Facebook Twitter

№ას-957-2024

20 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.უ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ინფორმაციის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ს.უ–ი“ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: სს „თ.ბ–ს“ დაევალოს შპს „ს.უ–ს“ მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, აწარმოებს თუ არა შპს „ა–ოს“ სახელით ნებისმიერი პირი სს „თ.ბ–თან“ მოლაპარაკებას ნებისმიერი საბანკო პროდუქტის (კრედიტი, ოვერდრაფტი, დეპოზიტი და ა.შ.) შესახებ და ხომ არ იგეგმება შპს „ა–ოსთან“ ნებისმიერი საბანკო პროდუქტის (კრედიტი, ოვერდრაფტი, დეპოზიტი და ა.შ.) შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმება. სს „თ.ბ–ს“ დაევალოს შპს „ს.უ–ს“ მიაწოდოს სრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია სს „თ.ბ–სა“ და შპს „ა–ოს“ შორის არსებულ ნებისმიერ საბანკო პროდუქტზე (კრედიტი, ოვერდრაფტი, დეპოზიტი და ა.შ.), მათ შორის ხელშეკრულებების ასლები და ამ ხელშეკრულებების გასაფორმებლად სს „თ.ბ–ის“ და ნებისმიერი მესამე პირის მიერ მომზადებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია; შპს „ა–ოს“ და ნებისმიერი მესამე პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია; მიმდინარე საბანკო პროდუქტების (კრედიტი, ოვერდრაფტი, დეპოზიტი და ა.შ.) შესახებ აქტუალური ინფორმაცია.

1.1. მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ს.უ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით შპს „ს.უ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. შპს „ს.უ–ი“ წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ სამეწარმეო საზოგადოებას.

5.2. შპს „ა–ოს“ წილის 20%-ის მესაკუთრე არის შპს „ს.უ–ი“.

5.3. 2022 წლის 20 ივნისს შპს ,,ს.უ–მა“ მიმართა სს ,,თ.ბ–ს“ და ითხოვა წერილის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მიეწოდებინა ინფორმაცია: - აწარმოებს თუ არა შპს „ა–ოს“ სახელით ნებისმიერი პირი სს „თ.ბ–თან“ მოლაპარაკებას ნებისმიერი საბანკო პროდუქტის (კრედიტი, ოვერდრაფიტი, დეპოზიტი და ა.შ.) შესახებ და ხომ არ იგეგმება შპს „ა–ოსთან“ ნებისმიერი საბანკო პროდუქტის (კრედიტი, ოვერდრაფიტი, დეპოზიტი და ა.შ.) შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმება; მიეწოდებინა სრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია სს „თ.ბ–სა“ და შპს „ა–ოს“ შორის არსებულ ნებისმიერ საბანკო პროდუქტზე (კრედიტი, ოვერდრაფიტი, დეპოზიტი და ა.შ.), მათ შორის, ყველა ხელშეკრულების ასლი და ამ ხელშეკრულებების გასაფორმებლად სს „თ.ბ–ის“ და ნებისმიერი მესამე პირის მიერ მომზადებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია; შპს „ა–ოს“ და ნებისმიერი მესამე პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია; მიმდინარე საბანკო პროდუქტების (კრედიტი, ოვერდრაფტი, დეპოზიტი და ა.შ.) შესახებ აქტუალური ინფორმაცია.

5.3. 2022 წლის 27 ივნისის წერილით შპს „ს.უ–ს“ სს „თ.ბ–მა“ აცნობა, რომ პიროვნების და კომპანიის შესახებ საკითხის მოკვლევასა და რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდება მისთვის არ განხორციელდებოდა, ვინაიდან ვერ დგინდებოდა მარწმუნებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ბანკმა მიუთითა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომელიც არეგულირებს საბანკო საიდუმლოებას და რომლის მიხედვით არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. ხოლო, ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მათ წარმომადგენლებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.8. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება პარტნიორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ადგენს მისი დაცვის ფარგლების სავალდებულო მინიმუმს, რაც ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებულია პარტნიორის უფლებები. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს აქვთ როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებები. არაქონებრივი უფლება კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებაა. ამდენად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ, კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას. მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის უფლება, მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე, ხოლო პარტნიორისათვის საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობის მიცემაში მოიაზრებდა როგორც დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობა, ისე მათი ასლების (მატერიალური თუ ელექტრონული სახით) გადაღებასაც.

5.9. პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ს.უ–ის“ მოთხოვნის ადრესატს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე წარმოადგენდა არა სს „თ.ბ–ი“, არამედ შპს „ა–ო“, რომლის 20% წილის მესაკუთრე არის მოსარჩელე კომპანია. სს „თ.ბ–ს“ არ გააჩნია კანონისმიერ ვალდებულება, მოთხოვნილი დოკუმენტები გადასცეს შპს „ს.უ–ს“. პალატა დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას და მიუთითა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არავის აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენოს იგი. კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოთ მხოლოდ ეროვნულ ბანკსა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას მათი კომპეტენციის ფარგლებში.

5.10. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სს „თ.ბ–ი“ აღნიშნულ დავაში წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე. რის გამოც, სს „თ.ბ–ის“ მიმართ დასახელებული მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ დადგინა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ნათლად ასახავენ თუ რა სამართლებრივმა მოცემულობამ განაპირობა შპს „ს.უ–ის“ მიერ სს „თ.ბ–ისადმი“ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით მიმართვა. შესაბამისად, სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ მოსარჩელის ინტერესს ინფორმაციის გამოთხოვაზე.

8.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 146-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი, რითაც წინააღმდეგობაში მოვიდა დასახელებული მუხლებით უზრუნველყოფილ მიზნებთან და ფაქტობრივად დეკლარაციული ხასიათი შესძინა მათ.

8.3. კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „ს.უ–ს“ შპს „ა–ოსგან“ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, არ დახარჯავდა რესურსს სს „თ.ბ–ისგან“ ინფორმაციის მიღების მცდელობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ის დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

14. კასატორის პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია სს „თ.ბ–ი“ არასათანადო მოპასუხედ, რის გამოც უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

16. ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი, (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია (იხ. სუსგ.№ას-825-791-2016; 12.06.2017წ. №ას-17-2022. 29.09.2022წ.).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. ამ პრინციპის კონკრეტულ გამოხატულებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის დანაწესი, რომელიც ადგენს სარჩელის შინაარსობრივ მოთხოვნებს და მოსარჩელისაგან მოითხოვს, რომ მან სარჩელში აღნიშნოს დავის საგანი, მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები, მოპასუხე და სხვა. სწორედ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე თავად წყვეტს ვის მიმართ წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ, ხოლო არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლის შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, როგორც სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას. სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს მოსარჩელის დისპოზიციურ უფლებაში და თავისი ინიციატივით შეცვალოს არასათანადო მოპასუხე. მოსამართლის ამგვარი ქმედება ჩაითვლება მხარის დისპოზიციური უფლების შეზღუდვად - თავად აირჩიოს საკუთარ სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელი სუბიექტი (მოპასუხე). სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელეს მხოლოდ შესთავაზოს არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლა. სასამართლოს აღნიშნულ შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, როგორც სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას. სათანადო მოპასუხის სტატუსით სამართალწარმოებაში მხარის შემოსაყვანად მოსარჩელის თანხმობაა საჭირო. ხოლო, თუ მოსარჩელე არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლას არ დაეთანხმა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს (იხ. სუსგ.№ას-17-2022 29.09.2022წ., №ას-312-2019,22.06.2021წ.).

18. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნაა შპს „ა–ოსა“ და სს „თ.ბ–ს“ შორის არსებული ნებისმიერი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა, მათ შორის ნებისმიერ საბანკო პროდუქტზე მხარეთა მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა. შპს „ა–ოს“ 20% წილის მესაკუთრე არის შპს „ს.უ–ი“, რომელიც წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 146-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორს მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის შესახებ და მისცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა დასაშვებია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკისგან დასაცავად. უარი წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ასევე დასაშვებია, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია.

19. პალატა განმარტავს, რომ კონტროლისა და შემოწმების, ასევე, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება პარტნიორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ადგენს მისი დაცვის ფარგლებს სავალდებულო მინიმუმს, რაც ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული პარტნიორის უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია, შიდაკორპორაციული რეგულაციის ფარგლებში, საზოგადოების წესდებით, მხოლოდ მათი გაზრდაა შესაძლებელი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს აქვთ როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებები. არაქონებრივი უფლება კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებაა. ამდენად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ, კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას. მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე (სუსგ. Nას-1571-2018, 02.08.2019 წ. განჩინება).

20. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ შპს „ს.უ–ი“ წარმოადგენს შპს „ა–ოს“ 20% წილის მესაკუთრეს და შესაბამისად, მას აქვს საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის უფლება შპს „ა–ოს“ მიმართ, მითუმეტეს, რომ სპეციალური კანონი „მეწარმეთა შესახებ“ განსაზღვრავს პარტნიორთა უფლებების იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია პარტნიორთა შეთანხმების შემთხვევაშიც კი. ასეთი სტანდარტის ფარგლებში მოიაზრება პარტნიორის უფლება - თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი წარდგენილია სს „თ.ბ–ის“ მიმართ, რომელიც წარმოადგენს კომერციულ ბანკს და არ იმყოფებოდა სამართლებრივ ურთიერთობაში შპს „ს.უ–თან“. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „ს.უ–ის“ მოთხოვნის ადრესატს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე წარმოადგენს არა სს „თ.ბ–ი“, არამედ შპს „ა–ო“, რომლის 20% წილის მესაკუთრე არის მოსარჩელე კომპანია. სს „თ.ბ–ს“ არ გააჩნია კანონისმიერ ვალდებულება, მოთხოვნილი დოკუმენტები გადასცეს შპს „ს.უ–ს“. პალატა მიუთითებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არავის აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენოს იგი. კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოთ მხოლოდ ეროვნულ ბანკსა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას მათი კომპეტენციის ფარგლებში.

21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ შპს „ს.უ–ს“ შპს „ა–ოსგან“ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, არ დახარჯავდა რესურსს სს „თ.ბ–ისგან“ ინფორმაციის მიღების მცდელობაში. პალატა აღნიშნავს, რომ სს „თ.ბ–ი“ არ წარმოადგენს აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, მითითებული გარემოება კი, ვერ ასაბუთებს მოსარჩელის ინტერესს, აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვოს სს „თ.ბ–იდან“, მითუმეტეს, რომ შპს „ს.უ–ს“ შპს „ა–ოსგან“ ინფორმაციის მიღების შეუძლებლობა არ ართმევს მის მიმართ სარჩელის წარდგენისა და კანონიერი ინტერესის დაცვის უფლებას.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სს „თ.ბ–ი“ აღნიშნულ დავაში წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც, სს „თ.ბ–ის“ მიმართ წარდგენილი მოთხოვნა უსაფუძვლოა და სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

27. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.უ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ს.უ–ს“ (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N9293, გადახდის თარიღი 09.07.2024წ.) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე