საქმე №ას-1062-2024
28 აპრილი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“, „შემსყიდველი“, „დამზღვევი“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, სს ,,ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“, „მზღვეველი“) მიმართ, პირგასამტეხლოს 4600 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა .
3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
4.2.1 2019 წლის 31 მაისს, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N419 ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტად
განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების გაწევა CON190000322 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით.
4.2.2 ხელშეკრულების საერთო/საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრა 920 000 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით.
4.2.3 ხელშეკრულების 11.4 მუხლით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე 100 ლარის ოდენობით. 11.5 მუხლის თანახმად კი, 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (მათ შორის, წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 50 ლარის ოდენობით.
4.2.4 ხელშეკრულების N1 დანართის (დაზღვევის პირობები) II ნაწილის 2.10 მუხლით, ზარალის რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში, უნდა განხორციელდეს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა.
4.2.5 ხელშეკრულებით განსაზღვრულ სადაზღვევო ურთიერთობის ვადაში, 2019 წლის 27 ივნისს, დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა - MITSUBISHI L200, სარეგისტრაციო ნომრით .........
4.2.6 ავტომანქანის შეკეთების მიზნით 2019 წლის 25 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე, გადაწყვეტილების თანახმად, დარეგულირების თარიღია 2019 წლის 24 ივლისი.
4.2.7 ავტოსატრანსპორტო საშუალება „MITSUBISHI L200“ (სახ. №........) შეკეთდა სერვისცენტრში და შეკეთება დასრულდა 2019 წლის 14 ნოემბერს. აღდგენის ღირებულებამ შეადგინა 30990 ლარი, რომელიც მოპასუხის მიერ გადარიცხულ იქნა 2019 წლის 01 აგვისტოს.
4.3 სააპელაციო პალატამ გაიზიარა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თანხის (პირგასამტეხლოს) დაკისრების შესახებ, ხანდაზმულია.
4.4 სააპელაცი პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის მიხედვით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის მითითება ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
4.5 ავტომანქანა სერვისში აღსადგენად შევიდა 2019 წლის 27 ივნისს და მისი აღდგენა დასრულდა 2019 წლის 14 ნოემბერს. აქტის თანახმად, ავტომანქანა აღდგენილია ხარისხიანად და ვარგისია ექსპლუატაციისათვის, რასაც მხარეები ადასტურებენ ხელმოწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ უფლების დარღვევის შესახებ სწორედ აქტის ხელმოწერისას (შედგენისას) - 2019 წლის 14 ნოემბერს შეიტყო, დასაბუთებულია.
4.6 სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
4.7 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან, სარჩელი თანხის დაკისრების შესახებ აღიძრა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე ხანდაზმულობის გამო, სარჩელის უსაფუძვლობაზე მიუთითებდა, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად უნდა ჩაითვალოს, რაც მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2 კასატორის განმარტებით, ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების დანართი N1-ის II ნაწილის, მე-2 მუხლის, მე-10 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა. კერძოდ, 2019 წლის 27 ივნისს, დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა "MITSUBISHI L200", სახ......... (გამოშვების წელი 2018), ხოლო, 2019 წლის 27 ივლისს, მხარეების მიერ, ხელმოწერილ იქნა დარეგულირების აქტი. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად, 2019 წლის 14 აგვისტოსა (დარეგულირების აქტზე ხელმოწერიდან - 2019 წლის 27 ივლისიდან 20 კალენდარული დღე) დასრულებულ იქნა 2019 წლის 14 ნოემბერს, 92 (ოთხმოცდათორმეტი) კალენდარული დღის დაგვიანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის, კომპანიას სრულად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 4 600 (ოთხი ათას ექვსასი) ლარს (50*92). ვინაიდან 2019 წლის 31 მაისს, გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N419 ხელშეკრულების საფუძველზე ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია, შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების დანართი N1-ისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის - დანართი N2-ის შესაბამისად) მომსახურება, ხსენებული ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 31 მარტი. ამდენად, ამ უკანასკნელი თარიღის ფარგლებში უნდა ყოფილიყო სასამართლოს მსჯელობა ხანდაზმულობის ათვლის საკითხზე.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
10.1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და - სს ,,ს.კ.ე.ჯ–ია“ შორის, 2019 წლის 31 მაისს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N419 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების (დაზღვევის პირობების დანართი N1-ის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის დანართი N2-ის შესაბამისად) მომსახურება. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით. ხელშეკრულების დანართი N1-ის, დაზღვევის პირობების მეორე ნაწილის, მე-2 მუხლის, მე-10 პუნქტის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა ზარალის დარეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე; 10.2 2019 წლის 27 ივნისს, დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა - MITSUBISHI L200, სარეგისტრაციო ნომრით ....... 2019 წლის 27 ივლისს, მხარეების მიერ ხელმოწერილ იქნა დარეგულირების აქტი. სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2019 წლის 14 აგვისტოსი (დარეგულირების აქტზე ხელმოწერიდან - 2019 წლის 27 ივლისიდან - 20 კალენდარული დღე) დასრულებულ იქნა 2019 წლის 14 ნოემბერს, 92 კალენდარული დღის დაგვიანებით.
11. განსახილველი დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია იმის დადგენა, თუ რამდენად სწორად ეთქვა უარი მოსარჩელეს პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მისი ხანდაზმულობის მოტივით. იმ შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეს სურს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მომწესრიგებელ დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი კი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი) 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას).
12. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობისა და შესაბამისად მისი დაკმაყოფილების შეუძლებლობის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში უპირველესად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა მოწმდება, ხოლო შემდეგ მისი განხორციელებადობა, თუკი, მოპასუხეს წარდგენილი აქვს ხანდაზმულობის, ანუ მოთხოვნის განხორციელების ხელის შემშლელი შესაგებელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს წარდგენილი აქვს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც მოპასუხე ასეთი სახის შესაგებელს წარადგენს, სასამართლო იწყებს კვლევას, თუ როდის წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, რათა შესაბამისად ათვალოს ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის შესაგებელი წარუმატებლად აქცევს სარჩელს, მიუხედავად იმისა მოთხოვნა საფუძვლიანია თუ არა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-782-2019 18 თებერვალი, 2022 წელი).
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე; თბილისი 2007; ასევე სუსგ N ას-547-515-2012, 11.06.2012წ.);
14. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ - მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება #1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
15. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად მიიჩნევა. გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას გაართულებს. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან.
16. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” სასამართლო განმარტავს: „...ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს“ (იხ. სუსგ N ას-988-1021-2011, 15.11.2011წ.).
17. საკასაციო პალატა აგრეთვე მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის მიზნებისთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა. ნორმის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
18. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
19. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (იხ. სუსგ. №ას-868-830-2014, 19.03.2015წ.).
20. საკასაციო პალატა მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, 2019 წლის 31 მაისს, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N419 ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტად
განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების გაწევა CON190000322 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით. ხოლო, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 2020 წლის 31 მარტი. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა პერიოდულად განმეორებადი ქმედებები, რაც განიხილება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებად.
21. ამგვარად, დასტურდება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების ფარგლებში, ერთ-ერთი დაზღვეული, დაზიანებული ავტომანქანის შეკეთება დასრულდა 2019 წლის 14 ნოემბერს. სწორედ აღნიშნული თარიღი წარმოადგენს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლის წერტილს და არა ხელშეკრულების დასრულების მომენტი, რადგან შეკეთების დასრულებისა და შესრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას, შეიტყო მოსარჩელემ ვალდებულების სავარაუდო არაჯეროვანი შესრულების შესახებ, რაზეც ვრცელდება 3 წლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
22. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასარჩელო წარმოების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა 2022 წლის 16 დეკემბერს. 2019 წლის 14 ნოემბრიდან 2022 წლის 16 დეკემბრამდე გასულია ზუსტად სამი წელი ერთი თვე და 2 დღე, შესაბამისად, სასარჩელო წარმოების დაწყების მომენტში მოსარჩელეს უკვე გაშვებული ჰქონდა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
23. ზემოაღნიშნული დასაბუთების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის შედავება ხანდაზმულობის შესახებ წარმატებულია, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
24. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით /ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. პროცესის ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
გიზო უბილავა