17 თებერვალი 2025 წელი №ას-1377-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ვ.ტ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები - შ.პ.ს. „ს.კ–ნი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.პ.ს. „ს.კ–ნმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხე - ვ.ტ–ძის მიმართ ზიანის - 16 393.24 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის, 16 393.24 ლარის, ასევე, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 655.72 ლარის და საექსპერტო მომსახურების საფასურის, 400 ლარის გადახდა დაეკისრა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლებით:
5.1. 2020 წლის 18 მაისს მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში, მოსარჩელის კუთვნილ ობიექტზე - ბოჭკოვანი მინის პროდუქციის საწარმოში, გაჩნდა ხანძარი. ფაქტზე გამოიკითხა მოსარჩელე კომპანიის დირექტორი, რომელმაც განმარტა, რომ ხანძარი გამოიწვია საწარმოს გვერდით მდებარე, მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთზე მიმდინარე შენობის მშენებლობის დროს უსაფრთხოების ზომის დაუცველობით. გამოკითხული პირის განმარტებით, მუშები სამუშაოს ასრულებდნენ მოპასუხის მშენებარე ობიექტზე და ახორციელებდნენ ელექტრო შედუღებას, იქიდან გადმოვარდნილმა ცხელმა ლითონმა გააჩინა ხანძარი და გაანადგურა ყალიბები.
5.2. ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 25 მაისის დასკვნის მიხედვით, ხანძრის შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი საორიენტაციოდ 16 393.24 ლარს შეადგენს.
5.3. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელის კუთვნილ ობიექტზე - ბოჭკოვანი მინის პროდუქციის საწარმოში გაჩენილი ხანძარი, გამოწვეული იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებით.
5.4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობდა, რაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს და არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. დელიქტური ვალდებულება ემსახურება დამაბალანსებელი და კომპენსატორული ფუნქციის მიღწევას. დელიქტის მომწერიგებელი ნორმით გათვალისწინებული სიკეთე, როგორც პირველადი მოთხოვნის საფუძველი დამოუკიდებელი ქმედების შემადგენლობაა.
5.5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და მე-1000 მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის დეფინიიციიდან გამომდინარე, მოპასუხე, როგორც მოსარჩელის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, წარმოადგენდა ხანძრის შედეგად დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ სუბიექტს, რამდენადაც სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა და საქმის მასალებითაც (სამართალდამცავი ორგანოებისთვის ფაქტის შეტყობინების ამსახველი დოკუმენტებითა და 23.06.2020წ. ზეპირი გასაუბრების ოქმით) დასტურდებოდა, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობდა ელექტრო შედუღებითი სამუშაოები რამაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების აალება და დაზიანება განაპირობა.
5.6. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, შეიძლება განხილულიყო მოპასუხის როგორც ბრალეული, ისე - ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის საკითხი. ბრალეული პასუხისმგებლობა კი, შეიძლება დამდგარიყო იმ თვალსაზრისით, რომ მოპასუხე, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს საკუთარ მიწის ნაკვეთზე არ იღებს სათანადო ზომებს მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე განლაგებული ქონების დასაცავად, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ბრალის დადგენა არ წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მქონეს, სარჩელზე მოპასუხედ დასახელებული პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნებისათვის.
5.7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი განმარტა და არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ დამდგარი ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო თავად დაზარალებული მხარის გაუფრთხილებლობამაც. პალატის მითითებით, აშკარაა რომ კონკრეტული შედეგი, კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა თუკი, მოსარჩელე წარმოებული სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოიჩენდა მესაკუთრისათვის დამახასიათებელ გონივრულ წინდახედულებას და გაითვალისწინებდა უსაფრთხოების სტანდარტებს; თავის მხრივ, ის ფაქტი რომ მოსარჩელემ რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ხანძრის გაჩენას საქმის მასალებით უნდა დადასტურებულიყო, რასაც მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესთავაზა მეზობელი მიწის ნაკვეთების მიჯნაზე განთავსებული ყალიბების გადატანა ან/და მოსარჩელემ საგანგებოდ, პირდაპირი შეცნობით, სწორედ იმ ადგილზე განათავსა ნივთები, სადაც მეზობელი აწარმოებდა შედუღებით სამუშაოებს - საქმის მასალებით არ დადასტურდა, შესაბამისად, განსახილველი დავის სამართლებრივ შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა. სხვა წონადი არგუმენტი კი, რომელიც გამორიცხავდა მოპასუხის დაუდევრობას და მის წილ პასუხისმგებლობას დამდგარი შედეგისადმი, აპელანტს სასამართლოსთვის არ შეუთავაზებია.
5.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ზიანის დადგომაში მოსარჩელის ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ხოლო მოპასუხემ მეზობელ ნაკვეთთან უსაფრთხო დისტანციაზე არ აწარმოა შედუღებითი სამუშაოები, ვლინდებოდა დამდგარი ზიანის მოპასუხისათვის ანაზღაურების სრულად დაკისრების საფუძველი.
5.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ სარჩელებზე, სწორედ მოსარჩელე (დაზარალებული) მხარის ვალდებულებაა დაამტკიცოს როგორც მისთვის მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე - განცდილი ზიანის ოდენობა, რაც განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელემ სრულად უზრუნველყო. ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, მან წარმოადგინა ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 25 მაისის სასაქონლო ექსპერტიზის N003227822 დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა საორიენტაციოდ 16 393.24 ლარია.
5.10. მოპასუხის პრეტენზიის ჭრილში, რომელმაც სადავოდ გახადა სასაქონლო ექსპერტიზით განსაზღვრული ზიანის ოდენობა და ექსპერტიზის საგნის განადგურების გამო, აპელირებდა ალტერნატიული დასკვნის წარმოდგენის შეუძლებლობაზე, პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეს დროულად არ უზრუნია შეექმნა ისეთი მტკიცებულებები რაც მისი პოზიციის მართებულობას დადასტურებდა, ამასთან, სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, საყურადღებო იყო საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო დასკვნის კვლევითი ნაწილიც, სადაც დასკვნის ავტორთა მიერ საგანგებოდ იქნა მითითებული და ახსნილი ის მიზეზები, რამაც განაპირობა 2020 წლის 20 მაისს მცხეთის რაიონის, სოფელ ძეგვში მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დასადგენი ზიანის ოდენობის განსაზღვრა, ხანძრის შედეგად დაზიანებული ყალიბების დამზადებისათვის საჭირო მასალების ჯამური, საორიენტაციო საბაზრო ღირებულებებით ("ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტის შესაფასებლად ექსპერტის მიერ გამოყენებული იქნა შეფასების შედარების მეთოდი; მეთოდის შერჩევა კი, მოხდა შესაფასებელი ობიექტის სპეციფიკისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. ვინაიდან ჩატარებული კვლევის ფარგლებში ვერ მოხდა მსგავსი ტიპის ყალიბების დამზადებით დაკავებული კომპანიების მოძიება, კვლევის პროცესში გამოყენებული იქნა შემდეგი მიდგომა: კომპანიის წარმომადგენლებს ეთხოვათ წარმოედგინათ ინფორმაცია დაზიანებული ყალიბების დასამზადებლად გამოყენებული მასალების სახეობისა და რაოდენობის შესახებ; აღნიშნული მასალის საფუძველზე ჩატარდა კვლევა მათი საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით და დადგენილი იქნა ამ ყალიბების დამზადებისათვის საჭირო მასალების ჯამური, საორიენტაციო საბაზრო ღირებულებები. შრომის ანაზღაურების საორიენტაციო სიდიდე განისაზღვრა გამოყენებული მასალების 30%-ის ფარგლებში").
5.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სადავო საკითხის დადგენის თვალსაზრისით წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის არარელევანტურობის თაობაზე და მიიჩნია, რომ მოპასუხეს, რომელმაც ზიანი მიაყენა მოსარჩელე კომპანიას, ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე, უნდა აენაზღაურებინა ხანძრის შედეგად დაზიანებული ქონების ღირებულება, მათ დასამზადებლად საჭირო თანახის ოდენობით.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაუსაბუთებლად დაეყრდნენ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას ზიანის ოდენობის თაობაზე. აღნიშნული დასკვნა არ წარმოადგენს უტყუარ და ერთმნიშვნელოვან მტკიცებულებას. კასატორის შეფასებით, მოსარჩელე ფლობდა დაზიანებული ქონების ღირებულების შესახებ შიდა საბუღალტრო მონაცემებს, რომლებიც უფრო ზუსტ და რელევანტურ ინფორმაციას შეიცავდა, თუმცა ისინი მიზანმიმართულად არ წარმოადგინა სასამართლოში. ზიანის ოდენობა განისაზღვრა მხოლოდ საექსპერტო დასკვნაზე დაყრდნობით, ალტერნატიული მტკიცებულებების ან შეფასების გარეშე. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა, რომელიც მიზნად ისახავდა ხანძრის შედეგად დაზიანებული, თუმცა ამორტიზებული ნივთების ღირებულების შესახებ დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შუამდგომლობაზე უარის თქმამ ხელი შეუშალა სასამართლოს ზიანის ოდენობის სრულყოფილად გამოანგარიშებაში.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ზიანის ოდენობა არასწორად განისაზღვრა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. მისი შეფასებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო შუამდგომლობა, რომელიც მიზნად ისახავდა ხანძრის შედეგად დაზიანებული, თუმცა ხანძრამდე მოხმარებული (ამორტიზებული) ნივთების ღირებულების შესახებ უფრო რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენას.
12. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია, ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.
ამდენად, კანონი მომეტებული საფრთხის წყაროს (მაგ: ხანძარი) პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას, მიუხედავად მისი ბრალისა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს ზიანის დადგომის ფაქტი და ის, რომ ეს ზიანი სწორედ მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-90-90-2018, 11.05.2018წ.; №ას-1293-2020, 18.12.2020წ.; №ას-1177-2020, 22.01.2021წ.).
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სწორედ მოპასუხე - მოსარჩელის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე წარმოადგენდა ხანძრის შედეგად დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ სუბიექტს, რადგანაც საქმის მასალებით დადასტურებულია (სამართალდამცავი ორგანოებისთვის ფაქტის შეტყობინების ამსახველი დოკუმენტებითა და 23.06.2020წ. ზეპირი გასაუბრების ოქმით, ს.ფ. გვ. 18- 20) და სადავო არ გამხდარა, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობდა ელექტრო შედუღებითი სამუშაოები, რამაც განაპირობა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების აალება და დაზიანება.
13. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღდგეს ვითარება, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ დადგებოდა რომ არა ვალდებულების დარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი ვითარება, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ნატურით რესტიტუციის დამაბრკოლებელ გარემოებას პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა წარმოადგენს (სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლი).
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ზიანის ოდენობის შესახებ კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორად შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მართებულად დაადგინეს ზიანის ოდენობა.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 25 მაისის დასკვნას, რომლის თანახმად, ხანძრის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი საორიენტაციოდ შეადგენს 16 393.24 ლარს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია სადავო ნივთების დაზიანების ფაქტი და მისი გამომწვევი მიზეზი - ხანძარი. დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი დაზიანებული ობიექტების ღირებულების დადგენის პროცესი, რომელიც განხორციელდა სპეციალურად შერჩეული შედარებითი მეთოდით, დაფუძნებული მწარმოებლების მიერ მოწოდებულ მასალების რაოდენობასა და სახეობაზე, ასევე, საბაზრო ფასების ანალიზზე. გათვალისწინებული იქნა შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელიც, რაც სრულად შეესაბამება შეფასების პრაქტიკას იმ პირობებში, როდესაც, უშუალო ობიექტი ფიზიკურად განადგურებულია.
საკასაციო სასამართლოს განსჯით, მითითებული ექსპერტიზის დასკვნით, დასტურდება როგორც მოპასუხის მიერ ნაწარმოები ელექტრო შედუღების სამუშაოების შედეგად გაჩენილ ხანძარსა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი, ისე - ზიანის ოდენობა.
16. მოსარჩელის მიერ საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1127-1047-2017, 2017 წლის 18 ოქტომბერი).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას გააქარწყლებდა ან/და ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის სხვაგვარ გაანგარიშებაზე მსჯელობას შესთავაზებდა სასამართლოს. იმ პირობებში, როდესაც, სხვა რაიმე ალტერნატიული მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა და ექსპერტიზის დასკვნა დაფუძნებულია შესაბამისი მეთოდოლოგიის დაცვით მოპოვებულ მონაცემებზე, მისი გამოყენება სრულად შეესატყვისება მტკიცებულებითი შეფასების პრინციპებს.
17. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელემ უზრუნველყო მოპასუხის მიერ ნაწარმოებ სამუშაოებსა და მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის, ასევე, ზიანის ოდენობის დადასტურება, ხოლო მოპასუხემ, ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წამოყენებული მოთხოვნებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ ვლინდება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 573.76 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ვ.ტ–ძეს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 819 ლარის და 66 თეთრის (საგადახდო დავალება № 8395, გადახდის თარიღი: 28.11.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 573 ლარი და 76 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი