Facebook Twitter

№ას-1578-2024

28 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ცალმხრივი გარიგების ბათილად ცნობა, ვალდებულების შესრულებულად აღიარება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ტ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ შემდეგი მთხოვნებით:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ 2016 წლის 22 თებერვლის N171099 წერილობითი შეტყობინება 2015 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების 12.3. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 12.5. პუნქტის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის და ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის (46 770.28 ლარი) ოდენობით პირგასამტეხლოს მოთხოვნის თაობაზე;

1.2 სს „ტ–სა“ და სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ შორის 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული N162/03/200 ხელშეკრულება ჩაითვალოს შესრულებულად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 24 მაისის N002836416 დასკვნით განსაზღვრული, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიხედვით და მოპასუხეს დაეკისროს 82 500 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სს „ტ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 82436.16 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. 2015 წლის 22 ივლისს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ გამოაცხადა SPA150020426 ელექტრონული ტენდერი ღობეების მონტაჟის (CPV45342000) შესყიდვის მიზნით.

4.2. 2015 წლის 31 აგვისტოს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა“ (შემსყიდველი) და სს „ტ–ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N162/03/200 ხელშეკრულება. რომლის თანახმად, მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა ამავე ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული ღობის მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის ვადაში, 2015 წლის 08 ნოემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 456 907.96 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2015 წლის 8 დეკემბერი.

4.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების პროცესში გამოვლინდა ისეთი ობიექტური გარემოებები, რომლებიც მიმწოდებელს აფერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დაესრულებინა სამუშაოები, კერძოდ: პროექტით გათვალისწინებული სიტუაციური გეგმა გარკვეულ მონაკვეთებში არ შეესაბამებოდა ადგილზე არსებულ სიტუაციას, პროექტით გათვალისწინებული შემოღობვის კონტურის ზონაში, ზოგიერთ ადგილებში მდებარეობდა მსუბუქი ტიპის ნაგებობები, გადიოდა ბუნებრივი გაზის საჰაერო მაგისტრალური მილი, შემოღობვის კონტური გადიოდა ქანობიან რელიეფზე და ამის გამო პროექტით გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ღობის მოწყობა სექციებად და საფეხურებად, პროექტში დასაზუსტებელი იყო ყორე ქვის ღობის სიმაღლე და ასევე მოსაპირკეთებელი აგურის და ბაზალტის ფილების მოწყობის კვანძები, გადასატანი იყო კანალიზაციის არსებული ქსელი და დამატებით მოსაწყობი იყო ორი საკანალიზაციო ჭა, დასაშლელი იყო რკინაბეტონის ღობე, რომელიც გადიოდა საპროექტო ღობის გასწვრივ, ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული ტერიტორიის გაწმენდა ეკალბარდებისგან საჭირო იყო პროექტში გათვალისწინებულზე გაცილებით დიდი მოცულობით, ასევე საპროექტო ღობის კონტურის ზონაში ხვდებოდა მრავალწლიანი ხეები, ღობის კონტურზე აღმოჩენილ იქნა მაზუთის 50-60 ტ. ლითონის ავზები, სამუშაოთა შესრულებამ გადაიწია ზამთრის პერიოდში, კლიმატური პირობები კი აფერხებდა სამშენებლო პროცესს, ასევე ღობის მოწყობის სამუშაოებს ხელს უშლიდნენ ადგილობრივი მოსახლეები.

4.4. მიმწოდებელმა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ დაიწყო და დაასრულა მხარეთა შორის შეთანხმებული სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ამასთან, ხსენებული მიზეზებისა და ასევე სამუშაოს გაზრდილი მოცულობის გამო, რამდენჯერმე გაგრძელდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადები, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 11 ნოემბრის N162/03/200-1, 2015 წლის 16 დეკემბრის N162/03/200-2, 2015 წლის 25 დეკემბრის N162/03/200-3, 2016 წლის 11 იანვრის N162/03/200-4, 2016 წლის 26 იანვრის N162/03/200-5 და 2016 წლის 4 თებერვლის N162/03/200-6 შეთანხმებებით, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებად განისაზღვრა 467 702.85 ლარი, ვალდებულების შესრულების ვადად - 2016 წლის 14 თებერვალი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2016 წლის 16 მარტი. ამასთან, 2016 წლის 11 იანვრის N162/03/200-4 და 2016 წლის 26 იანვრის N162/03/200-5 შეთანხმებებით, დადგენილ იქნა საჯარიმო სანქციები, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობის გადახდით, რამაც ჯამში 35 დღეზე შეადგინა 32 739.19 ლარი.

4.5. სს „ტ–მა“ 2016 წლის 12 თებერვალს მიმართა შემსყიდველს ობიექტის ჩაბარების მოთხოვნით, განმარტა, რომ 2016 წლის 14 თებერვალს ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, გარდა იმ მონაკვეთებისა, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ არ მისცა სამუშაოთა წარმოების საშუალება.

4.6. შემსყიდველი ორგანიზაციის 2016 წლის 22 თებერვლის N171099 წერილით ეცნობა მიმწოდებელს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა, რომ სამუშაოები ვერ შესრულდა არაერთხელ განსაზღვრულ დამატებით ვადაში, კერძოდ: ლითონის ღობის მოწყობის სამუშაოები არ იყო დასრულებული III კატეგორიის გრუნტის უკუჩაყრა ბულდოზერით და გრუნტის დატკეპნა პნევმოსატკეპნით. კომპანიის მიერ ხარვეზებით იქნა შესრულებული სამუშაოთა ნაწილი, კერძოდ: სახელშეკრულებო დოკუმენტაციაში, დაცვის ჯიხურის კედლების მოწყობა მითითებული იყო პოლიურეთანის სენდვიჩპანელებით სისქით 100მმ, ხოლო, ფაქტობრივად მოწყობილი იყო პენოპლასტის სენდვიჩპანელებით სისქით 100 მმ. დაცვის ჯიხურის სახურავის მოწყობა გათვალისწინებული იყო პოლიურეთანის სენდვიჩპანელებით სისქით 100მმ, ხოლო, ფაქტიურად მოწყობილი იყო პენოპლასტის სენდვიჩპანელები სისქით 50მმ.

4.7. ობიექტის საბოლოო ინსპექტირებისას სააგენტოს არ მოუთხოვია მის მიერ დასახელებული ხარვეზის (ნაკლის) გამოსწორება. ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის კომპანია შემსყიდველმა დააჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით. საჯარიმო თანხამ საერთო ჯამში შეადგინა ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 467 702.85 ლარის 0.2% 35 დღეზე, რაც შეადგენს 32 739.19 ლარს და ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% - 46 770.28 ლარი, სულ - 79 509.47 ლარი. საბანკო გარანტიის ფარგლებში - 11 693 ლარის გადახდის მოთხოვნით სააგენტომ მიმართა სს „ს.ბ–ს“. მიმწოდებელს საჯარიმო თანხის - 67 816.47 ლარის გადახდა დააკისრა არაუგვიანეს 2016 წლის 11 მარტამდე.

4.8. სს „ტ–მა“ შემსყიდველ ორგანიზაციას მიმართა 2016 წლის 25 თებერვალს N01-56 წერილით და ითხოვა დაცვის ჯიხურზე არსებული ნაკლის გამოსწორების მიზნით, სამი დღის დამატებითი ვადის დაწესება. შემსყიდველმა ორგანიზაციამ რეგირების გარეშე დატოვა მიმწოდებლის წერილი, რომელშიც ის გამოთქვამდა ნაკლის გამოსწორების მზადყოფნას.

4.9. სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ სამშენებლო სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 თებერვლის N MES41600142056 და 2016 წლის 20 ივნისის N MES31600737415 სამსახურებრივი ბარათებით დგინდება, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება მხარეთა შორის შეთანხმებული სამუშაოების მოცულობას. დაცვის ჯიხურის კედლების მოწყობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული იყო პოლიურეთანის სენდვიჩპანელებით, რომელთა სისქე უნდა ყოფილიყო 100 მმ. ფაქტობრივად მოწყობილია პენოპლასტის სენდვიჩპანელებით, რომელთა სისქეა 100 მმ. დაცვის ჯიხურის სახურავი მოწყობილი უნდა ყოფილიყო პოლიურეთანის სენდვიჩპანელებით, რომელთა სისქე უნდა ყოფილიყო 100 მმ. ფაქტობრივად მოწყობილია პენოპლასტის სენდვიჩპანელებით, რომლის სისქეა 50 მმ. ამასთამ ლითონის ღობის მოწყობის სამუშაოები - III კატეგორიის გრუნტის უკუჩაყრა ბულდოზერით და გრუნტის დატკეპნა პნევმოსატკეპნით არ იყო დასრულებული და ამ სახის შესრულებული სამუშაოების მოცულობა არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის შეთანხმებულ, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ მოცულობას. ამასთანავე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 24 მაისის დასკვნით დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 447 269.79 ლარს. დასკვნის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პანელების მახასიათებლებისგან განსხვავებული, მიმწოდებლის მიერ მოწყობილი პენოპლასტის სენდვიჩპანელები არის მხარეთა შორის შეთანხმებული მონაცემების ანალოგიური და ამასთან უფრო ძვირადღირებული.

4.10. სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ 2016 წლის 08 ივნისს მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სს „ტ–ის“ შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ. მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 08 სექტემბრის N2562 განკარგულებით უარი ეთქვა შემყიდველს სს „ტ–ის“ შავ სიაში დარეგისტრირებაზე.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით სსიპ „საგანმანათლებლომ და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების პროცესში გამოვლინდა მთელი რიგი ობიექტური გარემოებები, რის გამოც მიმწოდებელმა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ დაიწყო და დაასრულა მხარეთა შორის შეთანხმებული სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

7.2. პალატამ აღნიშნა, რომ შემსყიდველმა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას საფუძვლად დაუდო მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, რაც კონკრეტულად გამოიხატა, როგორც მენარდის მიერ სახელშეკრულებო ვადებში გარკვეული სამუშაოების შეუსრულებლობაში, ასევე სამუშაოთა ნაწილის ხარვეზით შესრულებაში. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მენარდის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა მიმწოდებლის მიერ თვითნებურად, შემსყიდველ მხარესთან შეუთანხმებლად, დაცვის ჯიხურის კედლებისა და სახურავის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული მასალით - პენოპლასტის სენდვიჩპანელებით - მოწყობაში.

7.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. ასევე მიუთითა სსკ-ის 643-ე (ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ), 644-ე (ხელშეკრულებაზე უარი ნაკეთობის ნაკლის გამო) და 645-ე (საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო) მუხლებით გათვალისწინებულ მეორადი მოთხოვნის უფლებებზე. პალატამ აღნიშნა, რომ ნაკლიანი შესრულების დადასტურების შემთხვევაში, კრედიტორს რამდენიმე განსხვავებული მოთხოვნა წარმოეშობა, თუმცა ნივთის ნაკლის გამოსწორება ან მისი ახლით შეცვლა განხილულ უნდა იქნეს დამატებითი შესრულების მოთხოვნად, რომელიც პრიორიტეტული, უპირატესად გამოსაყენებელია სხვა დანარჩენ მეორადი მოთხოვნის უფლებებს შორის. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების კონკრეტული, 4.1-4.2. პუნქტების შინაარსზე, (რომლის თანახამად შემსყიდველი ინსპექტირების ჯგუფის მეშვეობით ახდენდა შესრულებული (გასაწევი ან უკვე გაწელი) სამუშაოს ინსპექტირებას)), ასევე 7.5 და 7.6 პუნქტებზე (რომლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წერილობით აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული მომსახურების ნაწილისა და წუნდების მიზეზების მითითებით, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გამოასწოროს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მითითებული ხარვეზები) და მათი ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ ხელშეკრულების თანახმად, ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზი შემსყიდველს არ აძლევდა ხელშეკრულების უპირობოდ შეწყვეტის საფუძველს. გამოვლენილი ნაკლოვანებები მას წარმოუშობდა უფლებას, მოეთხოვა მენარდისათვის ნაკლის გამოსწორება მისივე ხარჯით. ვინაიდან, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ 2016 წლის 15 თებერვალს შემსყიდველმა განახორციელა ობიექტის ინსპექტირება, ხოლო 2016 წლის 22 თებერვლის N171099 წერილით მიმწოდებელს აცნობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, ამასთან, საქმეში არ მოიპოვებოდა არანაირი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ შემსყიდველმა, ინსპექტირების განხორციელების შემდეგ, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე, მხარეთა შორის შეთანხმებული წესით მიმართა მიმწოდებელს ნაკლის გამოსწორების მოთხოვნით, პალატამ მიიჩნია, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების მოტივით ხელშეკრულებიდან ცალმხრივად, ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირობის დაუცველად შეწყვეტა, მართებულად შეფასდა პირველი ინსტანციის სასამართლო მიერ სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერების პრინციპის უგულვებელყოფად.

7.4. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იყო, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით/შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში შესრულებულ იქნა ნაკისრი ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაზეც 2016 წლის 24 მაისს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაიცა დადებითი საექსპერტო დასკვნა, თუმცა, სააგენტო არ დაელოდა ხელშეკრულების შესაბამისად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების და ხარისხის დადგენის მიზნით ჩატარებულ საექსპერტო დაწესებულების დასკვნას (ხელშეკრულების 9.5 მუხლის თანახმად, საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც შედგენილი იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი დასკვნის საფუძველზე; ამავე მუხლის თანახმად შემსყიდველი უფლებამოსილია ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენამდე შესრულებულ სამუშაოზე შეაჩეროს საბოლოო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ის ოდენობით) და უშუალოდ სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის შემოწმების შედეგების საფუძველზე, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების მოტივით ცალმხრივად შეწყვიტა მიმწოდებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობა.

7.5. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა ჯამური ღირებულება შეადგენდა 456 907.96 ლარს, ხოლო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს“ 24.05.16წ-ის N002836416 დასკვნის მიხედვით, სს „ტ–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 447269.76 ლარი; შემსყიდველმა პრეტენზიის განუცხადებლად მიიღო და მიმწოდებელს აუნაზღაურა 368341.6 ლარის ღირებულების სამუშაოები; საქმეზე სადავო არც ის გარემოება გამხდარა,რომ დაცვის ჯიხურის კედლების და სახურავის მოწყობის სამუშაოების ღირებულება, რომელიც შემკვეთმა ხარვეზიანად მიიჩნია შეადგენდა 2534.7 ლარს პირდაპირი დანახარჯებით, რაც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების დაახლოვებით 0.5%-ია. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 24 მაისის დასკვნის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პანელების მახასიათებლებისგან განსხვავებული, მიმწოდებლის მიერ მოწყობილი პენოპლასტის სენდვიჩპანელები მხარეთა შორის შეთანხმებული მონაცემების ანალოგიურია და ამასთან, უფრო ძვირადღირებულიც; აღნიშნულის საპირწონედ მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება და შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებით „საფრთხის შემცველ მასალაზე“, და იმ გარემოებაზე რომ „ძვირი მასალა“ არანაირად არ ნიშნავს იმას რომ იგი მისაღები და უსაფრთხოა სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლის მოსაწყობად. პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, აპელანტის წარმომადგენელმა ვერც ის ფაქტი დაადასტურა, განხორციელდა თუ არა სააგენტოს მიერ დაცვის ჯიხურის დემონტაჟი. ამდენად, იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა არამართლზომიერად, ხელშეკრულებისა და სსკ 405-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე რომ, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა სს „ტ–ის“ მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ღირებულების გადახდის ვალდებულება. სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა და დასკვნა იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების 12.3 პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

7.6. სააპელაციო სასამარლომ მიუთითა, 2015 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 12.9 პუნქტზე, რომლის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაბუთებული გარემოებების არსებობისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით და მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილია: განუსაზღვროს სამუშაოს დასრულებისათვის დამატებითი ვადა არაუმეტეს 20 დღისა, რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით) დამატებითი ვადის გადახედვა საჯარიმო სანქციების გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს სარჩელით სადავოდ არ გაუხდია 35 დღეზე დარიცხული 32739.19 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს საფუძვლიანობა, თუმცა მოითხოვა მისი შემცირება გონივრულ ოდენობამდე. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძვლის არსებობის შესახებ და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 24 მაისის დასკვნის თანახმად, სს „ტ–ის“ მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, შეადგენდა 447 269.79 ლარს, საიდანაც შემსყიდველს მიმწოდებლისათვის რეალურად ანაზღაურებული ქონდა 356 648.6 ლარი (368341.6 -11693 ლარი), ამასთან მოსარჩელე თანახმა იყო გადაეხადა ვალდებულების დარღვევის გამო შემცირებული პირგასამტეხლო (8185 ლარი), პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი, შესრულებული სამუშაოს ღირებულება 82436. 16 ლარის ოდენობით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 თებერვლის განჩინებით, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

10. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

10.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად და ობიექტურად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები და დადგენილი ფაქტები.

10.2. შემსყიდველი თანხის გადაუხდელობას ნაკლიან შესრულებას უკავშირებს, რაც გამოიხატა მიმწოდებლის მიერ დაცვის ჯიხურის ჭერის და კედლების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით მოწყობასა და გარკვეული სამუშაოს შეუსრულებლობაში - არ დასრულებულა III კატეგორიის გრუნტის უკუჩაყრა ბულდოზერით და გრუნტის დატკეპნა პნევმოსატკეპნით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მენარდის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი, სასარჩელო მოთხოვნა მაინც დააკმაყოფილა და განმარტა, რომ შემკვეთს მიმწოდებლისგან უნდა მოეთხოვა ნაკლის გამოსწორება ან დამატებით შესრულება.

10.3. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელე კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე არაერთხელ გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, აღნიშნული კი ადასტურებს ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას. სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ სახეე იყო დამატებითი შესრულების გამომრიცხავი გარემოებები, რაც ცხადად და გარკვევით დადასტურდა მენარდის წერილით, რომლის თანახმად, პროექტით გათვალისწინებული „100 მმ-იანი პოლიურეთანის სენდვიჩის საზღვარგარეთიდან შემოტანა ვერ მოხერხდა“. შესაბამისად, ცალსახაა, რომ დამატებითი ვადის დაწესება არ იყო აუცილებელი, ვინაიდან, აშკარა იყო, რომ მას არვითარი შედეგი არ მოჰყვებოდა.

10.4. კასატორი აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რომელი კეთილსინდისიერების ფარგლებს მოიცავს მოსარჩელე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების ერთპიროვნულად შეცვლა და მოსწავლეებისათვის საფრთხის შემცველი მასალით კოლეჯის ტერიტორიაზე შენობის აშენება.

10.5. საკასაციო პრეტენზია შეეხება ასევე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. ამასთან, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების არაერთგზისი დარღვევა, ასევე მის მიერ წარმოდგენილი წერილები, ჯარიმის დაკისრების პირობით ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელებისა და დამატებითი ვადების მიცემის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემკვეთისთვის თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობა.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ., ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.288), თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (შდრ: სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.; სუსგ №ას-1504-2022,10 მარტი, 2023 წელი).

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულებასთან მიმართებით აღსანიშნავია შემკვეთის შემდეგი მეორადი უფლებები, რომლებიც მას წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მენარდემ დაარღვია სამუშაოს უნაკლოდ შესრულების ვალდებულება: 1) დამატებითი შესრულების მოთხოვნა; 2) ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ; 3) ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ნაკეთობის ნაკლის გამო; 4) საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო; 5) მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

20. მართალია, ხელშეკრულების მხარეს აქვს უფლება, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნული უფლება არ უნდა იქნეს ისე გაგებული, რომ ყოველი არაჯეროვანი, ან ვადაგადაცილებული შესრულების, ან თუნდაც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უპირობოდ აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება. სახელშეკრულებო ურთიერთობათა სამართლებრივი მდგომარეობის განვითარება დროში არ არის თვითნებური და მათი თავისუფალი რეალიზაცია, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, იფარგლება. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ კონტრაჰენტთა სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულების ცალმხრივად ცვლა, იქნება ეს ხელშეკრულებიდან გასვლა - უარი, თუ ხელშეკრულების მოშლა - შეწყვეტა, უპირობოდ ვერ განხორციელდება და მხარეს უფლება აქვს, გამოიყენოს აღნიშნული უფლება მხოლოდ გარკვეული პირობებითა და წესით (იხ. სუსგ.: Nას-664-2024, 23.02.2023წ.).

21. სსსკ-ის 642-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 642-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი შესრულება მეორად მოთხოვნათა შორის უპირატესია სხვა მოთხოვნის უფლებებთან მიმართებით. დამატებითი შესრულების შესაძლებლობა მენარდისათვის (მოვალისათვის) დამატებითი შანსია, „გადაარჩინოს“ ხელშეკრულება და დააკმაყოფილოს შესრულების ინტერესი (იხ. დამატებით: ზ.ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება - თეორია და პრაქტიკა, თბილისი, 2016წ., გვ. 343). ამ მოთხოვნის გამოყენების უპირატესობა განპირობებულია უშუალოდ ხელშეკრულების მხარეთა ინტერესებით. კერძოდ, მენარდე და შემკვეთი ნარდობის ხელშეკრულებას შესრულების მიღების და არა მეორადი მოთხოვნების რეალიზების მიზნით დებენ. შესაბამისად, ნივთის ნაკლის გამოსწორება ან მისი ახლით შეცვლა, უპირატესად გამოსაყენებელია სხვა დანარჩენ მეორადი მოთხოვნის უფლებებს შორის. აღნიშნული მოტივირებულია კონტინენტური სამართლის სისტემის კონცეფტუალური მიდგომით, რომელიც ორიენტირებულია ხელშეკრულების შესრულებაზე, მოწოდებულია გადაარჩინოს შეთანხმება და უზრუნველყოს მხარეთა ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესის განხორციელება თვით მეორადი მოთხოვნის უფლებების სამართლებრივ რეჟიმში.

22. პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 4.1-4.2. პუნქტების შინაარსზე, რომლის თანახამად, შემსყიდველი ინსპექტირების ჯგუფის მეშვეობით ახდენდა შესრულებული (გასაწევი ან უკვე გაწეული) სამუშაოს ინსპექტირებას, ამავე ხელშეკრულების 7.5 და 7.6 პუნქტების თანახმად კი, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წერილობით აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული მომსახურების ნაწილისა და წუნდების მიზეზების მითითებით, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გამოასწოროს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მითითებული ხარვეზები. პალატა ხელშეკრულების მითითებული დანაწესების ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზი შემსყიდველს ხელშეკრულებითვე წარმოუშობდა არა ხელშეკრულების უპირობოდ შეწყვეტის უფლებას, არამედ, უფლებას მოეთხოვა მენარდისათვის ნაკლის გამოსწორება მისი ხარჯით.

23. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2016 წლის 15 თებერვალს შემსყიდველმა განახორციელა ობიექტის ინსპექტირება, ხოლო 2016 წლის 22 თებერვლის N171099 წერილით მიმწოდებელს აცნობა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე. რაიმე მტკიცებულება, რომელიც ინსპექტირების განხორციელების შემდეგ, ხელშეკრულების ცამხრივად შეწყვეტამდე მხარეთა მიერ შეთანხმებული წესით მენარდისათვის ნაკლის გამოსწორების მოთხოვნით მიმართვას დაადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოპასუხეს ასევე, არ განუხორციელებია მტკიცება მასზედ, რომ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულების მიმართ სააგენტომ დაკარგა ინტერესი და განხორციელებული შესრულება ფაქტობრივად არ/ვერ მიიღო. მოპასუხე ორგანიზაცია ხარვეზის გამოსწორების შეუძლებლობისა და მის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მართზომიერების დასადასტურებლად მიუთითებს სს „ტ–ის“ მიერ შემსყიდველ ორგანიზაციისადმი 2016 წლის 25 თებერვალს გაგზავნილი N01-56 წერილის შინაარსზე, რომლითაც სს „ტ–ი“ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციას, მისი თანხმობის შემთხვევაში, სთავაზობს არა პროექტით გათვალისწინებული 100მმ-იანი სენდვიჩ პანელის, არამედ 50მმ-იანი სისქის პოლიურეთანის სენდვიჩპანელის მოწყობას, ორ ფენად, სამი დღის ვადაში. აღნიშნულ არგუმენტს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წერილში მითითებული შეთავაზების თაობაზე შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ (ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელს ეცნობა 2016 წლის 22 თებერვალს, ხოლო შეთავაზების თაობაზე წერილი შემსყიდველს გაეგზავნა 2016 წლის 25 თებერვალს).

24. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.5 მუხლზე, რომლის თანახმად, საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც შედგენილი იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი დასკვნის საფუძველზე; ამავე მუხლის თანახმად შემსყიდველი უფლებამოსილია ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენამდე შესრულებულ სამუშაოზე შეაჩეროს საბოლოო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულებული იქნა ნაკისრი ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაზეც 2016 წლის 24 მაისს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაიცა დადებითი საექსპერტო დასკვნა, თუმცა, სააგენტო არ დაელოდა ხელშეკრულების შესაბამისად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების და ხარისხის დადგენის მიზნით ჩატარებულ საექსპერტო დაწესებულების დასკვნას და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის შემოწმების შედეგების საფუძველზე, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების მოტივით ცალმხრივად შეწყვიტა მიმწოდებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობა. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა ჯამური ღირებულება შეადგენდა 456 907.96 ლარს, ხოლო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს“ 2016 წლის 24 მაისის N002836416 დასკვნის მიხედვით, სს „ტ–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 447269.76 ლარი. შემსყიდველს პრეტენზია არ განუცხადებია ისე მიიღო და მიმწოდებელს აუნაზღაურა 368341.6 ლარის ღირებულების სამუშაოები. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ასევე ის, რომ დაცვის ჯიხურის კედლების და სახურავის მოწყობის სამუშაოების ღირებულება, რომელიც შემკვეთმა ხარვეზიანად მიიჩნია შეადგენდა 2534.7 ლარს პირდაპირი დანახარჯებით, რაც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.5%-ია. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 24 მაისის დასკვნის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პანელების მახასიათებლებისგან განსხვავებული, მიმწოდებლის მიერ მოწყობილი პენოპლასტის სენდვიჩპანელები, მხარეთა შორის შეთანხმებული მონაცემების ანალოგიურია და ამასთან, უფრო ძვირადღირებულიც. მითითებული დასკვნის საწინააღმდეგო და საპირწონე მტკიცებულება, რომელიც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერებას დაადასტურებდა მოპასუხეს არ წარმოუდგენია, მხოლოდ მითითება კი, „საფრთხის შემცველ მასალაზე“, და იმ გარემოებაზე რომ „ძვირი მასალა“ არანაირად არ ნიშნავს იმას რომ იგი მისაღები და უსაფრთხოა სკოლებისა და პროფესიული სასაწავლებლის მოსაწყობად, ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობების არსებობას და შემსყიდველის კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას კონტრაჰენტის მიმართ ვერ დაადასტურებს. ამასთან, მიუხედავად საფრთხის შემცველი მასალაზე მითითებისა, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, აპელანტის წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ სააგენტოს მიერ დაცვის ჯიხურის დემონტაჟი განხორციელდა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სს „ტ–ი“ ხელშეკრულებაში ცვლილებების თაობაზე მოლაპარაკებების პარალელურად უწყვეტად ასრულებდა სამუშაოებს ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად. ასევე თანახმა იყო გარკვეული პირობების დარღვევის შემთხვევაში გადაეხადა კიდეც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ პროექტი იყო ხარვეზიანი და სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მხრიდან ხარვეზის აღმოფხვრა, დროის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად აფერხებდა მიმწოდებელს.

25. ყოველივე ზემოაღნიშნული, პალატას უქმნის შინაგან რწმენას მასზედ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების საფუძვლით, სცდება მხარის მიერ უფლების მართლზომიერად განხორციელების ფარგლებს და სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერების პრინციპის უგულვებელყოფას წარმოადგენს.

26. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა არამართლზომიერად, პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მოპასუხისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ღირებულების დაკისრების შესახებ.

27. საკასაციო პრეტენზია შეეხება ასევე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას. კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სასამართლოს აღნიშნული მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი მხარეთა აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება წარმოადგენს.

28. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ Nას-186-2021, 25.03.2021წ.). 29. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს შეუსაბამოდ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რომელიც გონივრულ მოცულობამდე იქნა შემცირებული.

30. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე