№ას-819-2024
21 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ი–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.მ–მა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ი–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 27600 ლარის დაკისრება(იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 2-17).
1.1. მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26080 ლარის გადახდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 აპრილის განჩინებით შპს „ი–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2015 წლის 13 მარტს ლ.მ–სა და შპს „ი–ს“ შორის დაიდო მშენებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ი–მა“ იკისრა ვალდებულება აეშენებინა და საკუთრებაში გადაეცა მყიდველისთვის უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისში, ………., ბინა №1, 70 კვ.მ. ფართი, თეთრი კარკასის მდგომარეობით.
5.2. ლ.მ–მა იკისრა ვალდებულება გამყიდველისთვის ნაწილ-ნაწილ 30 თვის განმავლობაში გადაეხადა ნასყიდობის ფასი 49910 აშშ დოლარის ოდენობით.
5.3. შპს „ი–მა“ იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი სახლი აეშენებინა 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში და უზრუნველეყო სახლის მყიდველის სახელზე რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში.
5.4. გადახდის ქვითრებით, საჯარო რეესტრის ამონაწერით და მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სრულად გადაუხადა უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური 49910 აშშ დოლარის ოდენობით.
5.5. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მოპასუხემ ნასყიდობის საგანი - უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ........., ს.კ. ......., მოსარჩელეს 2020 წლის 13 თებერვალს, 23 თვის დაგვიანებით გადასცა.
5.6. მოწმე - ნ.მ–ის ჩვენებით, საქმეში წარმოდგენილი იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულებებით, დაბადების მოწმობებით და საგადახდო დავალებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრები დაკავებულნი არიან უძრავი ქონების გაქირავება/იჯარით გაცემით და აღნიშნული საქმიანობიდან იღებენ შემოსავალს.
5.7. საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 05 მარტის ქირავნობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ 2022 წლის 05 მარტიდან მოსარჩელის ქალიშვილმა - ნ.მ–მა განახორციელა მოსარჩელის კუთვნილი, მოპასუხისგან შეძენილი უძრავი ქონების გაქირავება 1 წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 650 აშშ დოლარით.
5.8. შპს „ა. და შ. ს–ის“ დამოუკიდებელი შემფასებლის 2020 წლის 17 მარტის დასკვნის თანახმად სადავო პერიოდში, 2018 წლის 14 მარტიდან 2020 წლის 13 თებერვლამდე უძრავი ქონების (ს.კ. ......) ერთი თვის ქირა შეადგენდა 1200 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.9. პალატის მითითებით, მოსარჩელე მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა 2018 წლის 13 მარტამდე, თუმცა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოპასუხემ საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს ნასყიდობის საგანი გადასცა 23 თვის ვადაგადაცილებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი აღძრული იყო 2021 წლის 21 აპრილს, მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა მიუღებელი შემოსავალი, 2018 წლის 21 აპრილიდან 2020 წლის 13 თებერვლამდე, რაც ამ პერიოდში (ხელშეკრულების შესრულებამდე) მოსარჩელეს ბინის გაქირავების შემთხვევაში ექნებოდა. აღნიშნული თანხის ოდენობა კი შეადგენდა 26 080 ლარს.
5.10. პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრები დაკავებულნი არიან უძრავი ქონების გაქირავება/იჯარით გაცემით და აღნიშნული საქმიანობიდან იღებენ შემოსავალს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი, მოპასუხეს არ წარუდგენია.
5.11. პალატამ აღნიშნა, რომ მიუღებელი შემოსავალი, არის სავარაუდო შემოსავალი და წარმოადგენს ხარჯებს, რომელსაც პირი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პირობებში, მისი უფლებები, რომ არ დარღვეულიყო, მაგალითად ხელშეკრულება რომ შესრულებულიყო სათანადო წესით.
5.12. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შეთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაამტკიცა მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულ იქნა ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა. მოპასუხე მხარეს კი, აღნიშნულის საწინააღმდეგო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობის უსწორობას და გააქარწყლებდა მას, სასამართლოში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძელზე სწორად დაადგინა მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებდა მოპასუხის ინფორმირებას ან მის ვარაუდს იმის შესახებ, რომ მყიდველი ხელშეკრულების საგნის გამოყენებას აპირებდა შემოსავლის მისაღებად, ქონების მესამე პირების დროებით სარგებლობაში გადაცემის გზით. კასატორისთვის გაუგებარია რატომ გაამახვილა სასამართლომ ყურადღება „წმინდა ეკონომიკური დანაკარგის“ ტერმინზე, როდესაც ამ ტერმინის ქვეშ ნაგულისხმები პრინციპის მისადაგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან არ მომხდარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ის დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
14. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.
15. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას. ვალდებულების დარღვევით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დამფუძნებელ ნორმებს კი, სამოქალაქო კოდექსის 394-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) და 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლები წარმოადგენს და მოხმობილი ნორმების საფუძველზე, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლების გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).
16. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და მოსარჩელეს ხელშეკრულების საგანი გადასცა 23 თვის ვადაგადაცილებით. კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებდა მოპასუხის ინფორმირებას ან მის ვარაუდს იმის შესახებ, რომ მყიდველი ხელშეკრულების საგნის გამოყენებას აპირებდა შემოსავლის მისაღებად, ქონების მესამე პირების დროებით სარგებლობაში გადაცემის გზით.
17. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე იმსჯელებს. სსსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
18. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა კი თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს, უნდა ეფუძნებოდეს შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. აღსანიშნავია, რომ ერთი მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი მოსაზრება არ იგულისხმება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, კერძოდ, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულებები, დაბადების მოწმობები და საგადახდო დავალებები, რითაც დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრები დაკავებულნი არიან უძრავი ქონების გაქირავება/იჯარით გაცემით და აღნიშნული საქმიანობიდან იღებენ შემოსავალს. საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 05 მარტის ქირავნობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ 2022 წლის 05 მარტიდან მოსარჩელის ქალიშვილმა - ნ.მ–მა განახორციელა მოპასუხისგან შეძენილი უძრავი ქონების გაქირავება 1 წლის ვადით. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის მიზანი - გაექირავებინა სადავო ფართი, ხოლო რაიმე საპირისპირო მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ მოსარჩელის მიზანი საცხოვრებელი ფართის შეძენისას მისი გაქირავება და სარგებლის მიღება არ იყო, შპს „ი–ს“ არ წარმოუდგენია.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულა საკუთარი ვალდებულებები, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ დასაბუთებულია სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის, უძრავი ქონების გაქირავებით მისაღები შემოსავლის, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ. განახილველ შემთხვევაში, ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ოდენობა ეფუძნება შემფასებლის დასკვნას, რისი გამაბათილებელი მტკიცებულებაც კასატორს (მოპასუხეს) სასამართლოსათვის არ წარუდგენია. საპირისპირო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტით. შესაბამისად, არ არსებობს კასტორის პრეტენზიის გაზიარებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის (მოპასუხის) მოთხოვნის საფუძვლიანობას. პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც სარჩელის საფუძვლიანობას გამორიცხავდა.
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 1304 ლარის 70% – 912.8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. შპს „ი–ის“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1304 ლარის (საგადახდო დავალება N9185, გადახდის თარიღი 26.07.2024წ.) 70% – 912.8 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე