Facebook Twitter

14 მარტი 2025 წელი

№ას-141-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა.დ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „თ.ე–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.დ–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შ.პ.ს. „თ.ე–ი“-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. 2024 წლის 02 მაისის განჩინებით განსახილველ საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა და სხდომის თარიღი განისაზღვრა 2024 წლის 23 მაისს 11:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და განემარტათ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. მოსარჩელე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის. 2024 წლის 23 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. სასამართლოს განსჯით, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოსარჩელე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ა.დ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის განჩინება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება და დამატებით განმარტა შემდეგი:

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 02 მაისის განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2024 წლის 23 მაისს 11:00 საათზე (იხ. ს.ფ. 262).

7.2. მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად ეცნობათ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის თარიღის შესახებ (იხ. ს.ფ. 266-267).

7.3. 2024 წლის 23 მაისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარე, მას არც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის, ხოლო მოპასუხე შ.პ.ს. „თ.ე–ი“-ს წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

7.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის, გონივრული ვადის დაცვით, მის მიერ სარჩელში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობა სასამართლოს სხდომის თარიღი, ასევე განემარტა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ (იხ. ს.ფ. 265).

7.5. დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის და არც სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის გადადების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

7.6. უპირველესად სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი სადავოდ არ ხდიდა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დღის შესახებ მოსარჩელის ინფორმირების ვალდებულების სასამართლოს მხრიდან დარღვევას, არამედ პრეტენზიას გამოთქვამდა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს საპატიო მიზეზით არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და სასამართლოს ინფორმირება.

7.7. სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა სამოქალაქო სამართალში მოქმედ თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს და იმსჯელა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტზე, რომ ის მიზნად ისახავს და წარმოადგენს მხარეთა ერთგვარ იძულებას, განახორციელონ საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. პალატამ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სანქციას იმ მხარისთვის, რომელიც არ ცხადდება სასამართლოში და არ გააჩნია ამის საპატიო მიზეზები. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მხარეს არ სურს მხარი დაუჭიროს სასარჩელო მოთხოვნას ან უარყოს იგი.

7.8. სააპელაციო პალატამ იმსჯელა სასამართლოს უფლებამოსილებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე კი, განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, კერძოდ: 1. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე (მისი წარმომადგენელი); 2. მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს კანონის მოთხოვნათა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები) დაცვით ეცნობა სასამართლოს სხდომის დანიშვნის თაობაზე; 3. მოსარჩელემ არ აცნობა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ; 4. მოსარჩელის გამოუცხადებლობა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობა გამოწვეული არ იყო საპატიო მიზეზით; 5. მოპასუხემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება (ეს შუამდგომლობა უნდა აისახოს ოქმში ან დაერთოს საქმეს, თუ წერილობით იყო წარმოდგენილი), რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოუცხადებელი მოსარჩელის წინააღმდეგ, ანუ არ დააკმაყოფილოს სარჩელი.

7.9. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა ან შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

7.10. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით განმარტა, რა განიხილება საპატიო მიზეზად და მიუთითა მხარის ვალდებულებაზე, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია.

7.11. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი, რომელიც სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უთითებდა წარმომადგენლის ავადმყოფობაზე, მაგრამ პალატამ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის პრეტენზია, რომ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

7.12. პალატამ განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის უნდა არსებობდეს ორი პირობა: 1. გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას (შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა) ან/და შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იქვე პალატამ მიუთითა, რომ ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით.

7.13. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მიიჩნიოს საპატიოდ, თუკი ავადმყოფობით არის განპირობებული და იქვე აღნიშნა, რომ კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი. ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

ამასთან, პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმის განხილვაზე გამოუცხადებელმა მხარემ იმ გარემოებასთან ერთად, რომ სხდომის დღეს ობიექტურად ვერ შეძლებდა სასამართლოში გამოცხადებას, უტყუარად უნდა დაადასტუროს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობის ფაქტი.

7.14. აპელანტის პრეტენზიის განსახილველად პალატამ მიუთითა აპელანტის (საჩივრის ავტორის) მიერ წარმოდგენილ 2024 წლის 06 ივნისით დათარიღებულ ცნობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100ა, რომლის თანახმადაც დგინდებოდა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2024 წლის 06 ივნისს, დიაგნოზი იყო მწვავე ბრონქიტი, მოკლე ანამნეზი: პაციენტი უჩივის ხველას, ყელის ტკივილს, საერთო სისუსტეს, ოფლიანობას. მისი გადმოცემით, ავად არის 2-3 კვირა. დაავადება დაეწყო ყელის ტკივილით, მშრალი ხველით, ტემპერატურის მომატებით. თვითმკურნალობის შემდეგ, ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მე-2 დღეა დაეწყო ჩივილები. რეკომენდაცია: დაენიშნა მკურნალობა. ცნობა ხელმოწერილია მკურნალი ექიმის, ასევე - დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. ცნობის გაცემის თარიღი 06.06.2024 წ. (იხ. ს.ფ.276-277).

7.15. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის მსჯელობა, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ ასახავდა მოსარჩელის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობას სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დროს - 2024 წლის 23 მაისს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შინაარსიდან არ იკვეთებოდა გამოუცხადებლობის მიზეზის სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობა, შესაბამისად, არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე გამოწვეული იყო პატივსადები მიზეზით, აქედან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია და სააპელაციო პალატაც დაეთანხმა, არარსებობას იმ საპატიო მიზეზისა, რომელიც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.

სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენელმა პირადად ჩაიბარა 2024 წლის 30 მაისს (იხ. ს.ფ. 274), ხოლო სამედიცინო კლინიკას მიმართა 2024 წლის 06 ივნისს (იხ. ს.ფ.276).

7.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც აპელანტმა ვერ შეძლო, ამდენად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი უცვლელად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

8.1. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, მძიმე ავადმყოფობისა და სახლში მკურნალობის მიზეზით, მან ვერ შეძლო საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადება და ვერც თანაშემწესთან დაკავშირება, რათა ეცნობებინა სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე. კასატორის მითითებით, მართალია, მან 2024 წლის 30 მაისს ჩაიბარა უწყება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ავადმყოფობის გამო მას სიარული არ შეეძლო, პოლიკლინიკაში გამოცხადდა 2024 წლის 06 ივნისს, როცა თავი უკეთ იგრძნო. წარმოდგენილი მტკიცებულება, ფორმა №IV-100ა კი, მისი აზრით, საკმარისი მტკიცებულებაა. კასატორის წარმომადგენელი პროცესუალურ საფუძველთან ერთად მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ საფუძვლებზეც, რომ მას ზიანი მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა და აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოსარჩელის სათანადო წესით მოწვევის საკითხი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შეფასება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 2017 წლის 6 მარტის განჩინება).

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

16. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოსარჩელე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

17. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი: ა) მოსარჩელისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოსარჩელის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).

20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ საქმის განხილვის შესახებ მოსარჩელე მხარეს ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ უცნობებია სასამართლოსთვის, ხოლო, მოპასუხემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

21. საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი იმ საკითხის შეფასება, საქმის განხილვაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

23. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა რაიმე ობიექტური გარემოების გამო. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

24. განსახილველ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ ხელი შეუშალა გამოცხადებულიყო სასამართლოში ან გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ ეცნობებინა მისთვის.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ავადმყოფობის გამო მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკა, რომლის შესაბამისად, დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის ავადმყოფობის გამო გამოუცხადებლობის შემთხვევაში ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთიუთებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე (იხ. სუსგ №ას-519-754-08, 16 ივლისი, 2008 წელი; სუსგ№ას-460-701-08, 2 ივლისი, 2008 წელი; სუსგ №ას-480-720-08, 6 ნოემბერი, 2008 წელი; სუსგ №ას-667-997-07, 30 იანვარი, 2008 წელი).

26. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა 2024 წლის 30 მაისს (იხ. ს.ფ. 274), ხოლო სამედიცინო კლინიკას მიმართა 2024 წლის 06 ივნისს (იხ. ს.ფ.276). ამასთან, კასატორის მიერ წარმოდგენილია 2024 წლის 06 ივნისით დათარიღებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100ა, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2024 წლის 06 ივნისს, დიაგნოზი იყო მწვავე ბრონქიტი. მოკლე ანამნეზი: პაციენტი უჩივის ხველას, ყელის ტკივილს, საერთო სისუსტეს, ოფლიანობას. მისი გადმოცემით, ავად არის 2-3 კვირა, დაეწყო ყელის ტკივილით, მშრალი ხველით, ტემპერატურის მომატებით. თვითმკურნალობის შემდეგ, ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მე-2 დღეა, აქვს ზემოთ აღწერილი ჩივილები, გაიცა სამკურნალო რეკომენდაცია. ცნობა ხელმოწერილია მკურნალი ექიმისა და, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. ცნობის გაცემის თარიღი 06.06.2024 წ. ( იხ. ს.ფ.276-277).

27. საკასაციო პალატა მითითებულ მტკიცებულებას აფასებს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის მხრიდან არ არის დაცული კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტი და წარმოდგენილი მტკიცებულება არარელევანტურია, მას სასამართლოსათვის წინასწარ არ შეუტყობინებია, რომ კონკრეტულ საპროცესო მოქმედებას ვერ ასრულებდა არსებული ან წარმოშობილი ობიექტური საფუძვლების გამო, ამასთან, მხარე ვერც იმ გარემოებას ვერ ადასტურებს, რომ ასეთი შეტყობინება წინასწარ შეუძლებელი იყო (იხ. სუსგ. №ას-355-2023 28.04.2023წ.).

28. ამდენად, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ შეიცავს პირდაპირ მითითებას სასამართლო პროცესზე 2024 წლის 23 მაისის მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე, ასევე არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაც, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მართებულად მიღების წინაპირობებს ქმნის.

29. ამრიგად, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიოობის მტკიცების სტანდარტს ადგენს თავად კანონმდებელი, რაც მოსარჩელემ ვერ დაძლია, მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას, სასამართლოს წინაშე მას არ წარუდგენია.

30. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.).

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. 33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. 34. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი