საქმე №ას-224-2025 13 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ბ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მისო „რ.ე–ი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
თავდაპირველი მოპასუხე შეგებებულ სარჩელში - მ.ბ–ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ.ბ–მა (შემდგომში – „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს მისო „რ.ე–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის და დავალიანების თანხის განსაზღვრის თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, აღძრა შეგებებული სარჩელი მოსარჩელისა და მ.ბ–ის (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“) მიმართ და მოითხოვა თანხის დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6192.14 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5272.15 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 208.25 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 711.74 აშშ დოლარი; შეგებებული სარჩელით მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის 5272.15 აშშ დოლარის წლიური 18 პროცენტი, შეგებებული სარჩელის აღძვრის დღიდან, 2021 წლის 01 დეკემბრიდან, სესხის ძირი თანხის 5272.15 აშშ დოლარის გადახდამდე, მაგრამ არაუმეტეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 4062.19 აშშ დოლარისა; დადგინდა, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს თავდაპირველი მოპასუხის (შეგებებულ სარჩელში) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე რაიონი წყალტუბო, სოფელი ......, ს.კ. ........., იძულებითი რეალიზაციის გზით.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, თანხის დაკისრების ნაწილში, გაუქმება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება; მოსარჩელეს დაუბრუნდა გადახდილი სახ. ბაჟი 663.52 ლარი.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, მოსარჩელის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად. აპელანტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 663.52 ლარი;
6.2. სააპელაციო პალატამ სასამართლო სხდომა დანიშნა ზეპირი მოსმენით სააპელაციო საჩივრის დაზუსტების მიზნით;
6.3. 2024 წლის 20 დეკემბრის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა ხ.კ–ძემ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია პირგასამტეხლოს - 711.74 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ითხოვა ამ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება;
6.4. მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და განუხილველად დატოვება.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 373-ე, 374-ე და 365-ე მუხლებით და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება აპელანტის მოთხოვნიდან გამომდინარე შეადგენს 711.74 დოლარის ეკვივალენტს (2024 წლის 13 მაისს ანუ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის დროისათვის 1 აშშ დოლარი = 2,6755 ლარს) – 1900,34 ლარს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს, სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, გაუქმების შესახებ არ პასუხობდა სსსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დაუშვებელი იყო და უნდა დარჩენილიყო განუხილველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იყო, რომ მას დაკისრებოდა ძირითადი თანხა - 5272,15 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებელი - 208,25 აშშ დოლარის ოდენობით, სახელმწიფო ბაჟიც შესაბამისად იქნა გადახდილი, პროცესზე მოხდა ტექნიკური უზუსტობა და სასამართლომ ჩათვალა, რომ მას პრეტენზია ჰქონდა მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილზე და ითხოვდა მხოლოდ 711,74 აშშ დოლარის ჩამოჭრას. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 365-ე მუხლით და სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად არ უნდა ეცნო.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი].
12. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].
13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
14. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
15. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სსსკ-ის 2.2. მუხლით, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (იხ. სუსგ-ები: №ას-230-218-2017, 28.04.2017წ; საქმე №ას-1203-2024, 28 ნოემბერი, 2024 წელი). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთი კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR) (იხ. სუსგ საქმე №ას-692-646-2017, 14.07.2017წ.).
16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით აპელანტს (შეგებებული სარჩელით მოპასუხეს) შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6192.14 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5272.15 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 208.25 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 711.74 აშშ დოლარი. მას ასევე დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით სესხის ძირი თანხის 5272.15 აშშ დოლარის წლიური 18%, მაგრამ არაუმეტეს 4062,19 აშშ დოლარისა და დადგინდა, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს თავდაპირველი მოპასუხის (შეგებებულ სარჩელში) კუთვნილი უძრავი ქონება, იძულებითი რეალიზაციის გზით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და აპელანტისთვის შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ 6192,14 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 5272,15 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი - 208,25 აშშ დოლარი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ აპელანტი დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში ასაბუთებს მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების არამართლზომიერებას (იხ. ტ. 1. ს.ფ. 235-243). ამასთან, 2024 წლის 20 დეკემბრის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა ხ.კ–ძემ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია პირგასამტეხლოს - 711.74 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ითხოვა ამ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. წინამდებარე განჩინების 6.3 ქვეპუნქტი, ასევე 2024 წლის 20 დეკემბრის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ვიდეო ოქმი, ტ. 1. ს.ფ. 286). ამასთან, აპელანტს არც დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში და არც კერძო საჩივარში არ მიუთითებია, რომ მას პრეტენზია ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით.
18. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, რაც სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე