Facebook Twitter

№ას-292-2024

20 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე.ჩ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ს.ჯ.გ–ს“ იმერეთის რეგიონალური ოფისი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.ჩ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატ სასამართლოში შპს „ს.ჯ.გ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

1.1. მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ე.ჩ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 აგვისტოს განჩინებით ე.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ჭიათურა, ........ ს.კ. ........, 250 კვ.მ., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, 2005 წლის 01 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2005 წლის 11 ნოემბრიდან, აღირიცხა მ.ბ–ის საკუთრებაში.

5.2. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ჭიათურა, ........ ს.კ. ........, 200 კვ.მ., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, 2012 წლის 03 აგვისტოს საკუთრების უფლების №98 მოწმობის საფუძველზე, 2012 წლის 16 აგვისტოდან, აღირიცხა მ.ბ–ის საკუთრებაში.

5.3. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ჭიათურა, ....... ს.კ. ......., 250 კვ.მ., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, 2012 წლის 21 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 29 სექტემბრიდან, აღირიცხა ე.ჩ–ძის საკუთრებაში.

5.4. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ჭიათურა, ...... ს.კ. ...., 200 კვ.მ., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, 2017 წლის 24 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 29 მარტიდან აღირიცხა ე.ჩ–ძის საკუთრებაში.

5.5. ზემოთ მითითებული მიწის ნაკვეთები გაერთიანდა და უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ჭიათურა, ......... ს.კ. ....... (ნაკვეთის წინა ნომრები - ......... და ..........), 450 კვ.მ., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, 2021 წლის 16 ივნისს აღირიცხა ე.ჩ–ძის საკუთრებაში. საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველი იყო - 2012 წლის 21 სექტემბრის და 2017 წლის 24 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებები, ექსპერტიზის დასკვნა, ადგილზე დათვალიერების ოქმი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება.

5.6. ე.ჩ–ძის მიწის ნაკვეთში, ს.კ. ........., 1980-1990 წლებიდან განთავსებულია და გადის გაზსადენი და გამანაწილებელი ქსელი, 300მმ., ს.კ. ......., რაც საჯარო რეესტრში აღირიცხა 2010 წლის 25 აგვისტოს და რომლის ამჟამინდელ მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ს.ჯ.გ–“.

5.7. ე.ჩ–ძის მიერ უძრავი ქონების შეძენამდე (2012წ. და 2017წ.) სადავო მიწის ნაკვეთში უკვე განთავსებული იყო შპს „ს.ჯ.გ–ს“ კუთვნილი გაზსადენი და გამანაწილებელი ქსელი, რომელიც მოქმედებაშია და რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მოსახლეობის გაზით მომარაგება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.8. პალატამ განმარტა, რომ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრული სარჩელის წარმატებისთვის, მხოლოდ მესაკუთრედ ყოფნის დადასტურება საკმარისი არ იყო. მნიშვნელოვანი იყო იმის დადასტურება, რომ მესაკუთრისათვის ხელშეშლა მოპასუხის არამართლზომიერი მოქმედებიდან მომდინარეობდა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოპასუხის კუთვნილი გასადენები მოსარჩელის მიერ ქონების შეძენამდე იყო იქ განთავსებული. ამდენად, ქონების შეძენის მომენტისთვის მოსარჩელისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ასეთი ქსელის არსებობის შესახებ. დადგენილი ფაქტების პირობებში კი, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ქსელების გადატანის ვალდებულება არ არსებობდა.

5.9. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლად ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულია „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონები“ (შემდგომში - წესი), რომელიც მიღებულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგენს მაგისტრალური მილსადენების და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების დაცვის, უსაფრთხოების და საკონსულტაციო ზონებს და ამ ზონებში მოქმედ შეზღუდვებსა და რეგულირების პირობებს. პალატის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესი ერთობლიობაში ქმნის იმ ნორმატიულ საფუძველს, რომლის მიხედვითაც იზღუდება იმ უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებები, რომლის უძრავი ქონებაც გაზსადები ქსელის დაცვის ზონაშია მოხვედრილი. შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მესაკუთრის უფლება კანონმდებლობით იყო შეზღუდული, არ შეიძლებოდა მოპასუხის კუთვნილი გაზსადენი ქსელით გამოწვეული ხელშეშლა არამართლზომიერ ქმედებად ჩათვლილიყო.

5.10. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ტექნიკურად გაზსადენისა და გამანაწილებელი ქსელის გადატანის შესაძლებლობას. ამასთან, პალატამ მოსარჩელეს განუმარტა, რომ ვინაიდან, მიწის ნაკვეთი შეძენამდე უფლებრივი ნაკლის მქონე იყო, პრეტენზიის წარდგენა მხოლოდ გამყიდველის მიმართ იყო შესაძლებელი.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 აგვისტოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ ე.ჩ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი თავდაპირველი მესაკუთრის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა იმაზე ადრე, ვიდრე გაზსადენ და გამანაწილებელი ქსელს საკუთრებაში დაირეგისტრირებდა მოპასუხე.

8.2. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ქონების შეძენის პერიოდისთვის მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ასეთი ქსელის არსებობის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ის დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

14. განსახილველ შემთხვევაში, დავა შეეხება საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, რომელიც წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს და სამართლებრივი საკითხები სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარეობს. საკასაციო საჩივრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაფასებელია გარემოებები მასზედ, ახორციელებს თუ არა მოპასუხე მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელყოფას, სხვაგვარ ხელშეშლას ან/და ზიანს. კონკრეტულად, მხარეთა შორის სადავოა შპს „ს.ჯ.გ–ს“ კუთვნილი გაზსადენისა და გამანაწილებელი ქსელისაგან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთავისუფლების საფუძვლის არსებობა.

15. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

16. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

17. ამდენად, საკუთრების უფლება კონსტიტუციითა და შიდა საკანონმდებლო აქტებით დაცული უფლებაა, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და პირობების მიხედვით. ამავე დროს, საკუთრების უფლების შეზღუდვა მკაცრად დაცული წინაპირობების არსებობის შემთხვევებშია შესაძლებელი და ამისათვის მართლზომიერი საფუძველი უნდა არსებობდეს.

18. საკუთრების უფლება ექვემდებარება შეზღუდვას მისი სოციალური ფუნქციის გათვალისწინებით და აღნიშნულ უფლებაში ზომიერი ჩარევა დადგენილია მოქმედი სამართლებრივი ნორმებით. იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების შეზღუდვის მართლზომიერი საფუძველი არ არსებობს, მაშინ ხელმყოფისგან მესაკუთრის უფლების დაცვა გარდაუვალია.

19. სსსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. ასეთი ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ საქმე №ას-843-809-2016, 26 ოქტომბერი, 2016 წელი; №ას-674-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (იხ. სუსგ Nას-1250-2018, 21.12.2018 წ.). ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრული სარჩელის წარმატებისთვის, მხოლოდ მესაკუთრედ ყოფნის დადასტურება საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია დადასტურდეს, რომ მესაკუთრისათვის ხელშეშლა მოპასუხის არამართლზომიერი მოქმედებიდან მომდინარეობს, ანუ არა მარტო ხელშეშლის ფაქტი უნდა დადასტურდეს, არამედ უნდა შეფასდეს ხელშეშლის მართლზომიერება.

21. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით დამტკიცებულია „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონები“ (შემდგომში - წესი), იგი რომელიც მიღებულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგენს მაგისტრალური მილსადენების და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების დაცვის, უსაფრთხოების და საკონსულტაციო ზონებს და ამ ზონებში მოქმედ შეზღუდვებსა და რეგულირების პირობებს. მითითებული წესის მიზანია მაგისტრალური მილსადენების და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, ექსპლუატაციის უსაფრთხო პირობების შექმნა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. ეს წესი გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის ნებართვის მოპოვების, მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს, ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე შესასრულებელ სამუშაოთა წარმოებისას. მითითებული ნორმატიული აქტით დარეგულირებულია მილსადენის ქსელის მფლობელსა და მიწათმოსარგებლეს შორის ურთიერთობები. იგი ამ უკანასკნელს ქსელური ნაგებობის დაცვის ზონაში მოხვედრილი უძრავი ქონებით სარგებლობისათვის გარკვეული სახის შეზღუდვებს უწესებს, კერძოდ: მილსადენის დაცვის ზონაში იკრძალება შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა. ამ ზონაში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები უნდა შესრულდეს ოპერატორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით და მისი წარმომადგენლის მეთვალყურეობით. დაცვის ზონაში იკრძალება ნებისმიერი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტისათვის ზიანის მიყენება. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილება, რომელიც მიღებულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქმნიან იმ სამართლებრივ საფუძველს, რომლის მიხედვითაც იზღუდება იმ უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებები, რომლის უძრავი ქონებაც გაზსადენი ქსელის დაცვის ზონაშია მოხვედრილი.

22. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელშიც მოპასუხე - შპს „ს.ჯ.გ–ს“ კუთვნილი გაზსადენი და გამანაწილებელი ქსელია განთავსებული, სწორედ ამ ქსელის ექსპლუატაციიდან გამომდინარე ხელშეშლის აღკვეთას მოითხოვს ე.ჩ–ძე და უთითებს, რომ მას, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, უძრავი ქონების შეხედულებისამებრ განკარგვაში ეშლება ხელი. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ე.ჩ–ძის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში, ს.კ. ......., განთავსებულია და გადის 300მმ. მოცულობის გაზსადენი და გამანაწილებელი ქსელი, რომლის ამჟამინდელი მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ს.ჯ.გ–“. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული გაზსადენი და გამანაწილებელი ქსელი, ე.ჩ–ძის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში განთავსებულია 1980-1990 წლებიდან, ხოლო საჯარო რეესტრშ რეგისტრაცია განხორციელდა 2010 წლის 25 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ ე.ჩ–ძის მიერ უძრავი ქონების შეძენამდე (2012წ. და 2017წ.) სადავო მიწის ნაკვეთში უკვე განთავსებული იყო შპს „ს.ჯ.გ–ს“ კუთვნილი გაზსადენი და გამანაწილებელი ქსელი, რომელიც მოქმედებაშია და რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მოსახლეობის გაზით მომარაგება. ამდენად, ვინაიდან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხაზოვანი ნაგებობის გაყვანა განხორციელდა მანამდე, ვიდრე მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლება დარეგისტრირდებოდა და შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა, მხოლოდ მესაკუთრის შეცვლა მილსადენის გადატანის ვალდებულებას ვერ წარმოშობს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულება კი, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

23. პალატა მიუთითებს ასევე საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე. კერძოდ, მსგავს საქმეზე სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მილი მოსარჩელის მიერ შეძენილ მიწაზე განთავსებული იყო ქონების შეძენამდე და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მხარემ შეიძინა უფლებრივად დატვირთული ქონება. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სადავო მილის მოპასუხის ხარჯით სხვა ადგილზე გადატანა და მიწის ნაკვეთის გათავისუფლება, რაზედაც მოპასუხე თანახმა არ იყო. ამ შემთხვევაში მოპასუხე იღებდა პასუხისმგელობას იმ იურიდიულ შედეგებზე (თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე), რომელიც სხვისი ნივთით, კონკრეტულ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის სარგებლობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, თუმცა, რადგანაც ამგვარი პასუხისმგებლობის დაკისრება დავის საგანს არ წარმოადგენა, სასამართლო არ იმსჯელებდა მასზე. საკასაციო სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა მესაკუთრის პრეტენზია, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად, ხაზობრივ ნაგებობაზე აუცილებელი იყო რეგისტრაციის არსებობა, რადგანაც საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სადავო მილის განთავსება განხორციელებული იყო მითითებული კანონით დადგენილ რეგულაციამდე, ხოლო მისი ამ ეტაპზე საჯარო რეესტრში აღურიცხაობა განთავსების უკანონობაზე არ მეტყველებდა (იხ. სუსგ N ას-1185-1205-2011, 5.03.2012 წ.).

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის მართებულად გადანაწილებით, სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის უზრუნველყოფილ იქნა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპზე დაყრდნობით საქმის გამოკვლევა და შესწავლა (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები). სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წანამძღვრები და სამართლებრივად, არსებითად სწორი შეფასება მისცა მათ, ხოლო, კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

25. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

29. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით საკასაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ე.ჩ–ძეს (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადახდო დავალება N1118, გადახდის თარიღი 22.04.2024წ.) 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე