Facebook Twitter

საქმე №ას-162-2023 29 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „ა.მ.გ.“, მ.ბ–უ (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.ჯ–ია“, შპს „ლ.თ–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.11.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ა.მ.გ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“, „მყიდველი“) და მ.ბ–უმ (შემდეგში -„მეორე მოსარჩელე“, პირველ მოსარჩელესთან ერთად - „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს შპს „მ.ო. ი.ჯ–იას“ (ამჟამად - შპს „ი.ჯ–ია“) (შემდეგში - „პირველი მოპასუხე”, „გამყიდველი”) და შპს „ლ.თ–ის“ (შემდეგში - „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები”) მიმართ და მოითხოვეს:

1.1. მოპასუხეებს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1 900 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

1.2. მოპასუხეებს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1 900 000 აშშ დოლარის წლიური 6.5%-ის გადახდა, გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად 05.09.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.3. მეორე მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის პროცენტის, 131 692.46 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც დღევანდელი მდგომარეობით უკვე გადახდილია 30 235.92 აშშ დოლარი) ექვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

1.4. მეორე მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 101 456.08 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა (სარჩელის შეტანის დღისთვის დაბრუნებული სესხის ძირითადი თანხა) გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად (იხ. გადაწყვეტილება, ტ,10, ს.ფ. 166-190).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.01.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. პირველი მოსარჩელე საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოებაა, რომლის 50%-ის მფლობელი მეორე მოსარჩელეა, ხოლო დანარჩენი 50%-ის მფლობელი - საფრანგეთში რეგისტრირებული სამოქალაქო სამართლის საოჯახო საინვესტიციო საზოგადოება S.C.P.F. (34169...).

2.2. პირველი მოსარჩელე იყო შპს ,,ლ.გ–ის“ 100% წილის მესაკუთრე. 02.07.2019 წელს პირველი მოსარჩელის პარტნიორთა გადაწყვეტილებით შპს ,,ლ.გ–ი“ შეერწყა პირველ მოსარჩელეს, რის შემდეგაც მან შეწყვიტა ფუნქციონირება, ხოლო პირველმა მოსარჩელემ გააგრძელა ფუნქციონირება. პირველი მოსარჩელის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები, დირექტორები არიან: დ.თ–ძე და ჟ.ა.ბ–უ.

2.3. მეორე მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოებაა, რომლის 100% წილის მესაკუთრე პირველი მოპასუხეა.

2.4. პირველი მოპასუხის წილის 91%-ის მესაკუთრე ლ.ზ–ია, ხოლო 9%-ის - ე.დ–ი.

2.5. 18.04.2019 წელს პირველ მოსარჩელეს (მყიდველი) და პირველ მოპასუხეს (გამყიდველი) შორის გაფორმდა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის - შპს ,,ლ.გ–ის“ 100% წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტით, მყიდველი გამყიდველის საკუთრებაში არსებული წილის სყიდვის/საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გამყიდველს გადაუხდის 5 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. წილის ღირებულებას მყიდველი გამყიდველს გადაუხდის ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების 4.5. პუნქტის თანახმად, გამყიდველი ადასტურებს, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური წარმოადგენს/მოიცავს ადეკვატურ ფასს/კომპენსაციას, როგორც თავად წილის ნასყიდობისათვის, ასევე წილის გაყიდვის შედეგად მყიდველზე გადასული ყველა უფლებისათვის/სარგებლისათვის. ხელშეკრულების 6.2-6.3 პუნქტით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის/ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის/შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არინ დააკისრონ მეორე მხარეს ერთჯერადი პირგასამტეხლო.

2.6. 18.04.2019 წელს მეორე მოპასუხეს (გამსესხებელი) და მეორე მოსარჩელეს (მსესხებელი) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე 48 თვის ვადით, სესხის სახით გაიცა 920 000 აშშ დოლარი, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 7%, ყოველთვიური გადასახდელი თანხა - 22 031 აშშ დოლარი.

2.7. 05.09.2019 წელს სს ,,თ.ბ–სა“ და პირველ მოსარჩელეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც პირველ მოსარჩელეზე 05.09.2031 წლის ჩათვლით კრედიტის სახით გაიცა 3 207 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ევროში.

2.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 16.12.2019 წლის ბრძანებით, ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ. თბილისში, .......... N1-ში (ს/კ .........) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი - III კლასი).

2.9. 26.12.2019 წელს გაფორმდა ფინალური აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 18.04.2019 წლის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საფასური სრულად არის გადახდილი გადარიცხვების გზით. აღნიშნულ შეთანხმებაში მითითებულია თითოეული გადარიცხვა, რასაც მხარეები ადასტურებენ ხელმოწერით.

2.10. 28.06.2019 წელს გამყიდველსა და შპს ,,ლ.გ–ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც გამყიდველმა გადასცა, ხოლო შპს ,,ლ.გ–მა“ მიიღო მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი აქტივები (ძირითადი საშუალებები) და მარაგები, რომელთა ღირებულება ჯამში განისაზღვრა 15 259 230 ლარით, რასაც მხარეები ადასტურებენ ხელმოწერით.

2.11. პირველი სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხეებს სოლიდარულად პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 1 900 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. მოსარჩელეთა განმარტებით, გამყიდველმა მყიდველს არ მიაწოდა იმ მახასიათებლების ქონება, რომელსაც იგი ჰპირდებოდა, მიაწოდა ხელოვნურად გაზრდილი ციფრები სასტუმროს შემოსავლების შესახებ. აღმოჩნდა, რომ მყიდველს გადასცეს შეთანხმებულზე ბევრად უფრო დაბალი ხარისხისა და ღირებულების ქონება. მყიდველის მითითებით, ვინაიდან იძენდა მოქმედ ბიზნესს, მისთვის არსებითი იყო, თუ რა შემოსავალს იღებდა სასტუმრო ყოველთვიურად. მყიდველმა წინასწარ, სასტუმროს შეძენამდე დაიქირავა აუდიტორული კომპანია, რომელმაც სპეციალურად ტრანზაქციისთვის მოამზადა ბაზრის კვლევა და შეაფასა შესაძენი ქონება. ექსპერტებმა მხედველობაში მიიღეს გამყიდველის მიერ მიწოდებული ციფრები სასტუმროს წინა წლების შემოსავლებთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე გასცეს დადებითი დასკვნა. მყიდველის განმარტებით, ნასყიდობის საგანი შეთანხმების შეუსაბამოა, ვინაიდან სასტუმროს მეპატრონე იძულებულია განახორციელოს შენატანები სასტუმროს სათანადო ოპერირებისთვის.

2.12. მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა საკონსულტაციო კომპანია „I.E“-ს სასტუმრო „ლ.თ–ის“ (საქართველო) შესაძლო შესყიდვისათვის ბაზრის შესწავლის კვლევა, რომელშიც საუბარია ნასყიდობის საფასურის 5 300 000 აშშ დოლარიდან 3 400 000 აშშ დოლარამდე შემცირებაზე.

2.13. მოსარჩელეებს წარმოდგენილი აქვთ აუდიტორული კომპანია PKF-ის დასკვნა, რომელშიც ასახულია სასტუმრო „ლ.თ–ის“ შემოსავლების შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების შედეგად საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე გავლენის შეფასება. აღნიშნულ ანგარიშში მითითებულია, რომ სასტუმრო „ლ.თ–ის“ ფაქტობრივი შემოსავლების შესახებ 32%-43%-მდე სიდიდით მეტი მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შედეგად შესაძლოა მომხდარიყო საინვესტიციო ღირებულების 1.6–2.2 მლნ აშშ დოლარით ზრდა, ხოლო ყველაზე მოსალოდნელი (საშუალო) მნიშვნელობა დაახლოებით 1 900 000 აშშ დოლარია. დასკვნის თანახმად, შეფასებისას გამოყენებულია შემოსავლების მეთოდი.

2.14. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, მოპასუხეების მიერ წარმოდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.07.2020 წლის დასკვნა. ექსპერტს ეთხოვა, შეეფასებინა უძრავი ქონება: ს/კ. .......; .......; ........, 18.04.2019 წლის მდგომარეობით, რემონტისა და შენობისგან განუყოფელი მოწყობილობების გათვალისწინებით. დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ........ მდებარე, რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს/კ .........), საბაზრო ღირებულება შეადგენს 1კვ.მ.-ზე 1254 აშშ დოლარს. შესაბამისად, მთლიანი 100 კვ.მ.-ის საბაზრო ღირებულება 18.04.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 125 400 აშშ დოლარს (337 715 ლარს); ქ. თბილისში .........ქუჩა N14-ში მდებარე, რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს/კ .........) საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 კვ.მ.-ზე 1254 აშშ დოლარს. შესაბამისად, მთლიანი 2448.3 კვ.მ.-ის საბაზრო ღირებულება 18.04.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 3 070 168 აშშ დოლარს (8 268 269 ლარს); ქ. თბილისში, ......... N1-ში მდებარე, რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს.კ ..........), საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 კვ.მ.-ზე 1254 აშშ დოლარს. შესაბამისად, მთლიანი 1386.4 კვ.მ.-ის საბაზრო ღირებულება შეადგენს 18.04.2019 წლის მდგომარეობით 1 738 546 აშშ დოლარს (4 682 078 ლარს). დასკვნის თანახმად, შეფასებისას გამოყენებულია შედარების მეთოდი.

2.15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნასთან მიმართებაში მოსარჩელეებმა წარმოადგინეს აუდიტორული კომპანია „G.T“-ის დასკვნა, რომლის თანახმად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნილი ბიუროს დასკვნა შეუსაბამოა კონკრეტულ გარემოებებში, რადგან წარმოადგენს ცალკე აღებული უძრავი ქონების შეფასებას და არა მოქმედი ბიზნესის შეფასებას. შესაბამისად, შეფასების ობიექტი არასწორად არის შერჩეული, ამავე დროს არ აკმაყოფილებს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს შეფასების ანგარიშში წარსადგენი ინფორმაციის ხარისხსა და მოცულობასთან დაკავშირებით.

2.16. მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი იქნა შპს ,,ბ.ა–ის‘‘ მომზადებული 12.07.2021 წლის აუდიტორული დასკვნა, უძრავი ქონების შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც: ა) უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ........ ს.კ. .........., მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ შეადგინა - 3 182 790 აშშ დოლარი ( 10 011 465.95 ლარი); ბ) უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ....... შესახვევი N1, ს.კ. ........., მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ შეადგინა - 1 802 320 აშშ დოლარი (5 669 197.56 ლარი); გ) უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ..........ქუჩა N14ა, ს.კ. .........., მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ შეადგინა - 130 000 აშშ დოლარი (408 915 ლარი). შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, უძრავი ქონების აქტივების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით შემფასებელმა გამოიყენა შედარების მეთოდი, რომელიც ეფუძნება შესაფასებელი ობიექტის პირდაპირ შედარებას სხვა ობიექტებთან, რომლებიც გაყიდულია ან შეთავაზებული იქნა გასაყიდად.

2.17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა ნ.ო–კო (აუდიტორული კომპანია PKF), რომელმაც განმარტა, რომ სადავო კომერციული ქონება შეაფასა შემოსავლების მეთოდით, ვინაიდან საქმე ეხება ბიზნესს, რომლის ღირებულების განმსაზღვრელ პირობა არა მარტო უძრავი და მოძრავი ქონებაა, არამედ ასევე არამატერიალური აქტივების ღირებულებაც, აქედან გამომდინარე, სადავო ქონების შეფასებისას მიზანშეწონილია გამოყენებული იქნეს შემოსავლების მეთოდი. მოწმეების ე.თ–ძისა (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი) და კ.ჭ–ის (შპს ,,ბ.ა–ი“) განმარტებით, მათ ქონების შეფასებისას შემოსავლების მეთოდი არ გამოიყენეს, შედარების მეთოდი მიაჩნიათ უფრო სწორ მეთოდად. უპირატესობას ანიჭებენ შედარების მეთოდს, ვინაიდან მეტი ინფორმაცია აქვთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

2.18. სასამართლოს განმარტებით, შეფასების ობიექტის შედარებაზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებისას, შემფასებელი იკვლევს ბაზარს და იგი ბაზრის შესადარებელი უძრავი ქონების მონაცემებს ეყრდნობა, რაც გამორიცხავს შემფასებლის შეცდომას (უზუსტობას), ამიტომ შედარების მეთოდი აქტივების შესაფასებლად ყველაზე საიმედოა იმ თვალსაზრისით, რომ იგი რეალურად ასახავს ქონების სავარაუდო სარეალიზაციო ფასს, ხოლო ზუსტი საბაზრო ფასი განისაზღვრება მხარეებს შორის გარიგებით ანუ ნასყიდობის ხელშეკრულებით.

2.19. პირველი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მყიდველი მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემულია ნაკლიანი ქონება, კერძოდ, გამყიდველი დაპირდა უფრო მეტ სარგებელს და სინამდვილეში გადასცა ბევრად უფრო ნაკლები ღირებულების აქტივი.

2.20. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 50-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 54-ე მუხლზე და განმარტა, რომ გარიგება კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების განხორციელების მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია. სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება იდება სსკ-ის 329-ე-335-ე მუხლებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების დასადებად საჭიროა მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში ამ შეთანხმების გაფორმება კანონით დადგენილი წესით. სახელშეკრულებო სამართალი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს. ეს პრინციპი გულისხმობს, რომ მხარეებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, თუ ვისთან (კონტრაჰენტის არჩევის თავისუფლება) და რა პირობებით დადონ ხელშეკრულება (პირობების განსაზღვრის თავისუფლება), თავად განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (შინაარსის თავისუფლება), ფორმა (ფორმის თავისუფლება) და სამართლებრივი ეფექტი. ამავე თავისუფლებას ეფუძნება მხარეებზე სახელშეკრულებო რისკების განაწილებაც – ყველა დამოუკიდებლად ირჩევს კონტრაჰენტს და დამოუკიდებლად განსაზღვრავს ხელშეკრულების შინაარსს, რის გამოც თავად ატარებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე რისკებს.

2.21. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 477-ე მუხლზე და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. სსკ-ის 487-ე მუხლით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნივთის ნაკლი მყიდველს ისეთ დამატებით მოთხოვნებს წარმოუშობს, როგორიცაა ნაკლის გამოსწორება, ნაკლის გამოსწორებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ხელშეკრულებიდან გასვლა ან ფასის შემცირება (სსკ-ის 490-ე, 491-ე და 492-ე მუხლები).

2.22. მხარეთა მიერ წარმოდგენილი იქნა სხვადასვა სახის დასკვნები, სადაც შეფასებულ იქნა, როგორც მიმდინარე ბაზარი, ასევე კომპანიის უძრავი ქონება. მოსარჩელეთა მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა აუდიტორის დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხემ მიაწოდა მცდარი ინფორმაცია და რეალურად მისაღები მოგება იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოპასუხე პირდებოდა. სასამართლო მიუთითებს, რომ ბიზნესის შეფასება არის კომპანიის ყველა აქტივის: უძრავი ქონების, მანქანა-დანადგარების და სხვა მოწყობილობების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო-მატერიალური მარაგების, ინვესტიციების და არამატერიალური აქტივების და ვალდებულებების კომპლექსური შეფასება. გარდა ამისა, ცალკე შეფასების საგანია წარსული, მიმდინარე და მომავალი შემოსავლები, კომპანიის ეფექტურობა, განვითარების პერსპექტივა და კონკურენტული გარემო ბაზარზე. ასევე ხორციელდება ამ კომპანიის შედარება სხვა ანალოგიური საქმიანობის კომპანიებთან. ასეთი ანალიზის საფუძველზე კომპანია ფასდება, როგორც მოგების მოტანის შესაძლებლობის მქონე ქონებრივი კომპლექსი. ბიზნესის ღირებულება მისი ფუნქციონირების შედეგების ობიექტური მაჩვენებელია. ბიზნესის ღირებულების შეფასება ფაქტობრივად ეს არის საწარმოს მიმდინარე მოღვაწეობისა და პერსპექტივების ფინანსური, ორგანიზაციული და ტექნოლოგიური ანალიზი. კომპანიის ღირებულების შეფასებისას მრავალი ფაქტორის გათვალისწინება ხდება, თანაც სხვადასხვა კომპანიისათვის სხვადასხვა მაჩვენებლებს ენიჭებათ პრიორიტეტი. საწარმოო ორგანიზაციებისათვის ეს არის მათ მფლობელობაში არსებული ფასეულობების ღირებულება.

2.23. სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტმა სამოქალაქო რისკის გულმოდგინედ შეფასებით იგი მინიმუმადე უნდა დაიყვანოს. ნივთის შეძენისას მყიდველის წინდახედულების მასშტაბი გონივრული უნდა იყოს და შეესაბამებოდეს იმ რეალობას, რომელშიც ხდება ხელშეკრულების დადება. აღნიშნულ მასშტაბს უფრო ფართოს ხდის სსკ-ის 495-ე მუხლით დადგენილი სუბიექტის (მეწარმე) ბრუნვაში მონაწილეობა. მეწარმის მიერ სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული ქმედებისადმი კანონმდებლის მიერ შეფასების უფრო ფართო სტანდარტის დაწესება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ის კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ რისკებს უკეთ აღიქვამს. სამოქალაქო ბრუნვაში მეწარმის მიერ განხორციელებული ქმედება გონივრული და კონსტრუქციული უნდა იყოს.

2.24. მყიდველს ხელშეკრულების გაფორმებამდე ჰქონდა შესაძლებლობა შეეფასებინა ნასყიდობის საგანი. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას მოპასუხის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, აღნიშნული გარემოება შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერით დგინდება, თუ კონკრეტულად რა სახის ინფორმაციას ითხოვდა მოსარჩელე, რაც მოპასუხემ მიაწოდა (23.12.2018 წლის ელ. მიმოწერის თანახმად, დ.თ–ძის (მყიდველის დირექტორი) მიერ მოთხოვნილ იქნა: სართულების მიხედვით ყველა ოთახის ფართობი აბაზანის ჩათვლით; აივნის ფართობები ოთახის ფართობისაგან დამოუკიდებლად; ბოლო სართულზე არსებული რესტორნის ფართობი და დამოუკიდებლად ამ რესტორნის სამზარეულოს ფართობი; აგრეთვე რესტორნის ვერანდის ფართობი (აივნის ფართობი); მინიუს ერთ სართულზე არებული რესტორნის ფართობი და დამოუკიდებლად ამ რესტორნის სამზარეულოს ფართობი; სასტუმროს ლობის ფართობი; პირველ სართულზე არსებული ბარის ფართობი; სპა-ს ფართობი; დამხმარე სათავსოების ფართობი - საკუჭნაო, გასახდელები, მომსახურე პერსონალის განთავსების ადგილები, ტექნიკის განთავსების ადგილები, უსაფრთხოების ოთახები; ადმინისტრაციის განთავსების ადგილის ფართობი, სართულიანობა, ოთახების რაოდენობა, საერთო მიწის და შენობის სრული ფართობი. აღნიშნული წერილის პასუხით დგინება, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს მოთხოვნილი ინფორმაცია გაუგზავნა (ტ.1. ს.ფ. 118-120); 09.02.2019 წელს დ.თ–ძემ მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: სასტუმროს დატვირთულობა 2018 წელს, თვეების მიხედვით; სასტუმროს მომსახურე პერსონალის რაოდენობა, პოზიციების და ხელფასების მიხედვით; როგორ ნაწილდება სასტუმროს მთლიანი შემოსავალი, რამდენი პროცენტი მოდის ოთახების გაყიდვიდან და რამდენი რესტორან-ბარიდან; 2017-2018 წლების ორგანიზაციის ბუღალტრული ბალანსი. აღნიშნული წერილის პასუხით ირკვევა, რომ მოპასუხემ მყიდველს მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია (ტ.1. ს.ფ. 138-139); მოგვიანებით იქნა მოწოდებული 2018-2019 წლის პირველი თვეების ციფრები (ტ.1. ს.ფ. 216-217)). სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა განმარტებას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დათქმას მომავალში მისაღები მოგების შესახებ, ასევე ხელშეკრულებით არ არის დამატებით განსაზღვრული ხელშეკრულების გაფორმების მოტივი და თუ რა ხარისხის უნდა იყოს მიღებული ქონება, ხოლო ასეთ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მოტივი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, არც ნასყიდობის საგნის ხარისხია ხელშეკრულებით შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. განსახილველ შემთხვევაში ნივთი ვარგისია სარგებლობისათვის.

2.25. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის გადაცემული ქონება არ წარმოადგენს ნაკლიან ქონებას. შესაბამისად არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ნაკლიანი შესრულების მოტივით მოპასუხეთათვის თანხის დაკისრების საფუძველი.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.11.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. სამეწარმეო საზოგადოებაში წევრობას წილის ფლობა და მისგან გამომდინარე უფლებამოსილებათა (მოვალეობათა) ერთობლიობა განაპირობებს. წილის უკან გარკვეული კორპორაციულსამართლებრივი უფლებები და მოვალეობები დგას, რომელიც პარტნიორს საზოგადოებაში მმართველობით (თანამმართველობით) და ქონებრივ უფლებებს ანიჭებს (ბურდული ირაკლი, სამეწარმეო საზოგადოებაში წილის კეთილსინდისიერად მოპოვება, შედარებითი სამართლის ჟურნალი, №2/2019, გვ. 25). ამდენად, წილი არის პირის უფლება, საკუთრების საგანი, რომელიც განსაზღვრავს პირის მონაწილეობას სამეწარმეო საზოგადოებაში. წილი არის ის ერთეული, რომლითაც დგინდება მეწილის პროპორციული მონაწილეობა საზოგადოებაში (Bourne, Bourne on Company Law, 6th ed., 2013, 51; ბურდული ირაკლი, მახარობლიშვილი გიორგი, თოხაძე ანა, ზუბიტაშვილი ნონა, ალადაშვილი გიორგი, მაღრაძე გვანცა, ეგნატაშვილი დემეტრე, საკორპორაციო სამართალი, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი 2022, გამომცემლობა „იურისტების სამყარო,“ გვ.317 ).

10. იურიდიულ ლიტერატურაში წევრობის სტატუსის მოპოვების გარკვეულ დოგმატურ სტრუქტურაზე საუბრობენ. ამის მიხედვით, განასხვავებენ წევრის უფლება-მოვალეობათა ერთობლიობის - ა) თავდაპირველ შეძენას, რომელიც, თავის მხრივ, ორ ძირითად ნაწილად იყოფა: წევრობის მოპოვება საწარმოს დაფუძნების პროცესში მონაწილეობით ან საზოგადოების კაპიტალის გაზრდისას წილის შეძენით; ბ) ე.წ. მიმდინარე შეძენა, ანუ წილის შემდგომი მიღება, რომლის ასევე ორ ძირითად სახეობას გამოყოფენ: წილის მემკვიდრეობით მიღება ან წევრის სტატუსის მოპოვება გარიგებითსამართლებრივ ნიადაგზე (ბურდული ირაკლი, სამეწარმეო საზოგადოებაში წილის კეთილსინდისიერად მოპოვება, შედარებითი სამართლის ჟურნალი, №2/2019, გვ.26). როდესაც საუბარია საზოგადოებაში მცირე წილობრივი მონაწილეობით სამართლებრივ უფლებაზე, აქ იგულისხმება ის, რომ უმცირესობაში მყოფი პარტნიორისთვის წევრობა წარმოადგენს მხოლოდ კაპიტალდაბანდებას და დივიდენდის მოლოდინის ეკონომიკურ ინტერესს. საკონტროლო წილის შემძენი პირისთვის კი წილში გამოხატული ინტერესი არა მხოლოდ კაპიტალდაბანდებით არის განპირობებული, არამედ ამას ემატება საწარმოს მართვის, მისი მთლიანად კონტროლის ინტერესი. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, საზოგადოების წილის მფლობელი საზოგადოების მესაკუთრედაც მოიხსენიება და ეს სრულიად შეესაბამება მის ეკონომიკურ იმპლიციტურ ბუნებას (იხ. იქვე, გვ.28).

11. სამეწარმეო საზოგადოებაში წილის ფლობა წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (სსკ-ის 147-ე და 152-ე მუხლები) (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, პ. 191; Bramelid and Malmström v. Sweden (განაცხადის №8588/79, №8589/79, 1982).

12. 18.04.2019 წელს პირველ მოსარჩელეს (მყიდველი) და პირველ მოპასუხეს (გამყიდველი) შორის გაფორმდა შპს ,,ლ.გ–ის“ 100% წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეთა შეთანხმებით, წილის სყიდვის საფასური განისაზღვრა 5 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარით, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

13. მოსარჩელეები - მყიდველი და მყიდველის 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი თანხის დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის საფუძვლად უთითებენ, რომ 18.04.2019 წლის ხელშეკრულებით შესყიდული წილის ღირებულება რელურად ნაკლებია, ვიდრე მყიდველის მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასი, რამეთუ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად ვერ ხდება მყიდველისთვის სავარაუდო ოდენობით მოგების მიღება. მოსარჩელეთა განმარტებით, გამყიდველმა მყიდველს გადასცა ბევრად უფრო ნაკლები ღირებულების აქტივი, რაც გამყიდველისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის დაკისრების საფუძველია. სარჩელის თანახმად: „მოქმედი სასტუმროს შეძენის დროს, მთავარი გარემოება, რაზე დაყრდნობითაც შემძენი იღებს გადაწყვეტილებას, არის სასტუმროს შემოსავალი. შემძენისთვის, რომელიც გარიგების საფასურის ნაწილს პირადი ფულადი სახსრებით ფარავდა, ხოლო დანარჩენ ნაწილზე დიდი ოდენობით სესხს იღებდა, არსებითი იყო გარემოება, შეძლებდა თუ არა სასტუმრო მოკლე ვადაში შემძენის მიერ დაპირებული ხარჯების დაფარვას და მოგების გენერირებას. ამიტომ, ქონება უნდა ყოფილიყო დაპირებული ნივთობრივი და უფლებრივი მდგომარეობის შესაბამისი“ (იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ.2-30).

14. საწარმო სამეწარმეო საქმიანობის შინაარსის პრაქტიკულ ცხოვრებისეულ ურთიერთობაში განხორციელების ერთგვარი ინსტრუმენტია, რითიც მეწარმე მის ძირითად მიზანს - მოგების მიღებას, მის ოპტიმირებას აღწევს. თუმცა, სამართალბრუნვას შეხება აქვს არა საწარმოსთან უშუალოდ, არამედ მის მატარებელ სუბიექტთან, ანუ იმ კონკრეტულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმასთან, რომელიც ეკონომიკური სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოიყენება და სამართლის სუბიექტად გვევლინება (ბურდული ირაკლი, მახარობლიშვილი გიორგი, თოხაძე ანა, ზუბიტაშვილი ნონა, ალადაშვილი გიორგი, მაღრაძე გვანცა, ეგნატაშვილი დემეტრე, საკორპორაციო სამართალი, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი 2022, გამომცემლობა „იურისტების სამყარო,“ გვ.62). საწარმოს, ეკონომიკური სუბიექტის კონტექსტში, განასხვავებენ მისი ხასიათისა და მოცულობის მიხედვით. იმისათვის, რომ სახეზე იყოს საწარმო, საჭიროა ამ ორი ნიშნის თანხვედრა: 1 ხასიათი/სახე/ფორმა - იგი წარმოადგენს საწარმოს ხარისხობრივ (კვალიტატურ) ნიშანს. მასში მოიაზრება, მაგალითად, პროდუქციის წარმოება, ნივთების შეთავაზება, დასახულ ამოცანათა, მიზანთა სირთულე, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება მომსახურებისა თუ პროდუქციის წარმოების პროცესში, ორგანიზაციული სტუქტურა, კომუნიკაცია, დაფინანსება, დასაქმებული პერსონალის ხარისხი... 2. ეს არის სიდიდე, მოცულობა - რაოდენობრივი, ანუ კვანტიტატური ნიშანი. აქ შედის: საწარმოს სიდიდე, მომხმარებელთა წრე, საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა, ბრუნვის სიდიდე, კაპიტალის მოცულობა, კაპიტალური მოწყობილობები, ასევე საბრუნავი კაპიტალი, მისი სიდიდე/მოცულობა და სიხშირე. აღნიშნული ნიშნები, საბოლოო ჯამში, თვით საწარმოს ეკონომიკურ ღირებულებას განსაზღვრავს ბაზარზე და მისი წილის (აქციის) საბაზრო ღირებულების კარგი ინდიკატორია (იხ. იქვე, გვ.62-63).

15. ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ცენტრალურ ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 477-ე მუხლი, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობა ორმხრივი, კონსენსუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს აქვს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები (სუსგ №ას-437-2022, 02.05.2023წ.). გამყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევისას მყიდველს აქვს მეორადი მოთხოვნის უფლებები (სუსგ Nას-885-2023, 03.10.2023წ.; Nას-845-811-2016, 15.09.2017წ., პ.33).

16. სსკ-ის 494-ე მუხლით, ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც, როგორც წესი, ალტერნატიული მოთხოვნაა ხელშეკრულებიდან გასვლასა და საზღაურის შემცირების მოთხოვნებთან მიმართებით და, მეორე მხრივ, ე.წ. ჩვეულებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად. სსკ-ის 394-ე მუხლი ვალდებულების დარღვევის სისტემის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნის საფუძველია, რომელსაც სსკ-ის სისტემაში შემოაქვს განსხვავება შესრულების გვერდით და, შესრულების ნაცვლად, ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტებს შორის. ორივე მოთხოვნისთვის ეს ნორმა განსაზღვრავს საერთო და სპეციალურ წინაპირობებს და ადგენს შესაბამის სამართლებრივ სანქციებს. ერთეულ სპეციალური მოთხოვნის საფუძვლებს თუ არ ჩავთვლით, ეს ნორმა მოიცავს სახელშეკრულებო ვალდებულებათა სრულ სპექტრს (ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, 394-ე მუხლი, ველი 1). სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანი შესრულების გვერდით ანაზღაურებას ექვემდებარება სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამატებითი წინაპირობების გარეშე (ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, 394-ე მუხლი, ველი 9). მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღურება.

17. მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დათქმებს ნასყიდობის საგნიდან მომავალში მისაღები მოგების ოდენობასთან მიმართებაში, რაზეც განსაკუთრებულ მითითებას და ხაზგასმას აკეთებს მოსარჩელე მხარე. ამასთან, მოგების მიღების მიზანი სამეწარმეო საქმიანობის და, მაშასადამე, სამეწარმეო სუბიექტის ქმედების მიზნის ქვაკუთხედია. რაც შეეხება მოგების რეალურად მიღება/არმიღებას და მის ოდენობას, აღნიშნული მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა შორისაა როგორც სამეწარმეო საზოგადოების აქტივები, ისე მისი სწორი მართვა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი იმ გარემოების დადასტურება, რომ გამყიდველმა ვალდებულება დაარღვია - გადასცა ნასყიდობის საგანი, რომელიც არ შესაბამება შეთანხმებულ პირობებს. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ: მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ჰქონდა შესაძლებლობა შეეფასებინა ნასყიდობის საგანი, რისთვისაც მას მიეწოდა მოთხოვნილი სრული ინფორმაცია. მცდარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი არ დადასტურდა. როგორც სარჩელშიც არის აღნიშნული, მყიდველის მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა ხელშეკრულების დადებამდე მოამზადეს კიდეც ბაზრის კვლევა და გასცეს დადებითი დასკვნა ნასყიდობის საგნის შეთანხმებულ ფასად შეძენასთან დაკავშირებით.

18. პალატა მიუთითებს, რომ სსკ ნაკლიანი შესრულებიდან გამომდინარე მეორად მოთხოვნებთან მიმართებით განსხვავებულ მოწესრიგებას გვთავაზობს მეწარმე სუბიექტების შემთხვევაში. სსკ-ის 495-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება. კანონმდებლის მიერ საკითხის მსგავსი მოწესრიგება განპირობებულია იმით, რომ მეწარმე კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ რისკებს უკეთ აღიქვამს. ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ბრუნვაში მეწარმის მიერ განხორციელებული ქმედება გონივრული და კონსტრუქციული უნდა იყოს, წარმოადგენს პრეზუმფციას, რომელიც თავისი ბუნებით იურიდიული ფიქციაა და ამ ვარაუდს არ აუქმებს მეწარმე პირის მიერ გამოჩენილი წინდაუხედაობა. სტატუსი - „სამეწარმეო საზოგადოება“ მყიდველს, როგორც მეწარმეს, კანონის ძალით წარმოუშობს ჩვეულებრივ მყიდველთან შედარებით მეტი წინდახედულებისა და ნასყიდობის საგნის მახასიათებლების შემოწმების ვალდებულებას (სუსგ Nას-437-2022, 02.05.2023წ.). ამასთან, აღნიშნული ნორმის გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ მაშინ, როდესაც გარიგების ერთ-ერთი ან ორივე მხარე მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტია, არამედ მაშინაც, როდესაც ნივთის შეძენას სამეწარმეო მიზანი გააჩნია. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სსკ-ის 495-ე მუხლის განმარტებისას მხარის სტატუსს განსაზღვრავს სწორედ მის მიერ დადებული ხელშეკრულების მიზანი (იხ. სუსგ №ას-486-467-2016, 08.06.2017 წ.; №ას-845-811-2016, 15.09.2017 წ.).

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის (სუსგ Nას-1102-2022, 06.12.2022წ.). სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ.48).

20. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

22. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, პირველ მოსარჩელეს - 5600 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელეს - 4200 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.მ.გ–ისა“ და მ.ბ–უს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ა.მ.გ–ს“ (ს/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადახდო დავალება №15784991278, გადახდის თარიღი 18.01.2023წ.) 70% – 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. მ.ბ–უს (პასპორტის ნომერი: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის (საგადახდო დავალება №15773520288, გადახდის თარიღი 17.01.2023წ.) 70% – 4200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია