Facebook Twitter

ბს-1076-1026(კ-06) 14 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ი. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

05.08.05წ. ი. გ.-მ ჯ. ბ.-ის და მ. ბ.-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹30-ში მდებარე მის სახელზე აღრიცხული ბინიდან მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოპასუხეების გამოსახლება, ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება და სარჩელის აღძვრის დღიდან ბინის ქირის სახით მოპასუხეებისათვის ყოველთვიურად 100 ლარის დაკისრება მოითხოვა. მოგვიანებით ი. გ.-მ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მ. შ.-ის, ქ. ბათუმის სანაპიროს დასახლების ადმინისტრაციის, ქ. ბათუმის მერიის და ნოტარიუს მ. მ.-ის მიმართ და 28.03.05წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹30-ის მეორე სართულზე პრივატიზებული ჰქონდა ბინა, რომლის ერთი ოთახი (¹1) მ. გ.-მ, მისმა ყოფილმა ცოლმა, ე.წ. ,,ასტუპნოის" წესით 1500 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაუთმო სარგებლობისათვის მოპასუხეებს. მოპასუხეებმა მას განუმარტეს, რომ თანხის დაბრუნების შემდეგ ოთახს გაათავისუფლებდნენ. 6 წლის შემდეგ გადაწყვიტა თანხის დაბრუნება. მოპასუხეებმა თანხის მიღებაზე და ბინის დაცლაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ მათ ეს ბინა პრივატიზებული ჰქონდათ. მოსარჩელის განცხადებით სადავო ოთახში 1978 წლამდე ცხოვრობდა ლ. ქ.-ა, რომელიც 1978წ. გარდაიცვალა. მეზობლის გარდაცვალების შემდეგ ¹1 ოთახი მისმა ოჯახმა დაიკავა. ჟეკის თანამშრომლებმა სიტყვიერად გადასცეს დამხმარე სათავსო, ვინაიდან სახლი დემონტაჟს ექვემდებარებოდა და მისი გაცემა იმ დროს არ დაიშვებოდა. აღნიშნული ბინის პრივატიზაცია განახორციელა 04.02.93წ. მოპასუხე მ. შ.-ს 23.03.05წ. აქვს პრივატიზებული სადავო ფართი. სანაპირო ადმინისტრაციაში და ქალაქის მერიაში არავითარი დოკუმენტი არ აღმოჩნდა, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხისათვის ბინის ან სადავო ოთახის მიცემა. მოსარჩელის განცხადებით, სანაპიროს ადმინისტრაციის მიერ გაცემულია ყალბი ცნობა, რომლის თანახმად, სადავო ფართი ირიცხება მოპასუხის სახელზე. სხვა რაიმე დოკუმენტაციის წარმოდგენა ქალაქის მერიამ ვერ შეძლო. მოსარჩელე თვლის, რომ პრივატიზების შესახებ კანონმდებლობა აწესრიგებდა 1992 წლამდე გაცემული ბინების საკითხს. სადავო ოთახი თავისუფალიც რომ ყოფილიყო, მასზე უნდა გამოცხადებულიყო აუქციონი ან კონკურსი ან ქალაქის მერიის კაბინეტის გადაწყვეტილებით უნდა გადასცემოდა ფართი მოპასუხეს.

მ. შ.-მ 29.08.05წ. ქ. ბათუმის სანაპიროს დასახლების ადმინისტრაციის, ნოტარიუს ნ. ა.-ისა და ი. გ.-ის მიმართ შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს. შეგებებული სარჩელის ავტორმა აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერიის ყოფილი ¹4 საბინაო-საექსპლუატაციო კანტორის ხელმძღვანელობის (ამჟამად ქ. ბათუმის სანაპიროს დასახლების ადმინისტრაცია) მითითებით 1998წ. დაიკავა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹30-ში მდებარე სახლის მეორე სართულის 18 კვ.მ. ფართის ერთი ოთახი. იმავე წლიდან ე.წ. ,,ჟეკში" გაფორმდა ბინის დამქირავებლად და წლების განმავლობაში იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. 23.03.05წ. განახორციელა ფართის პრივატიზაცია, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ბინის მესაკუთრედ. მ. შ.-ის განმარტებით, მოსარჩელე ი. გ.-ს ...-ის ქ. ¹30-ში მდებარე ბინის მეორე სართულზე ფაქტობრივად ეკავა ორი ოთახი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ნახაზში ¹1 და ¹3 ოთახები გვერდიგვერდ იყო დახაზული და მათ შორის გამოტოვებული იყო ¹2 ოთახი. ამასთანავე, ¹1 და ¹3 ოთახების საერთო Aფართობი არ შეესაბამებოდა მის მიერ პრივატიზებული ფართის ზომას. 37.4 კვ.მ-ს შეგებებული სარჩელის ავტორმა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და 04.02.93წ. პრივატიზების ხელშეკრულების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომელიც მისი კუთვნილი ¹1 ოთახის პრივატიზაციას ითვალისწინებდა. 18.04.06წ. სასამართლო სხდომაზე შეგებებულმა მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა იმ გარემოების დადგენილად ცნობა, რომ ...-ის ქ. ¹30-ში ოთახები ¹2-3 პრივატიზებული იყო ი. გ.-ის მიერ, ხოლო ¹1-ის პრივატიზაცია განხორციელებული იყო მ. შ.-ის სახელით. აღნიშნულის გათვალისწინებით შეგებებულმა მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე 1993წ. გაცემული ტექნიკური პასპორტის შესწორება და იქიდან ¹1 ოთახის ამორიცხვა (ს.ფ. 115 (მეორე გვერდი)).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილებით ი. გ.-ის სარჩელი 23.03.05წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ქირის დაკისრებისა და მოპასუხეთა გამოსახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მ. შ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ი. გ.-მ 04.02.93წ. განახორციელა ქ. ბათუმში ...-ის ქ. ¹30-ში მე-2 სართულზე მდებარე ¹2 და ¹3 ოთახების პრივატიზაცია, ხოლო ამავე სახლში მე-2 სართულზე მდებარე ¹1 ოთახი 23.03.05წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა მ. შ.-ს. ი. გ.-ის საკუთრებაში არსებული ბინის ტექნიკურ ნახაზში ¹1 ნაცვლად აღინიშნა ¹2.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ.-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.11.06წ. განჩინებით ი. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ" 01.02.92წ. ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები იყვნენ. პირადი ბარათით ი. გ.-ე ფლობდა ...-ის ქ. ¹30-ის მე-2 სართულზე მდებარე 37.3 კვ.მ. ფართს, რომლის პრივატიზაციაც 1993წ. განახორციელა. აღნიშნული 37.4 კვ.მ. ფართი გატარდა საჯარო რეესტრში ი. გ.-ის სახელზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. შ.-ს სადავო ¹1 ოთახი გამოეყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნებართვით. ფართი იყო სახელმწიფო საკუთრება, რომელიც მინისტრთა კაბინეტის დადგენილების შესაბამისად პრივატიზაციის წესით საკუთრებაში გადაეცა მ. შ.-ს.

სასამართლოს აზრით, ის გარემოება, რომ არ არსებობს წერილობითი გადაწყვეტილება მ. შ.-სათვის ¹1 ოთახის გამოყოფის შესახებ, საქმის არსს არ ცვლის, ვინაიდან აღნიშნული ფართი არ იყო ი. გ.-ის და იგი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ფართის ი. გ.-სათვის გამოყოფა. პრივატიზაციის ხელშეკრულებით სადავო ფართი მ. შ.-ს გადაეცა საკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ¹1 ოთახი შეცდომით იყო აღნიშნული ი. გ.-ის ბინის ნახაზში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.11.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ.-მ. კასატორმა აღნიშნა. რომ სადავო ოთახი 1978წ. შემდეგ ჰქონდა დაკავებული. ოთახის მისთვის მიკუთვნების საფუძველს ქმნიდა 1964წ. სამოქალაქო კოდექსის 55-ე და 56-ე მუხლები, რომელთა თანახმად, ძველი განაშენიანების სახლებში გამოთავისუფლებული ოთახი გადაიცემოდა იქ მცხოვრებ მობინადრეებს. ოთახის გათავისუფლების დროს მის ოჯახს ეკავა განაშენიანების ბინაში ოროთახიანი 47.4 კვ.მ. ფართის კეთილმოუწყობელი ბინა, ოჯახის 1 წევრზე მოდიოდა 8 კვ.მ. ფართზე ნაკლები, რაც პასუხობდა საბინაო კოდექსის 55-ე და 56-ე მუხლების მოთხოვნებს. ამასთანავე, იყო ინვალიდი და არც ერთ მეზობელს პრეტენზია არ ჰქონდა გამოთავისუფლებულ ოთახზე. მოპასუხე მ. შ.-ს და მისი ოჯახის წევრებს სადავო ოთახი ქალაქის მერიის მიერ გადაცემული არ ჰქონდა მათ მიერ პრივატიზაცია მოხდა ყალბი ჩანაწერების მიხედვით.

კასატორის განცხადებით, მე-2 და მე-3 ოთახები გაერთიანებულია, რის გამოც მის მიერ პრივატიზებული იქნა ¹1 და ¹2 ოთახი, ამდენად, მის მიერ პრივატიზებული იქნა ¹1 ოთახი 1993 წელს, ხოლო მოპასუხის მიერ მხოლოდ 2005 წელს.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების თანახმად, ბინის პრივატიზაციის უფლება ჰქონდა მხოლოდ მის კანონიერ მფლობელს - ბინის დამქირავებელს. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ უთხრა უარი საქმის წარმოების შეჩერებაზე მ. შ.-ის მიერ პრივატიზებისათვის საჭირო დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნის დამთავრებამდე, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების, აგერთვე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 08.01.07წ. განჩინებით ი. გ.-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული, მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრებები ი. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. მ. შ.-ისა და ჯ. ბ.-ის წარმომადგენელმა წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 396-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის და ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. საქმეზე უტყუარად დადგენილია რომ სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულების საგანი არ ყოფილა ი. გ.-ის მიერ 1993წ. პრივატიზებული ფართის ნაწილი. ის გარემოება, რომ სადავო ფართი მისი საცხოვრებელი ფართის მომიჯნავედ მდებარეობს, არ ადასტურებს აღნიშნულ ფართზე კასატორის უფლების არსებობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბინაო კოდექსის საფუძველზე კასატორს არ მოუპოვებია დამქირავებლის სტატუსი ფართის გამოთავისუფლებიდან(1978 წლიდან) მასში ახალი დამქირავებლის შესახლებამდე(1998 წლამდე).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.