Facebook Twitter

საქმე Nას-236-2025

28 აპრილი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე.თ–ი(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ი–ძე (მოპასუხე)

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, თანამესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით, ე.თ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე, ი.გ–ძეს, მოსარჩელე, ე.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 66 742.24 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა, მოთხოვნა ნ.ი–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ½ ნაწილის თანამესაკუთრედ ი.გ–ძის ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ე.თ–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, ე.თ–ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

5. იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 11 დეკემბერს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით და მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის ცნობილი არ ყოფილა, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა - ე.თ–მა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - მისი ავადმყოფობით, რაც დასტურდება 2024 წლის 11 დეკემბერს სამედიცინო დაწესებულების, შპს ქ. თ. N? ს.მ.ც–ის მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცლით. წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ მას სრულად ჰქონდა მინდობილი სასამართლოში საქმისწარმოების უფლებამოსილება, თავად აპელანტი არც ერთ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა და შესაბამისად, სხდომის თაობაზე ინფორმირებული არ იქნებოდა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

11. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

12. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

13. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.) მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ (შდრ. სუსგ-ებები: Nას-1274-2019, 31.07.2020წ., Nას-1265-2019, 27.12.2019წ.).

15. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 11 დეკემბერს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის (კერძო საჩივრის ავტორი) გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერი საფუძვლის არსებობა.

17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.თ–ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2024 წლის 11 დეკემბერს, 11 საათზე. აღნიშნული სხდომის თაობაზე, აპელანტის ინფორმირების დასადასტურებლად, საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტი (ტ.II, ს.ფ.26). საქმის მასალებით დგინდება, რომ 2024 წლის 11 დეკემბერს, 11:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი, რომელსაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით. აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე დაკმაყოფილდა.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლო შეფასების საგანია, თუ რამდენად იყო კერძო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ. საქმე №ას-1035-2021, 20.01.2022წ., ას-982-2024, 27.09.2024წ.).

21. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2024 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიზეზით და სახლში მარტო ყოფნით დროულად ვერ მოახერხა სასამართლოსათვის ინფორმაციის მოწოდება. აღნიშნული დასტურდება 2024 წლის 11 დეკემბერს, სამედიცინო დაწესებულების, შპს ქ. თ. N? ს. მ. ც–ის მიერ გაცემული შრომისუუნარობის ფურცლით, რომლის თანახმად მხარეს დაენიშნა წოლითი რეჟიმი (ტ.II, ს.ფ.60). ამასთან, მხარე მიუთითებს, საავადმყოფო ფურცლის გახსნის თარიღზე, რომელიც სწორედ სასამართლო სხდომის დღეს ემთხვევა 11.12.2024 და გაგრძელდა 18.12 2024 პერიოდზე .

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 25.09.2007 წლის N281/ნ ბრძანებით დამტკიცებული დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესაბამისად საავადმყოფო ფურცელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი), რომელიც წარმოადგენს დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გაიცემა დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის გამო (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი“). ერთ-ერთ საქმეში უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ამა თუ იმ პირისთვის საავადმყოფო ფურცლის გახსნა თავისთავად, ცალკე აღებულიც, პაციენტის შრომისუუნარობასა და, შესაბამისად, სამუშაო ადგილზე თუ სხვა დაწესებულებაში, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე მიუთითებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საავადმყოფო ფურცლის სამართლებრივ სტატუსს და განმარტავს, რომ საავადმყოფო ფურცელი, განსხვავებით ამბულატორიული მკურნალობის სამედიცინო ცნობებისგან, არ საჭიროებს დამატებით აღნიშვნას სასამართლო სხდომაზე პაციენტის გამოუცხადებლობის თაობაზე, მითითებული დოკუმენტი, დანიშნულებიდან გამომდინარე, იმთავითვე გამორიცხავს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, პაციენტის შრომისუნარიან სუბიექტად და, მაშასადამე, საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართალწარმოებაში მონაწილეობისუნარიან პირად განხილვას (სუსგ. №ას-1976-2018, 30.04.2020 წ., ას-1579-2024, 21.05.2024წ.).

23. პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ცნობის სახით, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა სათანადო, სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება, რომლის თანახმად, არსებობდა ობიექტური გარემოება, რომელიც ადასტურებს სადავო პერიოდში აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობას (წოლითი რეჟიმი) და 2024 წლის 11 დეკემბერს დანიშნულ სხდომაზე, როგორც სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობას, ასევე ამ გარემოებების სასამართლოსათვის წინასწარ შეტყობინების შეუძლებლობას. აქვე, პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსთვის წინასწარ ინფორმირების სამართლებრივი დატვირთვა ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. ამგვარი შეტყობინებით შესაბამისი მხარე, არამხოლოდ თავისი, არამედ მოწინააღმდეგე მხარისა და სასამართლო რესურსის არაეფექტური ხარჯვის პრევენციას უზრუნველყოფს, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც უტყუარად დასტურდება ავადმყოფობის მიზეზით მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას, მიუხედავად იმისა, მხარემ წინასწარ შეატყობინა თუ არა სასამართლოს, პროცესზე შესაძლო გამოუცხადებლობის თაობაზე.

24. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სსსკ-ის 93-ე მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილით მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა/საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (შდრ. სუსგ. Nას-1016-2020, 10.06.2021წ.).

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ იკვეთება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამომრიცხველი გარემოება და ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.12.2024 წლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე.თ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი