საქმე№ას-507-2024 23 იანვარი, 2025 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „გ.კ–კა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ.ჭ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება
დავის საგანი - დისციპლინარული სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. ქ.ჭ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „გ.კ–კის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, დამსაქმებელი ან კასატორი) წინააღმდეგ, მოითხოვა მოპასუხის 2023 წლის 27 თებერვლის დისციპლინური სახდელის სახით პირად საქმეში შეტანით, სასტიკი საყვედურის შეფარდების შესახებ უნომრო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელის სასარგებლოდ 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით იძულებითი განაცდურის 3 375 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კლინიკის 27.02.2023 წლის უნომრო ბრძანება მოსარჩელის მიმართ დისციპლინარული სახდელის სახით სასტიკი საყვედურის პირად საქმეში შეტანით შეფარდების შესახებ; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის მაისის ჩათვლით პერიოდის იძულებით განაცდური დარიცხული 3 172.05 ლარი;
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5.2. მოსარჩელე 2016 წლის 3 ნოემბრიდან წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია მოპასუხე კლინიკაში ანესთეზიოლოგის პოზიციაზე.
5.3. შრომითი ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტის თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია თავის უშუალო საქმიანობაში იხელმძღვანელოს დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესით, ამ კონტრაქტის პირობებით და ქვეყანაში მოქმედი შრომის კანონმდებლობით, ხოლო 2.1.2. პუნქტის თანახმად, დამქირავებული ვალდებულია შეუქმნას დაქირავებულს სათანადო შრომის პირობები დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად და დადგენილი წესით აუნაზღაუროს შრომა.
5.4. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, დაქირავებული ვალდებულია მკაცრად დაიცვას შრომის დისციპლინა, შინაგანაწესი, რასაც ადასტურებს კონტრაქტზე ხელმოწერით.
5.5. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, დამქირავებელი დაქირავებულს შრომას უნაზღაურებს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით.
5.6. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, დაქირავებული პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოს ხარისხზე.
5.7. ხელშეკრულების 6.5. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის პირობების შეცვლა ხდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და წერილობითი ფორმით.
5.8. ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, თუ კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად გრძელდება და არცერთმა მხარემ არ მოითხოვა მისი შეწყვეტა, კონტრაქტის მოქმედება ითვლება გაგრძელებულად იგივე ვადით.
5.9. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება დამოკიდებული იყო მორიგეობების რაოდენობაზე, რომელიც თვეში 2 მორიგეობას შეადგენდა. ამასთან, მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის 03.11.2016 წლის ბრძანებით განსაზღვრული იყო ანაზღაურების კონკრეტული ოდენობები ჩატარებული მომსახურების მოცულობის და დროის გათვალისწინებით.
5.10. 2022 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში მოსარჩელე არ იყო ჩასმული დამსაქმებლის მხრიდან მორიგეობის გრაფიკში, არ მიეცა შესაძლებლობა შეესრულებინა სამუშაო, შესაბამისად ამ პერიოდში მოსარჩელეს არც სამუშაო შეუსრულებია და არც დამსაქმებელს მიუცია ანაზღაურება.
5.11. 2023 წლის დასაწყისიდან მოსარჩელეს ცალმხრივად შეუმცირდა შრომის ანაზღაურების ოდენობა - მორიგეობების დღეები, კერძოდ 2 სამორიგეო დღიდან 1 სამორიგეო დღის დატოვებით.
5.12. მოპასუხემ 11.05.2023 წელს გაუგზავნა მოსარჩელეს 27.02.2023 წლით დათარიღებული ბრძანება დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე. აღნიშნულ ბრძანებაში დისციპლინური სახდელის შეფარდების სამართლებრივი საფუძველი არ არის მითითებული.
5.13. ი.გ–ას 2022 წლის 21 დეკემბრის მოხსენებით ბარათში მითითებულია 2022 წლის 27 ოქტომბერს კლინიკის ანესთეზიოლოგმა (მოსარჩელემ), პაციენტის გადაყვანასთან დაკავშირებით თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ხელმძღვანელები არ ეთანხმებოდნენ, ამის შემდეგ მან ასევე დაარღვია კლინიკის შინაგანაწესი, არ გამოცხადდა დილის კონფერენციაზე, სადაც ხელმძღვანელებისათვის და კოლეგებისათვის უნდა განემარტა წინა დღით მიღებული გადაწყვეტილების მოტივი. მოხსენებითი ბარათის ავტორის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენდა საქართველოს შრომის კოდექსით (შემდეგში: სშკ) განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევას, რის გამოც საკითხი უნდა შესწავლულიყო და რეაგირება ჰქონოდა დამსაქმებელს.
5.14. მოხსენებით ბარათზე მოპასუხე კლინიკის გენერალური დირექტორის 21.12.2022 წლის რეზოლუციაში მითითებულია: „ექ. ქ.ჭ–ს კლინიკის შინაგანაწესის დარღვევისათვის გამოეცხადოს საყვედური“.
5.15. ქ.ჭ–ის 26.02.2023 წლით დათარიღებული ახსნა-განმარტებაში მითითებულია 27.10.2022 წელს მოპასუხე კლინიკაში მოსარჩელის მორიგეობის დროს ერთ-ერთი პაციენტი იმყოფებოდა გ.კ–კის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დიაგნოზით - საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (ოვულაციის ან სუპეროვულაციის ინდუქციის სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გართულება, რომელიც ხასიათდება საკვერცხეების გადიდებით და სითხის გადანაცვლებით ინტრავასკულურიდან ექსტრავასკულურ სივრცეში -კაპილარების განვლადობის გაზრდის გამო).
5.16. პაციენტი საჭიროებდა მკურნალობის გაგრძელებას მრავალპროფილურ კლინიკაში. დაისვა საკითხი პაციენტის გადაყვანის შესახებ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა ანესთეზიური სამსახურის უფროსს, რომელმაც თანხმობა განაცხადა და ინფორმაცია მიეწოდა ადმინისტრაციას. ყველა დონეზე მოხდა შეთანხმება პაციენტის გადაყვანის შესახებ, შეთანხმება აგრეთვე კონკრეტულად რომელ კლინიკაში უნდა გადასულიყო პაციენტი. ამის შესახებ იცოდნენ: თ.ა–ამ (მისი უშუალო თხოვნა და მითითება იყო პინეოს სამედიცინო ეკოსისტემა), ი.გ–ამ და ლ.ფ–ვამ, პ.მ–მა. გ.კ–კაში 00:30 სთ-ზე გამოიძახეს კატასტროფის სამსახური და პაციენტი გადაიყვანეს პინეოს სამედიცინო ეკოსისტემაში.
5.17. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ აღიარა მოსარჩელის მიერ ხელმძღვანელობისათვის სმს შეტყობინების განხორციელება პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე მეორე დღით ე.წ. კონფერენციაზე ნაწილობრივ დასწრების ფაქტობრივი გარემოება. მოსარჩელე დასაქმებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში.
5.18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე, დასაქმებულის მხრიდან შინაგანაწესის დარღვევაზე მიუთითებდა, თუმცა ბრძანებაში საერთოდ არ იყო ნახსენები სახდელის სახით, სასტიკი საყვედურის შეფარდების სამართლებრივი საფუძველი.
5.19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პაციენტის ერთი კლინიკიდან მეორეში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების თვითნებურად მიღების ფაქტი არ დასტურდება. მოპასუხე მხარეს არ უარყვია, რომ პაციენტის გადაყვანის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ ი.გ–ა, ლ.ფ–ვა და პ.მ–ი.
5.20. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანა წარმოადგენს პაციენტის მკურნალობის შემადგენელ ნაწილს, ხოლო სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. აპელანტის განმარტებით, ქ.ჭ–მა არ გააკეთა მოხსენება პაციენტის მდგომარეობის შესახებ, მისი დიაგნოზი იყო არასწორი და პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ არსებობდა.
5.21. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარემ აღიარა მოსარჩელის მიერ ხელმძღვანელობისათვის სმს შეტყობინების გაგზავნის ფაქტი, პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე მეორე დღით ე.წ. კონფერენციაზე ნაწილობრივ დასწრების ფაქტობრივი გარემოება.
5.22. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე მხარეს სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულება, რომ პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ არსებობდა და მოსარჩელემ თვითნებურად და არასწორი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაიყვანა პაციენტი, არ წარუდგენია სასამართლოსთვის.
5.23. სააპელაციო სასამართლომ პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონსა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონზე მიუთითა და განმარტა, რომ მკურნალობის მეთოდის და ფორმებთან, მათ შორის კონკრეტულ კლინიკაში გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პაციენტი იღებს, ინფორმირებული თანხმობის გამოხატვით და არა ცალმხრივად მკურნალობის სერვისის მიმწოდებელი კლინიკა ან ექიმი. გამონაკლისი ციტირებული წესიდან არ არსებობს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, პაციენტის პრეტენზიის არარსებობის პირობებში, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობაზე მსჯელობა.
5.24. სააპელაციო სასამართლომ ასევე იძულებითი მოცდენის გამო, განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2022 წლის ნოემბერი - 2023 წლის მაისის ჩათვლით პერიოდის იძულებით განაცდურის დარიცხული 3 172.05 ლარის გადახდის შესახებ საფუძვლიანი იყო.
5.25. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ფიქსირებული ანაზღაურება არ იყო განსაზღვრული. ანაზღაურება გამომუშავებით იყო და ტარიფები მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის მიერ იყო განსაზღვრული.
5.26. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოსარჩელეს 2022 წლის ნოემბრამდე ჰქონდა 2 მორიგეობა და ანაზღაურების ოდენობაც იყო მორიგეობის შესაბამისი. დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2022 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში სამუშაოს შესრულება - მორიგეობები საერთოდ არ ჰქონდა, ვინაიდან განყოფილების გამგემ იგი არ შეიყვანა მორიგეობის ცხრილში. მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნული გამოიწვია 2022 წლის 27 ოქტომბერს მომხდარმა ინციდენტმა. ინციდენტის საბოლოოდ გარკვევამდე მოსარჩელე არ ჩასვეს მორიგეობის გრაფიკში ნოემბერ დეკემბრის თვეში, შესაბამისად, ამ პერიოდში ადგილი აქვს დამსაქმებლის ბრალით დასაქმებულის იძულებითი მოცდენას. რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან-მაისის ჩათვლით პერიოდს, რატომ განსაზღვრა დამსაქმებელმა 1 სამორიგეო დღე, ნაცვლად ორი სამორიგეო დღისა, აღნიშნულის სამართლებრივი დასაბუთება და წერილობითი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, აპელანტს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია.
5.27. სააპელაციო სასამართლომ, იძულებითი განაცდურის ოდენობის შესახებ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და ყოველთვიური ხელფასის ოდენობა გამოიანგარიშა მოსარჩელის მიერ მანამდე მიღებული ყოველთვიური ხელფასის საშუალო ოდენობიდან, რაც შეადგენდა 621.73 ლარს ერთ თვეზე, ამდენად 2 თვის სახელფასო დავალიანების სახით 2022 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში მართლზომიერი იყო მოსარჩელის მოთხოვნა 1 500 ლარის დაკისრებაზე.
5.28. ამასთანავე, 2023 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში საქმის მასალებით დადგენილია, რომ იანვრის თვეში სახელფასო ანაზღაურების სახით მოსარჩელეს არ აქვს მიღებული 621.73 ლარი, თებერვლის თვეში - 10.68 ლარი, მარტის თვეში - 270.06 ლარი, აპრილის თვეში - 379.23 ლარი, ხოლო მაისის თვეში - 55.94 ლარი. საერთო ჯამში ამ პერიოდზე იძულებითმა მოცდენამ შეადგინა დაბეგრილი 1 137.64 ლარი, ხოლო 2022 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეების იძულებით განაცდურთან ერთად ჯამში 3 172.05 ლარი.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
6.1. მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინებაზე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
6.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმის გარემოებები. სასამართლოს არ შეუფასებია საქმეში წარდგენილი შინაგანაწესი, რომელიც მთავარი მტკიცებულებაა დასაქმებულის პირველი მოთხოვნის საფუძვლიანობის შესაფასებლად. საქმეში არსებული შინაგანაწესი, რომელიც მოქმედებდა სადავო პერიოდში, განთავსებულია კლინიკის ადმინისტრაციაში თვალსაჩინო ადგილზე. შინაგანაწესის გაცნობას დასაქმებული ადასტურებდა შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. შინაგანაწესის 1.3 პუნქტის თანახმად, შინაგანაწესი წარმოადგენს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
6.3. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა სახელფასო ანაზღაურება. კასატორის განმარტებით სასამართლო სხდომაზე მხარეებმა განმარტეს, რომ მიმდინარე თვის ხელფასი გაიცემა მომდევნო თვეში. სასამართლო უთითებს, რომ მოსარჩელეს არ აქვს მიღებული ნოემბერ-დეკემბრის თვის ხელფასი, რომლის ანაზღაურებაც უნდა მოხდეს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რომ იანვრის თვეში მოსარჩელეს არ აქვს მიღებული 621,73 ლარი, რომელიც წარმოადგენს დეკემბრის თვის ხელფასს და ამ ციფრს უმატებს იანვარ-მაისის თვის მიუღებელ შემოსავალს. გარდა ამისა, თუ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში მითითებულ ციფრებს დავაჯამებთ, ჯამი გამოდის 1 337,64 ლარი, რომელშიც შედის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასი, რომელიც იანვარში უნდა მიეღო. 2022 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვის მიუღებელი შემოსავალი კი გადაწყვეტილების მიხედვით გამოვიდა 1 834,41 ლარი, როდესაც სასამართლომ თვითონ დაადგინა, რომ ერთი თვის მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 621,73 ლარს. გაუგებარია, რა პრინციპით დააჯამა სასამართლომ მიუღებელი შემოსავლის ოდენობა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
11. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ. Nას-1529-1443-2012, Nას-973-1208-04; Nას-664-635-2016).
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
13. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ-ებს: N ას-475-2019, 15.04.2021წ; N ას-1065-2020, 08.04.2021წ; N ას-338-2019, 22.03.2021წ; N ას-703-2023, 20.10.2023; Nას-1090-2023, 20.10.2023წ; Nას-1284-2023, 26.12.2023წ; Nას-1129-2023, 26.12.2023წ; Nას-1599-2023, 26.01.2024წ.).
14. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „შრომითი პროცესი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია დამსაქმებლის დავალების ფარგლებში არაერთჯერადად სამუშაოს შესრულებასთან. იგი მართალია ხორციელდება ორ სამართლებრივად თანასწორ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა ამავე დროს ახასიათებს დაქვემდებარებული ხასიათი. შრომითი ხელშეკრულების დადებისას მხარეები მოქმედებენ საკუთარი ნების შესაბამისად, თუმცა აშკარაა, რომ დამსაქმებელს უფრო მეტი საბაზრო ძალაუფლება და შრომითი ხელშეკრულების პირობებზე მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია დასაქმებულთან შედარებით. ადამიანის ღირსეული ცხოვრება ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამუშაოს შესრულებასა და ამ სამუშაოსათვის ანაზღაურების მიღებაზე, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან მომდინარე რისკები ხშირ შემთხვევაში უფრო მტკივნეულად აისახება დასაქმებულზე, მისი კეთილდღეობა შეიძლება დიდწილად დამოკიდებულიც იყოს სამუშაოს შესრულებიდან მიღებულ ანაზღაურებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში სრული სახელშეკრულებო თავისუფლების დადგენამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი დასაქმებულის მიერ შრომის თავისუფლების უფლების განხორციელებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება N 2/2/565; საქართველოს მოქალაქეები ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; II-33). შესაბამისად, შრომის სამართალი უპირატესად დასაქმებულთა დაცვის სამართალია.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, დამოუკიდებლად, აღიარებითი სახის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა, პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებში, საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ_ები: N ას-937-887-2015, 10.11.2015; Nას-17-14-2015, 01.07.2015წ.; N ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; N ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; Nას-773-730-2015, 08.09.2015წ.; Nას-181-174-2016, 06.05.2016წ.; N ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; Nას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; Nას-407-390-2016, 10.6.2016წ; N ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
16. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ შრომითსამართლებრივ დავებში დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანების (მაგ. შენიშვნის, საყვედურის გამოცხადების თაობაზე და სხვ.) ბათილად ცნობა დამოუკიდებელ მოთხოვნად შეიძლება იქნეს აღძრული, რადგან ამ დროს მოსარჩელის იურიდიული ინტერესია არამართლზომიერად დაკისრებული ზემოქმედების ღონისძიებისა თუ სახდელის გაბათილება, რომელიც, ერთი მხრივ, თუკი არამართლზომიერია უნდა გაბათილდეს, ამასთან, შესაძლოა იურიდიული ინტერესი იმაშიც მდგომარეობდეს, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული რომელიმე დისციპლინური ღონისძიების გაბათილებამდე შესაძლოა სხვა დარღვევის შემთხვევაში შეიქმნას დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების წინაპირობა, დამსაქმებელი ორგანიზაციის შრომითი ხელშეკრულების ან შინაგანაწესის მიხედვით (იხ. სუსგ N ას-1418-2018, 13.12.2019წ. პ. 31; №ას-913-2023; 9.02, 2024 წელი, პ.27).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის სახით, სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების არამართლზომიერად ცნობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი შეფასება, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია. ამასთან, სადავოა სასტიკი საყვედურის გამოცხადების შემდეგ, მოსარჩელის მორიგეობის გრაფიკში შეყვანის შეზღუდვის გამო, იძულებითი განაცდური და მისი ოდენობა.
18. დადგენილია, რომ მოსარჩელე 2016 წლის 3 ნოემბრიდან წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია მოპასუხე კლინიკაში ანესთეზიოლოგის პოზიციაზე.
19. შრომითი ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტის თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია თავის უშუალო საქმიანობაში იხელმძღვანელოს დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესით, ამ კონტრაქტის პირობებით და ქვეყანაში მოქმედი შრომის კანონმდებლობით, ხოლო 2.1.2. პუნქტის თანახმად, დამქირავებული ვალდებულია შეუქმნას დაქირავებულს სათანადო შრომის პირობები დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად და დადგენილი წესით აუნაზღაუროს შრომა.
20. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, დაქირავებული ვალდებულია მკაცრად დაიცვას შრომის დისციპლინა, შინაგანაწესი, რასაც ადასტურებს კონტრაქტზე ხელმოწერით.
21. სშკ-ის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ თუ შინაგანაწესი უნდა იქცეს ხელშეკრულების ნაწილად, მისი ამოქმედებისათვის აუცილებელია ხელშეკრულების დადებამდე დასაქმებულისთვის მისი გაცნობა. შინაგანაწესის სავალდებულო ძალის საკითხთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ, როგორც წესი, შინაგანაწესით დადგენილი პირობები დგინდება ხელშეკრულების სტანდარტული პირობების სახით. შრომითი ურთიერთობის სუბორდინაციული მოწყობის ერთ-ერთი გამოხატულებაა დამსაქმებლის უფლება, ცალმხრივად დაუდგინოს დასაქმებულებს შრომითი პირობები (დამსაქმებელი უფლებამოსილია კონტროლი განახორციელოს დასაქმებულის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ შესრულებულ სამუშაოს ხარისხზე), განუსაზღვროს სამუშაო დრო ან/და ადგილი. სწორედ ცალმხრივად ადგენს დამსაქმებელი სავალდებულოდ შესასრულებელი წესების ერთობლიობას შინაგანაწესის სახით. ამავდროულად იგი ვალდებულია შრომის შინაგანაწესი დასაქმებულს გააცნოს (სშკ-ს 23-ე მუხლი).
22. ამგვარად, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობების არსებობისას, სამუშაოს შესრულების დროს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, შესაძლო დისციპლინური საქმისწარმოების პროცედურები უნდა იყოს ასახული შრომის ხელშეკრულებაში ან შრომის შინაგანაწესში. შესაბამისად, სასამართლო დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების კანონიერების შემოწმებისას, გამოვლენილ გასაჩივრებულ ნებას ამოწმებს შრომით ხელშეკრულებასა და შრომის შინაგანაწესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმართებით.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს მხარეთა შორის დადებულ შრომითი ხელშეკრულების 2.2. პუნქტზე, რომლის თანახმად, დაქირავებული ვალდებულია მკაცრად დაიცვას შრომის დისციპლინა, შინაგანაწესი, რასაც ადასტურებს კონტრაქტზე ხელმოწერით. აღნიშნული დათქმა არ ათავისუფლებს დამსაქმებელს შრომით კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისაგან. რომლის თანახმად, იგი ვალდებულია შრომის შინაგანაწესი დასაქმებულს გააცნოს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის შეფასებას, რომ დასაქმებულის მიერ ხელმოწერილი შრომის შინაგანაწესი, რომელსაც გაეცნო დასაქმებული, თანამდებობრივი ინსტრუქცია ან სხვა წესები წარმოდგენილი არ არის, ხოლო, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გასაჩივრებული დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების მართლზომიერებაზე არსებითად. ამ უკანასკნელის კანონიერების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელზეა, როგორც დისციპლინური სახდელის შემფარდებელზე და შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობის ძლიერ მხარეზე.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელისთვის დისციპლინური ღონისძიების გატარების საფუძველი გახდა ი.გ–ას 2022 წლის 21 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი, სადაც მითითებულია, რომ 2022 წლის 27 ოქტომბერს კლინიკის ანესთეზიოლოგმა (მოსარჩელემ) პაციენტის გადაყვანასთან დაკავშირებით თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ხელმძღვანელები არ ეთანხმებოდნენ, ამის შემდეგ მან ასევე დაარღვია კლინიკის შინაგანაწესი, არ გამოცხადდა დილის კონფერენციაზე, სადაც ხელმძღვანელებისათვის და კოლეგებისათვის უნდა განემარტა წინა დღით მიღებული გადაწყვეტილების მოტივი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომის შინაგანაწესის დარღვევაზე მითითების მიუხედავად, სადავო ბრძანებაში სახდელის სამართლებრივი საფუძველი მითითებული არაა.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება პაციენტის გადაყვანასთან დაკავშირებით, მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების თვითნებურად მიღების ფაქტი. თავად მოპასუხეც ადასტურებს, რომ კლინიკის ექიმები ინფორმირებულნი იყვნენ პაციენტის გადაყვანის შესახებ. მოპასუხე აგრეთვე ადასტურებდა, რომ პაციენტის მდგომარეობის შესახებ მოსარჩელემ აცნობა ხელმძღვანელობას სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით (მოკლე ტექსტური შეტყობინება), ამასთან ე.წ. კონფერენციას ნაწილობრივ დაესწრო. კასატორის მტკიცება, რომ პაციენტისთვის დასმული დიაგნოზი არ იყო სწორი და შესაბამისად არც მისი გადაყვანის საჭიროება არსებობდა, არაა გამყარებული საქმეში არსებული, შესაბამისი, რელევანტური და საკმარისი მტკიცებულებებით. საგულისხმოა, რომ თავად პაციენტის მიერ წარდგენილი რაიმე შენიშვნა ან წერილობითი პრეტენზიაც არ წარუდგენია კასატორს, რაც გარკვეულ ეჭვს მაინც გამოიწვევდა, რომ მოსარჩელემ არასწორი, ან მინიმუმ პაციენტისთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიიღო.
26. საკასაციო სასამართლო იძულებითი განაცდურის თაობაზე განმარტავს, რომ მხარეთა შორის ანაზღაურების ოდენობა წინასწარ არ იყო განსაზღვრული და დამოკიდებული იყო მორიგეობების რაოდენობაზე, რომელიც თვეში 2 მორიგეობას შეადგენდა. ამასთან, მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის 03.11.2016 წლის ბრძანებით განსაზღვრული იყო ანაზღაურების კონკრეტული ოდენობები ჩატარებული მომსახურების მოცულობის და დროის გათვალისწინებით. 2022 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში მოსარჩელე არ იყო ჩასმული დამსაქმებლის მხრიდან მორიგეობის გრაფიკში, შესაბამისად ამ პერიოდში მოსარჩელეს არც სამუშაო შეუსრულებია და არც დამსაქმებელს მიუცია ანაზღაურება. 2023 წლის დასაწყისიდან მოსარჩელეს ცალმხრივად შეუმცირდა შრომის ანაზღაურების ოდენობა - მორიგეობების დღეები, კერძოდ 2 სამორიგეო დღიდან 1 სამორიგეო დღის დატოვებით.
27. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 10 თვის მონაცემებით დასაქმებულის მიერ მიღებულმა სახელფასო ანაზღაურებამ შეადგინა ჯამში 6217.32 ლარი, შესაბამისად ყოველთვიური ხელფასის სახით დასაქმებულის მიერ მიღებული ანაზღაურების საშუალო ოდენობა, ერთ თვეზე - 621,73 ლარია(დაბეგრილი). 2023 წლის იანვრიდან-მაისამდე პერიოდში (თვეში ერთი მორიგეობა) საერთო ჯამში მისაღები მოცდენა შეადგენს 621,73:2X4 ლარს, რასაც ემატება 2022 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეების იძულებითი მოცდენის თანხა(621,73X2). საკასაციო სასამართლო, კვლავ აღნიშნავს, რომ იძულებითი მოცდენის სახით, ზემოთ დაანგარიშებულია მისაღები თანხის დაბეგრილი ოდენობა, ხოლო სასამართლოს მიერ მოპასუხეზე, იძულებითი განაცდურის სახით დაკისრებულია დარიცხული 3172 ლარი, რაც საერთო ჯამში ნაკლებია სასამართლოს მიერ დასაქმებულის მიერ იძულებითი მოცდენის სახით მისაღებ დაანგარიშებულ ოდენობაზე, ხოლო დასაქმებულის შედავების არ არსებობის პირობებში, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს იძულებითი მოცდენის სახით დაკისრებული თანხის გაზრდაზე.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30).
29. შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80).
30. ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, ხოლო, კასატორმა ვერ უზურნველყო სათანადო მტკიცებულებებით, სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების კანონიერების დაცვა, ამავე საფუძვლით კი, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში დასაბუთებული იყო მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის მოთხოვნის შესახებ.
31. სსსკ-ის 401.4 მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გ.კ–კის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „გ.კ–კას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1709717924, გადახდის თარიღი 06/03/2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე