საქმე №ას-1027-2022 07 მარტი, 2024 წელი, თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "ს.კ.რ..." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ლ.კ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ლ.კ–ის“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს.კ.რ...“-ის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა ქირის დავალიანების სახით - 46 885 ევროს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით - 773 660 ევროს გადახდა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მხარეთა შორის, 2016 წელს დაიდო ხელშეკრულება, მოსარჩელემ მოპასუხისთვის, 164260 ევროს (დღგ-ს გარეშე) სანაცვლოდ, სანათი სისტემების მიქირავების ვალდებულება იკისრა. მოსარჩელე დროულად და ჯეროვნად ასრულებდა თავის ვალდებულებას, თუმცა მოპასუხემ ხუთი გადახდის შემდეგ, შეწყვიტა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება.
2.2. მხარეები 2017 წლის 12 აპრილს შეთანხმდნენ (დანართი N2) დარჩენილი 84733 ევროს (დღგ-ს გარეშე) ხუთ ნაწილად გადახდის შესახებ, საიდანაც მოპასუხემ სამჯერ გადაიხადა 45000 ევრო (დღგ-ს გარეშე) და დარჩა 2017 წლის დეკემბრისა და 2018 წლის იანვრის გადასახდელი თანხა - 39733 ევრო (დღგ-ს გარეშე).
2.3. 2018 წლის 30 მაისს, მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება, რომლითაც მოპასუხემ აღიარა ზემოაღნიშნული დავალიანების არსებობა და განისაზღვრა მისი გადახდის ახალი გრაფიკი, სულ – 46884.94 ევრო (დღგ-ს ჩათვლით).
2.4. პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიუთითა, რომ თანხა დაანგარიშებულია ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.5%, 2018 წლის 20 იანვრიდან სარჩელის შეტანის დღემდე – 2019 წლის 12 ივნისამდე.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს არ შეუსრულებია სრულყოფილად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო 2018 წლის 30 მაისის შეთანხმებას არ აქვს იურიდიული ძალა, ვინაიდან მოპასუხის მხრიდან მას ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი.
3.2. მოპასუხის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და საგადახდო დავალებები კომპანიის მხრიდან ვალდებულების შესრულებას ადასტურებს, კერძოდ, მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს ჯამურად 152906,10 ევრო (დღგ-ს ჩათვლით).
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ლ.კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ქირის დავალიანების სახით - 39733 ევროს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით - 7736,60 ევროს გადახდის ვალდებულება. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს „ს.კ.რ...“-მა წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შესახებ აპელანტის მტკიცება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მოიხმო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლი, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა და დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ, 2017 წლის 12 აპრილის შეთანხმების ასლს, უნდა მინიჭებოდა მტკიცებულებითი ძალა, მით უფრო იმ პირობებში, როცა აპელანტს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ ჰქონდა წარდგენილი.
5.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 12 აპრილს გაფორმებული დოკუმენტი არ წარმოადგენდა მხოლოდ ანგარიშგების მიზნებისათვის შედგენილ შედარების აქტს, რამდენადაც ის ითვალისწინებდა, როგორც გადასახდელი თანხის განსაზღვრულ ოდენობას, ისე ხელშეკრულებით დადგენილისაგან განსხვავებულ გადახდის პერიოდულობას, რის გამოც კონსტიტუციურ ვალის აღიარებად, ანუ დამოუკიდებელ გარიგებად უნდა მიჩნეულიყო. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ აპელანტს თანხის გადახდის ვალდებულება დაეკისრა 2017 წლის 12 აპრილის შეთანხმებიდან და არა 2018 წლის 30 მაისის დანართი #3-დან გამომდინარე, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, მერყევად ბათილი გარიგებაა (ხელმოწერილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ) და მოპასუხე მხარეს არ დაუდასტურებია.
5.4. სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. პალატამ აღნიშნა, რომ 2017 წლის 12 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ბოლო გადახდის თარიღი იყო 2018 წლის 20 იანვარი, სარჩელი აღძრულია 2019 წლის 12 ივნისს. მოსარჩელე ითხოვდა ამ პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც სასამართლომ დარღვევის პროპორციულ ოდენობამდე შეამცირა და განსაზღვრა 7736,60 ევროთი.
5.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „ს.კ.რ...“-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი აცხადებს, რომ გასაჩივრებული განჩინების 7.2 ნაწილში მითითებულია ხელშეკრულების საერთო ღირებულება და გადახდის გრაფიკი, სწორედ ეს თანხებია გამოწერილი შპს „ლ.კ–ის“ მიერ ანგარიშფაქტურების სახით, რაც გადახდილია მოპასუხის მხრიდან, მხარე განმარტავს, რომ სხვა რაიმე ვალდებულება მოსარჩელის წინაშე არ გააჩნდათ, რის გამოც სასამართლოს მიერ თანხის დაკისრება უკანონოა.
6.2. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 12 აპრილის შეთანხმება და დაუსაბუთებლად მიანიჭა მას იურიდიული ძალა, რადგან დოკუმენტის სანდოობა ძალიან დაბალია, სახელდობრ: იგი არ არის დედნის სახით წარდგენილი და ხელმოწერები არ არის განთავსებული იმ გვერდზე, სადაც ძირითადი ტექსტია.
6.3. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის იმ დასკვნას, რომ მოპასუხე კომპანიამ 2017 წლის 12 აპრილის შეთანხმების საფუძველზე სამჯერ გადაიხადა. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მოხმობილი თანხები აღემატებოდა დავალიანების სახით დარიცხულ თანხას. ამასთანავე, კასატორი ამტკიცებს, რომ მოსარჩელესთან ანგარიში გასწორდა არა რაიმე შეთანხმების, არამედ გამოწერილი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ეროვნული ვალუტით. მისი მტკიცებით, 2017 წლის 14 სექტემბრის შემდეგ rs.ge ვებგვერდზე რაიმე დოკუმენტი არ ატვირთულა, რაც დავალიანების არსებობას გამორიცხავს.
6.4. კასატორი უსაფუძვლოდ და შეუსაბამოდ მიიჩნევს დაკისრებულ პირგასამტეხლოს ოდენობასაც, ერთი მხრივ, მხარე უთითებს, რომ გაურკვეველია, რა დაანგარიშებით ითხოვდა მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას, ხოლო, მეორე მხრივ, კასატორის განცხადებით, დაკისრებული პირგასამტეხლო, სასამართლოს მიერ შემცირების მიუხედავად, შეუსაბამოდ მაღალია.
6.5. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს იმ გარემოებასთან დაკავშირებითაც, რომ გასაჩივრებული განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოში, იურიდიული მომსახურების სახით გაწეული ხარჯის (2000 ლარის) მოპასუხისთვის დაკისრების უმართებულობის შესახებ მსჯელობას არ შეიცავს, რაც გასაჩივრებული იყო სააპელაციო საჩივრით.
6.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, შპს „ს.კ.რ...“-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- მხარეთა შორის, 2016 წელს დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება (1/4-2016), რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის მიექირავებინა სანათი სისტემები, სანაცვლოდ ამ უკანასკნელს უნდა გადაეხადა ქირა - 164260 ევრო (დღგ-ს გარეშე). აღნიშნული თანხა მოიცავდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის თანახმად, 4 გასართობი შოუსათვის ქირავნობის საგნით სარგებლობას - ჯამურად 28 გადაღების დღეს. ამასთან, მხოლოდ ამ დღეებში ჰქონდა დამქირავებელს მითითებული აღჭურვილობის გამოყენების უფლება. ქირავნობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 11 აპრილიდან 2018 წლის 1 თებერვლის ჩათვლით, თუმცა მიწოდების თარიღი იყო 2016 წლის 21 აპრილი. გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირველი გადახდისთანავე, ყველა აღჭურვილობა მოპასუხეს მიეწოდებოდა დანიიდან საქართველოში;
- ხელშეკრულების ღირებულება 164260 ევრო (დღგ-ს გარეშე) მოიცავდა 50000 ევროს 2016 წლის 20 აპრილამდე აღჭურვილობის განბაჟებისა და 8000 ევროს - ტრანსპორტირების ხარჯების სახით. გადახდის გრაფიკის მიხედვით, 10000 ევრო უნდა გადახდილიყო 2016 წლის 1 ოქტომბრამდე, 11527 ევრო - იმავე წლის 16 დეკემბრამდე, 50000 ევრო - 2017 წლის 20 აპრილამდე, 20000 ევრო - იმავე წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო 14733 ევრო - იმავე წლის 16 დეკემბრამდე;
- ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო თანხის 0.5% თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე;
- მხარეთა შორის 2017 წლის 12 აპრილს დაიდო შეთანხმება (დანართი N2), რომლითაც დარჩენილი გადასახდელი ქირის - 84 733 ევროს, ანგარიშსწორების გრაფიკი შეიცვალა და განისაზღვრა შემდეგნაირად: 2017 წლის 5 მაისამდე - 20000 ევრო, 2017 წლის 5 ივნისამდე - 15000 ევრო, 2017 წლის 5 ივლისამდე - 10000 ევრო, 2017 წლის 20 დეკემბრამდე - 20000 ევრო, ხოლო 2018 წლის 20 იანვრამდე - 19 733 ევრო (ამ დოკუმენტის ქართულ თარგმანში დაშვებულია მექანიკური უზუსტობა - ბოლო გადახდის თარიღში შეცდომითაა მითითებული 2017 წელი 2018 წლის ნაცვლად). თანხა არ მოიცავს დღგ-ს. ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელად. მოპასუხემ ამ თანხიდან გადაიხადა 45000 ევრო (დღგ-ს გარეშე);
- 2018 წლის 30 მაისს, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და, მეორე მხრივ, მოპასუხე კომპანიის ფინანსურ დირექტორს შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულების დანართი N3, რომლითაც გადახდის გრაფიკი განისაზღვრა შემდეგნაირად: 10000 ევრო - 2018 წლის 30 ივნისამდე, 10000 - იმავე წლის 31 ივლისამდე, 10000 - იმავე წლის 31 აგვისტომდე, 10000 - იმავე წლის 30 სექტემბრამდე, ხოლო 68884.94 ევრო - 31 ოქტომბრამდე, სულ 46884,94 ევრო - დღგ-ს ჩათვლით (მართალია, აქ მითითებულია, რომ თანხა არ მოიცავს დღგ-ს, თუმცა სარჩელის მიხედვით, ეს თანხა დღგ-ს ჩათვლითაა), (იხ. სარჩელი, ს.ფ. 5);
- 2017 წლის 12 აპრილის დამატებითი შეთანხმებით აღიარებული ვალიდან, რაც შეადგენს 84733 ევროს, მოპასუხემ გადაიხადა 45000 ევრო და ქირის დავალიანების სახით მოსარჩელისათვის გადასახდელად დარჩენილი აქვს 39733 ევრო (დღგ-ს გარეშე).
12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია კასატორი კომპანიის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტის დადგენა, ხოლო ამ გარემოების გადაწყვეტის შემდეგ, იმის შეფასება, სწორად დაეკისრა თუ არა მას ნარჩენი დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. იმ შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეს სურს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მომწესრიგებელ დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლი, (ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა, გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა), ამავე კოდექსის 553-ე მუხლი (ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ), ამავე კოდექსის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი, (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს) და ამავე კოდექსის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო).
13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პირველ პრეტენზიას, რომელიც მის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტს უკავშირდება და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების პრინციპიდან გამომდინარე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები) განსახილველ დავაზე, სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რაც განხორციელდა კიდეც (სარჩელს ერთვის, ხელშეკრულება, ანგარიშფაქტურები, შეთანხმება), ხოლო ნაკისრი ვალდებულების სრულად/ჯეროვნად შესრულების ფაქტი მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რადგან ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი როგორც საპროცესო, ისე - მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი; №ას-517-490-2014, 2014 წლის 15 სექტემბერი, იხ. ს.ფ. 2-51), აღნიშნული სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, კასატორმა ვერ დაასაბუთა, კერძოდ, მას საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე დაკისრებული თანხის (ნარჩენი დავალიანება) გაანგარიშების განსხვავებული ოდენობის თაობაზე მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, მხოლოდ პროცესის შედეგით დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტება კი, არ არის სარწმუნო მტკიცებულება, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატის აზრით, კასატორს კანონიერად დაეკისრა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი.
14. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვალდებულების წარმომშობი ერთ-ერთი დოკუმენტი - 2017 წლის 12 აპრილის შეთანხმება (დანართი N2), რომელსაც ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მტკიცებულებითი ძალა მიანიჭეს და დააფუძნეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება, საქმეში მოთავსებულია არა დედნის, არამედ ასლის სახით. ხსენებული დოკუმენტის მტკიცებულებითი ძალის მიმართ კასატორი კითხვის ნიშანს სვამს და მის საფუძველზე თანხის დაკისრებას უკანონოდ მიიჩნევს.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. კანონი არ გამორიცხავს წერილობითი დოკუმენტის დედნის წარდგენის შეუძლებლობას და იგი შეიძლება გამოწვეული იყოს მხარისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა ყოფითი მიზეზის რეალურად არსებობით. იმისათვის, რომ ხელწერილის ასლს, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სასამართლომ ნამდვილი და სარწმუნო მტკიცებულების მნიშვნელობა მიანიჭოს, მასში მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა იყოს ჩამოყალიბებული კანონით დადგენილი „მინიმალური შინაარსი“, ანუ სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითია ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა, რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და, იმავდროულად, კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი), (შდრ. სუსგ საქმე №ას-71-2023 24 ივლისი, 2023 წელი, ასევე – იხ. საქმე N ას-279-264-17, 2017 წელი 21 აპრილი). საკასაციო პალატა დასძენს, რომ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული (შდრ. სუსგ-ებს: N ას-895-2021, 23.12.2022წ; N ას-441-2020, 20.02.2022წ; N ას-52-2022, 19.10.2022წ; N ას-1142-2022, 23.03.2023წ; N ას-183-2023, 11.05.2020წ; N ას-266-2023, 25.05.2023წ.).
16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა მხარეთა შორის 2017 წლის 12 აპრილს გაფორმებული დოკუმენტი - დანართი N2, სადაც განისაზღვრა გადასახდელი ქირის ოდენობა და პერიოდი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს დოკუმენტი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნათა მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კომპანიამ სწორედ ამ დოკუმენტის შესაბამისად გადაიხადა ნაწილი თანხა, რაც კონკლუდენტური მოქმედებით შეთანხმების შესრულებას მოწმობს (ს.ფ. 96-111, 166-176). ამ და წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში სამართლებრივი მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სადავო დოკუმენტს მართებულად მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა.
17. საკასაციო პალატის განსჯით, საფუძველსაა მოკლებული კასატორის ის პრეტენზიაც, თითქოს სასამართლოს მიერ მოხმობილი თანხები აღემატება დავალიანების სახით დარიცხულ თანხას. კასატორი მხოლოდ ამ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება და სასამართლოს არ სთავაზობს კონკრეტულ გაანგარიშებას, კონკრეტულ გადახდებზე მითითებით, რაც ამ ბუნდოვან შედავებას სიცხადეს შესძენდა. იმ პირობებში კი, როდესაც სასამართლო შებოჭილია საკასაციო საჩივრის ფარგლებით, განსხვავებული სამართლებრივი შეფასება, დასაბუთებული შედავების გარეშე, შეუძლებელია. ამასთანავე, სრულიად გაუგებარი და ალოგიკურია კასატორის მტკიცება, თითქოს მოსარჩელესთან ანგარიში სწორდებოდა არა რაიმე შეთანხმების, არამედ გამოწერილი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ეროვნული ვალუტით, ვინაიდან ხელშეკრულება, რომელიც საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გამხდარა, ანგარიშსწორების ვალდებულებას ითვალისწინებს არა ეროვნული ვალუტით, არამედ – ევროთი (იხ. ს.ფ. 25-35).
18. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პოზიციას პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებითაც. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება ჯარიმა საერთო თანხის 0,5%, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.
19. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).
20. ბოლო დროს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება (იხ. სუსგ. საქმე Nას-2-2023, 28 დეკემბერი, 2023 წელი). ამავდროულად, პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.). მოხმობილი მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომლის შესაბამისადაც, 2017 წლის 12 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ბოლო გადახდის თარიღი იყო 2018 წლის 20 იანვარი, სარჩელი აღძრულია 2019 წლის 12 ივნისს, მოსარჩელემ ითხოვა ამ პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრება (რაზეც კასატორი დაუსაბუთებლად აცხადებს, რომ გაუგებარია პირგასამტეხლოს მოთხოვნის პერიოდი), სასამართლომ იმსჯელა ვალდებულების დარღვევის ხასიათზე და დასარიცხი პირგასამტეხლო შეამცირა 7736,60 ევრომდე, რაც გონივრული ოდენობაა.
21. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას მასზე, რომ გასაჩივრებული განჩინება არ მოიცავს მსჯელობას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, იურიდიული მომსახურების სახით გაწეული ხარჯის (2000 ლარის) მოპასუხისთვის დაკისრების უმართებულობის შესახებ, რაც გასაჩივრებული იყო სააპელაციო საჩივრით. მიუხედავად აღნიშნულისა, პალატის განსჯით, სამოქალაქო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო დარღვევა, თუკი მას არასწორი გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია შედეგად, არ შეიძლება გადაწყვეტილების გაუქმებას დაედოს საფუძვლად.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო მეორე მხარეს დააკისრებს გონივრული ფარგლებით, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე.
23. მყარად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკით მიჩნეულია, რომ, როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებსა და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან, მათი ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმდენით, რამდენითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ №ას-330-315-2015, 29.06.2015წ; №ას-316-316-2018, 07.05.2018წ). ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 2000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება კანონიერია.
24. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს "ს.კ.რ..."-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2.შპს "ს.კ.რ..."-ს (საიდ. კოდი .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 26/10/2022წ. №213 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 6486,45 ლარის 70% – 4540,51 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თეა ძიმისტარაშვილი