8 მაისი, 2025 წელი,
საქმე №ას-1106-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანა
დავის საგანი - დაკისრებული კომპენსაციის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.გ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული) უვადო შრომითი ხელშეკრულებით (უწყვეტად, 30 თვეზე მეტი ვადით) დასაქმებული იყო ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, სააგენტო).
2. დარიცხული სახით დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 395 ლარს შეადგენდა.
3. დამსაქმებლის 2022 წლის 27 აპრილის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება), სააგენტოს წესდების (დამტკიცებული 2019 წლის 19 დეკემბრის N398 ბრძანებით) 1.1 მუხლის, 2.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 5.4 მუხლის, საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 48.2 მუხლისა და სააგენტოს დროებითი შიდა საკადრო ოპტიმიზაციის კომისიის დასკვნის საფუძველზე მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა.
4. მოსარჩელეს მიეცა 2 თვის კომპენსაცია.
5. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, გამოუყენებელი შვებულების (14 დღის) და კომპენსაციის ანაზღაურებისა და 2022 წლის 1 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
6. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით:
6.1. დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა;
6.2. გასაჩივრებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი;
6.3. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 4 740 ლარის (დარიცხული სახით) ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა;
6.4. 2022 წლის 1 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაეკისრა 395 ლარის ოდენობით (დარიცხული სახით) იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
7. კომპენსაციის დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
8.1. თავდაპირველად სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზე მიაქცია, რომ მისი განხილვის საგანს წარმოადგენდა, დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებლისთვის 4740 ლარის (დარიცხული სახით) ოდენობით კომპენსაციის დაკისრება.
8.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან.
8.3. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა უკანონოდ განთავისუფლებული მუშაკის საპენსიო ასაკი (რაც გარკვეულწილად ამცირებს შრომის ბაზარზე მოსარჩელის დასაქმების ალბათობას), ასევე, მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა, ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობის ხარისხი და შესაბამისად მართებულად განსაზღვრა, სამუშაოზე აღდგენის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, მოსარჩელისათვის 12 თვის ხელფასის - 4 740 ლარის (დარიცხული სახით) ანაზღაურება.
8.4. ვინაიდან საქმეზე დადგინდა, რომ შრომითი ურთიერთობა მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან არამართლზომიერად შეწყდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რაც დამსაქმებლის მიერ გადახდილი ორთვიანი კომპენსაციის გათვალისწინებით გულისხმობდა, 2022 წლის 1 ივლისიდან ყოველთვიურად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 395 ლარის (დარიცხული სახით) დაკისრების საფუძვლის არსებობას.
9. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დამსაქმებელმა საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:
- სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარსა და ზეპირი მოსმენისას წარდგენილ არგუმენტებზე და ისინი გადაწყვეტილებაში არ ასახა რამაც დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია (დეტალურად იხილეთ საკასაციო საჩივარი).
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა დამსაქმებლისთვის კომპენსაციის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა.
14. განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 48.8 მუხლშია წარმოდგენილი, რომლის შინაარსიც შემდეგია: სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
15. „კომპენსაციის“ ცნება არაერთხელ გამხდარა საკასაციო პალატის განმარტების საგანი. შესაბამისად, ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრავალი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს. წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, საგულისხმოა, ხსენებული სასამართლო პრაქტიკიდან რამდენიმე ამონარიდი, კერძოდ:
დასახელებული საქმეებიდან ერთ-ერთზე, საკასაციო პალატამ განმარტა: საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ: Nას-1161-2018, 15.10.2020; Nას-267-2021, 11.06.2021).
ერთ-ერთი საქმის განხილვისას, საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო პრაქტიკის განზოგადება ქმნის კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ, საქმე №ას-1339-1259-2017, 30.07.2018).
16. განსახილველ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას პალატა მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ გარემოებებსა და არსებულ სასამართლო პრაქტიკას, რომელთა გათვალისწინებითაც მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაცია - 4 740 ლარი, რომელიც შეადგენს დასაქმებულის 12 თვის შრომის ანაზღაურებას გონივრულია და საკასაციო საჩივარში მისი შემცირების განმაპირობებელი არგუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა.
17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა # 08530, გადახდის თარიღი - 18.11.2024) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა