Facebook Twitter

საქმე №ას-794-2023 15 თებერვალი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ნ.თ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ჯ.დ.მ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. შპს „ნ.თ–იმ“ სარჩელი აღძრა საქალაქო სასამართლოში სს „ჯ.დ.მ–ის“ მიმართ, მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით;

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,ნ.თ–ის“ სარჩელი სს „ჯ.დ.მ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე კომპანიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებად მიიჩნია და განმარტა, რომ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ თანხის გადახდას ითხოვდა მოსარჩელე.

5.3. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და შეფასება გაიზიარა და განმარტა, რომ სადავო 12 390 ლარის მომსახურება მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიისთვის არ გაუწევია.

5.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო თანხის წარმომავლობა. საქმეში არ იყო ასევე ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ამ თანხის სანაცვლო მომსახურების გაწევის ფაქტს დაადასტურებდა, მაგალითად დავალიანების ცნობა, შედარების აქტი ან მსგავსი დოკუმენტები.

5.5. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ აპელანტს/მოსარჩელეს არ გაუწევია ჯეროვნად და კეთილსინდისიერად მასზე დაკისრებული ვალდებულება - არ შეუსრულებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, რაც ცხადია გამორიცხავს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელეს უნდა წარედგინა შედარების აქტი მოპასუხის ყველა დასახელებულ კომპანიასთან, სადაც აღწერილი იქნებოდა რომელი კომპანიისთვის რა გადასახადი იქნა გადახდილი და როგორ გადაანაწილა იგი მან, აღნიშნულის სხვაობიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოიკვეთებოდა დავალიანება. წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დავალიანების ცნობა, შედგენილი და ხელმოწერილი მოსარჩელის უფლებამოსილი პირის მიერ.

5.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნაც უსაფუძვლო იყო, ვინაიდან, პირგასამტეხლოს აქცესორული ხასიათის გათვალისწინებით, ძირითადი ვალდებულების არარსებობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებაც გამორიცხული იყო.

6. კასატორის პრეტენზია

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

6.2. კასატორის განმარტებით სადავო გადაწყვეტილებაში ორივე ინსტანციის სასამართლო უთითებდა, რომ მოსარჩელემ სათანადოდ ვერ გასწია მტკიცების ტვირთი.

6.3. კასატორის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებაში არასწორად შეფასდა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, და არასწორად განისაზღვრა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მათ შორის არასწორად გადანაწილდა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. მაგალითად, გაწეული მომსახურების ნაკლოვანების შესახებ მტკიცების ტვირთი მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და წარდგენილი შესაგებლით კი აღნიშნული არ დასტურდებოდა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დავის განხილვისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებს:

11.1. მხარეთა შორის, 2019 წლის 5 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საბუღალტრო მომსახურება. საბუღალტრო მომსახურება მხარეთა შეთანხმებით მოიცავს საბუღალტრო კომპანიის მიერ კლიენტის ბუღალტერიის წარმოებას. აღნიშნული გულისხმობს კლიენტის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, მოქმედი კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მისი შედეგების, მოზიდული ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების სრულ აღრიცხვასა და საბუღალტრო ანგარიშებსა და ანგარიშგებებში მათი მოძრაობების ასახვას. ასევე კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში გადარიცხვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას.

11.2. ბუღალტრული მომსახურების ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით საბუღალტრო მომსახურების ჯამური ყოველთვიური ღირებულება შეადგენდა 12 500 ლარს დღგ-ს გარეშე.

11.3. მხარეთა შორის არსებული საბუღალტრო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 7.3 პუნქტის მიხედვით, მოპასუხის მიერ მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადის დარღვევის შემთხვევაში, დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, გადაუხდელი თანხის 0.01%-ის ოდენობით.

11.4. მხარეთა შორის 2019 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული დამატებითი შეთანხმების მიხედვით ყოველთვიური საზღაური შემცირდა და გახდა 11 950 ლარი (სარჩელი დანართი გვ. 30).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის მომსახურების ტიპის ხელშეკრულება დაიდო, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე კომპანია მოპასუხეს გაუწევდა საბუღალტრო მომსახურებას.

13. სარჩელზე დავის საგანი მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებაა. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 50-ე მუხლი „გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ“, 629-ე მუხლი „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“, 630-ე მუხლი ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი, სსკ-ის 648-ე მუხლი „შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას“.

14. ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატური ხასიათის ხელშეკრულებაა, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ.სუსგ №ას-1646-2019, 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება).

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).

16. სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით „საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“.

17. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოებისას, სსკ-ის მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, სალაროს გასავლის ორდერი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (შდრ: სუსგ: ას-667-2023, 16.11.2023; №ას-1288-2019, 04 მარტი, 2019წ., პ.125.).

18. განსახილველი დავის გათვალისწინებით, მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი უდავოა, რის გამოც გაწეული სამუშაოს სანაცვლო ანაზღაურების მოთხოვნისას, საჭიროა მოსარჩელემ მომსახურების გაწევის ფაქტი დაადასტუროს, ხოლო, შემდეგ, მოპასუხე იქნებოდა პასუხისმგებელი დაედასტურებინა სანაცვლო ანაზღაურების გადახდის ან ასეთი გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების წინაპირობების არსებობა.

19. დადგენილია და ვერც საკასაციო ეტაპზე წარმოადგინა არსებითი შედავება, რომ კასატორმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სათანადოდ გაუწია მოპასუხე კომპანიას.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მხოლოდ ანგარიშფაქტურაზე სასარჩელო მოთხოვნის დამყარება ამ შემთხვევაში გაუმართლებელია, რამეთუ საბუღალტრო მომსახურების გამწევი კომპანიის (მოსარჩელის) ხელში იყო, როგორ ანგარიშფაქტურის გამოწერა ასევე მისი დადასტურება, ამდენად მოსარჩელეს მართებდა სასამართლოში წარედგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა მომსახურების გაწევის ფაქტს. სარჩელში ზოგადი მითითებაა იმის შესახებ, რომ მოსარჩელე კომპანია უწევდა მომსახურებას მოპასუხეს, თუმცა, რომელი კონკრეტული სამუშაო განახორციელა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვდა 12 390 ლარს, ვერ მიუთითა/ვერ დაადასტურა.

21. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დადასტურებული ანგარიშფაქტურების ჯამური ოდენობა შეადგენს 138 777 ლარს, ასევე წარმოდგენილია დაუდასტურებელი ანგარიშფაქტურები 816 ლარზე (2020 წლის მარტი) და 12 705 ლარზე (2020 წლის აპრილი). მოსარჩელე თავად უთითებს, რომ მომსახურებას 2020 წლის 31 მარტამდე ახორციელებდა, ხოლო ანგარიშფაქტურაზე რომელიც მოსარჩელემ წარმოადგინა და რომელიც გამოწერილია 12 705 ლარზე, მითითებულია რომ მომსახურების შესრულების პერიოდი - 2020 წლის აპრილია.

22. ამდენად, კასატორის მოთხოვნა, რომ მოპასუხე კომპანიას მის წინაშე 12 390 ლარის დავალიანება ჰქონდა, არ გამომდინარეობს საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან. დამატებით კი მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება - დავალიანების შესახებ ცნობა, შედარების აქტი ან სხვა მსგავსი დოკუმენტი არ წარუდგენია.

23. საკასაციო სასამართლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ყურადღებას გაამახვილებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2021 წლის 29 ოქტომბერს წარდგენილ დოკუმენტაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ ახალი პროვაიდერისათვის საქმის გადაბარების პროცესი არ მიმდინარეობდა სათანადოდ ანუ ამ ნაწილშიც დარღვეულია ვალდებულება მოსარჩელის მხრიდან (საუბარია იმაზე, რომ მოსარჩელისაგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სათანადო მომსახურება არ აქვს მიღებული მოპასუხეს და შესაბამისად მომსახურების გადახდის გარეშე გადახდაზე უარს აცხადებს). აღნიშნული ფაქტი არ გაქარწყლებულა კასატორის მიერ, რაც მისი როგორც მოსარჩელის უპირველესი პროცესუალური ვალდებულებაა.

24. საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის კიდევ ერთ მოთხოვნაზე, მომსახურების ანაზღაურების გადახდის დაყოვნებისათვის, მოწინააღმდეგისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების უსაფუძვლობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

25. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული პირგასამტეხლოს არსი და ხასიათი, კერძოდ, პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლო, ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფას ემსახურება, რომლის წარმოშობა ვალდებულების დარღვევასთანაა კავშირში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს, რომელიც ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი, ას-1335-2023, 30 იანვარი, 2024 წელი).

26. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი იქნებოდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ნ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ნ.თ–ის“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1684850412, გადახდის თარიღი 23.05.2023), 731 ლარის 70% - 511.7 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი