Facebook Twitter

19 ნოემბერი 2024 წელი №ას-361-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს. „ე–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები - შ.პ.ს. „დ.ტ.ო–ი“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ.პ.ს. „ე–ი“-მ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შ.პ.ს. „დ.ტ.ო–ი“-ს მიმართ და მოითხოვა 89863.5 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ შესაგებელში სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ აღიარა 5192 ლარის დავალიანება, დანარჩენ ნაწილში კი, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „დ.ტ.ო–ი“-ს შ.პ.ს. „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 5192 ლარის გადახდა. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, მოსარჩელე სამშენებლო მასალას (შემდეგში - ,,საქონელი") აწვდიდა მოპასუხეს, ფასი გადახდილი უნდა ყოფილიყო თითოეული მიწოდებიდან 2 სამუშაო დღის ვადის დაცვით (იხ. სარჩელი. ს.ფ.5; შესაგებელი. ს.ფ.107; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი).

5.2. სარჩელის აღძვრამდე (02.05.2022 წ.) ბოლო სამი წლის განმავლობაში 02.05.2019 წლიდან, მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება, თუმცა, მხარეთა შორის სადავოა ამ თანხის გადახდით რა პერიოდის დავალიანებას ფარავდა მოპასუხე (იხ. ს.ფ. 22-28, 130-155).

5.3. სააპელაციო პალატამ დადგინა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა. მოსარჩელის მოთხოვნის, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ანაზღაურების საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) იყო. მოსარჩელე მოითხოვდა საქონლის მიწოდებისათვის საქონლის ფასის, 89863.5 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

5.4. მხარეთა შორის სადავო იყო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს საქონელი მიაწოდა პერიოდულად, 2011-2016 წლებში, შემდეგ - 2017 წელს, ერთხელ და 2019-2020 წლებში რამდენჯერმე. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასარჩელო მოთხოვნა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან იყო წარმოშობილი. აპელანტი ადასტურებდა, რომ 2017 წელს და 2019-2020 წლებში მოპასუხემ გადაუხადა საქონლის ფასი - 15194,5 ლარი, თუმცა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების არგუმენტად ასახელებდა, რომ ამ პერიოდში გადახდილ თანხებს ის მიაქცევდა მყიდველის ძველი (არსებული) დავალიანების დასაფარად, შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი). მოპასუხე კი აღნიშნავდა, რომ 2011-2016 წლებში ნაყიდი საქონლის ფასი გადახდილი ჰქონდა. ამასთან, 2017 წელს და 2019-2020 წლებში შეძენილი საქონლისათვის, ნაცვლად შეთანხმებული ფასის, 20386.5 ლარისა, მას გადახდილი ჰქონდა 15194,5 ლარი, ხოლო გადასახდელი - 5192 ლარი. ამასთანავე, უთითებდა, რომ 2017 წლამდე წარმოშობილი ვალდებულებების მიმართ გასული იყო ხანდაზმულობის ვადა.

5.5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. იმსჯელა ხანდაზმულობის ინსტიტუტზე, როგორც საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე-130-ე მუხლებზე მითითებით განმარტა ხანდაზმულობის ვადები და ვადის ათვლის კრიტერიუმები და მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე: უდავო გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მყიდველს კრედიტორისათვის შეძენილი თითოეული მიწოდებიდან 2 დღის ვადის მიხედვით უნდა გადაეხადა საქონლის ფასი. წარმოდგენილი სარჩელით კი მოსარჩელე ითხოვდა 2011 წლიდან 2020 წლამდე მიწოდებული საქონლის გადაუხდელი ფასის დაკისრებას. სადავო არ იყო არც ის გარემოება, რომ მიწოდება (ყიდვა) ხდებოდა რამდენჯერმე და არა - ერთჯერადად. კრედიტორმა სასამართლოს განსახილველი სარჩელით მიმართა 02.05.2022 წელს. მოპასუხე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ხანდაზმულობაზე უთითებდა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ 02.05.2019 წლიდან 02.05.2022 წლამდე სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო, ხანდაზმული იყო დანარჩენ ნაწილში, რა ნაწილშიც მოპასუხეს უფლებამოსილება ენიჭებოდა დავალიანების გადახდაზე უარი ეთქვა. ეს კი გამორიცხავდა სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

5.6. საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა, რომ სარჩელის აღძვრამდე (02.05.2022წ.) ბოლო სამი წლის განმავლობაში, 02.05.2019 წლამდე, მოსარჩელეს მოპასუხისათვის მიწოდებული ჰქონდა საქონელი, რომლის ფასი მოპასუხემ გადაუხადა გამყიდველს. თუმცა, მხარეთა შორის სადავო იყო ამ თანხის გადახდით რა პერიოდის დავალიანებას ფარავდა მოპასუხე და, შესაბამისად, არსებობდა თუ არა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისა და მისი თავიდან ათვლის საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 374-ე (თუ რამდენიმე ვალდებულებიდან უნდა შესრულდეს ერთ-ერთი (ალტერნატიული ვალდებულებანი), არჩევის უფლება აქვს მოვალეს, თუკი ხელშეკრულებიდან, კანონიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), 376-ე და 377-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვალდებულების არჩევა ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის წინაშე განცხადებით ან შესრულების განხორციელებით და იმ შემთხვევებშიც, როცა ვალდებულების არჩევის საგანს შეადგენს ორზე მეტი შესრულება.

5.7. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა. საქმეში წარმოდგენილ საგადახდო დავალებებში მითითებული არ იყო რა პერიოდის დავალიანებას ფარავდა მოვალე/მოპასუხე, თანხის გადახდის დანიშნულება ამ მხრივ რაიმე მითითებას არ შეიცავდა. მოვალე მიუთითებდა, რომ გადახდილი თანხებით ფარავდა არა ძველ (ხანდაზმულ), არამედ მიმდინარე დავალიანებას. ამ გარემოებას კი ადასტურებდა მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაზე დართული, ხანდაზმულობის ვადაში განხორციელებული საქონლის მიწოდების, მისი ფასის გადახდის თარიღების შესახებ ცნობა, რომლის ნამდვილობა აპელანტმა დაადასტურა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

5.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოვალემ აირჩია შესასრულებელი ვალდებულება და გადახდილი თანხებით მან დაფარა მიმდინარე დავალიანება, რითაც ამ ნაწილში ვალდებულება შეწყდა შესრულებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება)) შესაბამისად. აღნიშნული კი გამორიცხავდა, ამ სადავო გადახდებზე მითითებით, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასა და მისი თავიდან ათვლის შესაძლებლობას.

5.9. რაც შეეხება დარჩენილი ვალდებულების თაობაზე მოპასუხის აღიარებას, პალატამ განმარტა, რომ ამ ნაწილში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე შეწყდა ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, ეს არ ნიშნავდა 2011-2016 წლებში საქონლის მიწოდებისათვის მოთხოვნის არსებობის აღიარებას, რადგან, როგორც მხარეები ადასტურებდნენ, მიწოდებაც და ფასის გადახდაც პერიოდულად უნდა მომხდარიყო. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისათვის საკმარის საფუძველს ქმნიდა.

5.10. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის მოტივით, არ არსებობდა სადავო ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, რაც გამორიცხავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

6.1. კასატორის მითითებით, მხარეთა შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის პროდუქციის მიწოდების ნამდვილობა და ოდენობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია არც შესაგებლით და არც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ წარმოუდგენია საპირისპირო პოზიცია ან მტკიცებულება, ის დაეთანხმა მიწოდების ფაქტსა და თანხის ოდენობას. მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ, დავალიანების, 5192 ლარის, ნაწილში ცნობა პირდაპირ გამორიცხავს ხანდაზმულობას და მოპასუხე ვალდებულია, აანაზღაუროს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება.

6.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ, თითქოს აპელანტმა დაადასტურა მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი ცნობის ნამდვილობა და მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული. რეალურად ის ნამდვილად ადასტურებდა თანხის გადახდას, თუმცა დამატებით აღნიშნავდა, რომ გადახდებით იდენტიფიცირებული არ იყო კონკრეტული შესყიდვის ღირებულების გადახდა და, ბუნებრივია, ასეთ დროს კრედიტორი ჯერ ძველ დავალიანებას დაფარავდა.

6.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ შეუფასებიათ მოწმის სახით დაკითხული მოსარჩელე კომპანიის ყოფილი დირექტორის ჩვენება, რომელიც ადასტურებდა, მოპასუხის დავალიანებას. მოპასუხე კომპანიის დირექტორი შ.პ.ს. „ე–ი“-ს ფინანსურად მართავდა და აღნიშნული ჩვენებით დასტურდება, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორი შ.პ.ს. „ე–ი“-ს ფინანსურ საკითხებს წყვეტდა და თანხას განგებ არ უხდიდა. ამდენად, ეს არაკეთილსინდისიერი ქმედება გამორიცხავს ხანდაზმულობას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. უპირველესად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობის მოწესრიგების მატერიალურსამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება, თუმცა, ნიშანდობლივია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნას იმგვარი შესაგებელი (მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი) დაუპირისპირა, რომელიც მის იძულებით განხორციელებას შეუძლებელს ხდის, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის საფასურის დაკისრების შესახებ, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა. 13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

14. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი). სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (ს.უ.ს.გ. №ას-1191-2019 , 04.12.2019წ.).

ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია, გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007წ, გვ.63; ს.უ.ს.გ. №ას-986-2019, 16.10.2019წ.).

„...ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51) (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996). 15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის შედავებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით მოსარჩელე სამშენებლო მასალას აწვდიდა მოპასუხეს, ფასი კი გადახდილი უნდა ყოფილიყო თითოეული მიწოდებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. სარჩელის აღძვრიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში 02.05.2019 წლიდან მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს საქონლის ღირებულება, თუმცა სადავოა ამ თანხის გადახდით რა პერიოდის დავალიანებას ფარავდა მოპასუხე. დადგენილია, რომ 2017 წელს და 2019-2020 წლებში მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა საქონლის ფასი - 15194.5 ლარი. მოპასუხის მითითებით, მას გადასახდელი დარჩა 5192 ლარი, 2017 წლამდე წარმოშობილი ვალდებულებების მიმართ კი გასულია ხანდაზმულობის ვადა.

16. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-868-830-2014, 19 მარტი, 2015 წელი; №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი; №ას-1049-2019, 18 ოქტომბერი, 2019 წელი). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-599-562- 2010, 01 დეკემბერი, 2010 წელი; №ას-902-2018, 06 ნოემბერი, 2018 წელი). ამრიგად, თითოეული შესრულების დარღვევა დამოუკიდებლად წარმოშობს უფლებამოსილი პირის მიერ მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლებას და ეს მოთხოვნა მისი წარმოშობიდან სამი წლის ვადის მიხედვით უნდა წარედგინოს ვალდებულების დამრღვევ მხარეს.

17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტორმა სასამართლოს სარჩელით მიმართა 02.05.2022 წელს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა 02.05.2019 წლიდან 02.05.2022 წლამდე ხანდაზმული არ არის, ხოლო დანარჩენ ნაწილში ხანდაზმულია. ხანდაზმულობაზე მოპასუხე თავადაც მიუთითებს, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.

18. როგორც აღინიშნა, სარჩელის აღძვრიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა საქონელი, მოპასუხემ კი თავის მხრივ გადაიხადა, თუმცა მხარეთა შორის სადავოა რა პერიოდის დავალიანებას ფარავდა მოპასუხე ამ გადახდებით. კასატორის განმარტებით, ის ნამდვილად ადასტურებდა თანხების გადახდას, თუმცა იქვე მიუთითებდა, რომ ვინაიდან გადახდებით არ იყო იდენტიფიცირებული კონკრეტული შესყიდვის ღირებულების გადახდა, კრედიტორი მათ ძველი დავალიანების დასაფარად მიმართავდა.

19. მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 374-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თუ რამდენიმე ვალდებულებიდან უნდა შესრულდეს ერთ-ერთი (ალტერნატიული ვალდებულებანი) არჩევის უფლება აქვს მოვალეს, თუკი ხელშეკრულებიდან, კანონიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 376-ე და 377-ე მუხლების თანახმად კი, ვალდებულება ირჩევა ხელშეკრულების მეორე მხარის წინაშე განცხადებით ან შესრულებით და იმ შემთხვევებშიც, როცა ვალდებულების არჩევის საგანი ორზე მეტი შესრულებაა.

20. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არ არსებობდა წერილობითი ხელშეკრულება და გადახდები არ შეიცავდა დავალიანების დაფარვის რიგითობის ინფორმაციას, მოვალე კი მიუთითებდა, რომ ფარავდა არა ხანდაზმულ, არამედ მიმდინარე დავალიანებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოვალემ აირჩია შესასრულებელი ვალდებულება და დაფარა მიმდინარე დავალიანება, რის საფუძველზეც ამ ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანხმად, ვალდებულება შეწყდა შესრულებით.

21. რაც შეეხება მოპასუხის მიერ აღიარებულ ვალდებულებას, 5192 ლარის ნაწილში, ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდესის 137-ე მუხლიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადა შეწყდა ვალდებულების აღიარებით, რაც, ამავე კოდექსის 131-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია და საფუძვლად დაუდო სასამართლო გადაწყვეტილებას.

22. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გაანაწილეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, სწორად დაადგინეს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები (მოთხოვნის წარმოშობა და მისი იძულებით განხორციელების ვადები) და როდესაც საქმისწარმოების შესაბამის ეტაპზე მოპასუხემ თავდაცვის მატერიალურსამართლებრივ საშუალებად სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით ისარგებლა, სარჩელი სწორად არ დააკმაყოფილეს სრულად.

23. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე. 24. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. 25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 4234 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4234 ლარის, 70% – 2963 ლარი და 80 თეთრი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ე–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „ე–ი“-ს (ს/კ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 4234 ლარის (საგადახდო დავალება №22490, გადახდის თარიღი: 25.06.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 2963 ლარი და 80 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი