Facebook Twitter

საქმე №ას-1594-2023

23 იანვარი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ.ც.თ–სი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“ „შემსყიდველი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე შპს „ტ.ც.თ–სის“ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოპასუხე“, “მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“) მიმართ, პირგასამტეხლოს სახით - 175 020 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „ტ.ც.თ–სს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლოს - 17 502 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 525.06 ლარის გადახდა.

3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.2.1 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და შპს „ტ.ც.თ–სს“ შორის, 2018 წლის 27 დეკემბერს, გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ პ/3504/63/ს, 12 ერთეული სპეციალიზებული მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის მარკა/მოდელი „Toyota LC 78“ (AMBULANCE) შესყიდვაზე.

4.2.2 27.12.2018წ. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება,

ნასყიდობის საგანი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს - 120 კალენდარული დღის ვადაში მიეწოდებინა სამინისტროსთვის.

4.2.3 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 750 200 ლარს. მოსაწოდებელი საქონლის აღწერილობა, რაოდენობა, ერთეულის ფასი და საერთო ღირებულება განისაზღვრა დანართი 1-ით და დანართი 2-ით.

4.2.4 ხელშეკრულების დანართი 2-ის (ტექნიკური მახასიათებლები) თანახმად, სამინისტროსთვის მოწოდებული ავტომობილების გამოშვების წელი უნდა ყოფილიყო 2018 წელი.

4.2.5 ხელშეკრულების 7.1.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის მიწოდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების

შესაბამისად. ხელშეკრულების 7.1.1. პუნქტის სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით.

4.2.6 ხელშეკრულების თანახმად, შპს „ტ.ც.თ–სს“ სამინისტროს მიმართ შესასრულებელი ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაევალა წარედგინა გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. სს „ბ.ქ–ს“ მიერ გაცემული 6278-12/18 საბანკო გარანტიის თანახმად, სს ბ.ქ–ს მიერ გაიცა საბანკო გარანტია 35 005 ლარზე. აღნიშნულ გარანტიაში მითითებულია, რომ ბენეფიციარის პირველივე საგადახდო მოთხოვნის მიღებიდან ბანკი გადაიხდის თანხას, რომლის ოდენობაც ჯამში არ აღემატება 35 005 ლარს. ამასთან, ბენეფიციარის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის წერილში უნდა მიეთითოს პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების შესახებ.

4.2.7 2018 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ტ.ც.

თ–მა“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაწოდა 12 ერთეული ავტომობილი, რომელთა გამოშვების წლად სსიპ „საქართველოს შსს მოსახურების სააგენტოს“ მიერ მითითებულია 2017 წელი.

4.2.8 2019 წლის 29 მაისის წერილის თანახმად, ხელშეკრულებით მისაწოდებელი სასწრაფო დახმარების ავტომანქანების გამოშვების წელი უნდა ყოფილიყო 2018, ხოლო წარმოდგენილი 12 ერთეული ავტომანქანის გამოშვების წლად დაფიქსირდა 2017 წელი. ვინაიდან ხელშეკრულების 7.1.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, სამინისტრომ უარი განაცხადა ავტომანქანების მიღებაზე.

4.2.9 სამინისტრომ სს „ქ. ბ–დან“ გამოიწვია საბანკო გარანტია სრული მოცულობით, მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევის საფუძვლით.

4.2.10 2019 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nპ/2704/55 ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველმა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი ტენდერის საფუძველზე გააფორმა ახალი ხელშეკრულება შპს „ტ.ც.თ–სთან“.

4.2.11 23.09.2019წ. ხელშეკრულების საგანია 12 ერთეული სპეციალიზებული მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის მარკა/მოდელი „Toyota LC ..“ (AMBULANCE), ავტომანქანების გამოშვების წელი იყო 2017, ხოლო მოდელის გამოშვების წელი - 2018 შესყიდვა. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 1 512 600 ლარით.

4.2.12 2019 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შემსყიდველმა მიიღო წარდგენილი ავტომობილები სრულად.

4.3 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით და აპელანტთა პრეტენზიის ჭრილში, პალატამ უპირველეს ყოვლისა უნდა შეამოწმოს არსებობდა თუ არა საერთოდ პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების წინაპირობა (მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივრის შინაარსი). დადებითი პასუხის შემდგომ შესამოწმებელია დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების კანონზომიერება (პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივრის შინაარსი).

4.4 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა პოზიციების მხედველობაში მიღებით, სადავო იყო ვალდებულების ჯეროვნად შესრულება არშესრულების საკითხი.

4.5 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შპს "ტ.ც.თ–სი"-მა არ შეასრულა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nპ/3504/63/ს ხელშეკრულების 7.1.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულება, რამეთუ წარმოდგენილი საქონელი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების დანართი N2-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებელს, რაც ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენდა.

4.6 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხის მხრიდან არსებობდა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც გახდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

4.7 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, შეამცირა მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით.

4.8 ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, პირგასამტეხლოს ოდენობის, 10-ჯერ შემცირების თაობაზე.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარე არ წარმოადგენს სუსტ მხარეს, იგი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მეწარმე სუბიექტია და, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედიოდა მას სრულად ჰქონდა გათვითცნობიერებული პირგასამტეხლოს შინაარსი და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგები.

5.3 კასატორის განმარტებით, მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მას სრულად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 175020 ლარის ოდენობით.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

6.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ-ი) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით. 9. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები, კერძოდ:

10.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და შპს „ტ.ც.თ–სს“ შორის 2018 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ პ/3504/63/ს 12 ერთეული სპეციალიზებული მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის მარკა/მოდელი „Toyota LC ..“ (AMBULANCE) შესყიდვაზე.

10.2. 27.12.2018წ. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, ნასყიდობის საგანი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღის ვადაში მიეწოდებინა სამინისტროსთვის.

10.3. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 750 200 ლარს. მოსაწოდებელი 6 საქონლის აღწერილობა, რაოდენობა, ერთეულის ფასი და საერთო ღირებულება განისაზღვრა დანართი 1-ით და დანართი 2-ით.

10.4. ხელშეკრულების დანართი 2-ის (ტექნიკური მახასიათებლები) თანახმად, სამინისტროსთვის მოწოდებული ავტომობილების გამოშვების წელი უნდა ყოფილიყო 2018 წელი.

10.5. ხელშეკრულების 7.1.1. მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის მიწოდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების 7.1.1. პუნქტის სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით.

10.6. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ტ.ც.თ–სს“ სამინისტროს მიმართ შესასრულებელი ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაევალა წარედგინა გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. სს „ბ.ქ–ს“ მიერ გაცემული 6278-12/18 საბანკო გარანტიის თანახმად, სს ბ.ქ–ს მიერ გაიცა საბანკო გარანტია 35 005 ლარზე. აღნიშნულ გარანტიაში მითითებულია, რომ ბენეფიციარის პირველივე საგადახდო მოთხოვნის მიღებიდან ბანკი გადაიხდის თანხას, რომლის ოდენობაც ჯამში არ აღემატება 35 005 ლარს. ამასთან, ბენეფიციარის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის წერილში უნდა მიეთითოს პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების შესახებ.

10.7. 2018 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ტ.ც.თ–სმა“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაწოდა 12 ერთეული ავტომობილი, რომელთა გამოშვების წლად სსიპ „საქართველოს შსს მოსახურების სააგენტოს“ მიერ მითითებულია 2017 წელი.

10.8. 2019 წლის 29 მაისის წერილის თანახმად, ხელშეკრულებით მისაწოდებელი სასწრაფო დამხარების ავტომანქანების გამოშვების წელი უნდა ყოფილიყო 2018, ხოლო წარმოდგენილი 12 ერთეული ავტომანქანის გამოშვების წლად დაფიქსირდა 2017 წელი. ვინაიდან ხელშეკრულების 7.1.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, სამინისტრომ უარი განაცხადა ავტომანქანების მიღებაზე.

10.9. სამინისტრომ სს „ქ.ბ–დან“ გამოიწვია საბანკო გარანტია სრული მოცულობით, მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევის საფუძვლით.

10.10. 2019 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nპ/2704/55 ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველმა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი ტენდერის საფუძველზე გააფორმა ახალი ხელშეკრულება შპს „ტ.ც.თ–სთან“.

10.11. 23.09.2019წ. ხელშეკრულების საგანია 12 ერთეული სპეციალიზებული მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის მარკა/მოდელი „Toyota LC ..“ (AMBULANCE), ავტომანქანების გამოშვების წელი იყო 2017, ხოლო მოდელის გამოშვების წელი - 2018 შესყიდვა. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 1 512 600 ლარით.

10.12. 2019 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შემსყიდველმა მიიღო წარდგენილი ავტომობილები სრულად.

11. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა 175 020 უსაფუძვლოდ შეამცირეს ათმაგი ოდენობით.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ.სუსგ №ას-1079-2019, 30.09.2019წ.).

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის).

14. საკასაციო პალატის არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული პირგასამტეხლოს ფუნქცია და დანიშნულება. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა(იხ.სუსგ №ას-1451-1371-2017,13.11.2018; №ას-848-814-2016, 28.12.2016).

15. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული, კერძოდ ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).

16. განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულდა კერძოდ, 2018 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ტ.ც.თ–სის“ მიერ მიწოდებული ავტომობილების გამოშვების წლად სსიპ საქართველოს შსს მოსახურების სააგენტოს მიერ მითითებულია 2017 წელი. 2017 წელია ასევე მითითებული მწარმოებლის მიერ ავტომობილების ძარაზე დატანილი ინფორმაციითაც.

17. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 2019 წლის 29 მაისის N01/9731 წერილის თანახმად, ხელშეკრულებით მისაწოდებელი სასწრაფო დახმარების ავტომანქანების გამოშვების წელი უნდა ყოფილიყო 2018, ხოლო წარმოდგენილი 12 ერთეული ავტომანქანის გამოშვების წლად დაფიქსირდა 2017 წელი. ვინაიდან ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, წარმოიშვა ხელშეკრულების 7.1.1 პუნქტის შესაბამისად, სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი.

18. დადგენილია, რომ ქვემდგომის ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეამცირეს ათმაგი ოდენობით.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, თუმცა ნორმით გათვალისწინებული სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილება უკავშირდება მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირებას, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლების დაკისრებას. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. აღნიშნულში მოიაზრება, სწორედ სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობამდე შემცირება.

20. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ. ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია შდრ სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

21. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

22. საკასაციო პალატის განმარტების თანახმად, „მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს“. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1417-2018, 16.11.2020; №ას-1210-2023, 18.01.2024წ.).

23. კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოების მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარე არ წარმოადგენს სუსტ მხარეს, იგი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მეწარმე სუბიექტია და, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედიოდა მას სრულად ჰქონდა გათვითცნობიერებული პირგასამტეხლოს შინაარსი და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგები.

24. საკასაციო პალატა, ნაწილობრივ იზიარებს კასატორის ზემოთ მითითებულ არგუმენტს და მიაჩნია, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.

25. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების (იხ. გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პუნქტები) გათვალისწინებით, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ქვემდგომი სასამართლოების მიერ არაპროპორციულად შემცირდა, რის გამოც უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია - უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით მომსახურება. პალატა ითვალისწინებს რა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დარღვევის ხასიათს, იმ ლეგიტიმურ ინტერესს, რაც სამინისტროს ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა, შესრულებისთვის ყველაზე პროპორციული, შესაბამისი და გონივრული ოდენობა არის მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს (175 020 ლარის ) ორმაგი ოდენობით შემცირება.

27. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 87 510 ლარის გადახდა;

28. საპროცესო ხარჯები

28.1 სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

28.2 განსახილველ შემთხვევაში, შპს „ტ.ც.თ–სს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე (2625 ლარის), სააპელაციო (3500 ლარის) და საკასაციო საჩივრებზე (4375 ლარის), სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხიდან, ჯამში - 10 500 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს „ტ.ც.თ–სს“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 87 500 ლარის გადახდა;

5. შპს „ტ.ც.თ–სს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხიდან, 10 500 ლარის გადახდა, შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე