Facebook Twitter

ბს-1074-1036(კ-08) 4 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. შ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 9 იანვარს ი. შ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა აბაშის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 15 თებერვლამდე მუშაობდა აბაშის რაიონის გამგეობის ... განყოფილებაში, ...-ის თანამდებობაზე და მისი ხელფასი, თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეადგენდა 190 ლარს. აბაშის ... განყოფილების უფროსის 2006 წლის 15 თებერვლის ¹29 ბრძანებით ი. შ.-ე უკანონოდ იქნა გადაყვანილი ...-ის თანამდებობაზე და მისი ხელფასი განისაზღვრა 170 ლარით. ი. შ.-მ სარჩელით მიმართა აბაშის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა; მოპასუხეებს _ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურს, ი. შ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2006 წლის 15 თებერვლიდან 2006 წლის 28 დეკემბრამდე მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, ...-ის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობით.

მოსარჩელეს მითითებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული მოპასუხეები უკანონოდ აჭიანურებდნენ მისთვის სახელფასო დავალიანების გადახდას. ასევე, მუშაობის პერიოდში მოპასუხეები მას არათანაბარ პირობებში აყენებდნენ სხვა თანამშრომლებთან შედარებით.

მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 18 დეკემბერს იგი უმიზეზოდ დაითხოვეს სამსახურიდან და ამის შესახებ მისთვის არაფერი უცნობებიათ. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბ. ჩ.-მ და საფინანსო სამსახურის უფროსმა თ. ნ.-მ დაცვის თანამშრომლების მეშვეობით აუკრძალეს მას გამგეობის შენობაში შესვლა და ამასთან, სამუშაოდან დათხოვნით მას წაართვეს ერთადერთი საარსებო საშუალება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული განზრახი მოქმედებებით მას მიაყენეს მორალური ტრავმა, შეულახეს პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 70000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ი. შ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ი. შ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინებით ი. შ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიერ, მის წინააღმდეგ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედებების ჩადენას და შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა, მოპასუხეებისათვის მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურების დაკისრების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინება ი. შ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. შ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 4 დეკემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. შ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. შ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.