Facebook Twitter

საქმე №ას-894-2022 5 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს ,,დ–ი“-ის მიმართ და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01.01.01/30/242 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს - 15 368.66 ლარის ოდენობით გადახდა მოითხოვა.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა: 12.04.2017 წელს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,დ–ს" შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01.01.01/30/242 ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელიც ერთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ სარჩელს, დასტურდება, რომ მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები. მიუხედავად იმისა, რომ მხარისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო და აღნიშნული დავალიანების თაობაზე, იგი დღემდე გადაუხდელია.

3. მოპასუხე შპს ,,დ–ს“ სარჩელის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით.

სასამართლოსთვის მხარის პოზიცია უცნობია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. კერძოდ, მოპასუხე შპს ,,დ–ს“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2000 ლარის ოდენობით.

4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებას, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. 23.01.2020წ. გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი შპს „დ–ის” მიმართ არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა თუ რატომ არ იყო მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების თანაზომიერი და გონივრული. ასევე ბუნდოვანია სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს მიზანშეწონილად მიჩნევის საკითხი, ვინაიდან თუ რა მეთოდითა შემცირებული პირგასამტეხლოს დაანგარიშებული გაურკვეველია.

5.2. კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, ხელშეკრულებით (9.5. პუნქტი) განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, სსკ-ს 420-ე მუხლის შესაბამისად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

9. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით შეთანხმებული/შესყიდული ქ. თბილისის მასშტაბით ორმოული და პერიოდული შეკეთების სამუშაოების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებაა. ამ მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

12. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 2000 ლარის გადახდა დაეკისრა. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს პირგასამტეხლოს - 15 368.66 ლარის დაკისრების ნაწილში, უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე (12.04.2017წ. ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო, კერძოდ 9.5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველი კონკრეტული დავალიანების შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით).

13. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც წერილობით იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა. სადავოა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირდეს, რაკი ეს უკანასკნელი მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეათანხმეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

15. კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, ამიტომ სასამართლოს ის არ უნდა შეემცირებინა. პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრული სტანდარტით შეფასებისათვის სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა შემდეგი: პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ. Nას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში, სხვადასხვა მისამართებზე დაფიქსირდა: 7 დღის (შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 11585,76 ლარს); 8 დღის (შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 2136,99 ლარს); 13 დღის (შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 176 ლარს); 1 დღის (შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 182,25 ლარს); 6 დღის (შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 22664,77 ლარს); 2 დღის (შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 2442,62 ლარს); 6 დღის (შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 6824,72 ლარს); 11 დღის (შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 17947,04 ლარს); 13 დღის (შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 475,29 ლარს) და 7 დღის (შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 8144,58 ლარს) ვადაგადაცილებები, რაც ჯამში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 271,50 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გაზრდის საფუძველი არ არსებობს.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 22.09.2015, #ას-800-756-2015).

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი