Facebook Twitter

საქმე №ას-1559-2023 29 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,თ.ქ.თ“ დირექტორი თ.გ–ძე;

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს ,,ა.ს–ო’;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გაუქმება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „თ.ქ.თ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, მენარდე, კასატორი) წარმომადგენელმა, შპს „ა.ს–ოს“ (შემდეგში: მოპასუხე, შემკვეთი, აპელანტი) წინააღმდეგ და მოითხოვა შპს „ა.ს–ოს“ „შპს თ.ქ.თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 86 307.97 ლარის, ასევე მიყენებული ზიანის სახით 54 020.08 ლარის გადახდა;

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელის არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ მის სასარგებლოდ მართლაც შეასრულა გარკვეული სამუშაოები, თუმცა, აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 612 862.25 ლარი გადახდილი აქვს.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 71 014.66 ლარის გადახდა.

4. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა

4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხის წარმომადგენელმა და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება მოითხოვა;

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს უარი ეთქვა 71 014.66 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებაზე;

5.2. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, ამასთან დამატებით მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე.

5.3. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დადგენილია, რომ მოპასუხე რეგისტრირებულია 2017 წლის 9 თებერვალს, მისი დირექტორია ს.კ.ა.ა.ლ.მ–ი. მოსარჩელე რეგისტრირებულია 2017 წლის 1 მარტს, მისი დირექტორია თ.გ–ძე (ტ.1. ს.ფ. 17-20);

5.4. მხარეთა შორის 2017 წლის 10 მაისს დადებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის სასარგებლოდ, მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა გარკვეული სამუშაოები.

5.5. ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად მოსარჩელე ვალდებულებას იღებს დაიწყოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ქარხნის ტერიტორიაზე (ქ. ქუთაისი, .........). კერძოდ, ტერიტორიაზე არსებული ასფალტის საფარის აღება და გატანა, ლიფტის შახტის დემონტაჟი და ინტერნეტ კაბელის არხის მოწყობა. მოსარჩელე ზემოთხსენებულ სამუშაოებს დაიწყებს არაუგვიანეს 2017 წლის 11 მაისისა;

5.6. ამავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესაბამისად კი მოპასუხე ვალდებულებას იღებს ჩარიცხოს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე (პროკრედიტ ბანკი ა/ნ GE15PC0013600100....) შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%, რაც შეადგენს 56 730.75 ლარს, არაუგვიანეს 2017 წლის 11 მაისისა. დანარჩენი სამუშაოების აღწერა, საფასურის გადახდა და ურთიერთობების პირობები ჩაიდება ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმდება კომპანიებს შორის. ძირითადი ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსარჩელის ანგარიშზე ჩაერიცხება მთლიანი ღირებულების 25%, ავანსის სახით (ტ.1. ს.ფ. 42);

5.7. საქმეში წარდგენილი საგადასახადო დავალება №0238 თანახმად მოპასუხემ 2017 წლის 15 მაისს, იმავე წლის 10 მაისის შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელის ანგარიშზე ავანსის სახით ჩარიცხა 56 730.75 ლარი (ტ.1,ს.ფ. 50).

5.8. საგადასახადო დავალება №0311 თანახმად 2017 წლის 01 ივნისს მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა 280 918.75 ლარი. საგადახდო დანიშნულებაში მითითებულია ინვოისი თარიღით 31.05.2017, სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების თაობაზე (ტ.1. ს.ფ. 49);

5.9. 2017 წლის 17 ივლისს მხარეთა შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომლის პირველ პუნქტში მითითებულია, რომ მოსარჩელე ვალდებულებას იღებს განაგრძოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქარხნის ტერიტორიაზე (ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის 88), კერძოდ, ტერიტორიაზე არსებული საოფისე ფართის სარემონტო სამუშაოები. მოსარჩელე ზემოთხსენებულ სამუშაოებს დაიწყებს არაუგვიანეს 2017 წლის 18 ივლისისა. სამუშაოების დეტალური აღწერა დღეების მიხედვით აღწერილი იქნება დანართში №3 (17.07.2017 წელი);

5.10. ამავე ხელშეკრულების მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ მოპასუხე ვალდებულებას იღებს ჩარიცხოს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე (პროკრედიტ ბანკი ა/ნ GE15PC0013600100046990) შესრულებული გარკვეული სამუშაოს ღირებულება, რაც შეადგენს 100 000 ლარს არაუგვიანეს 2017 წლის 18 ივლისისა. დანარჩენი სამუშაოების აღწერა, საფასურის გადახდა და ურთიერთობების პირობები ჩაიდება შემდეგ დანართებში, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი სამუშაოს სახე და ვადები. მესამე პუნქტი განსაზღვრავს დანართში №3-ში (17.07.2017 წელი) აღწერილი სამუშაოების და ვადების დარღვევის შემთხვევაში, შემდეგი ანგარიშსწორების დროს, ჩასარიცხ თანხას გამოაკლდება 500 ლარი, შეთანხმებაში აღწერილ ყოველ დარღვეულ სამუშაო დღეზე (ტ.1. ს.ფ. 43);

5.11. შეთანხმებას ახლავს დანართი №3, სადაც ჩამოთვლილია შესასრულებელი სამუშაოები: გიბსკარდონის აკვრა, ამსტრონგის ჭერი, მეტალოპლასტმასის კარები, მეტალოპლასტმასის ვიტრაჟი, სამღებრო სამუშაოები, კაფელ-მეტლახი და კერამოგრანიტის ფილების დაგება, პლასტიკატის ჭერი, ვენტილაცია, ლამინირებული პარკეტის დაგება, სანტექნიკა, ელექტროობა. ასევე, დანართში მითითებულია სამუშაოების შესრულების ვადები. სამუშაოების ღირებულება, დანართში ასახული არაა (ტ.1. ს.ფ. 44).

5.12. საქმეზე წარმოდგენილია, საგადასახადო დავალება №0845, რომლითაც დადაგენილია, რომ მოპასუხემ 2017 წლის 18 ივლისს მოსარჩელეს ანგარიშზე ჩარიცხა 100 000 ლარი. საგადახდო დავალებაში მითითებულია ინვოისი 17.07.2017, რომლის დასახელებაა - „სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები“ (ტ.1. ს.ფ. 48, ს.ფ. 122);

5.13. საგადასახადო დავალება №1147 და 2017 წლის 4 აგვისტოს ინვოისით დადგენილია, რომ 2017 წლის 8 აგვისტოს მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა 84 231 ლარი, საგადახდო დავალებაში მითითებულია ინვოისი 04.08.2017, რომლის დასახელებაა „სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები“ (ტ.1. ს.ფ. 47; 118);

5.14. 2018 წლის 22 მარტს მხარეთა შორის წერილობით დაიდო №1 შეთანხმება, სადაც პირველ პუნქტში მითითებულია, რომ მხარეები ურთიერთობას გააგრძელებენ ურთიერთმოლაპარაკებისა და თანამშრომლობის წესით. ასევე, მხარეები თანხმდებიან მასზე, რომ არანაირი ფორმით არ გამოხატავენ პროტესტს (გამოსვლები, დემონსტრაციები და სხვა საპროტესტო აქციები);

5.15. ამავე შეთანხმების მეორე პუნქტში მითითებულია, რომ მოპასუხე ვალდებულებას იღებს ჩაურიცხოს მოსარჩელეს წარმოდგენილი ინვოისების შესაბამისად საბანკო ანგარიშზე (პროკრედიტ ბანკი ა/ნ GE15PC0013600100......) შესრულებული სამუშაოს და მასალების ღირებულება, რაც შეადგენს 71 000 ლარს. თანხის გადარიცხვა მოხდება არაუგვინეს 2018 წლის 2 აპრილისა (ტ.1. ს.ფ. 45);

5.16. საგადასახადო დავალება №5541 და 2018 წლის 16 მარტის ინვოისებით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 მარტს მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა 71 000 ლარი. საგადახდო დავალებაში მითითებულია ინვოისი თარიღით 16.03.2018. (ტ.1. ს.ფ. 46, 124-125);

5.17. საგადასახადო დავალება #1387 და 2017 წლის 25 აგვისტოს ინვოისით დადგენილია, რომ მოპასუხემ 2018 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა 20 000 ლარი, საგადახდო დავალების მიხედვით მითითებული თანხა წარმოადგენდა სავენტილაციო სამუშაოს ღირებულებას (ინვოისი 25.08.2017) (ტ.1. ს.ფ. 119-120);

5.18. 2019 წლის 28 მარტს, მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა 71 000 ლარის გადახდა, რომლითაც უნდა გასტუმრებულიყო მუშა-მოსამსახურეების დარჩენილი ხელფასები, სახელმწიფოს მიმართ გადასახადები და მასალის მომწოდებლების დავალიანება (ტ.1. ს.ფ. 130);

5.19. საქმეში წარმოდგენილია 28.03.2019 წლის ინვოისი, რომლის თანახმად გადასახდელი თანხა ეხებოდა ოფისის მოწყობის სამუშაოებს (ტ.1. ს.ფ. 126);

5.20. 2019 წლის 15 აპრილს მოსარჩელემ კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა მოპასუხეს და მოითხოვა შეთანხმების შედეგად დარჩენილი 71 000 ლარის გადახდა 2019 წლის 19 აპრილამდე (ტ.1. ს.ფ. 131);

5.21. 2019 წლის 16 აპრილს მოპასუხემ მოსარჩელეს წერილობით უპასუხა და განუცხადა, რომ სრულად აქვს შესრულებული 22.03.2018 ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ითხოვა ხელმოწერილი შეთანხმების მიწოდება, რომლის საფუძველზეც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეს რაიმე დამატებითი ვალდებულება გააჩნდა მოსარჩელის მიმართ (ტ.1. ს.ფ. 132);

5.22. 2019 წლის 19 აპრილს მოსარჩელემ კიდევ ერთი წერილი მისწერა მოპასუხეს და შესთავაზა შეხვედრა, რათა წარედგინა დავალიანების დამადასტურებელი საბუთები (ტ.1. ს.ფ. 133);

5.23. საქმეში წარმოდგენილია ცალმხრივად შედგენილი 2017 წლის 31 მაისის, 2017 წლის 4 აგვისტოს, 2017 წლის 25 აგვისტოს, 2017 წლის 17 ივლისის, 2018 წლის 16 მარტის ხარჯთარღიცხვის დოკუმენტები (ინვოისები), რომელიც ხელმოწერილია მხოლოდ მოსარჩელის მიერ (ტ.1. ს.ფ. 116, 118, 120, 122, 124, 125-126). (ტ.1. ს.ფ. 21-41);

5.24. დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემკვეთის სასარგებლოდ მენარდის ვალდებულება გარკვეული სამუშაოების შესრულების თაობაზე.

5.25. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ აპელანტის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მან სრულად გადაიხადა დავალიანება, რომ ამ გადახდის შემდეგ მას არანაირი დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია და არ არსებობს მისთვის თანხის დაკისრების საფუძველი;

5.26. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მოპასუხის ვალდებულება მის მიმართ.

5.27. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა სარჩელზე თანდართულ მტკიცებულებებზე: 1. ცალმხრივად შედგენილ ხარჯთარღიცხვის დოკუმენტებზე (ტ.1. ს.ფ. 21-41) 2. მხარეთა შორის 2017 წლის 10 მაისის, 17 ივლისის და 2018 წლის 22 მარტის შეთანხმებზე (ტ.1. ს.ფ. 42-45). 3. საგადასახადო დავალებებზე (ტ.1. ს.ფ. 46-50) 4. შპს თ.ქ.თ–ის საბანკო ამონაწერზე (ტ.1. ს.ფ. 51-52) 5. ოფისის სარემონტო სამუშაოების ფოტოსურათებზე (ტ.1. ს.ფ. 53-75);

5.28. დასახელებული მტკიცებულებებისა და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების უარსაყოფად მოპასუხემ წარადგინა 1. ცალმხრივად შედგენილი 2017 წლის 31 მაისის, 2017 წლის 4 აგვისტოს, 2017 წლის 25 აგვისტოს, 2017 წლის 17 ივლისის, 2018 წლის 16 მარტის ხარჯთარღიცხვის დოკუმენტები (ინვოისები), რომელიც ხელმოწერილია მხოლოდ მოსარჩელის მიერ (ტ.1. ს.ფ. 116, 118-, 120, 122, 124, 125-126). 2. 2018 წლის 22 მარტის ხელშეკრულება. 3. 2019 წლის 16 აპრილის წერილი სადაც მოპასუხემ წერილობით უპასუხა და განუცხადა, რომ მის მიერ სრულადაა შესრულებული 22.03.2018 ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და თხოვა მიეწოდებინა ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეს რაიმე დამატებითი ვალდებულება გააჩნდა მოსარჩელის მიმართ და ხარჯთარღიცხვის ფურცელი (ტ.1. ს.ფ. 130-134);

5.29. სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ 2018 წლის 22 მარტს მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ განახორციელა საბოლოო ანგარიშსწორება და მენარდეს გადაურიცხა 71 000 ლარი, რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებს თავის სასარჩელო განცხადებაში;

5.30. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებით ოფისის სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 368 188.25 ლარს. თავად მოსარჩელისვე მტკიცებით მან შეასრულა სამუშაოების 70% და რომ ოფისის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია სხვა კომპანიის მიერ;

5.31. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორადაა შეფასებული მხარეთა შორის 2018 წლის 22 მარტს გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალებულება გადაეხადა 71 000 ლარი, რითაც ხდებოდა მხარეთა შორის არსებული დავალიანების სრულად დაფარვა და საბოლოო ანგარიშსწორება და განმარტავს, რომ აღნიშნული შეთანხმება არაფერს ამბობს დამატებით 71 014.66 ლარის გადახდაზე და არც სხვა ზეპირი თუ წერილობითი შეთანხმება ამ თანხის გადახდასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი არ არის;

5.32. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სადავო - შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ამავე სამუშაოების ღირებულების საკითხი სწორედ 2018 წლის 22 მარტს გაფორმებული შეთანხმებით მოწესრიგდა. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით ჩარიცხული თანხით დაიფარა დავალიანება, ხოლო, საპირისპირო მტკიცებულება, რომელიც სარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

6.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

6.3. კასატორის განმარტებით, 2017 წლის თებერვლის თვეში სამშენებლო კომპანიის დირექტორს თ.გ–ძეს დაუკავშირდა მ.თ–ი, რომელიც იმ პერიოდში იყო ქალაქ ქუთაისში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველი კომპანია შპს „ფ.ჯ–ას“ დირექტორი. მან შესთავაზა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება შპს „ა.ს–ოს“ ფართში, რომელსაც ყიდულობდა შპს „ფ.ჯ–ასაგან“;

6.4. კასატორის განმარტებით, ორი თვის განმავლობაში, ანაზღაურების გარეშე მოამზადა ხარჯთაღრიცხვები და სხვადასხვა არქიტექტორებს და კონსტრუქტორებს საკუთარი სახსრებით დაამზადებინა პროექტის ნახაზები. სამუშაოები საკმაოდ დიდი მოცულობის იყო, მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებდა. მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორმა მოითხოვა თანხის დაკლება და საბოლოოდ მოხდა შეთანხმება 1 134 615 ლარზე (გარკვეული პერიოდის შემდეგ კიდევ შემცირდა 1 123 675.34 ლარამდე), სულ 15 სხვადასხვა პროფილის სამუშაო იყო შესასრულებელი (ბეტონის დაგება 11500კვ.მ-ზე, საამქროს სახურავების გადახურვა 15000 კვ.მ-ზე, დრენაჟის მოწყობა, ტექნოლოგიური მიმღებების მოწყობა, 40 ტონიანი წნეხისთვის საძირკვლების მოწყობა, ოფისის სარემონტო სამუშაოები და სხვა). გაიწერა შესასრულებელი სამუშაოების გრაფიკი და ვადები;

6.5. 2018 წლის მარტში გადასახდელი დარჩა 157 307.97 ლარი, რა დროსაც მხარეებმა მიაღწიეს შემდეგ შეთანხმებას: 1. ასანაზღაურებელი თანხა შემცირდა 15 203.93 ლარით; 2. ვალდებულება მოსარჩელის მიმართ დაფიქსირდა 142 104.04 ლარი; 3. პირველ ეტაპზე მოპასუხე ჩარიცხავდა 71 000 ლარს; 4. დარჩენილი 71 104.04 ლარი ჩაირიცხებოდა რამდენიმე თვის შემდეგ;

6.6. 2018 წლის 1 აპრილს 71 000 ლარი ჩაირიცხა მოსარჩელის ანგარიშზე, აღნიშნული თანხით დაიფარა ხელფასები და სხვა დავალიანებები, დარჩენილი 71 104.04 ლარი კი მოპასუხეს აღარ გადაუხდია;

6.7. მეორე შეთანხმებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს შეწყვეტილი ჰქონდა ოფისის სარემონტო სამუშაოები იმიტომ, რომ აგვიანებდნენ მანამდე შესრულებული საამქროს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას.

6.8. კასატორის განმარტებით, მესამე შეთანხმების მიხედვით მოპასუხე ვალდებულებას იღებდა ჩაერიცხა 71 000 ლარი, ამავე შეთანხმებით დასტურდებოდა, რომ მხარეები ურთიერთობას გააგრძელებდნენ ურთიერთმოლაპარაკებისა და თანამშრომლობის წესით. კასატორის განმარტებით შეთანხმების დასახელებული ნაწილი ცხადყოფს, რომ მხარეს დავალიანება ჰქონდა დარჩენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი ჩანაწერი (მხარეები ურთიერთობას გააგრძელებდნენ ურთიერთმოლაპარაკებისა და თანამშრომლობის წესით) არ გაკეთდებოდა შეთანხმებაში.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას.

11. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

12. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში. სამართალში დამკვიდრებულია „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი) პრინციპი, რომლის შესაბამისად, მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს.

13. წინამდებარე დავაში, მენარდის მიერ წარდგენილი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების დარჩენილი საფასურის 86 307.97 ლარისა და ზიანის 54 020.08 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, და მოპასუხეს მხოლოდ 71 014.66 ლარი დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, მხოლოდ მოპასუხემ გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაკმაყოფილებული ნაწილის უარყოფა მოითხოვა. მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მოსარჩელეს მთლიანად უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენად მართლზომიერად დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, და რამდენად დასაბუთებულად ეთქვა უარი სარჩელს, შესრულებული სამუშაოსა და მასალების ანაზღაურების შესახებ 71 014.66 ლარის ნაწილში.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 629.1 მუხლის შესაბამისად „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“. ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებულებელი (სინალაგმატური „sinalagma“), სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. იგი აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.

15. ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.

16. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. რელატიური უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ №ას-696-696-2018, 2018 წლის 6 ივლისის განჩინება).

18. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, პალატა განმარტავს, რომ შედგენილია ნარდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, მენარდეს (მოსარჩელეს), შემკვეთის სასარგებლოდ გარკვეული სამუშაოები უნდა შეესრულებინა, კერძოდ, მენარდის ვალდებულებას წარმოადგენდა შემკვეთის საკუთრებაში არსებულ ქარხნის ტერიტორიაზე (ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის 88) არსებული ასფალტის საფარის აღება და გატანა, ლიფტის შახტის დემონტაჟი და ინტერნეტ კაბელის არხის მოწყობა. მენარდე, ზემოთხსენებულ სამუშაოებს დაიწყებს არაუგვიანეს 2017 წლის 11 მაისისა. საპირისპიროდ, შემკვეთი ვალდებულია ჩარიცხოს შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%, რაც შეადგენს 56 730.75 ლარს, არაუგვიანეს 2017 წლის 11 მაისისა. დანარჩენი სამუშაოების აღწერა, საფასურის გადახდა და ურთიერთობების პირობები ჩაიდება ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმდება კომპანიებს შორის. ძირითადი ხელშეკრულების დადების შემდეგ მენარდეს ანგარიშზე ჩაერიცხება მთლიანი ღირებულების 25%, ავანსის სახით (ტ.1,ს.ფ. 42).

19. საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ძირითადი ხელშეკრულების გათვალისწინებით, მოსარჩელე ვალდებული იყო მოპასუხის სასარგებლოდ გარკვეული სამუშაოები შეესრულებინა. მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე 2018 წლის 22 მარტს გაფორმებული შეთანხმებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება წარმოდგენილი ინვოისების შესაბამისად, მოსარჩელისთვის ჩაერიცხა შესრულებული სამუშაოსა და მასალების ღირებულება 71 000 ლარი, არაუგვიანეს 2018 წლის 2 აპრილისა. ანგარიშსწორება განხორციელდა და მოსარჩელის ანგარიშზე გადარიცხულ იქნა 71 000 ლარი(იხ.ს.ფ.46 ტომი1)

20. კასატორის პრეტენზიის თანახმად, დასახელებული შეთანხმების მომენტისთვის შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების საფასური 157 307.97 ლარი იყო (იხ. ასევე სარჩელი). საიდანაც, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით სრული თანხა შემცირდა 15 203,93 ლარით, შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადახდილი 71 000 ლარისა და შემცირებული 15 203.93 ლარის გათვალისწინებით დარჩენილი გადასახდელი შეადგენდა 71 104.04 ლარს. კასატორის განმარტებთ, ვინაიდან მოპასუხემ 71 000 ლარის გადახდის შემდეგ, შეთანხმებისამებრ, რამდენიმე თვეში არ გადაიხადა დარჩენილი 71 104.04 ლარი, მისი მოთხოვნა შემცირებული 15 203.93 ლარსაც ეხებოდა, თუმცა სარჩელის მოთხოვნა (პირველ ინსტანციაში) ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ შეადგენდა 86 307.97 ლარს (157 307.97-71 000= 86 307.97).

21. საკასაციო სასამართლო, დასახელებული გარემოების დასადასტურებლად საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე მიუთითებს და სამოქალაქო პროცესში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის გათვალისწინებით განმარტავს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების შესაბამისი სახის მტკიცებულებებით დადასტურება.

22. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ;

24. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მიუთითა მხარეთა შორის 2017 წლის 10 მაისის, 17 ივლისის და 2018 წლის 22 მარტის შეთანხმებზე (ტ.1. ს.ფ. 42-45). 2. საგადასახადო დავალებებზე (ტ.1. ს.ფ. 46-50) 3. მოსარჩელე საწარმოს საბანკო ამონაწერზე (ტ.1. ს.ფ. 51-52) 5. ოფისის სარემონტო სამუშაოების ფოტოსურათებზე (ტ.1. ს.ფ. 53-75). აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხემ წარადგინა შემდეგი მტკიცებულებები - 1. ცალმხრივად შედგენილი 2017 წლის 31 მაისის, 2017 წლის 4 აგვისტოს, 2017 წლის 25 აგვისტოს, 2017 წლის 17 ივლისის, 2018 წლის 16 მარტის ხარჯთარღიცხვის დოკუმენტები (ინვოისები), რომელიც ხელმოწერილია მხოლოდ მოსარჩელის მიერ (ტ.1. ს.ფ. 116, 118-120, 122, 124, 125-126). 2. 2018 წლის 22 მარტის ხელშეკრულება. 3. 2019 წლის 16 აპრილის წერილი, სადაც „ა.ს–ომ“ მოპასუხეს წერილობით უპასუხა და განუცხადა, რომ მის მიერ სრულად იქნა შესრულებული 22.03.2018 ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და თხოვა მიეწოდებინა ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დადასტურდებოდა, რომ შპს „ა.ს–ოს“ რაიმე დამატებითი ვალდებულება გააჩნდა მოსარჩელის მიმართ და ხარჯთარღიცხვის ფურცელი (ტ.1. ს.ფ. 130-134);

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებსა და მათ შეფასებას და განმარტავს, რომ დასახელებული მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს, მოსარჩელემ გადაიხადა 71 000 ლარი, რაც წარმოადგენდა საბოლოო ანგარიშსწორებას. საგულისხმოა, რომ დასახელებული თანხის ჩარიცხვას სარჩელშივე ადასტურებს კასატორი (იხ. ტ.1,ს.ფ. 4). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული 2018 წლის 22 მარტის შეთანხმება შეეხება 2018 წლის 2 აპრილამდე, მოსარჩელისთვის, წარდგენილი ინვოისების შესაბამისად შესრულებული სამუშაოსა და მასალების ღირებულების - 71 000 ლარის გადახდას, რაც როგორც აღინიშნა მხარეს ჩარიცხული აქვს, ხოლო, ამავე შეთანხმებაში, არაფერია ნათქვამი, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ დამატებით 71 014.66 ლარზე (სარჩელით მოთხოვნილ 86 307.97 ლარზე (157 307.97-71 000= 86 307.97)) და თავდაპირველი შეთანხმებით შემცირებულ 15 203.93 ლარზე. ამდენად, უდავოა, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხის ჩარიცხვაზე მიუთითებს მოპასუხე, ამავეს ადასტურებს მოსარჩელე, საპირისპირო მტკიცებულება კი, რაც მოპასუხის შეუსრულებელ ვალდებულებას დაადასტურებდა, მოსარჩელეს არ წარუდგენია.

26. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. 28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. 30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. 32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „თ.ქ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „თ.ქ.თ–ის“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №4331, გადახდის თარიღი 17/11/2023) 3 556 ლარის 70% - 2 489.2 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე