Facebook Twitter

საქმე №ას-45-2023 17 დეკემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.11.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.06.2022 წლის გადაწყვეტილებით ს.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „კასატორი“) სარჩელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“) მიმართ, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.11.2022 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. მოსარჩელე 20.02.2014 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე, საიდანაც იგი გათავისუფლდა 22.12.2014 წლის #2421 ბრძანებით.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.05.2018 წლის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.02.2018 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 22.12.2014 წლის №2421 ბრძანება, მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ. თბილისის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკების და სკვერების დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურება სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისთვის, გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 2014 წლის დეკემბრის ხელფასის სრული ანაზღაურება, 22.12.2014 წლის №2421 ბრძანების მოსარჩელისათვის კანონით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობის დღის ჩათვლით, ასევე - მის მიერ 2014 წელს გამოუყენებელი კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულების თანხის ანაზღაურება 30 დღის კუთვნილი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასიდან 3 თვის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

3.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 03.07.2018 წლის Nბ01.011818428 ბრძანებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.05.2018 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე აღდგენილი იქნა უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში. 03.07.2018 წელს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 31.12.2018 წლის ჩათვლით. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად განისაზღვრა 765 ლარის ოდენობით. 03.01.2019 წელს მხარეთა შორის დაიდო უვადო შრომის ხელშეკრულება. მოსარჩელეს სრულად აუნაზღაურდა გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დროის მონაკვეთში იძულებითი განაცდური, ასევე - ხელშეკრულების შეწყვეტის წელს, 2014 წელს გამოუყენებელი შვებულება.

3.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების პერიოდისათვის (2015, 2016, 2017 წლები) და 2018 წელს გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერება.

3.5. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე, 24 სამუშაო დღით. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებელი უფლებამოსილია დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.

3.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს ანუ, იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი კომპენსაციით. დანაწესის მიზანია დასაქმებულის დასვენების უფლების დაცვა იმგვარად, რომ ფულადი კომპენსაციის ჩანაცვლებით არ მოხდეს სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის უგულებელყოფა.

3.7. შრომით კანონმდებლობაში აღიარებულია დასაქმებულის შესაძლებლობა, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია დამსაქმებლის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში (რის გამოც დასაქმებულმა ვერ მოასწრო შვებულების უფლებით სარგებლობა). ასეთ დროს დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. დასაქმებულთა აღნიშნული უფლება აღიარებულია ასევე „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციით.

3.8. სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 25-ე მუხლის თანახმად, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.

3.9. მოსარჩელე აპელირებს დამსაქმებლის ბრალეულობაზე და მიუთითებს, რომ იგი გათავისუფლებული იყო დამსაქმებლის ინიციატივით, რაც უკანონოდ შეფასდა. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ დროის აღნიშნულ პერიოდში იგი ვერ მოითხოვდა გამოუყენებელ ანაზღაურებად შვებულებას და ასევე ვერ შეძლებდა მომდევნო წლისათვის მის გადატანას.

3.10. უდავოა, რომ 2015, 2016 და 2017 წლებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო და მიმდინარეობდა დავა სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.05.2018 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, 03.07.2018 წლიდან მხარეებს შორის აღდგა შრომითი ურთიერთობა და მოსარჩელეს სრულად აუნაზღაურდა გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დროის მონაკვეთში იძულებითი განაცდური, ასევე - ხელშეკრულების შეწყვეტის წელს, 2014 წელს გამოუყენებელი შვებულება.

3.11. პალატა განმარტავს, რომ საშვებულებო თანხა არ წარმოადგენს ყოველთვიური ხელფასის გარდა, კიდევ დამატებით ანაზღაურებას. ის მხოლოდ იმ პერიოდის ანაზღაურებაა, რა პერიოდშიც დასაქმებული ისვენებს და არ მუშაობს. შესაბამისად, თუ დასაქმებულს წლის განმავლობაში მიღებული აქვს სრული ანაზღაურება, მას დამატებით საშვებულებო ხელფასი არ აუნაზღაურდება. კალენდარული წლის გასვლის შემდეგ შვებულების მიღების უფლება უქმდება გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სრულად აუნაზღაურდა გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულემადე დროის მონაკვეთში იძულებითი განაცდური, აღნიშნული გამორიცხავს - 2015, 2016 და 2017 წლებში გამოუყენებელი შვებულების დამატებით ნატურით ანაზღაურებას.

3.12. რაც შეეხება 2018 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული შეეხება სამუშაოზე აღდგენის შემდეგ პერიოდს, შვებულების უფლება უწყვეტ სამუშაო პირობებში დასაქმებულ თანამშრომელთა მსგავსად, წარმოეშვა მოსარჩელესაც, თუმცა, საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ 2018 წლის შვებულების მოთხოვნის, მასზე დასაქმებულის უარის, ან/და მხარეთა შეთანხმებით კუთვნილი შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის ფაქტს. ამდენად, ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს 2018 წლის შვებულების უფლებით არ უსარგებლია და იგი ასრულებდა სამუშაოს, რის გამოც იღებდა შესაბამის ხელფასს, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა გამოუყენებელი 2018 წლის შვებულების ნატურით ანაზღაურების თაობაზე.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დასაქმებულისთვის 2015, 2016, 2017 და 2018 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.

9. „ევროპის სოციალური ქარტია“ (საქართველოში ძალაშია 01.10.2005 წლიდან) აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა, შრომის უფლება, რომელიც მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, უფლებას შვებულებაზე და სხვა. „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის (ILO N52 კონვენციის) დებულებების თანახმად, ყოველ პირს აქვს უფლება, ისარგებლოს ყოველწლიური ფასიანი შვებულებით. კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს ყოველწლიური ფასიანი შვებულების უფლებას ან არ იძლევა ასეთი შვებულების უფლებას, მიიჩნევა ბათილად (1993 წელს N52-ე კონვენცია რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ, მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. აქვე საგულისხმოა, რომ N52-ე კონვენცია შეიცვალა ILO-ს 1970 წლის N132-ე კონვენციით, ანაზღაურებადი შვებულების შესახებ. შესაბამისად, N52-ე კონვენციის რატიფიცირება შეწყვეტილია N132-ე კონვენციის მიღების შემდეგ. თუმცა, წევრი სახელმწიფოსთვის N52-ე კონვენცია ძალაშია N132-ე კონვენციის რატიფიცირებამდე და, შესაბამისად, N52-ე კონვენციის ავტომატურ დენონსირებამდე. N132-ე კონვენცია საქართველოს პარლამენტის მიერ არ არის რატიფიცირებული. შესაბამისად, მას საქართველოში სავალდებულო იურიდიული ძალა არ აქვს (საქმე №ას-688-2021, 29.04.2022 წელი; ასევე იხ. ზაქარია შველიძე, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ.212,213).

10. შვებულება სშკ-ით და საერთაშორისო შრომის სამართლით დასაქმებულის აღიარებული უფლებაა. შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის მიერ უკვე ნამუშევარი დროის - შესრულებული სამუშაოს საფუძველზე მოპოვებულ დასვენების უფლებას, რა შემთხვევაშიც დასაქმებულს მიეცემა ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, რომ შვებულების განმავლობაში არ ასრულებს სამუშაოს. შვებულების გამოყენების შესახებ საკანონმდებლო მოწესრიგება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებსა და საუკეთესო პრაქტიკას (სუსგ Nას-6-2020, 06.11.2020წ.).

11. როგორც ევროპული სასამართლოს (ECJ - European Court of Justice) 21.06.2012 გადაწყვეტილებით განიმარტა, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების უფლება არის დასაქმებულისათვის მინიჭებული განსაკუთრებული მნიშვნელობის უფლება, რომელსაც ევროპული კავშირის სოციალური სამართალი უზრუნველყოფს გამონაკლისების დაუშვებლად (Case C-78/11 Judgement of the Court, 21.06.2012; უ. ძიმისტარაშვილი, შვებულება - დასაქმებულისათვის მინიჭებული მნიშვნელოვანი უფლება?!, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) III, თბილისი, 2014, 97,98).

12. სშკ-ის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით (წინამდებარე განჩინებაში მითითებული და შეფასებულია სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის ნორმები), დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებელი უფლებამოსილია დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.

13. სშკ-ის 25-ე მუხლით რეგლამენტირებულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანის გამონაკლისი შემთხვევები, კერძოდ, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში. ამდენად, სშკ არ იცნობს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის შვებულების გამოყენებაზე უარის თქმის სხვა საფუძველს, თუნდაც მისი თანხმობით. დაუშვებელია უსაფუძვლოდ შვებულებაზე უარი, რადგან შვებულება შრომის უფლების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რაც დაკავშირებულია დასაქმებულის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შვებულების უფლება შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარეობს და მისი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანია, რასაც უზრუნველყოფს დასვენების უფლება, როდესაც დასაქმებული აღიდგენს როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად დახარჯულ რესურსს, რათა ამ უფლებით სარგებლობის შემდეგ განახალებული ძალისხმევითა და ენერგიით გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა (საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი, მუხლი 31, ე. გასიტაშვილი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2023, გვ. 352).

15. დაუშვებელია, შრომითი ხელშეკრულებით გამოირიცხოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების უფლების გამოყენება ან ფულადი კომპენსაციით მისი ჩანაცვლება. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს, ანუ იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება, შეიცვალოს ფულადი კომპენსაციით. ამ დანაწესის აუცილებლობა ის არის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნას დასაქმებულის დასვენების უფლება და ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებით არ მოხდეს სშკ-ის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის უგულებელყოფა (სუსგ ას-836-1122-09, 26.03.2010წ.).

16. განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია 2015, 2016, 2017 და 2018 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება თითოეული წლისათვის 765 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოსარჩელე 22.12.2014 წლის #2421 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 2018 წლამდე დამსაქმებელთან აწარმოებდა შრომითი დავას ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.05.2018 წლის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა, რისი აღსრულების მიზნითაც 03.07.2018 წლიდან მხარეთა შორის აღდგა შრომითი ურთიერთობა, მოსარჩელეს სრულად აუნაზღაურდა გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დროის მონაკვეთში იძულებითი განაცდური, ასევე - სამუშაოდან გათავისუფლების/ხელშეკრულების შეწყვეტის წელს, 2014 წელს, გამოუყენებელი შვებულება.

17. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ საშვებულებო თანხა არ არის დამატებითი შემოსავალი, რომელიც დასაქმებულს მიეცემა ყოველთვიური ხელფასის გარდა, არამედ ის იმ პერიოდის ანაზღაურებაა, რა პერიოდშიც დასაქმებული ისვენებს და არ მუშაობს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სრულად აუნაზღაურდა გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დროის მონაკვეთში იძულებითი განაცდური, რაც, როგორც შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საშუალება, თავის თავში მოიცავს შესაბამის წლებში - 2015, 2016 და 2017 წლების გამოუყენებელ საშვებულებო თანხასაც. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საშვებულებო პერიოდში თანხის ორმაგ ანაზღაურებას შრომის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, არ არსებობს იძულებითი განაცდურის სრულ ანაზღაურებასთან ერთად ამავე პერიოდში საშვებულებო თანხის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

18. რაც შეეხება 2018 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას, პალატა მიუთითებს, რომ შვებულების უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია დასაქმებულის ნება, რომელიც უნდა მიუვიდეს დამსაქმებელს (იხ.: სუსგ ას-836-1122-09, 26.03.2010; №ას-698-655-2012, 28.05.2012). დასაქმებულმა უნდა მიმართოს დამსაქმებელს ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების შესახებ, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია, დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა (იხ.: ზ. შველიძე, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ.215). გამონაკლისია გადაუდებელი საოპერაციო მოთხოვნიდან გამომდინარე შემთხვევა (Lingeman, Steinau-Steinruk, Mengel, 27; ზ. შველიძე, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ.215), რაც რეგლემენტირებულია სშკ-ის 25-ე მუხლით. ამასთან, აუცილებელია დასაქმებულის თანხმობა შვებულების გადატანაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ 2018 წლის შვებულების მოთხოვნის, დამსაქმებლის მხრიდან უარის, ან/და მხარეთა შეთანხმებით კუთვნილი შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის ფაქტი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც 03.07.2018 წელს სამუშაოზე აღდგენილ მოსარჩელეს მიმდინარე წლის შვებულების უფლებით არ უსარგებლია, ასრულებდა სამუშაოს და იღებდა შესაბამის ხელფასს, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა 2018 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია