი ბინის თეთრ კარკასამდე გარემონტება.

აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო ვარგისი მტკიცებულება მოპასუხეს/კასატორს, არ წარმოუდგენია და თავს იმაზე მითითებით, იცავდა, რომ მოსარჩელემ შეთანხმებული გრაფიკით თანხის გადახდის ვალდებულება, თავად არ შეასრულა. აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით კასატორმა ვერ დაადასტურა, რომ 2019 წლის 7 დეკემბერს, სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებული და საცხოვრებელი ფართი თეთრ კარკასულ მდგომარეობაში იყო მოყვანილი, რაც მოსარჩელეს თანხის გადახდის ვალდებულებას წარმოუშობდა და ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას გამორიცხავდა; დასახელებული გარემოებების დადასტურება მოპასუხემ ვერ უზრუნველყო, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის გამო, შესაბამისად, მან დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო, მეტიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება - მშენებლობა, საქმის განხილვის დროისათვისაც არ დასრულებულა, რაც მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობას დამატებით ამყარებს.

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნას მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათი აქვს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი, მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა, შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია, მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გადაცემული თანხის უკან დაბრუნებით.

11. გარდა ამისა, განსახილველ დავაზე, როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელე ითხოვს გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულების დარღვევისას, 352-405 მუხლების წინაპირობების არსებობისას ხორციელდება. სსკ-ის 352.1 მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) სამართლებრივ შედეგს. იგი გამოიხატება მხარეებისათვის მიღებული შესრულებისა და სარგებლის დაბრუნებაში. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხოლოდ ნასყიდობის საფასურის დაბრუნებას ითხოვს, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე მოითხოვდა (სსსკ-ის მე-3 და 248-ე მუხლები). სხვა საკითხია მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება, რაც სასამართლოს ვალდებულებაა.

12. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას 2024 წლის 11 დეკემბერს მოპასუხის მიერ საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის შესახებ წარდგენილი შუამდგომლობის უარყოფის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სსსკ-ის 219-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სწორად ეთქვა უარი ახალი მტკიცებულებების მიღებაზე, რადგან მან დაკარგა ახალი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენისა და მათზე მითითებით შედავების უფლება (სსსკ-ის 380.2 მუხლი).

13. საკასაციო სასამართლო სადავო ხელშეკრულების იმ პირობის, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე სადავო თანხას მოსარჩელეს დაუბრუნებდა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოხდებოდა უძრავი ნივთის ხელახლა რეალიზაცია მესამე პირზე, როგორც ნებაზე დამოკიდებული და კანონსაწინააღმდეგო პირობის, ბათილობის ნაწილშიც იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 91-ე და 92-ე მუხლების სამართლებრივი საფუძვლით სწორად იქნა ცნობილი ბათილად.

14. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

16. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ს.ჯ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1982.10 ლარის (საგადასახდო დავალება #25615138185, გადახდის თარიღი 23.01.2025წ), 70% - 1387.47 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.დ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ს.დ–ს“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.ჯ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1982.10 ლარის (საგადასახდო დავალება #25615138185, გადახდის თარიღი 23.01.2025წ), 70% - 1387.47 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა