Facebook Twitter

31 იანვარი 2025 წელი

№ას-607-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ა.დ–ვა“

მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - შ.პ.ს. „რ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ს.ს. „ა.დ–ვა“-ს მიმართ და მოითხოვა საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ავანსის სახით გადახდილი 199 992.22 ლარიდან შ.პ.ს. „რ–ი“-ს მიერ შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების - 129 152.31 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. 2019 წლის 08 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შ.პ.ს. „რ–ი“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N547 ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, შ.პ.ს. „რ–მა“ აიღო ვალდებულება, შეესრულებინა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...... მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ......) შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 24 მარტის ჩათვლით.

ხელშეკრულების 7.5. მუხლის მიხედვით, წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსის) გამოყენება შესაძლებელი იყო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში (რომლის მოქმედების ვადა 90 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების შესრულების ვადას). ხელშეკრულების 7.6. მუხლის თანახმად კი, ავანსად მიღებული თანხა გამოქვითებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან პროპორციულად.

მტკიცებულებები: 2019 წლის 08 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N547 ხელშეკრულება (ს.ფ. 49-54); მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

5.2. გარანტ - ს.ს. „ა.დ–ვა“-ს, პრინციპალ - შ.პ.ს. „რ“-ს და ბენეფიციარ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, 2019 წლის 23 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. აღნიშნული გარანტიის თანახმად, გარანტიის თანხა შეადგენდა 199 993 ლარს. ძირითადი ვალდებულება იყო - ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩიანში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ......) შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები. საბანკო გარანტიის მიხედვით, გარანტი კისრულობდა უპირობო და გამოუთხოვად ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადაეხადა მისთვის საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისთვის გადახდილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში და მისი შეუსრულებლობის ოდენობით. ეს საბანკო გარანტია მოიცავდა საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფას, მაგრამ არ მოიცავდა პრინციპალზე დაკისრებულ საჯარო ან კერძოსამართლებრივ სანქციას (ჯარიმა, პირგასამტეხლო და სხვა) ან დამატებით ხარჯებს (ექსპერტიზის საფასური და სხვა). გარანტიის თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის ოდენობით. გარანტიის პირობები ძირითადი ვალდებულებების საფუძვლის პირობებთან მიმართებით უპირატესი იყო. გარანტიის პირობების დარღვევის შემთხვევაში, გარანტი ნაკისრი ვალდებულებებისგან თავისუფლდებოდა.

მტკიცებულებები: 2019 წლის 23 ივლისის საბანკო გარანტია (ს.ფ. 21); მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

5.3. შ.პ.ს. „რ–ი“ სრულად და ჯეროვნად ვერ ასრულებდა N547 ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 29 ოქტომბრიდან შეწყვიტა ხელშეკრულება.

მტკიცებულებები: სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 22); მიმართვა (ს.ფ. 23-24); მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

5.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა წერილობით ს.ს. „ა.დ–ვა“-ს როგორც გარანტორს, ავანსად ჩარიცხული საგარანტიო თანხის 199 992.22 ლარიდან შ.პ.ს. „რ“-ს მიერ შეუსრულებელი 165 3811.73 ლარის უკან დაბრუნების შესახებ, უდავოა, რომ საპასუხოდ, ს.ს. „ა.დ“-მ გადაიხადა 36 229.42 ლარი.

მტკიცებულებები: საგადახდო დავალება (ს.ფ. 302); მიმართვა (ს.ფ. 23-24); მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

5.5. უპირველესად სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოდავე მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლის წარმოშობის საფუძველი იყო გარანტ - ს.ს. „ა.დ“-ს, პრინციპალ - შ.პ.ს. „რ“-ს და ბენეფიციარ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, 2019 წლის 23 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი 199 993 ლარიანი საბანკო გარანტია.

5.6. პალატის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო გარანტიის მიხედვით, გარანტი კისრულობდა უპირობო და გამოუთხოვად ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადაეხადა მისთვის საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისთვის გადახდილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში და მისი შეუსრულებლობის ოდენობით. ეს საბანკო გარანტია მოიცავდა საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფას, მაგრამ არა პრინციპალზე დაკისრებულ საჯარო ან კერძოსამართლებრივ სანქციას (ჯარიმა, პირგასამტეხლო და სხვა) ან დამატებით ხარჯებს (ექსპერტიზის საფასური და სხვა). გარანტიის თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის ოდენობით. გარანტიის პირობები ძირითადი ვალდებულებების საფუძვლის პირობებთან მიმართებით უპირატესი იყო. გარანტიის პირობების დარღვევის შემთხვევაში, გარანტი ნაკისრი ვალდებულებებისგან თავისუფლდებოდა.

5.7. პალატამ განმარტა, რომ საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს წარმოადგენდა თანხის გაცემის თაობაზე ბენეფიციარის მოთხოვნა შეესაბამებოდა თუ არა გარანტიის პირობებს მიზნებსა და ამოცანებს, რისთვისაც საბანკო გარანტიის ხელშეკრულება დაიდო. ყოველივე ამის გასარკვევად კი მნიშვნელოვანი იყო მტკიცების ტვირთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების შესაბამისად გადანაწილება. პალატამ მიუთითა, რომ მის სასარგებლოდ ფაქტების შესახებ მხარის ყოველი განმარტება, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისი იყო და მოითხოვდა სხვა მტკიცებულების მეშვეობით დადასტურებას.

5.8. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს/მოწინააღმდეგე მხარეს გარანტიის ხელშეკრულებით ნაკისრი შესასრულებელი ვალდებულებები არ გააჩნია. პალატამ მიუთითა მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებზე და საბოლოოდ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ბენეფიციარის სასარჩელო მოთხოვნის/სააპელაციო საჩივრის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან გარანტი უზრუნველყოფდა პრინციპალის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნებას შეუსრულებლობის პროპორციულად.

5.9. პალატამ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 880-ე, მუხლებზე მითითებით განმარტა საბანკო გარანტიის არსი და, ამავე კოდექსის 881-ე მუხლის საფუძველზე, გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის მსჯელობა, რომ უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან საბანკო გარანტია გამოირჩევა იმით, რომ ეს უკანასკნელი დამოუკიდებელია სხვა ძირითადი ვალდებულებისაგან. საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულების არსებობა. ამასთან, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.

5.10. პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 888-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზეც გაიცა გარანტია და იქვე მიუთითა, რომ საბანკო გარანტიის მოთხოვნის წარდგენის წინაპირობა ვალდებულების დარღვევის შედეგად ბენეფიციარისათვის ზიანის მიყენება არ არის. უფრო მეტიც, ბენეფიციარი, საგარანტიო თანხის მოთხოვნისას, გარანტორის წინაშე არაა ვალდებული, დაასაბუთოს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების უტყუარობა. ბენეფიციარის მოთხოვნა მოწმდება მხოლოდ საგარანტიო პირობებთან შესაბამისობის კუთხით. პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახისა და ხარისხის კვლევა გარანტის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის პირობების დაცვის კვლევის ფარგლებში - ანუ ფორმალური სახით (დოკუმენტების გარეგნული შესაბამისობის დადგენა).

5.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანცის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ვინაიდან გარანტის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით და ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული შეთანხმებით, რის გამოც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დებულებები სამართლებრივ სურათს ვერ შეცვლიდა, სასამართლომ დადგენილად სწორად მიიჩნია, რომ გარანტიის პირობა გულისხმობდა გარანტიის თანხის შემცირებას პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის სამუშაოს შესრულების ღირებულების პროპორციულად. უდავოა, რომ შ.პ.ს. „რ“-ს მიერ შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 163 762.80 ლარი. ამ გარემოების გათვალისწინებით, ს.ს. „ა.დ“-მ, გარანტიის პირობების თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულება გამოაკლო საგარანტიო თანხას (199 992.22-163 762.80) და დარჩენილი თანხა - 36 229.42 ლარი ჩაურიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, რომ სადავო შემთხვევაში გარანტს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის, 129 152.31 ლარის, ბენეფიციარისათვის გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

6.1. სასამართლომ არასწორად განმარტა საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის პირველი პუნქტის მესამე წინადადება, რომლის თანახმადაც, გარანტიის თანხა მცირდება პრინციპალის მიერ საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის ოდენობით. კასატორის აზრით, აღნიშნული დებულება უნდა განიმარტოს N547-ე ხელშეკრულებასთან მჭიდროდ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ბენეფიციარის ლოგიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ვინაიდან საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია გაცემულ იქნა ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის ფარგლებში (რომლის საფუძველზეც განხორციელდა შემდგომ სამინისტროს მხრიდან მოპასუხის სახელზე თანხის ჩარიცხვა), ამასთან, ძირითადი ხელშეკრულების 7.6. პუნქტი ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებდა ბენეფიციარის მიზანზე, ავანსად მიღებული თანხის გაქვითვაზე შესრულებულიყო სამუშაოების ღირებულების პროპორციულად, საღ აზრს მოკლებულია ვარაუდი, რომ სამინისტრო ერთი მხრივ, შესრულებული სამუშაოების ღირებულების 80%-ს ურიცხავდა პრინციპალს, ხოლო, მეორე მხრივ, შესრულებული სამუშაოების სრული ოდენობით ამცირებდა საავანსო ანგარიშსწორების გარანტიას. საყურადღებოა, რომ საავანსო ანგარიშსწორების გარანტია თავადვე მიუთითებს ძირითად ვალდებულებაზე და N547 ხელშეკრულებაზე, შესაბამისად მოწინაარმდეგე მხარე იცნობდა ხელშეკრულების პირობებს (სხვაგვარად თავადაც არ გასცემდა საბანკო გარანტიას) და შეუძლებელია გარანტს არ ჰქონოდა ინფორმაცია ბენეფიციარს მიზანზე თანხის გაქვითვასთან დაკავშირებით.

6.2. კასატორი მიუთითებს, რომ ზოგადად უზრუნველყოფის ღონისძიებები კრედიტორის ინტერესების დაცვას ემსახურება, საბანკო გარანტიაც სწორედ იმ დროს გამოიყენება, როცა ვალდებულების შესრულების მიმართ, კრედიტორის განსაკუთრებული ინტერესი არსებობს. საბანკო გარანტიის არსი კი ისაა, რომ ბენეფიციარს აქვს მოთხოვნის უფლება და მისი რეალიზებისას მხოლოდ საგარანტიო პირობებთან შესამისი მოთხოვნის წარდგენის ვალდებულება აქვს. ასეთ ურთიერთობაში ფაქტობრივად იდება ორი გარიგება: გარანტსა და პრინციპალს შორის გარანტიის გაცემის თაობაზე ორმხრივი სასყიდლიანი ხელშეკრულება და თვით საბანკო გარანტია, რომელიც ორმხრივი გარიგებაა და წარმოადგენს გარანტის ცალმხრივ ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ.

კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თანხა შ.პ.ს. „რ“-ს ანგარიშზე ჩაირიცხა რამდენიმე ეტაპად და არც პრინციპალს და არც გარანტს რაიმე პრეტენზია თანხის ოდენობასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ თუკი რომელიმე მხარე ხელშეკრულების დადებისთანავე და საბანკო გარატიის წარმოდგენისთანავე აცნობიერებდა სხვაგვარად შეთანხმების არსებობას (საავანსო ანგარიშსწორებიდან შესრულებული სამუშაოების ღირებულების სრული ოდენობით გაქვითვასთან დაკავშირებით) თანხის პირველივე ჩარიცხვისთანავე უნდა გამოეთქვა პრეტენზია სამინისტროსთან, თუმცა ასე არ მომხდარა, ამიტომ სავარაუდოა, რომ სახეზეა ვალდებულების შერულებისაგან თავის არიდება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. კასატორის (ბენეფიციარის) მოთხოვნის დამფუძნებელ სამართლებრივ ნორმას გარანტის (მოპასუხის ) მიმართ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი, რომლის თანახმად საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

12. საბანკო გარანტია წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით (არააქცესორულობით), რაც გულისხმობს, იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საბანკო გარანტია გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია უნდა შესრულდეს გაცემული პირობების ფარგლებში. საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობის მონაწილეები არიან რა ბენეფიციარი, პრინციპალი და გარანტი, ამ ურთიერთობის ფარგლებში ფაქტობრივად იდება ორი გარიგება, კერძოდ, გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე ორმხრივი, სასყიდლიანი ხელშეკრულება და თვით საბანკო გარანტია, რომელიც ცალმხრივი ხელშეკრულებაა და წარმოადგენს გარანტის ცალმხრივ ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ. ამდენად, მოცემული ინსტიტუტის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე ხელშეკრულება და თვით საბანკო გარანტია განხილულ უნდა იყოს, როგორც ორი დამოუკიდებელი გარიგება, რა დროსაც, როგორც წესი, ერთ-ერთი მათგანის პირობები შესაძლოა, განსხვავდებოდეს მეორე გარიგებაში მოცემული პირობებისაგან. საბანკო გარანტიის პირობები შესაძლოა, გავლენას არ ახდენდეს გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემაზე შეთანხმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა ვალდებულებებზე და პირიქით.(იხ. სუსგ. №ას-1511-2018 26.03. 2019წ.).

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საბანკო გარანტიის სამართლებრივ ბუნებაზე და დამატებით განმარტავს: საბანკო გარანტია დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა, იგი პრინციპალის მიერ მოვალეობათა შესრულების საგარანტიო ხელშეკრულებაა და დამოუკიდებულია იმ ძირითადი ხელშეკრულებისაგან (შესაბამისად, მასში გათვალისწინებული პირობებისგან/ვალდებულებისგან), რომლის უზრუნველსაყოფადაც ის გაიცა. ამას იმპერატიულად ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლი და მისი შეცვლა მხარეებს არ შეუძლიათ. უფრო მეტიც, ის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საბანკო გარანტია, შესაძლოა სულაც შეწყდეს ან ბათილად იქნეს ცნობილი, თუმცა, საბანკო გარანტიის ხელშეკრულება მაინც ძალაში დარჩება. (შდრ. სუსგ. #ას-950-886-2017 03.11.2017წ.).

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, თუ რა დოკუმენტები უნდა წარუდგინოს ბენეფიციარმა გარანტს იმისთვის, რომ გარანტმა ვალდებულება შეასრულოს და რა პირობების გათვალისწინებით შეუძლია გარანტს უარი თქვას საგარანტიო ვალდებულებაზე, კერძოდ, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. ამ კუთხით საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ეს ადგენს ბენეფიციარის მოთხოვნის შემოწმებას მხოლოდ საგარანტიო პირობებთან შესაბამისობის კუთხით, მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის პირობების დაცვის კვლევის ფარგლებში - ანუ მხოლოდ ფორმალური სახით. პალატა აღნიშნავს, რომ ნორმის ამოქმედებისთვის ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული შემადგენლობა პროცედურული ნაწილის კონტექსტით მხარეთა შორის სადავო არაა, თუმცა, მაინც ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადაზღვევო კომპანიამ საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნაზე 129 152.31 ლარის სრულად ჩარიცხვის ნაწილში ბენეფიციარს უარი განუცხადა პრინციპალის მიერ 163762.80 ლარის შესრულებული სამუშაოს საფუძვლით. ამ გარემოების გათვალისწინებით, გარანტმა გარანტიის პირობების თანახმად (ხელშეკრულების 7.6. მუხლის თანახმად, ავანსად მიღებული თანხა გამოიქვითებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან პროპორციულად), შესრულებული სამუშაოს ღირებულება გამოაკლო საგარანტიო თანხას და დარჩენილი თანხა 36229.42 ლარი ჩაურიცხა ბენეფიციარს. ამდენად, გარანტს ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძვლები, რადგან არ არსებობდა საბანკო გარანტიის საფუძველზე ბენეფიციარის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების წინაპირობები, ე.ი. არ დადასტურდა იმ ვალდებულებების დარღვევა (საავანსო თანხის არამიზნობრივი გახარჯვა), რის უზრუნველსაყოფადაც გარანტია გაიცა, ამ გარემოებამ გარანტის უარს სამართლებრივი მართლზომიერება შესძინა.

16. საკასაციო სასამართლო არაერთ საქმეზე განმარტავს: „ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (იხ., სუსგ Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი). ცხადია, დასახელებულ პირობათაგან არცერთს არა აქვს კავშირი ძირითად ვალდებულებასთან. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე (იხ. სუსგ 17.03.2009წ. №ას-781-996-08, სუსგ 4.05.2015წ. №ას-161-151-2015). კანონი გარანტისათვის ფულადი თანხის გაცემის დამოუკიდებელ ვალდებულებას აწესებს, რა დროსაც უნდა უნდა დადგინდეს გარანტიის ხელშეკრულების პირობები და მისი მოქმედების ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე უპირველესად დასადგენია ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის თანხის გაცემის თაობაზე შეესაბამებოდა, თუ არა გარანტიის პირობებს“ (იხ. სუსგ # ას-1231-1157-2017, 01.12.2017წ.)

17. უდავოა, რომ პრინციპალის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 163 762.80 ლარი, რომელიც 2020 წლის 17 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. იმ პირობებში კი, როდესაც მხარეთა შორის არსებული გარანტიის პირობა გულისხმობდა გარანტიის თანხის შემცირებას პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის სამუშაოს შესრულების ღირებულების პროპორციულად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ აღნიშნული დებულება ძირითად ხელშეკრულებასთან (N547-ე ხელშეკრულებასთან) დაკავშირებულია მჭიდროდ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ბენეფიციარის ლოგიკური ინტერესებიდან გამომდინარე უნდა განხილულიყო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ შედავებას გარანტის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებასთან სამართლებრივი კავშირი არ გააჩნია, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, საბანკო გარანტია დამოუკიდებელ ხელშეკრულებას წარმოადგენს და გარემოებები, რომლებზეც კასატორი მიუთითებს, მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის არსებული სამართლურთიერთობის ნაწილია და არა საგარანტიო ხელშეკრულების საგანი. ამდენად, ისინი საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი