Facebook Twitter

13 მაისი 2025 წელი

№ას-166-2025 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი ავტორი - ი.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ბ–ი“

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ს.ო–ია, ნ.თ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ბ–ის“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ი.გ–ის მიმართ და მოითხოვა ი.გ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას სს „ბ–ი“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ...., საკადასტრო კოდით N......და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე სს „ბ–ს“.

2. მოპასუხე ი.გ–მა სარჩელი არ ცნო, შეგებებული სარჩელი აღძრა თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი სს ,,ბ–ს“, ს.ო–იას, ი.გ–სა და ნ.თ–ძეს შორის 2016 წლის 26 დეკემბერს დადებული NPAMD_SAL_ODI ხელშეკრულება, უძრავი ქონების, მდებარე მცხეთა, სოფელი ......, საკადასტრო კოდი: ......., სს ,,ბ–ისთვის“ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და საჯარო რეესტრში უძრავი ქონება აღირიცხოს ი.გ–ის სახელზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ბ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ი.გ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს „ბ–ს“, ი.გ–ს, ს.ო–იასა და ნ.თ–ძეს შორის დადებული 2016 წლის 26 დეკემბრის NPAMD_SAL_ODI ხელშეკრულება უძრავი ქონების, მდებარე: მცხეთა, სოფელი ....., საკადასტრო კოდით: ......, სს ,,ბ–ის“ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და საჯარო რეესტრში აღდგა ი.გ–ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: მცხეთა, სოფელი ......, საკადასტრო კოდი: ........ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება შენარჩუნდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით სს „ბ–მა“ გაასაჩივრა, რომლითაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სს „ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: ი.გ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სს „ბ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ......, საკადასტრო კოდით N........ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე სს „ბ–ს“. ი.გ–ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი.გ–მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, აგრეთვე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის და საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება კასატორს 2025 წლის 28 მარტს ჩაბარდა პირდად (იხ. ჩაბარების დასტური).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებით კასატორს მიეცა 10 დღის საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

11. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა პირადად (იხ. ჩაბარების დასტური).

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

13. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2025 წლის 28 მარტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 29 მარტს და ამოიწურა 2025 წლის 07 აპრილს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი