20 მაისი 2025 წელი
№ას-1565-2024 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - ლ.ო–ი, მ.ფ–ი, ნ.ო–ი, ვ.ო–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ი–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.ი–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ლ.ო–ის, მ.ფ–ის, ნ.ო–ის, ვ.ო–ის მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოსარჩელე ლ.ი–ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისში, ........, ბლოკი A, ფართი: 97.78 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N......) მოპასუხეების: ლ.ო–ის, მ.ფ–ის, ნ.ო–ისა და ვ.ო–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა;
1.2. მოპასუხეების: ლ.ო–ის, მ.ფ–ის, ნ.ო–ის და ვ.ო–ისთვის მოსარჩელე ლ.ი–ის სასარგებლოდ 497 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში - 1300 ლარის გადახდის დაკისრება 2023 წლის 9 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.ი–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების: ლ.ო–ის, მ.ფ–ის, ნ.ო–ისა და ვ.ო–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ლ.ი–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისში, ........., ბლოკი A, ფართი: 97.78 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.........) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე ლ.ი–ს. მოპასუხეებს - ლ.ო–სა და მ.ფ–ს მოსარჩელე ლ.ი–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ყოველთვიურად - 497 აშშ დოლარის ეკვივალენტის - 1300 ლარის გადახდა, 2023 წლის 9 აგვისტოდან გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის აღსრულებამდე.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - ლ.ო–მა, მ.ფ–მა, ნ.ო–იმა და ვ.ო–მა, მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ლ.ო–ის, მ.ფ–ის, ნ.ო–ისა და ვ.ო–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეწყდა საქმის წარმოება ლ.ო–ის, მ.ფ–ის, ნ.ო–ისა და ვ.ო–ის სააპელაციო საჩივარზე იმ ნაწილში, რომლითაც ისინი ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმებას. ლ.ო–ის, მ.ფ–ის, ნ.ო–ისა და ვ.ო–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
5. აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს ლ.ო–მა, მ.ფ–მა, ნ.ო–იმა და ვ.ო–მა, რომელებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ლ.ო–ის, მ.ფ–ის, ნ.ო–ის და ვ.ო–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ლ.ო–ის, მ.ფ–ის, ნ.ო–ის და ვ.ო–ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის - 1080 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის 22 იანვარს.
7. 2025 წლის 05 თებერვალს (დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღი 2025 წლის 03 თებერვალი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც მან ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება ითხოვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებით ლ.ო–ის, მ.ფ–ის, ნ.ო–ისა და ვ.ო–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა; კასატორებს - ლ.ო–ს, მ.ფ–ს, ნ.ო–სა და ვ.ო–ს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის - 1080 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის 20 თებერვალს.
9. 2025 წლის 04 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც მან ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება ითხოვა იმ მიზეზით, რომ მხარეებს შორის შესაძლებელია შედგეს მორიგება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით ლ.ო–ის, მ.ფ–ის, ნ.ო–ისა და ვ.ო–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა; კასატორებს - ლ.ო–ს, მ.ფ–ს, ნ.ო–სა და ვ.ო–ს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის - 1080 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის 14 მარტს.
11. 2025 წლის 24 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც მან ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება ითხოვა იმ მიზეზით, რომ მხარეებს შორის შესაძლებელია შედგეს მორიგება და საკასაციო საჩივარი გაიხმოს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განჩინებით ლ.ო–ის, მ.ფ–ის, ნ.ო–ისა და ვ.ო–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კასატორებს - ლ.ო–ს, მ.ფ–ს, ნ.ო–სა და ვ.ო–ს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის - 1080 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.
13. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს ნ.გ–ძეს (მინდ. ტომი 1; ს.ფ. 85-90) გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე და ჩაბარდა 2025 წლის 14 აპრილს პირადად (იხ. ჩაბარების დასტური);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).
16. საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის რამდენჯერმე გაგრძელების შემდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განჩინებით, კასატორს მიეცა 05 დღის საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
19. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განჩინება კასატორების წარმომადგენელს - ნ.გ–ძეს (მინდ. ტომი 1; ს.ფ. 85-90) გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე და ჩაბარდა 2025 წლის 14 აპრილს პირადად (იხ. ჩაბარების დასტური). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განჩინება კასატორისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2025 წლის 14 აპრილს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 05 დღის საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 15 აპრილს და ამოიწურა 2025 წლის 22 აპრილს (ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო უქმე დღე - შაბათი). ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ო–ის, მ.ფ–ის, ნ.ო–ის და ვ.ო–ის
საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი