ბს-1076-1029(კ-07) 28 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
გ. ილინას მდივნობით
კასატორი (მოსარჩელე) – ლ. ს-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი – გ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, განაცდურისა და ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ლ. ს-ამ სარჩელი აღძრა მარტვილის რაიონულ სასამართლოში მარტვილის მუნიციპალიტეტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, განაცდურისა და ზიანის ანაზღაურება
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე ლ. ს-ა 1993 წლის აპრილიდან 2004 წლის აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მარტვილის რაიონული განყოფილების ...., ხოლო 2004 წლის აგვისტოდან _ ამავე განყოფილებაში ..... მოსარჩელე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელემ 20.03.07წ. განცხადებით მიმართა გამგეობას სამსახურში აღდგენის შესახებ, რაზეც მიიღო უარი. მოსარჩელის აზრით, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა იყო მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის სამართალმემკვიდრე, რომელიც აგრძელებდა მუშაობას, მით უფრო, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 2 თებერვლის ¹5/3 დადგენილებით დამტკიცებული მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალ საშტატო სტრუქტურაში გათვალისწინებული იყო სპეციალისტი ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში, რომლის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილება, სადაც მოსარჩელე მუშაობდა უფროს სპეციალისტად.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი:
მოსარჩელე ლ. ს-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური გაფრთხილება არ მიუღია და არც გათავისუფლების ბრძანება ჩაჰბარებია. მან ზემოაღნიშნული ბრძანების ასლი მიიღო 2007 წლის 19 აპრილს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოპასუხის მიერ დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96.1 მუხლი, რომლის მიხედვით, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, ხოლო დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. კონკრეტულ შემთხვევაში, გამგეობას მუშაობა არ შეუწყვეტია და არც შტატები შეუმცირებია. ამავე კანონის 97.1 მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, რაც არ მოხდარა, რადგან დამტკიცებულ სტრუქტურაში საშტატო ერთეული და სპეციალისტი გათვალისწინებული იყო /იხ.ს.ფ. 1-2/.
მოპასუხეს წერილობითი ფორმით შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მარტვილის სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების დებულების თანახმად, მოსარჩელე სამუშაოზე დანიშნული იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ, რის თაობაზეც მან სასამართლოს წარუდგინა საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის 18.08.2004წ. ¹01/410 ბრძანება და აღნიშნა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს არ ჰქონდა მისი სამუშაოდან გათავისუფლების უფლება, ვინაიდან ასეთი ბრძანება უნდა გამოეცა ეკონომიკის სამინისტროს /იხ. სხდომის ოქმი/.
მოპასუხე - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 1 ოქტომბრის ¹01-03/1-/36 წერილის საფუძველზე რაიონის გამგეობებს დაევალათ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის საფუძველზე, ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოების, მოსამსახურეების დაკავებული თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეცნობა აღნიშნულის თაობაზე, მაგრამ მან წერილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
2006 წლის 10 ნოემბრის “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან, ამავე კანონის 651-ე მუხლის საფუძველზე ლიკვიდირებულ იქნა აღნიშნული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველობის ერთეულები, ანუ მოხდა მარტვილის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ლიკვიდაცია.
მოპასუხის მითითებით, ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილება იყო ორმაგ დაქვემდებარებაში, როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ისე მარტვილის ადგილობრივი მართვის გამგეობასთან, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1.06.2004წ. ¹1-1/120 ბრძანებით დამტკიცებული მარტვილის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების დებულების თანახმად, ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, ასევე მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა მინისტრი. ამასთან, მარტვილის გამგეობის საჯარო თანამდებობის საშტატო განრიგში, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულების შესაბამისად, გათვალისწინებული იყო ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახური 2 საშტატო ერთეულით, მათ შორის, უმცროს საჯარო თანამდებობაზე ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილების .... დაინიშნა ლ. ს-ა, რომელიც ხელფასს იღებდა სწორედ ამ ბრძანების საფუძველზე /იხ. სხდომის ოქმი/.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მოსარჩელე ლ. ს-ა 2004 წლის აგვისტოდან მუშაობდა მარტვილის ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილების უფროს სპეციალისტად. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 16 თებერვლის ¹14 ბრძანების - მარტვილის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის ლიკვიდაციისა და თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მე-20 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა სამუშაოდან. ასევე დადგინდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 1 ოქტომბრის ¹01-03/10/36 წერილის საფუძველზე რაიონის გამგეობებს დაევალათ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეების დაკავებული თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება. მოსარჩელე მარტვილის რაიონის გამგებლის წერილით, ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე, გაფრთხილებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ, რაზეც მოსარჩელემ ხელი არ მოაწერა.
“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის საფუძველზე, კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულ იქნა ამ კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველობის ერთეულები, მათ შორის, მარტვილის რაიონის გამგეობა. შემდგომში, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 2 თებერვლის ¹5/3 დადგენილებით მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო სტრუქტურის დამტკიცება, რის საფუძველზეც ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეები, მათ შორის ლ. ს-ა, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მარტვილის ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილება იყო ორმაგ დაქვემდებარებაში. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებით დამტკიცებული მარტვილის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების დებულების თანახმად, ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, ასევე მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. ამასთან, მარტვილის გამგეობის საჯარო თანამდებობის საშტატო განრიგში, რომელიც დამტკიცდა რაიონის გამგეობის 2005 წლის 30 აგვისტოს ¹20 გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულების შესაბამისად, გათვალისწინებული იყო ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახური. აღნიშნული სამსახური იყო ორმაგ დაქვემდებარებაში, როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ისე მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობასთან. ამდენად, მუნიციპალიტეტის გამგებელს უფლება ჰქონდა, გამოეცა ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
რაიონული სასამართლოს დასკვნით, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 2006 წლის 10 ნოემბრის საქართველოს კანონის ამოქმედების შესახებ დამტკიცდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალი სტრუქტურა და საშტატო განრიგი, სადაც გათვალისწინებულ იქნა - ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში ერთი საშტატო ერთეული. მარტვილის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილება გაუქმდა და დაექვემდებარა ქ. ფოთის რეგიონულ სამსახურს. მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალ სტრუქტურაში ამ ხაზით გათვალისწინებულ იქნა სპეციალისტი ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში, რაც არ წარმოადგენდა ძველი სტრუქტურით განსაზღვრული სახელწოდების იდენტურს. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლით, ახალი საშტატო განრიგით მანამდე არსებული თანამდებობის და აღნიშნული თანამდებობის შესაბამისი ფუნქციების მქონე სხვა თანამდებობის გათვალისწინება ნიშნავდა არა მანამდე არსებული თანამდებობის კვლავ შენარჩუნებას, არამედ შესაბამისი ფუნქციების მქონე ახალი თანამდებობის შემოღებას, ანუ ძველი და ახალი თანამდებობების იგივეობა არ გულისხმობდა ზემოაღნიშნული თანამდებობების იდენტურობას.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96.1 მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, სამსახურიდან მოხელის გათავისუფლება დასაშვები იყო დაწესებულების ლიკვიდაციის შემთხვევაში, რაც წარმოადგენდა სტრუქტურულ ცვლილებას, რომლითაც დაწესებულება, როგორც სუბიექტი, წყვეტდა საქმიანობას. ამავე კანონის 97.1 მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. კონკრეტულ შემთხვევაში, მოხდა როგორც დაწესებულების ლიკვიდაცია, ასევე _ შტატების შემცირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ლ. ს-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, მიღებული იყო სწორად, კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი /იხ.ს.ფ. 62-70/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ამ, რომელმაც მოითხოვა მარტვილის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლით:
აპელანტის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2003 წლის 12 ივნისის ¹01/01-01/85 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მარტვილის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილება იმყოფებოდა სამინისტროს დაქვემდებარებაში. აღნიშნული ანალოგიურად იყო გათვალისწინებული 2002 წელს დამტკიცებული დებულებითაც. მიუხედავად სამინისტროს არაერთგზის რეორგანიზაციის თუ ლიკვიდაციისა, მოსარჩელე არასოდეს დანიშნულა და გათავისუფლებულა მარტვილის გამგეობის მიერ.
აპელანტის აზრით, გამგეობის წარმომადგენლის მიერ სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი, ყოფილი გამგებლის უკანონო ¹176 ბრძანება მოსარჩელის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილების უფროს სპეციალისტად დანიშვნის შესახებ, როცა იგი უკვე 18.08.2000წ. ¹01/03-01/410 ბრძანებით დანიშნული იყო სამინისტროს მიერ, მისთვის უცნობი იყო, რატომ დაიწერა ან აღნიშნული ბრძანება რატომ გამოიყენა მოსამართლემ აპელანტის წინააღმდეგ. ასევე გაურკვეველი იყო, რას დაეყრდნო სასამართლო, როცა დადგენილად მიიჩნია მარტვილის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების ორმაგ დაქვემდებარებაში ყოფნა, რაც არც ერთ კანონქვემდებარე აქტში არ იყო აღნიშნული. ამდენად, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული 2007 წლის 16 თებერვლის ¹14 ბრძანება წარმოადგენდა არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც ზაკ-ის 60.1. “ა” მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ /იხ. ს.ფ. 73-75/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ლ. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 16 თებერვლის ¹14 ბრძანებით მარტვილის რაიონის გამგეობის ლიკვიდაციისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 2 თებერვლის ¹5/3 დადგენილების საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო სტრუქტურის დამტკიცებასთან დაკავშირებით სამუშაოდან გათავისუფლდა უფროსი სპეციალისტი ლ. ს-ა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2004 წლის 18 აგვისტოს ბრძანებითა და საშტატო განრიგით დასტურდებოდა, რომ ლ. ს -ა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 24.1 მუხლის საფუძველზე, 1 თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა განყოფილების უფროსის მოადგილედ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია, რომ განყოფილების ..... მისი დანიშვნა ნიშნავდა .... დანიშვნას, რადგან აღნიშნული საშტატო განრიგით მთავარი სპეციალისტის შტატი საერთოდ არ დამტკიცებულა და ლ. ს-ა, მოგვიანებით, 2005 წლის 20 სექტებერს დაინიშნა მარტვილის რაიონის გამგეობის უმცროს საჯარო თანამდებობაზე. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ ლ. ს -ა განყოფილების უფროსის მოადგილედ, იგივე მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დაინიშნა ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2004 წლის 1 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოს დებულების მე-4 მუხლით ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, მათ მოადგილეებს, ასევე მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა მინისტრი.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გათავისუფლდეს იმ პირის ან დაწესებულების მიერ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება ჰქონდა. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლით, პირი, რომელიც მუშაობდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოში, იყო საჯარო მოსამსახურე. საჯარო მოსამსახურის სტატუსი, სამუშაოზე მიღებისა და მუშაობის პირობები განისაზღვრებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით. აპელანტი ლ. ს-ა, მისი სამუშაოზე დანიშვნის დროისთვის, მოქმედი წესის დაცვით დანიშნულ იქნა ადგილობრივი მმართველობის ორგანოში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. ამდენად, იგი წარმოადგენდა მარტვილის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირს. იყო გამგეობის ერთ-ერთი სტრუქტურული ნაწილის, ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების უფროსი სპეციალისტი, რომელიც მარტვილის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის 2005 წლის 20 სექტემბრის ¹176 ბრძანებით დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე. მისი სახელფასო განაკვეთი დამტკიცებული იყო რაიონის გამგეობის მიერ, შესაბამისად, შრომის ანაზღაურებას ახდენდა გამგეობა.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.1 მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39.4. “გ” მუხლის თანახმად, გამგებელი (მერი) თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და გამგეობის სხვა თანამშრომლებს. ამავე კანონის 651-ე მუხლით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონის ამოქმედების დღიდან, ლიკვიდირებულ იქნა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული. იმავე მუხლით განისაზღვრა სალიკვიდაციო სამუშაოების წარმართვის წესი და ვადა.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108.1 მუხლის თანახმად, მოხელეს 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგის ან ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ არ უარყო, რომ მას მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ეცნობა, მაგრამ გაფრთხილების ხელწერილს ხელი არ მოაწერა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ლ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა სამსახურის ლიკვიდაციის გამო, რის თაობაზეც მოხელეს ეცნობა კანონით დადგენილი წესით. ამდენად, სადავო ბრძანება გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი. აქედან გამომდინარე, აპელანტის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში უსაფუძვლო იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ამ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. სასამართლომ განჩინების მიღებისას არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება ექვემდებარებოდა გაუქმებას.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2003 წლის 12 ივნისის ¹01/01-01/85 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მარტვილის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილება იმყოფებოდა სამინისტროს დაქვემდებარებაში. აღნიშნული ანალოგიურად იყო გათვალისწინებული 2002 წელს დამტკიცებული დებულებითაც. მიუხედავად სამინისტროს არაერთგზის რეორგანიზაციის თუ ლიკვიდაციისა, მოსარჩელე არასოდეს დანიშნულა და გათავისუფლებულა მარტვილის გამგეობის მიერ.
კასატორის მოსაზრებით, გამგეობის წარმომადგენლის მიერ სასამართლოს სხდომაზე წარდგენილი, ყოფილი გამგებლის უკანონო ¹176 ბრძანება მოსარჩელის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილების უფროს სპეციალისტად დანიშვნის შესახებ, როცა იგი უკვე 18.08.2000წ. ¹01/03-01/410 ბრძანებით დანიშნული იყო სამინისტროს მიერ, მისთვის უცნობი იყო, რატომ დაიწერა ან აღნიშნული ბრძანება რატომ გამოიყენა მოსამართლემ აპელანტის წინააღმდეგ. ასევე გაურკვეველია, რას დაეყრდნო სასამართლო, როცა დადგენილად მიიჩნია მარტვილის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების ორმაგ დაქვემდებარებაში ყოფნა, რაც არც ერთ კანონქვემდებარე აქტში არ არის აღნიშნული. ამდენად, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული 2007 წლის 16 თებერვლის ¹14 ბრძანება წარმოადგენს არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც ზაკ-ის 60.1. “ა” მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მოწინააღმდეგე მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
/იხ.ს.ფ. 188-201, სხდომის ოქმი/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა_კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ს-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2. და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, სწორად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტები, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო წინააღმდეგობრივად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას, რომელმაც დადგენილად მიიჩნია მარტვილის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების ორმაგ დაქვემდებარებაში ყოფნის ფაქტი, აღნიშნული დასკვნების მართებულობა არ შეუფასებია სასამართლოს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განჩინება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, არ არის გაქარწყლებული აპელანტის მოსაზრებები, ისე არის მიჩნეული დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ და ამავდროულად, ჩამოყალიბებულია სრულიად განსხვავებული სამართლებრივი დასკვნები, რომელიც არ ჰპოვებს დადასტურებას საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში ამავე კოდექსის 377.1 მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციასთან, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულების დადგენით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების ვალდებულება პროცესუალურ-სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით უცილობლად გულისხმობს და მოიაზრებს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც აგებულია მხარეთა დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარს აკუთვნებს მხარის უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, ამასთან, სწორედ მხარის ამ საპროცესო უფლების რეალიზაცია თანაზომიერია მხარისავე საპროცესო ვალდებულებასთან _ დაასაბუთოს საჩივარი, კერძოდ, სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ე) და ვ) ქვეპუნქტებში მითითებულია თუ რა უნდა იყოს ასახული სააპელაციო საჩივრის შინაარსში. მხარის ამგვარი პროცესუალური ვალდებულება შეიცავს მხარის საპროცესო უფლებრივ გარანტიას, ზემდგომმა სასამართლომ შეაფასოს მისი საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაიზიაროს ან უარყოს, გააქარწყლოს ისინი იურიდიულად არგუმენტირებული სახით.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2004 წლის ბრძანებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მარტვილის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ 1.1. მუხლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოები იმყოფება სამინისტროს დაქვემდებარებაში. დებულების 1.2. მუხლის თანახმად, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები საქმიანობას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
დებულების 1.3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველსაყოფად, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ახორციელებენ შესაბამის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარებისა და სამინისტროსაგან დელეგირებული სახელმწიფო ქონების ფლობას, სარგებლობას და განკარგვას. დებულების 4.1. მუხლით განისაზღვრა რომ ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, ასევე მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
საქმის მასალების თანახმად ლ. ს-ა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2004 წლის 18 აგვისტოს ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 24.1 მუხლის საფუძველზე, 1 თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა განყოფილების ..... 2005 წლის 20 სექტემბერს ლ. ს-ა დაინიშნა მარტვილის რაიონის გამგეობის უმცროს საჯარო თანამდებობაზე, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 16 თებერვლის ¹14 ბრძანებით, მარტვილის რაიონის გამგეობის ლიკვიდაციისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 2 თებერვლის ¹5/3 დადგენილების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო სტრუქტურის დამტკიცებასთან დაკავშირებით, სამუშაოდან გათავისუფლდა ლ. ს-ა – როგორც .....
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 93-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ უხეშად არის დარღვეული მოქმედი საპროცესო სამართლის _ სსსკ-ის 105.2. მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და ოფიციალობის პრინციპის საფუძველზე მოიპოვოს მტკიცებულებები, კერძოდ, სააპელაციო საამართლომ უნდა გამოითხოვოს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხა, რათა დადგინდეს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ, თუ ის როგორც სტრუქტურული ერთეული შედიოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში, გამოარკვიოს, არსებობდა თუ არა ეკონომიკის მინისტრის ბრძანება ლ. ს-ას განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რამდენადაც აღნიშნული ბრძანება საქმის მასალებში არ მოიპოვება. აღნიშნული მტკიცებულების მოპოვების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს იმ ფაქტს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილი იყო თუ არა გაეთავისუფლებინა ლ. ს-ა დაკავებული თანამდებობიდან.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ. ს-ა მოგვიანებით, კერძოდ, 2005 წლის 20 სექტემბერს დაინიშნა მარტვილის რაიონის გამგეობის უმცროს საჯარო თანამდებობაზე, თუმცა, კასატორის განმარტებით, მისთვის აღნიშნული ბრძანების არსებობა უცნობი იყო, ხოლო ის ფაქტი, რომ ლ. ს-ას ჩაჰბარდა მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლით დადგენილი წესით, საქმის მასალებით არ დასტურდება.
სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის სასამართლო სხდომაზე კასატორმა ლ. ს-ამ შეცვალა სარჩელის საფუძველი და მიუთითა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება უნდა მომხდარიყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ /იხ.ს.ფ. 29, სხდომის ოქმი/, რასაც შესაბამისი საპროცესო მოქმედებები არ მოჰყოლია არც რაიონული სასამართლოს მიერ და რასაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არ მოჰყოლია შეფასება და მსჯელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი /დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების მატერიალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალება/ შედგება ორი ელემენტისაგან _ სარჩელის საგნისა და საფუძვლისაგან. სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ანუ სარჩელის საგანია სადავო სამართალურთიერთობა, მოსარჩელის უფლება, რომლის შესახებაც ის მოითხოვს გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი და არა ამ მოთხოვნის მატერიალური ობიექტი. სარჩელის საფუძველი თავის მხრივ ორი ელემენტისაგან შედგება, სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლისაგან, ამასთან, სარჩელის საფუძველი არის ის ფაქტები, რომელთა არსებობა განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა უკავშირებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალებების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.2. მუხლით განსაზღვრულია სარჩელის საგნის ან საფუძვლის შეცვლის წესი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია საქმის წინასწარი, სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი (ერთ-ერთი და არა ორივე ერთად, რამდენადაც სარჩელის საგნის და საფუძვლის ერთდროული შეცვლა, ფაქტობრივად თავდაპირველ სარჩელზე უარის თქმა და ახალი სარჩელის შეტანაა), გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო ვალდებულია, აცნობოს მოპასუხეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.4. მუხლის თანახმად, საქმის წინასწარი განხილვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.3 მუხლით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ, სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის, რადგან სასამართლოს არ გამოუკვლევია მოსარჩელის მიერ განხორციელებული საპროცესო უფლების რეალიზაციის წინაპირობა და მოპასუხის სამართლებრივი პოზიცია, აღნიშნულს სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება.
2006 წლის “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39.4. “გ” მუხლის თანახმად, გამგებელი (მერი) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და გამგეობის სხვა თანამშრომლებს. ამავე კანონის 651-ე მუხლით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონის ამოქმედების დღიდან, ლიკვიდირებულ იქნა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით მოიპოვოს შესაბამისი მტკიცებულებები, შეფასება მისცეს მათ და გამოარკვიოს, 2005 წლის 20 სექტემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილი იყო თუ არა დაენიშნა ლ. ს-ა მარტვილის რაიონის გამგეობის უმცროს საჯარო თანამდებობაზე, როგორც მის დაქვემდებარებაში მყოფ საშტატო ერთეულზე, ასევე გაეთავისუფლებინა ამავე თანამდებობიდან, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოითხოვოს 2005 წლის მდგომარეობით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხა, რათა სარწმუნოდ დადგინდეს ლ. ს-ას მიერ დაკავებული საშტატო ერთეული, შედიოდა თუ არა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში, იყო თუ არა ეს უკანასკნელი უფლებამოსილი, როგორც მის დაქვემდებარებაში მყოფი საშტატო ერთეულიდან გაეთავისუფლებინა კასატორი დაკავებული თანამდებობიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები, რის გამოც, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ს-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ საჩივრდება.