Facebook Twitter

¹ბს-1074-1024(კ-06) 17 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. ქ. ქუთაისის მერია (მოპასუხე); 2. ქ. ქუთაისის მერიის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახური (მესამე პირის _ ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. დ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 14 თებერვალს გ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ქუთაისის მთავრობის მიმართ, ხოლო მესამე პირად ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქალაქო სამსახურზე მიუთითა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისში, ......... ¹10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა მოსარჩელის მამის, აწ გარდაცვლილი შ. დ-ს სახელზე. 2001-2004 წლებში მოსარჩელემ განცხადებებით მიმართა ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქალაქო სამსახურსა და ქ. ქუთაისის მერიას სახლის ექსპლუატაციაში მიღების თხოვნით, მაგრამ უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ აუცილებელი იყო თანამოზიარე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა-განცხადებები, აგრეთვე, სახანძრო ნორმებიდან გამომდინარე, აღებული უნდა ყოფილიყო ეზოში განთავსებული უნებართვო სათავსი, სადაც ვულკანიზაციის საამქრო ფუნქციონირებდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “ქ. ქუთაისში 1989 წლის 1 ივლისამდე აგებული საცხოვრებელი სახლების (სახლების ნაწილები) სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარების წესების დამტკიცების შესახებ" ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 10 იანვრის ¹....... გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით ამოღებულ იქნა მომიჯნავე და თანამოზიარე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული ურთიერთშეთანხმების თანხმობა-განცხადებების წარდგენა. ამასთან, იმავე გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი ითვალისწინებდა, რომ სამართლებრივ რეგისტრაციაში უნდა გატარებულიყო ქალაქის ტერიტორიაზე 1989 წლის 1 ივლისამდე უნებართვოდ აგებული ყველა საცხოვრებელი სახლი (სახლის ნაწილი) გარდა იმ საცხოვრებელი სახლებისა, რომელთა აღებაზე არსებობდა საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება.

მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია ზემოხსენებული ადმინისტრაციული ორგანოების უარი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე, ვინაიდან ქ. ქუთაისში, .......... ¹10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომლის დაკანონებასაც იგი ითხოვდა, აგებული იყო 1938 წელს.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო სახლი მისი აწ გარდაცვლილი მამის სახელზე ირიცხებოდა, რომლის ერთადერთი მემკვიდრე თვითონ იყო და აღნიშნული სახლის სამართლებრივი რეგისტრაცია მის ინტერესებში შედიოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ქუთაისის მერიისათვის ქ. ქუთაისში, .......... ¹10-ში მდებარე, შ. დ-ის სახელზე რიცხული სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განკარგულების გამოცემის დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. ქუთაისის მერიას ქ. ქუთაისში, .......... ¹10-ში მდებარე შ. დ-ის სახელზე რიცხული სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განკარგულების გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქალაქო სამსახურმა და ქ. ქუთაისის მთავრობამ სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქალაქო სამსახურისა და ქ. ქუთაისის მთავრობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. დ-ს 1939 წელს დამტკიცებული პროექტითა და ქ. ქუთაისის ტექსაბჭოს იმავე წლის ¹...... ნებართვით უფლება მიეცა ქ. ქუთაისში, ........ ¹10-ში ეწარმოებინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ მითითებული სახლი ექსპლუატაციაში არ იქნა მიღებული. 1971 წლის 10 იანვარს შ. დ-ი გარდაიცვალა. 2001-2004 წლებში შ. დ-ის შვილმა _ გ. დ-მა სათანადო ორგანოებს მიმართა სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ თხოვნით, რაზეც უარი მიიღო იმ მოტივით, რომ სახლის ექსპლუატაციაში მისაღებად საჭირო იყო თანამოზიარე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა-განცხადებები და სახანძრო ნორმებიდან გამომდინარე, აღებული უნდა ყოფილიყო ეზოში განთავსებული უნებართვო სათავსი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში თანამოზიარე მეზობლების თანხმობა საჭირო არ იყო, ვინაიდან “ქ. ქუთაისში 1989 წლის 1 ივლისამდე აგებული საცხოვრებელი სახლების (სახლების ნაწილები) სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარების წესების დამტკიცების შესახებ" ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 10 იანვრის ¹......... გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელ სახლებს შორის სანიტარული სახანძრო ნორმების დარღვევის შემთხვევაში ამოღებული უნდა ყოფილიყო მომიჯნავე თანამოზიარე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული ურთიერთშეთანხმების თანხმობა-განცხადებების წარდგენა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი იმპერატიულად ადგენდა, რომ სამართლებრივ რეგისტრაციაში უნდა გატარებულიყო ქალაქის ტერიტორიაზე 1989 წლის 1 ივლისამდე უნებართვოდ აგებული ყველა საცხოვრებელი სახლი (სახლის ნაწილი), გარდა იმ საცხოვრებელი სახლებისა, რომელთა აღებაზე არსებობდა საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ქ. ქუთაისში 1989 წლის 1 ივლისამდე უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების (სახლების ნაწილები) სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარების წესების დამტკიცების შესახებ" ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 10 იანვრის ¹....... გადაწყვეტილება მიღებული იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 18 სექტემბრის ¹765 განკარგულების შესასრულებლად, რომელიც არ იყო გაუქმებული და, შესაბამისად, სავალდებულო იყო შესასრულებლად.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლი შ. დ-ის საკუთრებად არ ითვლებოდა და განმარტა, რომ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 13 აგვისტოს ¹844 ცნობით დასტურდებოდა, რომ ქ. ქუთაისში, ........... ¹10-ში მდებარე სახლის ერთი ნაწილი, ქ. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექინვენტარიზაციის საბუთების მიხედვით, ეკუთვნოდა შ. დ-ს, მეორე ნაწილი კი, რომელიც საარქივო საბუთების მიხედვით, დანგრეული იყო _ ქ. და თ. კ-ებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოების უარი სახლის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინება ქ. ქუთაისის მერიის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა (ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე) საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ დაურთო საქმეს გ. დ-ის მიერ წარმოდგენილი, ქ. ქუთაისის კომუნალური განყოფილების ტექნიკური საბჭოს მიერ 1939 წლის 14 აგვისტოს დამტკიცებული პროექტი და სახლის მშენებლობის საწარმოებლად გაცემული ¹...... ნებართვა, ვინაიდან მოსარჩელემ აღნიშნული მტკიცებულებები მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა.

კასატორი განმარტავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის ¹115 დადგენილებით განისაზღვრა მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები, რომელთა დაცვა სავალდებულოა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების დროს.

კასატორი მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქალაქო სამსახურის პასუხი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე გ. დ-მა 2004 წლის 15 ოქტომბერს მიიღო, სარჩელი კი 2006 წლის თებერვალში შეიტანა.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მტკიცებას, რომ სახლის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე მან ვერ აღიდგინა მემკვიდრეობა და ვერც სამკვიდრო მოწმობა მიიღო. კასატორი განმარტავს, რომ მემკვიდრეობის აღდგენასთან საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღებას არანაირი კავშირი არა აქვს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა მემკვიდრეზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან (სამკვიდროს დამტოვებელთან). მითითებული კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, ხოლო იმავე კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავ ნივთებზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,ქ. ქუთაისში 1989 წლის 1 ივლისამდე აგებული საცხოვრებელი სახლების (სახლების ნაწილები) სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარების წესების დამტკიცების შესახებ" ქ. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი.

კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 1989 წლის 18 სექტემბრის ¹765 განკარგულებით, ქ. ქუთაისში ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების აღრიცხვის მიზნით, ქ. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომს ნება დაერთო, როგორც გამონაკლისი, სამართლებრივ რეგისტრაციაში გაეტარებინა ქალაქის ტერიტორიაზე 1989 წლის 1 ივლისამდე უნებართვოდ აგებული საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული

განკარგულების აღსრულების მიზნით, გამოიცა ქ. ქუთაისის დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება, რომელზეც უკანონოდ აპელირებს მოსარჩელე, ვინაიდან მითითებულ ნორმატიულ აქტებში საცხოვრებელი სახლების სამართლებრივ რეგისტრაციაზეა საუბარი და არა მათ ექსპლუატაციაში მიღებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინება ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანომ _ ქ. ქუთაისის მერიამაც გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის ¹115 დადგენილების მე-201 მუხლით განისაზღვრა მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები, რომლის თანახმადაც, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მისაღებად ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით. განცხადებას უნდა დაერთოს იმ ეტაპის დასრულების დამადასტურებელი ოქმები, რომლებიც ჩამოთვლილია იმავე დადგენილების მე-16 მუხლის მე-51 პუნქტში. საქმეში არსებული ქ. ქუთაისის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შესაბამისი წერილის თანახმად, ქ. ქუთაისში, ........... ¹10-ში მცხოვრები შ. დ-ის საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთით მდებარე უნებართვო ლითონის კონტეინერი სახლიდან 15 მეტრით უნდა ყოფილიყო დაცილებული, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო. შესაბამისად, სახანძრო ნორმებიდან გამომდინარე, იგი ექსპლუატაციაში ვერ იქნებოდა მიღებული. ამასთან, ქ. ქუთაისის მერიას გ. დ-თვის საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი არ განუცხადებია, არამედ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეასრულებდა ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ქ. ქუთაისის მერია განიხილავდა საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების საკითხს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 21 მარტამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ქუთაისის მერიის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 29 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 21 მარტამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის განჩინებით ქ. ქუთაისის მერიისა და ქ. ქუთაისის მერიის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და მათი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 17 მაისს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერიისა და ქ. ქუთაისის მერიის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. ქუთაისში, .......... ¹10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხება მოსარჩელე გ. დ-ის (დაბადების მოწმობა _ ს.ფ. 10) მამის, აწ გარდაცვლილი შ. დ-ის (გარდაიცვალა 1971 წლის 10 იანვარს, გარდაცვალების მოწმობა _ ს.ფ. 11) სახელზე, რომელიც შ. დ-მა 1938 წელს შეიძინა კ. მ-გან (ს.ფ. 4). 2001 წლის 17 სექტემბერს ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, არქმშენინსპექციის უფროსმა ქ. ქუთაისში, .......... ¹10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და იმავე სახლის აღმოსავლეთით არსებული უნებართვო ლითონის კონტეინერის ექსპლუატაციის თაობაზე წერილით მიმართა ქ. ქუთაისის გასამხედროებული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რაზმს, რომლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა იმავე წლის 24 სექტემბერს მას აცნობა, რომ ხსენებული უნებართვო კონტეინერი, რომელსაც იყენებდნენ ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისათვის, აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან დაცილებული უნდა ყოფილიყო 15 მეტრით, რის გამოც დასახელებული სახლის დაკანონება ხსენებულ უნებართვო კონტეინერთან ერთად, იყო შეუძლებელი (ს.ფ. 5). ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, არქმშენინსპექციის უფროსმა წინადადება მისცა გ. დ-ს, რომ აეღო კონტეინერი ან გამოეყენებინა იგი იმ მიზნით, რომ დაცული ყოფილიყო ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები (ს.ფ. 6). 2004 წლის 25 ივნისს ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა, ხოლო იმავე წლის 15 ოქტომბერს ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გ. დ-ს მისივე განცხადებების პასუხად აცნობეს, რომ საჭირო იყო მოსარჩელეს ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქალაქო სამსახურში წარედგინა ეზოს თანამოზიარე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა-განცხადებები, აგრეთვე, სახანძრო ნორმებიდან გამომდინარე, აეღო ეზოში განთავსებული სათავსი, სადაც ფუნქციონირებდა ვულკანიზაციის საამქრო (ს.ფ. 7-8). 2001 წლის 27 აგვისტოს შ. დ-ის მოსაზღვრე მეზობელმა თ. ს-ემ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა განაცხადა, რომ მოსარჩელის შვილს _ შ. დ-ს დაეკანონებინა ქ. ქუთაისში, .......... ¹10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი (ს.ფ. 12). 2006 წლის 9 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქალაქო სამსახურს აცნობა, რომ ქ. ქუთაისში, ......... ¹10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთი გამოყოფილი ნაწილი ეკუთვნოდა შ. დ-ს, ხოლო მეორე გამოყოფილი ნაწილი _ ქ. და თ. კ-ებს, საარქივო საბუთების მიხედვით კი, ხსენებული სახლის მეორე გამოყოფილი ნაწილი იყო დანგრეული (ს.ფ. 46).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რის შედეგადაც საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც კასატორი _ ქ. ქუთაისის მერია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, ქ. ქუთაისის მერიას გ. დ-თვის საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი არ განუცხადებია, არამედ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გ. დ-ი შეასრულებდა შესაბამის მოთხოვნებს, ქ. ქუთაისის მერია განიხილავდა საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების საკითხს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ განმარტა, “ქ. ქუთაისში 1989 წლის 1 ივლისამდე აგებული საცხოვრებელი სახლების (სახლების ნაწილები) სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარების წესების დამტკიცების შესახებ" ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 10 იანვრის ¹....... გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი იმპერატიულად ადგენდა, რომ სამართლებრივ რეგისტრაციაში უნდა გატარებულიყო ქალაქის ტერიტორიაზე 1989 წლის 1 ივლისამდე უნებართვოდ აგებული ყველა საცხოვრებელი სახლი (სახლის ნაწილი), გარდა იმ საცხოვრებელი სახლებისა, რომელთა აღებაზე არსებობდა საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღება არასწორად გააიგივა მის სამართლებრივ რეგისტრაციასთან, მაშინ, როდესაც სამართლებრივი რეგისტრაცია არსებითად განსხვავდება ექსპლუატაციაში მიღებისაგან, ანუ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა არა საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღებაზე, არამედ სხვა საკითხზე _ საცხოვრებელი სახლის სამართლებრივ რეგისტრაციაზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნასა და სარჩელის საგანს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავი ქონებისა და მისი მესაკუთრის სამართლებრივ რეგისტრაციას ახორციელებენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, ხოლო საცხოვრებელი სახლის ექსლუატაციაში მიღებას პროცედურულად არეგულირებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილება, რომლის მე-201 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით უფლებამოსილი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია უკანონოდ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების უარი სახლის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე, რომ არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია უარის თქმის მიზეზები და საფუძველი, რის შედეგადაც სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ცალმხრივად შეაფასა მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ გაითვალისწინა მოპასუხეების არგუმენტაცია და მოსაზრებები, რომლებიც ეფუძნებოდა ხსენებულ მტკიცებულებებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების მე-201 მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია და დეტალურადაა რეგლამენტირებული მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მშენებლობადამთავრებული ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღებისათვის ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით და აღნიშნულ განცხადებას თან უნდა დაერთოს ამ დადგენილების მე-16 მუხლის მე-51 მუხლით გათვალისწინებული, მშენებლობის ნებართვის სანებართვო პირობებში მოცემული ობიექტისათვის მითითებული ყველა ეტაპის დასრულების დამადასტურებელი ოქმები. იმავე დადგენილების მე-201 მუხლის მე-5 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა.

მაშასადამე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ძირითად ნორმატიულ აქტს, რომლის მიხედვითაც უნდა შემოწმდეს გ. დ-ის სარჩელის საფუძვლიანობა და ამის შედეგად საქმეზე მიღებულ იქნეს დასაბუთებული გადაწყვეტილება, წარმოადგენს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილება, რომელიც საერთოდ არ გამოიყენა სააპელაციო სასამართლომ და, შესაბამისად, არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ ხსენებული დადგენილებით ამომწურავად განსაზღვრული პროცედურების დაცვასა და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, აღნიშნული საკითხის გარკვევის გარეშე კი, შეუძლებელია შენობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების შესახებ გ. დ-ის სარჩელის საფუძვლიანობის გარკვევა და მოცემულ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამის თაობაზე საკასაციო საჩივარში მართებულად მიუთითებს კასატორი _ ქ. ქუთაისის მერიის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურიც, რომელიც აღნიშნავს, რომ “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის ¹115 დადგენილებით განისაზღვრა მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები, რომელთა დაცვა სავალდებულოა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების დროს.

ამასთან, კასატორი _ ქ. ქუთაისის მერიის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახური საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საქალაქო სამსახურის პასუხი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე გ. დ-მა 2004 წლის 15 ოქტომბერს მიიღო, სარჩელი კი 2006 წლის თებერვალში შეიტანა (ს.ფ. 83). სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე ხსენებულმა სამსახურმა მიუთითა სააპელაციო საჩივარშიც (ს.ფ. 44). მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება აღნიშნული სამსახურის მტკიცებას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და საერთოდ არ უმსჯელია ამ საკითხზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები _ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, აგრეთვე, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა გნსახილველად დაბრუნების ხსენებული კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი _ აღნიშნული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, პირველ ყოვლისა, უნდა იმსჯელოს სარჩელის ხანდაზმულობაზე, რის შემდეგაც, შესაბამის შემთხვევაში, ყოველმხრივ და სრულად შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, იმსჯელოს სარჩელის საგანსა და მოსარჩელის მოთხოვნაზე, სარჩელის საფუძვლიანობა გაარკვიოს ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის _ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების შესაბამისად და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერიისა და ქ. ქუთაისის მერიის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ქუთაისის მერიისა და ქ. ქუთაისის მერიის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.