საქმე №ას-903-2022
11 მაისი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ნ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ნ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის პირვანდელი მესაკუთრისთვის დაბრუნება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მ.ნ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „მოწინააღმდეგე მხარე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში, თ.ნ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", აპელანტი“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი, თ.ნ–თან დადებული გარიგება -2015 წლის 02 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი:.......), როგორც მოტყუებით დადებული.
1.2 მოსარჩელე, მ.ნ–ის, საკუთრებაში დაბრუნდეს უძრავი ქონება, მდებარე ქ.თელავი, ........, დაზუსტებული ფართობი: 512.00 კვ.მ., შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N1,N2, სხვა ფართი 155 კვ.მ.(საკადასტრო კოდი-........)
2. სარჩელის საფუძვლები
2.1 2015 წლის 02 ოქტომბერს მოსარჩელის, მ.ნ–ის შვილმა, თ.ნ–მა მოტყუებით გადააფორმებინა მას მისი კუთვნილი უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინა), მდებარე, ქ.თელავი, ........., ს/კ ........
2.2 მოსარჩელე მითითებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. აღნიშნულ მისამართზე ცესკოს მონაცემებით, ასევე რეგისტრირებული არიან მისი შვილები, შ. და გ. ნ–ები. ამავე მისამართზე, მოსარჩელის მეორე შვილს, შ.ნ–ს მოწყობილი აქვს თონე და აწარმოებს ქართულ პურს.
2.3 მას შემდეგ, რაც მოსარჩელე შეცდომაში შეიყვანა მისმა შვილმა - თ.ნ–მა და სახლი მოტყუებით გადააფორმებინა, რაშიც თითქოს მოსარჩელეს გადაუხადა 10 000 აშშ დოლარი, იგი თავს არიდებს მასთან შეხვედრას. მოპასუხე ცდილობს სხვის სახელზე გადააფორმოს საცხოვრებელი სახლი, დატვირთოს იპოთეკით და აღებული თანხით გაემგზავროს საზღვარგარეთ.
2.4 მოსარჩელის განმარტებით, ადგილი აქვს მოტყუებით დადებულ გარიგებას და აღნიშნულის გამო მოითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა მემკვიდრეობით. ქონების გასხვისებამდე და მას შემდეგაც მოსარჩელე, რომელიც მისი მამაა ცხოვრობს იგივე სახლში.
3.2 მოპასუხემ განმარტა, რომ თონის მოწყობაში შოთა ნადირაშვილს ეხმარებოდა ოჯახის ყველა წევრი. ის დღემდე იქ საქმიანობს და ნასყიდობის გარიგების დადების შემდეგაც არავის შეუზღუდია ის თავის საქმიანობაში, რასაც მოსარჩელეც ადასტურებს.
3.3 მოპასუხემ განმარტა, რომ ფასის განსაზღვრის დროს გათვალისწინებული იყო ისიც, რომ მან გაისტუმრა მისი ძმის გ. ნ–ის ვალი - 3 500 აშშ დოლარი, რისთვისაც კრედიტი ჰქონდა აღებული. ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ იცოდა დ., შ. და გ.ნ–მა. მოლაპარაკებას კი დ.ნ–იც ესწრებოდა მოპასუხის მეუღლესთან, ბ. ნ–თან ერთად.
3.4 მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1 თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ.ნ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მ.ნ–სა და თ.ნ–ს შორის, 2015 წლის 02 ოქტომბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული უძრავი ნივთის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N....... ნასყიდობის ხელშეკრულება.
4.2 უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თელავი, ......, დაზუსტებული ფართობი: 512.00კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2; სხვა ფართი 155კვ.მ. (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N........), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო) აღირიცხა
მ.ნ–ის საკუთრებაში.
4.3 მოპასუხე, თ.ნ–ს მოსარჩელე მ.ნ–ის სასარგებლოდ დაეკისრა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 963.00 ლარის ანაზღაურება.
4.4 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.ნ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.2 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულების ბათილობის ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე და 81-ე მუხლების პირველი ნაწილებით, ფაქტობრივი შემადგენლობის კუთხით სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან და შესაბამისად იმის მიხედვით, თუ რომელ ნორმას აფუძნებს საკუთარ მოთხოვნას მოსარჩელე, განსხვავებული ფაქტების მითითებისა და მტკიცების ვალდებულება ეკისრება. ასევე განსხვავებულია ასეთი სარჩელებისგან მოპასუხის მიერ თავდაცვის საშუალებები, თუნდაც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის კუთხით, როგორც ამას აპელანტი მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შეფარდებას, ვინაიდან მ.ნ–ის სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს საქმის განხილვის მთელ ეტაპზე, წარმოადგენდა მოტყუების ფაქტი, გარიგების მოჩვენებითობა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებებით, განხილვის საგანი არ ყოფილა, და სასამართლოს აღნიშნული ქმედებით მოპასუხე მხარეს წაერთვა სარჩელისგან თავდაცვის შესაძლებლობა და შესაბამისად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც როგორც ზემოთ იქნა განმარტებული, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების ფარგლებს სცდება. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მ.ნ–ის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, არამედ იმავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილი.
5.3 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა და სამართლებრივი დასკვნა სადავო გარიგების მოჩვენებითობასთან დაკავშირებით, არ გამომდინარეობს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან. სასამართლოს მიერ გაკეთებული ის დასკვნა, რომ მხარეებს არ სურდათ, ერთის მხრივ ქონების გასხვისება, მეორეს მხრივ უძრავი ქონების შეძენა და რომ მოსარჩელეს, როგორც გამყიდველს არ გამოუვლენია ქონების გასხვისების ნება, წინააღმდეგობაში მოდის თავად მოსარჩელის იმ პოზიციასთან, რომ ნასყიდობის ფასი 10 000 აშშ დოლარი, შეუსაბამოდ დაბალი ფასია და რომ მოპასუხემ მოატყუა და არ გადაუხადა საფასური. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის დადებული გარიგების შინაარსს (ნასყიდობა) და არ დავობს სხვა შინაარსის მქონე გარიგების დაფარვაზე, მის მიერ ძირითადად სადავოა ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხემ (მისმა შვილმა) დაადებინა მოტყუებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიუხედავად სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას დასმული შეკითხვებისა, თუ რაში გამოიხატა მოტყუებით სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, მოსარჩელემ დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა.
5.4 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოტყუებით დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის დროს, სწორედ მოტყუებულ მხარეს ეკისრება მოტყუების ფაქტისა და მიზეზობრივი კავშირის მტკიცების ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებდა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა თ.ნ–ის მხრიდან მოტყუების საფუძველზე, თუმცა მოსარჩელე არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში ვერ უთითებდა, მოპასუხე მხარის კონკრეტულად რა მოქმედებაში გამოიხატებოდა მოსარჩელის მოტყუება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 02 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც მხარეებს განემარტათ მათ მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობების შინაარსი და ის სამართლებრივი შედეგი, რაც მოჰყვებოდა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. შესაბამისად უტყუარად დგინდება ის ფაქტი, რომ მ.ნ–ისთვის ცნობილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, რომელსაც დაეთანხმა ხელმოწერით.
5.5 სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გასულია ექვს წელზე მეტი და ამ დრომდე მოსარჩელე და მისი ოჯახის სხვა წევრები უწყვეტად და შეუფერხებლად სარგებლობენ თ.ნ–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებით.
5.6 სააპელაციო პალატამ მოსარჩელის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა უძრავი ქონების გასხვისებას შეუსაბამოდ დაბალ ფასად, განმარტა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 02 ოქტომბერს, ხოლო მ.ნ–მა სარჩელი წარადგინა 2016 წლის 27 მაისს და სადავო უძრავი ქონების ღირებულებად მიუთითა 32100 ლარი, რაც სარჩელის წარდგენის დროისთვის არსებული ვალუტის ოფიციალური კურსის (2,1473) შესაბამისად შეადგენდა 14 949 აშშ
დოლარს. იმ უდავო ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ თ.ნ–ს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე გასტუმრებული ჰქონდა
ოჯახის წევრების ფულადი ვალდებულებები 3500 აშშ დოლარისა და 1700 ევროს ოდენობით, უძრავი ქონების 10 000 აშშ დოლარად გასხვისება შეუსაბამოდ დაბალ ფასად ვერ იქნება შეფასებული.
5.7 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან მოტყუების ფაქტის არსებობა, რაზედაც ამყარებდა საკუთარ მოთხოვნას.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.2 კასატორი განმარტავს, რომ, ვინაიდან მას საცხოვრებელი სახლი არ გაუყიდია და არც ნასყიდობის საფასური არ მიუღია, ამიტომ ითხოვს ხელშეკრულების ბათილობას.
6.3 კასატორი აღნიშნავს, რომ მასთან ცხოვრობს მისი მესამე ვაჟი გ.ნ–ი. თ–ს თავის ძმასთან, გ–თან, ურთიერთობა დაეძაბა მას შემდეგ, რაც მან დაუფარა ვალი 3500 აშშ დოლარი და გ. მას ვეღარ უბრუნებდა. თ.ნ–ი სააპელაციო საჩივარში საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ფასში თვლიდა ძმისთვის ვალის სახით გადახდილ თანხას და მამისათვის ვალის გადახდას, რაც მისთვის არ დაუბრუნებიათ.
6.4 კასატორი განმარტავს, იმის გამო, რომ ძმებს შორის განეიტრალებულიყო დაძაბული ურთიერთობა თ.ნ–ს შესთავაზა სახლის დროებით გადაფორმება, ფიქტიურად, რომელსაც შემდეგში უკან დაუბრუნებდა მ.ნ–ს. ფაქტობრივად, თ.ნ–ის მიერ მამის მოტყუება მოხდა იმ თვალსაზრისით, რომ მან უკან აღარ გადაუფორმა მ.ნ–ს საცხოვრებელი სახლი.
6.5 კასატორის მითითებით, მას მისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაყიდვის ნება არ გამოუვლენია. კასატორი ასევე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება მ.ნ–სა და თ.ნ–ს შორის 2015 წლის 02 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანს, რაც გამომდინარეა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან. ნასყიდობის ფასი თ.ნ–ს არ გადაუხდია მ.ნ–ისთვის. მტკიცების ტვირთი ეკისრება თ.ნ–ს, რომელიც სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ მან ნასყიდობის თანხა გადაუხადა მ.ნ–ს, ხოლო მ.ნ–ი კი უარყოფს აღნიშნულ გარემოებას.
6.6. კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოსარჩელის მოწმეების ჩვენებები, იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო დროებით, თ.ნ–ის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 სექტემბრის განჩინებით მ.ნ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები, კერძოდ:
14. მ.ნ–ის საკუთრებაში იყო უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თელავი, ......, დაზუსტებული ფართობი: 512.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, №2; სხვა ფართი 155კვ.მ.; უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.........
15. 2015 წლის 02 ოქტომბერს მ.ნ–სა და მის შვილს, თ.ნ–ს შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაფორმდა ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება, 2015 წლის 05 ოქტომბერს აღირიცხა თ.ნ–ის საკუთრებად. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარით.
16. დადგენილია, რომ მ.ნ–ი და მისი მეუღლე დ.ნ–ი დღემდე უწყვეტად ცხოვრობენ სადავო უძრავ ქონებაში.
17. ასევე უდავოდ დადგენილია, რომ თ.ნ–მა გაისტუმრა ძმის, გ.ნ–ის ვალი - 3500 აშშ დოლარის ოდენობით და ასევე, მამის, მ.ნ–ის ვალი -1700 ევროს ოდენობით.
18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ასევე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 81.1 (თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა). 68-ე (გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი) 183-ე (უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია) და 31113 (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან) მუხლებს.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ : №ას-1172-2021, 10 ივნისი, 2022, პ.14). 20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
21.განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და ამ ქონების მესაკუთრედ ცნობას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სადავო ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება მოტყუებით გაუფორმა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სადავო ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემოწმება. კერძოდ, სადავოა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გარიგებების დადებისას მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობა, რადგან მოსარჩელე სწორედ დასახელებული გარიგების ბათილად ცნობასა და სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენას მოითხოვს.
22. საკასაციო პალატა სსკ-ის 50-ე მუხლზე (გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ) მითითებით აღნიშნავს, რომ გარიგების ნამდვილობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ ნების გამოვლენა. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-620-592-2016, 6 მარტი, 2017 წელი სუსგ. ას-1504-2022 10.03.2023წ.).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების დადებისას, მოტყუება ხელყოფს ერთი მხარის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან მიმართებით და აქედან გამომდინარე, ხელყოფს ნების გამოვლენის თავისუფლებას. მოტყუებისას ნების ნაკლი განპირობებულია გარიგების მეორე მხარის განზრახი სამართლებრივად გასაკიცხი მოქმედებით, რომლის მიზანიც ნების გამომვლენისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნაა. მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, ორივე მხარეს სურს ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა, მოტყუებულის თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული და მოტყუების შედეგია. მოტყუებასა და გარიგების დადებას შორის მიზეზობრივი კავშირის, განზრახვის, ისევე, როგორც მართლწინააღმდეგობის ცალკეული წინაპირობების მტკიცების ტვირთი მოტყუებულს, ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს აწევს. მომტყუებელს აწევს მითითების, ანუ დასაბუთების ტვირთიც, კერძოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულმა გარემოებებმა გარიგების მოტყუებით დადების ფაქტი უნდა დაადასტურონ; მოტყუების დროს, პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ №ას-182-171-2014, 16.06.2014წ. №ას-1117-1051-2015, 20.01.2016წ. შდრ. სუსგ: №ას-1382-2018, 25.01.2019წ. ამასთან, მხარემ, რომელიც იყენებს შეცილების უფლებას, უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა, არსებითობა და მიზეზობრივი კავშირი მოტყუებასა და ნების გამოვლენას შორის (იხ. სუსგ საქმე №ას-1324-2024 , 13 დეკემბერი, 2024 წელი).
24. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა თ.ნ–ის მხრიდან მოტყუების საფუძველზე, თუმცა, ვერ უთითებს, თუ მოპასუხე მხარის კონკრეტულად რა მოქმედებაში გამოიხატებოდა მოსარჩელის მოტყუება.
25. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს (იხ. საქმე№ას-216-2019,02.03.2020წ.; №ას-565-2021,06.10.2022წ.)
26. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 02 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც მხარეებს განემარტათ მათ მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობების შინაარსი და ის სამართლებრივი შედეგი, რაც მოჰყვებოდა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. შესაბამისად უტყუარად დგინდება ის ფაქტი, რომ მ.ნ–ისთვის ცნობილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, რომელსაც დაეთანხმა ხელმოწერით.
27. მოსარჩელე, მოტყუების კონტექსტში, აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ არ შეასრულა უძრავი ქონების დაბრუნების პირობა, რაც გარიგების ბათილობის წინაპირობა ვერ გახდება. სააპელაციო სასამართლომ, სავსებით მართებულად, ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებზე: 1. მხარეებს არ სურდათ, ერთის მხრივ ქონების გასხვისება, მეორეს მხრივ უძრავი ქონების შეძენა და რომ მოსარჩელეს, როგორც გამყიდველს არ გამოუვლენია ქონების გასხვისების ნება; 2. ნასყიდობის ფასი 10 000 აშშ დოლარი, შეუსაბამოდ დაბალია ფასია და, რომ მოპასუხემ მოატყუა და არ გადაუხადა საფასური.
28. საკასაციო პალატა, ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, იმ გარემოების მიმართ, სადაც კასატორი სადავოდ ხდის და მიუთითებს ნასყიდობის საგნის დაბალ ფასზე და აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების 10 000 აშშ დოლარად გასხვისება შეუსაბამოდ დაბალ ფასად ვერ იქნება შეფასებული გამომდინარე იქიდან, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 02 ოქტომბერს, ხოლო სარჩელი წარდგენილია 2016 წლის 27 მაისს, სადავო უძრავი ქონების ღირებულებად მითითებულია 32100 ლარი, რაც სარჩელის წარდგენის დროისთვის არსებული ვალუტის ოფიციალური კურსის (2,1473) შესაბამისად შეადგენდა 14 949 აშშ დოლარს. იმ უდავო ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ თ.ნ–ს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე გასტუმრებული ჰქონდა ოჯახის წევრების ფულადი ვალდებულებები 3500 აშშ დოლარისა და 1700 ევროს ოდენობით, გამორიცხავს კასატორის სასარგებლოდ აღნიშნული გარემოების გაზიარებას.
29. საკასაციო პალატა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. აღნიშნულის საფუძველზე, პირებს უფლება აქვთ ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მათთვის მისაღებ ფასზე და მხოლოდ შეთანხმებული ფასის საბაზრო ღირებულებასთან შეუსაბამობის მითითებით, დაუშვებელია მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ნაკლის დადგენა. შესაბამისად, არც ზემოხსენებული არგუმენტი ქმნის სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.
30. საკასაციო პალატა, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, ასკვნის, რომ სასამართლო ასევე მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს სადავო გარიგება მოჩვენებით გარიგებად სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად (რომლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
31. საკასაციო პალატა იზიარებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების შეფასებებს, რომ მოდავე მხარეთა ნამდვილი განზრახვა მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით დადებისკენ, რომელიც მიღწეულ იქნა, აღნიშნულის საწინააღმდეგო ფაქტები და მტკიცებულებები საქმეში არ მოიძებნება. კასატორს, საქმის განხილვის ფარგლებში, რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა, არ წარმოუდგენია. აღნიშნული კი, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე.
32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილებას აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები, სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64.)
33. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
34. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
35. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2038.35 ლარის 70% - 1426,84 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ.ნ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი; კასატორ მ.ნ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ.გ–ძის მიერ 2022 წლის 08 აგვისტოს სს „თიბისი ბანკში“ სახელმწიფო ბაჟის სახით, №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 2038.35 ლარის 70% - 1426,84 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე