ას-117-2025
13 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ.დ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ს–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ს–მა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დ.დ–ძის (შემდეგში - მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......... (ს/კ N ......) გამოთხოვისა და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ს.ფ. 2-16).
1.1. მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, ....... (ს/კ N ........) და დადგინდა მესაკუთრისათვის უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.დ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აპრილის განჩინებით დ.დ–ძეს დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დასაბუთებული/დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე, 368-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით; ასევე 80 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
5.1. პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2024 წლის 01 აპრილის განჩინება აპელანტს ორჯერ გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ........., აგრეთვე მესამედ გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ სამუშაო მისამართზე - თბილისი, ........, თუმცა როგორც საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილებიდან ირკვეოდა, ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. უკუგზავნილებში მითითებული იყო, რომ „მისამართზე არაა, ტელეფონზე ვერ ვუკავშირდები“, „მისამართზე არავინ იყო“ და „არ ცხოვრობს“.
5.2. პალატის მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დ.დ–ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის არ უცნობებია საკუთარი ადგილსამყოფელის ცვლილების შესახებ. შესაბამისად, საქმეში არსებულ მისამართზე გაგზავნილი გზავნილები აპელანტისთვის ჩაბარებულად უნდა მიჩნეულიყო.
5.3. პალატის მითითებით, ვინაიდან, აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ.დ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
6.1. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ფოსტის თანამშრომლების არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას, ვინაიდან, გზავნილზე არსებული კომენტარი „მისამართზე არავინ იყო“ არ შეესაბამება სიმართლეს. რაც შეეხება სამუშაო მისამართზე გზავნილის გაგზავნას, გზავნილზე დატანილია კომენტარი „არ ცხოვრობს“, რომელიც შეესაბამება სიმართლეს და სასამართლოსთვისაც ცნობილი იყო, რომ აღნიშნული მისამართი არ არის დ.დ–ძის საცხოვრებელი მისამართი, თუმცა მას არ შეუშლია ხელი სასამართლოსთვის, რომ დ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა.
6.2. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს გზავნილის ჩაბარება პოლიციისთვის უნდა დაევალებინა და ასევე მიეღო გადაწყვეტილება საჯარო შეტყობინების შესახებ. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ აპელანტი საქმეში წარმოდგენილი იყო წარმომადგენლის მეშვეობით და გაუგებარია რატომ არ გაეგზავნა გზავნილი წარმომადგენელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გზავნილის ჩაბარება პოლიციისთვის უნდა დაევალებინა და ასევე მიეღო გადაწყვეტილება საჯარო შეტყობინების შესახებ. ამასთან, აღნიშნავს, რომ აპელანტი საქმეში წარმოდგენილი იყო წარმომადგენლის მეშვეობით და შესაძლებელი იყო გზავნილის მისთვის ჩაბარება.
11. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
12. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი საპროცესო მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი - სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
13. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას გზავნილის ჩაბარების სხვა საშუალების გამოყენების შესახებ ვერ გაიზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაშიც. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ასეთ შემთხვევაში კორესპონდენცია ჩაბარებულად ითვლება. შესაბამისად, პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაუგზავნოს როგორც უშუალოდ მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, ასევე, გზავნილი გააგზავნოს აღნიშნულ პირთა მიერ საქმეში მითითებული მისამართებიდან ნებისმიერზე, საკუთარი შეხედულებით. შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას, სასამართლოს მიერ მხარის მისამართის არჩევასთან დაკავშირებით. აღნიშნული იმითაცაა განპირობებული, რომ მხარე ვალდებულია, მიუთითოს ისეთი მისამართი, სადაც მისთვის სასამართლო კორესპონდენციის მიღება ხელმისაწვდომი იქნება. სასამართლო უწყება/გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მხარეს ან მის წარმომადგენელს გაეგზავნა მათ მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ მაინც (იხ. სუსგ Nას-208-2022, 29.04.2022წ).
14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 01 აპრილის განჩინებით დ.დ–ძეს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული/დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე, 368-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით; ასევე 80 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა. აპელანტს განჩინება მიერ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ძირითად მისამართზე: ქ. თბილისი, ........, გაეგზავნა ორჯერ, თუმცა, როგორც საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილებიდან ირკვევა, ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. უკუგზავნილებში მითითებულია, რომ აპელანტი „მისამართზე არაა, ტელეფონზე ვერ ვუკავშირდები“ „მისამართზე არავინ იყო“. სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტს ასევე გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ სამუშაო მისამართზე - თბილისი, ......., თუმცა გზავნილი ვერც ამ მისამართზე ჩაჰბარდა ადრესატს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 70-ე, 71-ე და 73-ე მუხლებით დადგენილი წესით გაუგზავნა აპელანტ მხარეს ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება და იგი მხარისათვის ჩაბარებულად მართებულად მიიჩნია სსსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში) შესაბამისად, რამეთუ, მხარის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილის გაგზავნა, მოხმობილი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო კორესპონდენციის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარებად განიხილება. მართალია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა (სსსკ-ის 73-ე მუხლის 7-ე ნაწილი და სსსკ-ის 78-ე მუხლები) ითვალისწინებს შესაძლებლობას, უწყების მხარისათვის ჩაბარება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს (უბნის ინსპექტორს), ან გავრცელდეს საჯარო შეტყობინების გზით, მაგრამ იქვე განსაზღვრავს მისი გამოყენების პირობას: თუ მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). განსახილველ შემთხვევაში მითითებული ნორმით გათვალისწინებული ვითარება სახეზე არ არის, ვინაიდან აპელანტს კანონით დადგენილი წესით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.2 მუხლი და 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) ჩაბარდა ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება. გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება
16. მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა სსსკ-ის მე-60 მუხლის 2-ე ნაწილის (წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი) თანახმად, დაიწყო 2024 წლის 12 ოქტომბრიდან - აპელანტის მიერ მითითებულ ალტერნატიულ მისამართზე გზავნილის მიტანის მომდევნო დღიდან. აღნიშნული დღიდან 7 დღის განმავლობაში და არც მოგვიანებით აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.
17. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (იხ. სუსგ Nას-1615-2019, 14.01.2020წ). ამდენად, საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სასამართლოს გზავნილი აპელანტს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, იმ მისამართზე, რომელიც თავად დაასახელა. შესაბამისად, აპელანტი მხარე ვალდებული იყო დადგენილ ვადაში შეევსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რაც მას არ განუხორციელებია.
18. პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.დ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება.
3. დ.დ–ძეს (........) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარიდან (საგადახდო დავალება N258762222365, გადახდის თარიღი 10.02.2025 წ.) ზედმეტად გადახდილი 25 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე