Facebook Twitter

№ას-531-2024

14 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.ა–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ს.კ–ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „თ.ს.კ–იამ“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სანსამართლოში ვ.ა–ძის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 17788.73 ლარის დაკისრება.

1.1. მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით შპს „თ.ს.კ–იის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: ვ.ა–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 17788.73 ლარის გადახდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინებით ვ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2020 წლის 11 მარტს, თბილისში, ...... ქუჩაზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მოპასუხე ვ.ა–ძე, მისი კუთვნილი ავტომანქანით სახელმწიფო ნომერი - ......, შეეჯახა შპს „თ.ს.კ–იის“ კუთვნილ ავტობუსს, სახელმწიფო ნომრით ........, რომელსაც მართავდა კომპანიის მძღოლი.

5.2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ შპს „თ.ს.კ–იის“ საგზაო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ, შედგენილ იქნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ აქტი N466, რომელშიც მიეთითა დამრღვევი მძღოლი, ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული დაზიანებები, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელთანაც გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი. მითითებულ დოკუმენტს ხელს აწერს ასევე მოპასუხე.

5.3. 2020 წლის 11 მარტს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ვ.ა–ძემ აღიარა მისი ბრალეულობა და აიღო ვალდებულება კომპანიისათვის ზიანის ანაზღაურებაზე. ურთიერთშეთანხმებაში მიეთითა ავტობუსის დაზიანებების შესახებ, კერძოდ: ბუფერი წინა, პანელი გვერდის, ლიუკი, პანელი თვლის.

5.4. შპს „თ.თ. & ბ-ის“ მიერ გამოწერილი ინვოისის შესაბამისად, დაზიანებული ავტობუსის აღსადგენად საჭირო ხარჯია - 5126.14 ევრო. რამაც გადახდის დღისათვის არსებული გაცვლითი კურსით შეადგინა - 17788.73 ლარი. მითითებული თანხა, შპს „თ.ს.კ–იის“ მიერ, 2020 წლის 06 მაისს გადარიცხულია შპს „თ.თ. & ბ–ის“.

5.5. შპს „თ.თ. & ბ-ის“ მიერ გამოწერილი ინვოისის შესაბამისად, სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი შემდეგია: 1. მძღოლის ქვედა მისაფარი კარი - 328.94 ევრო; 2. მძღოლის გამათბობელი კომპ. – 4.062.60 ევრო; 3. მძღოლის გამათბობელი ქუროს კომპლექტის მ/დ - 259.00 ევრო; 4. ლიუკის მ/დ - 37.00 ევრო; 5. პანელის წინა მარცხენა გვერდის აღდგენა - 74.00 ევრო; 6. პანელი წინა მარცხენა გვერდის შეღებვა - 81.90 ევრო; 7. პანელი წინა მარცხენა თვლის თარის შეღებვა - 81.90 ევრო; 8. ბუფერი წინა მარცხენას მ/დ დ/ა - 37.00 ევრო; 9. ბუფერი წინა მარცხენას შეღებვა - 81.90 ევრო; 10. ლიუკის შეღებვა - 81.90 ევრო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.6. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

5.7. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, მოპასუხე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ინვოისში მითითებულ ზიანის ოდენობას არ იზიარებდა, თუმცა საპირისპირო მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. აპელანტი ადასტურებდა, რომ ინვოისში მითითებული კონკრეტული ნაწილების დაზიანება გამოწვეული იყო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით (მაგ: წინა ბუფერის, გვერდითა პანელის, ლიუკის და თვლის პანელის), მაგრამ სადავოდ ხდიდა - მძღოლის გამათბობელის კომპლექტის და ამ გამათბობელს ქუროს კომპლექტის დაზიანებას. პალატის შეფასებით, მოპასუხის აპელირება, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ აქტში და ურთიერთშეთანხმებაში, არ იყო მითითებული კონკრეტულად გამათბობლის კომპლექტისა და ქუროს დაზიანების თაობაზე, აღნიშნული არ გამორიცხავდა ასეთი დაზიანების ფაქტის არსებობას, ვინაიდან, ცალსახა იყო, რომ დასახელებულ დოკუმენტებში ჩამოთვლილი იყო სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ გარეგანი დაზიანებები (აქტში: ბუფერი წინა მარცხენა, პანელი წინა მარცხენა გვერდის, ლიუკი, პანელი წინა მარცხენა თვლის თაღის. ურთიერთშეთანხმებაში: ბუფერი წინა, პანელი გვერდით, ლიუკი, პანელი თვლის), რაც არ გამორიცხავდა სხვა თანმდევ შედეგებს - ასეთი დაზიანებების არსებობის თვალსაზრისით. ამ დაზიანებების არ არსებობის მტკიცების ტვირთი კი, სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა.

5.8. პალატის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებული იყო მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იყო მტკიცებულება, კონკრეტული დაზიანებების აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯის შესახებ, მისი გაქარწყლებისა და საპირისპირო გარემოების არასებობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელსაც შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 17 788.73 ლარი და მისი ანაზღაურების ვალდებულება სწორად დაეკისრა მოპასუხეს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორის მითითებით, მის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი საქმეში წარმოდგენილ აქტსა და ურთიერთშეთანხმების წერილობით დოკუმენტში მითითებული დაზიანებები. ვ.ა–ძე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ დაზიანებულა მძღოლის გამათბობლის კომპლექტი, რადგან ამ დაზიანების შესახებ არ არის მითითებული დათვალიერების აქტსა და ურთიერთშეთანხმების აქტში, შესაბამისად, არც მოპასუხეს დაუდასტურებია ამ დაზიანების არსებობა. სხვა რაიმე მტკიცებულება, მათ შორის სპეციალისტის მიერ გაცემული დასკვნა ან თუდაც მოსარჩელე მხარის შესაბამისი თანამშრომლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამ ნაწილების დაზიანებას, სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი. ასევე უცნობია, ავტოსაგზაო შემთხვევამდე მოხდა თუ არა ავტობუსის დათვალიერება და გაურკვეველია მუშაობდა თუ არა ავტობუსი გამართულად, მწყობრში იყო თუ არა ის ნაწილები, რომელთა დაზიანების ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე. საქმეში წარმოგენილი ავტოსაგზაო შემთხვევიდან 1 თვის შემდგომ გამოწერილი ინვოისი კი, არ ადასტურებს მასში მითითებული ნაწილების ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანების ფაქტს. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ დაადასტურა დაზიანებული ნაწილების მოპასუხის ბრალით დაზიანება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ის დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

14. საკასაციო საჩივრით სადავოა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების წინაპირობების არსებობა. კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ დაადასტურა დაზიანებული ნაწილების მოპასუხის ბრალით დაზიანება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

15. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე იმსჯელებს. სსსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადასტუროს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადასტურების მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

17. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხის წერილობით პასუხში (შესაგებელში) მითითებული უნდა იყოს: თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელის წინააღმდეგ, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. სსსკ-ის 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. დასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეები საპროცესო სამართალურთიერთობაში მოქმედებენ რა, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფუნდამენტური პრინციპების ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სამართლებრივი ხერხითა და მეთოდით, რომელ სამართლებრივ ბერკეტებზე მითითებით დაუპირისპირდნენ სარჩელს და როგორ გააქარწყლონ ან შეარბილონ/შეამცირონ მათთვის დასაკისრებელი პასუხისმგებლობის ფარგლები. სასამართლო სამართალწარმოების განხორცილების პროცესში შეზღუდულია პროცესის მონაწილე სუბიექტთა ნების გამოვლენის ფარგლებით. სასამართლო სამართალწარმოებას ახორციელებს ერთი მხრივ, სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის, ხოლო, მეორე მხრივ, სარჩელის წინააღმდეგ წარმოდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი, დამაბრკოლებელი თუ შემწყვეტი შესაგებლების ურთიერთშეპირისპირების ფარგლებში (იხ. სუსგ საქმეზე №ას-827-2021, 03.12.2021 წ.).

19. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს „თ.თ. & ბ–ის“ მიერ გამოწერილი ინვოისი, რომლის თანახმად, დაზიანებული ავტობუსის აღსადგენად საჭირო ხარჯია - 5126.14 ევრო, რამაც გადახდის დღისათვის არსებული გაცვლითი კურსით შეადგინა - 17, 788.73 ლარი. კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ დაზიანებულა მძღოლის გამათბობლის კომპლექტი და გამათბობლის ქურო, რადგან ამ დაზიანების შესახებ არ არის მითითებული დათვალიერების აქტსა და ურთიერთშეთანხმების აქტში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით მოპასუხეს უნდა მიეთითებინა ძირითად საპროცესო დოკუმენტში (შესაგებეში) ან მოსამზადებელ სხდომაზე, საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დაწყებამდე. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეს საქმეზე წარმოდგენილი აქვს არაკვალიფიციური შესაგებელი, რომელშიც შემოიფარგლა ზოგადი ხასიათის მითითებით მასზედ, რომ არ ეთანხმებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობას. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე კი, მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ სურვილი ქონდა მოსარჩელეს შეემცირებინა ზიანის თანხა. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ დაადასტურა ინვოისში მითითებული ნაწილების მოპასუხის ბრალით დაზიანება, ვ.ა–ძემ სადავოდ გახადა სააპელაციო და შემდგომ საკასაციო საჩივრით. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ იმ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს ზემოაღნიშნული არგუმენტები არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სხდომაზე არ მიუთითებია, მოპასუხემ დაკარგა მათზე დაყრდნობით სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო უფლება.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში, კასატორს უკვე გადახდილი 200 ლარის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან, 689.44 ლარიდან 66.83 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ა–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ვ.ა–ძეს (......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 300773150) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან, 689.44 ლარიდან 66.83 ლარის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე