საქმე №ას-245-2025 30 აპრილი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ.მ–ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.რ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება, უძრავი ნივთების მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ.მ–ვი (შემდეგ - მოსარჩელე, სარჩენი, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც ნ.რ–ის (შემდგომ - მოპასუხე, მარჩენალი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმებისა და უძრავი ნივთების მიკუთვნების თაობაზე მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორის მტკიცებით, მარჩენალი (მოპასუხე) სათანადოდ არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამასთან, მოპასუხეს რომც არ დაერღვია სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, სასამართლოს მაინც უნდა დაეკმაყოფილებინა სასამართლო მოთხოვნა, ვინაიდან სარჩენს ხელშეკრულების მოშლის უფლება იმ შემთხვევაშიც აქვს, თუ ვერ დადგინდება მარჩენლის მიერ ვალდებულების დარღვევა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. პალატის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 941-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა, გადაუხადოს სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის განმავლობისას, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).
8. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მიეკუთვნება ქონების გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებს (ამ ხელშეკრულებებს მიეკუთვნება, აგრეთვე, ნასყიდობა, ჩუქება, სესხი, ქირავნობა, იჯარა და სხვა), რომლითაც ხდება განსაზღვრული ქონების საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული ხელშეკრულების დადება შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარემოებით, ძირითადად, იმ შემთხვევებში, როდესაც სარჩენი არის შრომისუუნარო, ანდა განიცდის მატერიალურ გაჭირვებას და საჭიროებს მოვლას. იგი დებს ხელშეკრულებას მარჩენალთან, რომელსაც ამ მოვლისა და დახმარების სანაცვლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებას (სარჩენის საკუთრებაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ნივთები) გადასცემს (იხ.: სუსგ №ას-178-167-2017, 14 ივლისი, 2017 წელი; №ას-821-2023, 28 სექტემბერი, 2023 წელი).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს სარჩენის მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით ან/და განსაზღვრული ვადით, თუმცა კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს მხარეებს, დადგენილი საფუძვლების არსებობისას ცალმხრივად განაცხადონ უარი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, კერძოდ, სსკ-ის 949-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს სახელშეკრულებო მოვალეობათა ისეთი დარღვევა, რომლის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა არსებობს სხვა მიზეზები, რომლებიც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მხარეთა შორის ურთიერთობების შემდგომ გაგრძელებას (იხ.: სუსგ №ას-821-2023, 28 სექტემბერი, 2023 წელი).
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
11. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულება, რომ მარჩენალმა დაარღვია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა, რის გამოც მხარეთა ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა და მათ მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულება ობიექტურად შეუძლებელია.
12. საკასაციო პალატა წინამდებარე საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის/მარჩენლის მიერ მხარეთა შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების დარღვევა, რის შედეგადაც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და მისი გაგრძელება ობიექტურად შეუძლებელია.
13. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 10 ივნისს დაიდო სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლითაც მარჩენალმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, სარჩენის (მოსარჩელის) რჩენის ვალდებულება იკისრა, ხოლო სარჩენი მარჩენალს საკუთრებაში გადასცემდა თავის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებს. ხელშეკრულებით განსაზღვრულია მარჩენლის მიერ ნაკისრი რჩენის ვალდებულებათა ფარგლებიც, კერძოდ, ამ ხელშეკრულებით მარჩენალმა იკისრა ვალდებულება, სიცოცხლის ბოლომდე ერჩინა სარჩენი, უზრუნველეყო მუდმივი ბინით, მოვლა-პატრონობით, ჩაცმით, კვებით, სამედიცინო დახმარებით, მედიკამენტებით, სხვა აუცილებელი დახმარებით და სიკვდილის შემდეგ დაკრძალვით.
14. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მარჩენლის მიერ სარჩენის ყოველდღიურ მოვლას არ ითვალისწინებდა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება სახელშეკრულებო მოვალეობათა ფარგლების გათვალისწინებით მარჩენლის მიერ კასატორის რჩენის ფაქტი. ამის საწინააღმდეგო გარემოებები მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა. იგი ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებებს სხვადასხვანაირად აღწერს და ვერ ადასტურებს კონკრეტულად რით გამოიტახა მოპასუხის მიერ სამისდღეშიო რჩენის სახელშეკრულებო მოვალეობათა შეუსრულებლობა. ამ უკანასკნელის მითითება, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მარჩენალს მისთვის საკვები არ მიუტანია, საქმის მასალებით არ დგინდება. აღნიშნულის საპირისპირო გარემოებებზე მიუთითეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმაც. ამასთან, არც ის გარემოებდა დგინდება, რომ მოსარჩელის სურვილსა და მოთხოვნას წარმოადგენდა მარჩენალთან ერთად ცხოვრება. აღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელემ თავად აღნიშნა, რომ მან შესთავაზა მოპასუხეს არა მასთან, არამედ იმ ბინაში ცხოვრება, რომელსაც ჯერ მოსარჩელე და ამჯამად მოპასუხე აქირავებს მესამე პირებზე (ქირას, 300 ლარს, მარჩენალი აძლევს სარჩენს), რაც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა იმ მოწმემაც დაადასტურა, რომელმაც მხარეები ერთმანეთს დააკავშირა.
15. პალატის მითითებით, კასატორი ვერ ადასტურებს სამისდღეშიო რჩენის სახელშეკრულებო მოვალეობათა შეუსრულებლობას. მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე არღვევდა ხელშეკრულების პირობებს, არ წარმოადგენს და ვერ გახდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით დადგენილი საფუძველი, მით უფრო, რომ პირადი კონფლიქტის არარსებობაზე მხარეთა ახსნა-განმარტებები ერთმანეთს ემთხვევა.
16. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მარჩენლის მიერ ვალდებულების შესრულების მიუხედავად, სარჩენს ხელშეკრულების მოშლის უფლება მაინც აქვს, საკასაციო პალატა იზიარებს ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ პირს, რომელიც მიმართავს სასამართლოს თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად, თავისუფლად და დამოუკიდებლად შეუძლია სადავო მატერიალურსამართლებრივი და საპროცესოსამართლებრივი უფლებების განკარგვა. დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მოსამართლე, პირველ რიგში, ზუსტად უნდა გაერკვეს, თუ რა სურთ მხარეებს. გადაწყვეტილებას იგი მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნათა ფარგლებში იღებს. მას უფლება არა აქვს მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს გასცდეს ან სხვა საკითხებზე იმსჯელოს (ბოელინგი ჰ., ჭანტურია ლ., სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, 2003, 3). დიპოზიციურობის პრინციპი შეუზღუდავად მოქმედებს წარმოების დაწყებისა და დავის საგნის განსაზღვრისას (ჰაგენლოხი უ., სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, 2020, მუხლი 3, 1). სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის ფუნდამენტურ პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის მე-4 მუხლი). სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). აქედან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლის შეცვლა ნიშნავს იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას, რომლებიც თავდაპირველად იყო მითითებული სარჩელში. რაც შეეხება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. სამართალში დამკვიდრებულია პრინციპი - „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს (იხ.: სუსგ №ას-1764-2018, 13 აპრილი, 2020 წელი; №ას-351-2020, 29 დეკემბერი, 2020 წელი).
17. საკასაციო პალატის განსჯით, სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას ემყარება, რაც გამორიცხავს სამართალწარმოების აღნიშნულ ეტაპზე, კასატორის ზემოხსენებული პოზიციის შეფასების შესაძლებლობას. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულების მე-6 პუნქტის იმ დებულებას დააფუძნა, რომლითაც სარჩენი ხელშეკრულების მართლზომიერად შეწყვეტის უფლებას მარჩენალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის პირობებში იძენდა. თუმცა, მოსარჩელემ მარჩენალის მხრიდან ვალდებულების უხეშად დარღვევა, ან/და ურთიერთობის გაგრძელების შეუძლებლობა ვერ დაადასტურა, შესაბამისად, მოთხოვნა, სარჩელში მითითებული საფუძვლით, ვერ გაამართლა. რაც შეეხება სარჩენის მხრიდან სამისდღეშიო ხელშეკრულების თვითნებურ შეწყვეტას, მითითებული მოთხოვნით, პირობებითა და საფუძვლით სარჩელი წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სასარჩელო მოთხოვნა იმ საფუძვლების გათვალისწინებით შეაფასოს, რასაც სარჩელი არ ითვალისწინებდა.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
20. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.მ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა