Facebook Twitter

№ას-740-2024

13 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ჰ–ი“ (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – შპს „მ-ე–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ჯ.ჰ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ, 81420 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ. 2-17).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირის ჩაბმის თაობაზე დაკმაყოფილდა. საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მთხოვნის გარეშე ჩაერთო შპს „მ-ე–ი“.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი მოპასუხე შპს „ჯ.ჰ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:

4.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ჯ.ჰ–ს“ შორის 2019 წლის 22 აგვისტოს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N08.06.04/30/318 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, ........ მდებარე, ს/კ: ........ სპორტული დარბაზის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების სამშენებლო - საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.

4.2. შპს „ჯ.ჰ–მა“ 2019 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულების ფარგლებში მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების სამშენებლო - საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნებიდან გამომდინარე ინსპექტირების ანგარიშის მოსამზადებლად მოიძია სხვა ორგანიზაცია - შპს „მ-ე–ი“.

4.3. შპს „მ-ე–ის“ მიერ 2019 წლის 30 სექტემბერს შედგენილი ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, ქ. თბილისში ...... ( ს/კ .......) ტექნიკური მდგომარეობის ინსტრუმენტალური გამოკვლევის და ვიზუალური დათვალიერების შედეგად 1. შენობას ესაჭიროება სასწრაფო რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია; 2. რეკონსტრუქცია ტექნიკურად შესაძლებელია, სათანადოდ დამუშავებული კონსტრუქციული და მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის მიხედვით რომელშიც გათვალისწინებული იქნება კვლევაში მითითებული ხარვეზები. (იხილეთ კვლევითი ნაწილი). ინსპექტირების ანგარიშში მითითებულია რეკომენდაციები 1. გასაძლიერებელია ყველა სვეტი, 2. მოსახსნელია სახურავის ფილები, გრძივები, და მოსაწყობია ახალი სახურავი. 3. სახურავის ფორმები გასასუფთავებელია ზედაპირული კოროზიისგან და დასამუშავებელია ანტიკოროზიული მასალებით, დამუშავების დროს თუ გამოჩნდა ახალი დაზიანების კერები მშენებელმა უნდა მიმართოს კონსტრუქტორს. 4. კედლები და ღიობები გასაძლიერებელია. 5. რიგელები გასაძლიერებელია. 6. გასაძლიერებელია საყრდენი კედლები.

4.4. შპს „მშენ-ექსპერტის“ მიერ 2019 წლის 4 ოქტომბერს შედგენილი ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, ქ. თბილისში, ........., ს/კ:........., ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები ძირითადად პასუხობს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.

4.5. შპს „მ-ე–ის“ მიერ 2019 წლის 11 ოქტომბერს შედგენილი ინსპექტირების ანგარიშიდან (ექსპერტიზის დასკვნა) დგინდება, რომ ქ. თბილისში, ....... მდებარე ს/კ: ..... სპორტდარბაზის რეაბილიტაციის პროექტის არქიტექტურული ნაწილი ძირითადად პასუხობს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებისა“ და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 თებერვლის N63 დადგენილების მოთხოვნებს.

4.6. შპს „მ-ე–ის“ მიერ 2019 წლის 7 ნოემბერს შედგენილი ინსპექტირების ანგარიშიდან (ექსპერტიზის დასკვნა) დგინდება, რომ ქ. თბილისში, ......... მდებარე (ს/კ: .........) სპორტდარბაზის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია - ძირითადად პასუხობს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს. პროექტს მიეცა დადებითი შეფასება და რეკომენდაცია განხორციელებისათვის.

4.7. შპს „ჯ.ჰ–მა“ 2019 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულების ფარგლებში მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების სამშენებლო - საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნებიდან გამომდინარე სახანძრო უსაფრთხოების ინსპექტირების ანგარიშის მოსამზადებლად მოიძია სხვა ორგანიზაცია - შპს „ო. გ.“.

4.8. შპს „ო. გ-ის“ მიერ 2019 წლის 14 ნოემბერს შედგენილი ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის მიხედვით ქ. თბილისში, ......... მდებარე სპორტდარბაზის პროექტის ნაწილის, საინჟინრო ქსელები - სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, საპროექტო დოკუმენტაცია შეესაბამება მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებს.

4.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ჯ.ჰ–ს“ შორის 2019 წლის 22 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N08.06.04/30/318 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ განხორციელებული შესრულება 2019 წლის 02 დეკემბერს მიიღო მოსარჩელემ.

4.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ჯ.ჰ–ის“ მიმართ მხარეთა შორის 2019 წლის 22 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N08.06.04/30/318 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ შედგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე, პროექტზე ან/და განხორციელებული შესრულების ხარისხის, ვარგისიანობის, ნაკლის შესახებ პრეტენზია არ გამოუთქვამს.

4.11. შპს „ჯ.ჰ–ს“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მხარეთა შორის 2019 წლის 22 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N08.06.04/30/318 ხელშეკრულებიდან გამომდინარე კუთვნილი საზღაური აუნაზღაურა.

4.12. შპს „ჯ.ჰ–ის“ 2019 წლის 22 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N08.06.04/30/318 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქ. თბილისში, ........... მდებარე, ს/კ: ......... სპორტული დარბაზის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების სამშენებლო - საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად ქ. თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ამავე ობიექტზე მშენებლობა - რეაბილიტაციის სამუშაოების განსახორციელებლად.

4.13. გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ი–ს“ შორის 2021 წლის 13 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N08.06.04/30/36 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, ......... მდებარე (ს/კ:N.........) სპორტული დარბაზის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელებას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.14. N08.06.04/30/36 ხელშეკრულების მიმდინარე სამუშაოების პროცესში სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მეშვეობით ჩატარდა ექსპერტიზა.

4.15. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2021 წლის 18 მაისს შედგენილი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, .......... მდებარე სპორტული დარბაზის შენობა იმყოფება მწვავედ ავარიულ მდგომარეობაში. არსებული კონსტრუქციული სქემა ვერ აკმაყოფილებს მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს, ხოლო მზიდი კონსტრუქციები, მდგომარეობიდან გამომდინარე არ ექვემდებარებიან აღდგენა - გამაგრებას. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელება გაუმართლებელია და ექსპერტს მიზანშეწონილად მიაჩნია შენობას ჩაუტარდეს სრული დემონტაჟი, შესაბამისი პროექტის მიხედვით. სპორტული დარბაზის შენობის დემონტაჟისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მომიჯნავე საცხოვრებელ შენობასთან საზიარო კედლის არსებობა.

4.16. არ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ შპს „მ-ე–ის“ მიერ 2019 წლის 4 ოქტომბერს, 2019 წლის 11 ოქტომბერს, 2019 წლის 7 ნოემბერს და შპს „ო.გ-ის“ მიერ 2019 წლის 14 ნოემბერს შედგენილი ინსპექტირების (ექსპერტიზის დასკვნა) ანგარიში შედგენილია არაჯეროვნად, (განზრახ, უნებლიედ) არასწორად, არ შეესაბამება სინამდვილეს ან/და მათი შედგენისას დაშვებულია შეცდომები ან რომ ისინი ყალბია.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით არ ევალებოდა ეკვლია იყო თუ არა შენობა აღდგენისათვის ვარგის მდგომარეობაში. ვინაიდან მას დაუკვეთეს მხოლოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო და საპროექტო დოკუმენტაცია, რაც შესრულებულ იქნა კიდეც ჯეროვნად.

6.2. პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხის ინსპექტირების ანგარიშისა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ დასკვნის შედგენის დროისათვის შენობის მდგომარეობა განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. შენობის კონდიციებს შორის სხვაობა თვალშისაცემი იყო საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალების მიხედვით. ამდენად, 2021 წელს შენობა აშკარად არ იმყოფებოდა პირვანდელ მდგომარეობაში და არც მისი არამდგრადობა იყო გამორიცხული.

6.3. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ ხელშეკრულებები დადებული იყო ერთმნიშვნელოვნად აღდგენითი სამუშაოების პროექტირებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო სხდომაზე გამოკითხული ექსპერტების განმარტებით დგინდებოდა, რომ შესაძლებელი იყო ნებისმიერი შენობის აღდგენა, უბრალოდ შესაძლებელია აღდგენითმა ღირებულებამ მიაღწიოს იმ ოდენობას, რომ უმჯობესია ახლის აშენება ფინანსური თვალსაზრისით. გარდა ამისა, შპს „მ-ე–ის“ მიერ 2019 წლის 30 სექტემბერს შედგენილი ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, ქ. თბილისში, ქ. თბილისში ....... ( ს/კ .........) ტექნიკური მდგომარეობის ინსტრუმენტალური გამოკვლევის და ვიზუალური დათვალიერების შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ შენობას ესაჭიროებოდა სასწრაფო რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და რეკონსტრუქცია ტექნიკურად შესაძლებელი იყო სათანადოდ დამუშავებული კონსტრუქციული და მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის მიხედვით რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა კვლევაში მითითებული ხარვეზები.

6.4. ამდენად, პალატის მითითებით, ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად შენობას უკვე ესაჭიროებოდა სასწრაფო რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 2019 წლის დროისათვის, ხოლო მოსარჩელის/აპელანტის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება დაიწყო 2021 წელს, რაც დგინდება 2021 წლის 13 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ი–ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N08.06.04/30/36 ხელშეკრულებით.

6.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა მოპასუხის ბრალეულობა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შემკვეთისათვის მიყენებულ ზიანში, რაც გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოთხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვაზე. მოპასუხისთვის ცნობილი იყო, რომ მის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და შესაბამისად, ის სრულად აცნობიერებდა წარმოდგენილი არასრულფასოვანი და არაკვალიფიციური დასკვნებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს.

8.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზიდან იკვეთება, რომ მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა სრულყოფილად, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ის დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მენარდის მიერ ხელეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო შემკვეთისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობა.

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსსკ-ის 394-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამდენად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი).

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აღნიშნული დანაწესი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ, ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. კერძოდ, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე, ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ საქმე Nას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).

17. ვინაიდან, საკასაციო პრეტენზია მიმართულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებების არასწორ შეფასებაზე და ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებაზე, საკასაციო პალატა იმსჯელებს მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე.

18. სსსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადასტუროს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადასტურების მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „ჯ.ჰ–მა“ 2019 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულების ფარგლებში მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების სამშენებლო - საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნებიდან გამომდინარე ინსპექტირების ანგარიშის მოსამზადებლად მოიძია სხვა ორგანიზაცია - შპს „მ-ე–ი“. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ 2019 წლის 4 ოქტომბერს შედგენილია ინსპექტირების ანგარიში (ექსპერტიზის დასკვნა), რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ..........., ს/კ: .........., ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები ძირითადად პასუხობს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს. ამავე ორგანიიზაციის მიერ 2019 წლის 11 ოქტომბერს შედგენილი ინსპექტირების ანგარიშიდან (ექსპერტიზის დასკვნა) დგინდება, რომ ქ. თბილისში, ......... მდებარე ს/კ: ....... სპორტდარბაზის რეაბილიტაციის პროექტის არქიტექტურული ნაწილი ძირითადად პასუხობს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებისა“ და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 თებერვლის N63 დადგენილების მოთხოვნებს. შპს „მ-ე–ის“ მიერ 2019 წლის 7 ნოემბერს შედგენილი ინსპექტირების ანგარიშიდან (ექსპერტიზის დასკვნა) დგინდება, რომ ქ. თბილისში, ........... მდებარე (ს/კ: ..........) სპორტდარბაზის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია ძირითადად პასუხობს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს. პროექტს მიცა დადებითი შეფასება და რეკომენდაცია განხორციელებისათვის. შპს „ო.გ“-ის მიერ 2019 წლის 14 ნოემბერს შედგენილი ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის მიხედვით ქ. თბილისში, ......... მდებარე სპორტდარბაზის პროექტის ნაწილის, საინჟინრო ქსელები - სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, საპროექტო დოკუმენტაცია შეესაბამება მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებს და მას მიეცა დადებითი შეფასება. მოსარჩელემ მოპასუხესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება მიიღო და გადასცა მას შეთანხმებული საზღაური.

22. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეკისრებოდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტის მიერ 2021 წლის 18 მაისს შედგენილი საექსპერტო დასკვნა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვდა ქ. თბილისში, ....... მდებარე შენობის დეტალურ გამოკვლევას, რათა დადგენილიყო იყო თუ არა შესაძლებელი მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების გაგრძელება. ექსპერტიზის დასკვნა ემყარება შენობის ვიზუალურ დათვალიერებას. დასკვნიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ........ მდებარე სპორტული დარბაზის შენობა იმყოფება მწვავედ ავარიულ მდგომარეობაში. არსებული კონსტრუქციული სქემა ვერ აკმაყოფილებს მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს, ხოლო მზიდი კონსტრუქციები, მდგომარეობიდან გამომდინარე არ ექვემდებარებიან აღდგენა-გამაგრებას. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელება გაუმართლებელია და მიზანშეწონილად მიგვაჩნია შენობას ჩაუტარდეს სრული დემონტაჟი, შესაბამისი პროექტის მიხედვით. სპორტული დარბაზის შენობის დემონტაჟისას გათვალისწინებული იქნას მომიჯნავე საცხოვრებელ შენობასთან საზიარო კედლის არსებობა.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც რეაბილიტაციის მიმდინარეობის პროცესში, შენობის ვიზუალური დათვალიერების შემდგომ არის შედგენილი, არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას შპს „ჯ.ჰ–ის“ მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტის დასადასტურებლად. დასკვნა მოიცავს მხოლოდ შენობის დათვალიერების დროისათვის ვიზუალურად არსებული მდგომარეობის გამოკვლევასა და მის შეფასებას და არ შეიცავს მსჯელობას უკვე მიმდინარე რეაბილიტაციის გათვალისწინებით, სარეკონსტრუქციო სამუშოების დაწყებამდეც დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ. ამასთან, მოსარჩელის მიერ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიმართ დასმული შეკითხვა (ექსპერტიზის ბიუროს უნდა ჩატარებინა შენობის გამოკვლევა, რათა დადგენილიყო, იყო თუ არა შესაძლებელი, მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების გაგრძელება) და მოპასუხის მიერ საკვლევი სამუშაოებიც (მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშოების სამშენებლო-საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, შენობის ტექნიკური მდგომარეობის ინსტრუმენტალური და ვიზუალური გამოკვლევა, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა...) განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ამასთან, მოპასუხის მიერ ექსპერტიზები მის წინაშე დასმულ საკითხებზე ჩატარებულია 2019 წელს და ერთ-ერთ დასკვნაში მითითებულია, რომ შენობას ესაჭიროება სასწრაფო რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია 2021 წელს და აღნიშნული დასკვნით არ დგინდება, რომ მოპასუხის მიერ კვლევების წარმოებისას უძრავი ქონება იქნებოდა ისეთ მდგომარეობაში, რაც მისი დემონტაჟის აუცილებლობას განაპირობებდა. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით შეუძლებელია შპს „ჯ.ჰ–ის“ დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების არაკვალიფიციურობისა და არასრულფასოვნების დადასტურება. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რაც მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტს დაადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელსაც სასამართლოსათვის იმგვარი პირდაპირი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომლებიც ფაქტობრივად მიყენებულ ზიანთან ერთად დაადასტურებდა მენარდის მხრიდან ვალდებულების დარღვევასა და ამ ქმედებასა და ზიანს შორის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ წინამდებარე საქმეში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

25. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე