Facebook Twitter

საქმე №ას-1461-2023 8 მაისი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი.ს–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ჯ–ძე, რ.ო–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბაღდათში, სოფელ ....... მდებარე 1 730 კვ.მ N1 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - ......., შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც პირველი უძრავი ქონება) და 1 946 კვ.მ N2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - .........) წარმოადგენდა ი.ს–ძის (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) საკუთრებას.

2. 2016 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული მინდობილობის თანახმად, მოსარჩელემ ი.ჯ–ძეს (შემდეგში - პირველი მოპასუხე) მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: იყოს მისი წარმომადგენელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ სამსახურში, გამგეობაში, საკრებულოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, რათა მან მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები გაყიდოს, გააჩუქოს, გააფორმოს და ნებისმიერი სახის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს, ნებისმიერი უწყებიდან შეკრიბოს ამ დავალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი საბუთი, მის ნაცვლად მათ ხელი მოაწეროს საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ და საჯარო ორგანოებში, გადაიხადოს გადასახადები და მოსაკრებლები, შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც საქართველოს კანონმდებლობით არის დადგენილი.

მინდობილობა ერთი წლის ვადით გაიცა და 2017 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით ძალაში იყო.

3. რწმუნებულების/მინდობილობის დამოწმების შესახებ 2016 წლის 6 სექტემბრის სანოტარო აქტი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

4. 2016 წლის 9 სექტემბერს, პირველმა მოპასუხემ რ.ო–ძეს (შემდეგში - მეორე მოპასუხე) პირველი უძრავი ქონება 800 ლარად, ხოლო, მეორე უძრავი ქონება 700 ლარად მიჰყიდა.

5. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით პირველი უძრავი ქონების საბაზრო საორიენტაციო ღირებულება 13 840 ლარს, ხოლო, მეორე უძრავი ქონების - 15 568 ლარს შეადგენდა.

6. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მიუხედავად ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული ფასისა, ზემოაღნიშნული ნასყიდობების საფუძველზე მეორე მოპასუხემ მას 5800 აშშ დოლარი გადაუხადა და ამასთან, თანხის დაბრუნებასა და სადავო გარიგებების გაუქმებაზე იყო თანახმა.

7. მის მიერ 2016 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული მინდობილობა მოსარჩელემ 2017 წლის 9 თებერვალს იმ მოტივით გააუქმა, რომ პირველმა მოპასუხემ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა.

8. მოსარჩელე 75 წლისაა, პენსიონერია, გააჩნია ეკონომიკური და პედაგოგიური განათლება.

9. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შემდეგი მოთხოვნებით შეიტანა:

9.1. ბათილად იქნეს ცნობილი უძრავი ნივთების ნასყიდობის შესახებ 2016 წლის 9 სექტემბრის ხელშეკრულებები;

9.2. ბათილად იქნეს ცნობილი ბაღდათის რაიონის სოფელ ....... მდებარე 1 211 კვ.მ უძრავ ქონებაზე მოპასუხეთა შორის 2016 წლის 16 სექტემბერს და 2016 წლის 19 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული ქონება მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხოს;

9.3. როგორც თანმდევი იურიდიული ინტერესი, ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 17 აპრილს გარდაცვლილ თ.მ–ძის დანაშთ უძრავ ქონებაზე ნოტარიუს ა.ლ–ძის მიერ პირველი მოპასუხის მიმართ 2016 წლის 14 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა;

9.4. მოსარჩელე, როგორც მეორე რიგის მემკვიდრე და აწ გარდაცვლილი თ.მ–ძის დანაშთი უძრავი ქონების ფაქტობრივი მფლობელი ცნობილ იქნეს აწ გარდაცვლილი თ.მ–ძის დანაშთი უძრავი ქონების (მდებარე ბაღდათის რაიონი, სოფ. ......., ს/კ ........) მესაკუთრედ და აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში მის საკუთრებად აღირიცხოს.

10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:

12.1.1. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ 2016 წლის 6 სექტემბრის მინდობილობით უძრავი ქონებების გასხვისების შესახებ ნების გამოვლენა მოტყუების და შეცდომაში შეყვანის შედეგი იყო.

12.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 81.1-ე და 83-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგებისას გადამწყვეტია ის, რომ მხარის ნების ფორმირება ხორციელდება განზრახი მოტყუების საფუძველზე.

მოტყუება წინ უნდა უსწრებდეს გარიგების დადებას და აშკარა უნდა იყოს, რომ გარიგება მოტყუების გარეშე არ დაიდებოდა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ ახორციელებს მოტყუებას: თავად კონტრაჰენტი თუ მესამე პირი. მთავარია, მხარემ იცოდეს მოტყუების შესახებ, სარგებლობდეს ამით და მოტყუება იყოს არსებითი.

სანოტარო აქტის შედგენისას მოსარჩელეს განემარტა, რომ ხელს აწერდა დავალების ხელშეკრულებას (ქონების გასხვისების/გაჩუქების უფლებამოსილებით); ნოტარიუსის მიერ მინდობილობის ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსარჩელემ გარკვევით დააფიქსირა, რომ გამოხატავდა ნებას მის საკუთრებაში უძრავი ქონებები პირველ მოპასუხეს გაეყიდა, გაეჩუქებინა, გაეფორმებინა, ნებისმიერი სახის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაერეგისტრირებინა, ამ დავალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი საბუთი ნებისმიერი უწყებიდან შეეკრიბა და მის მაგივრად ამ ხელშეკრულებებზე ხელი მოეწერა.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მასსა და პირველ მოპასუხეს შორის არ ყოფილა სიტყვიერი შეთანხმება მინდობილობაში მითითებული ქონებების კონკრეტულ ფასად გასხვისების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით და ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა მინდობილობის ნამდვილობას, ამასთან, უტყუარად დასტურდებოდა, რომ გარიგების დადებისას იგი სრულად აცნობიერებდა თავისი ქმედების შინაარსს და რწმუნებულის მიერ დავალების ხელშეკრულებაში (მინდობილობაში) მითითებული მარწმუნებლის ნების შესასრულებლად განხორციელებული ქმედება მართლზომიერი იყო, არანაირ შეცდომას ან/და მოტყუებას გარიგების დადებისას ადგილი არ ჰქონია.

13. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:

- სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გარიგების დადებისას მოსარჩელე მისმა წარმომადგენელმა მოატყუა და უძრავი ქონებები არარეალურ ფასად გაიყიდა, რაც ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურებულია. მოპასუხეები ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ, მყიდველისთვის ცნობილი იყო, რომ ნივთის მესაკუთრე ხსენებულ ქონებას მითითებულ ფასად არასდროს გაჰყიდდა.

- ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობისას არსებობს ორმხრივი რესტიტუცია, კერძოდ, მხარეებს უბრუნდებათ ის, რაც ამ გარიგებით დაჰკარგეს, ე.ი. მოსარჩელეს უბრუნდება მიწის ნაკვეთები, ხოლო მოპასუხეს - 5 800 აშშ დოლარი. ამდენად, სამივე გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მიწის ნაკვეთები მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

15. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის განხილვის საგანი შემდეგია: რამდენად კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა, ნასყიდობის ხელშეკრულებების, სამკვიდრო მოწმობის ბათილობისა და ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

18. სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი ისაა, რომ: მოსარჩელე ენდო თავის რწმუნებულს, კერძოდ, პირველ მოპასუხეს, მინდობილობის შინაარსს იგი არ გასცნობია, მას ქონების გასხვისება სურდა, თუმცა არა იმ ფასად, რა ფასადაც მისმა რწმუნებულმა გაასხვისა.

ამდენად, პირველი მოპასუხის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მოსარჩელე სადავოდ ხდის მითითებული ორი უძრავი ნივთის კონკრეტულ ფასად გასხვისების კონტექსტში. ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 6 სექტემბერს გაცემული რწმუნებულება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

19. პირველ რიგში, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები).

შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, კასატორს (მოსარჩელე) ასე არ უმოქმედია, მან შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით ან მითითებით ვერ დაადასტურა, რომ სადავო უძრავი ქონებების გასხვისების შესახებ ნების გამოვლენა მოტყუების და შეცდომაში შეყვანის შედეგი იყო.

20. განსახილველი საკვანძო საკითხის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სსკ-ის 81.1 (თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა) და 83-ე (მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან. თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების ბათილობა ან ზიანის ანაზღაურება) მუხლებზე და მართებულად განმარტა, რომ მოტყუებით დადებული გარიგებისას გადამწყვეტია, განზრახი მოტყუების საფუძველზე მხარის ნების ფორმირების განხორციელება. მოტყუება წინ უნდა უსწრებდეს გარიგების დადებას და აშკარა უნდა იყოს, რომ გარიგება მოტყუების გარეშე არ დაიდებოდა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ ახორციელებს მოტყუებას: თავად კონტრაჰენტი თუ მესამე პირი. მთავარია, მხარემ იცოდეს მოტყუების შესახებ, სარგებლობდეს ამით და მოტყუება იყოს არსებითი.

21. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება სწორად მიაქცია საქმის მასალებით გამოვლენილ შემდეგ გარემოებებზე:

სანოტარო აქტის შედგენისას მოსარჩელეს განემარტა, რომ ხელს აწერდა სწორედ დავალების ხელშეკრულებას (ქონების გასხვისების/გაჩუქების უფლებამოსილებით);

ნოტარიუსის მიერ მინდობილობის ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსარჩელემ გარკვევით დააფიქსირა, რომ გამოხატავდა ნებას მის საკუთრებაში უძრავი ქონებები პირველ მოპასუხეს გაეყიდა, გაეჩუქებინა, გაეფორმებინა, ნებისმიერი სახის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაერეგისტრირებინა, ამ დავალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი საბუთი ნებისმიერი უწყებიდან შეეკრიბა, მის მაგივრად ამ ხელშეკრულებებზე ხელი მოეწერა.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მასსა და პირველ მოპასუხეს შორის არ ყოფილა სიტყვიერი შეთანხმება მინდობილობაში მითითებული ქონებების კონკრეტულ ფასად გასხვისების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით და ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა საკუთრივ მინდობილობის ნამდვილობას, ამასთან, უტყუარად დასტურდებოდა, რომ გარიგების დადებისას იგი სრულად აცნობიერებდა თავისი ქმედების შინაარსს და რწმუნებულის მიერ დავალების ხელშეკრულებაში (მინდობილობაში) მითითებული მარწმუნებლის ნების შესასრულებლად განხორციელებული ქმედება იყო მართლზომიერი; სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ არანაირ შეცდომას ან/და მოტყუებას გარიგების დადებისას ადგილი არ ჰქონია.

შესაბამისად, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულებების, სამკვიდრო მოწმობის ბათილობისა და ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ ერთმნიშვნელოვნად წარუმატებელია.

22. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა